კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რატომ უჭირთ ქალებს „არას“ თქმა და რატომ იფერებენ ისინი შეურაცხმყოფელ კომპლიმენტებს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ქალების სექსუალური შევიწროების ტენდენცია ერთგვარ ახალ ტრენდად იქცა, რასაც, ჩემი აზრით, ცოტა გაზვიადებისა და ხელოვნურობის ელფერიც დაჰკრავს. ცხადია, ამ ოკეანისგაღმურ ტენდენციას მხარი ჩვენთანაც აუბეს (ან კი როგორ არ ავუბამდით, როდესაც ხელი გვიდევს მსოფლიო მაჯისცემაზე) და უკვე ორი კონკრეტული მამაკაციც დასახელდა (ერთი არასამთავრობო და ერთიც საჩინოვნიკებო წრიდან), რომლებსაც ქალები სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. მეორე მხრივ, სარკაზმი იქით იყოს და, ისიც ცხადია, რომ პრობლემა არსებობს, ოღონდ ჩვენს რეალობაში უკვე ისეთი ფორმა მიიღო (ჩემი მოკრძალებული აზრით, იმიტომაც რომ ქალების უფლებების ჩვენებურმა დამცველებმა, ჩვეულებისამებრ, გადაამლაშეს), რომ ვშიშობ, პრობლემა პრობლემად არ დარჩეს, მართლაც მოძალადეებმა კი თავიანთი საქმე შეუფერხებლად გააგრძელონ. საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ხელმძღვანელთან, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორთან, ფსიქოლოგ რუსუდან ფხაკაძესთან ერთად ვისაუბრებთ ძალადობისა და შევიწროების პრობლემებზე.
– სექსუალური შევიწროების, ზოგადად, ქალებზე ძალადობის რა ტიპის პრობლემა არსებობს ჩვენთან, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე?
– ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემა არ არის ჩვენთან, მაგრამ საქმე ისაა, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას. თბილისში ნამდვილად ნაკლებადაა ეს პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან აქტიური ქალბატონები არიან და მართლაც იქით შეავიწროებენ ნებისმიერს, თუ დასჭირდათ. თუმცა აი, რეგიონებში, სადაც უკიდურესი სიღატაკე სუფევს, არის ეს პრობლემა, რადგან თუ სამსახურს იშოვიან, არის ინფორმაცია, რომ ხდება სექსუალური შევიწროება: და თუ არ დათანხმდებიან რაღაც პირობებს, ისინი კარგავენ სამსახურს. ასე რომ, ეს არ არის ყურით მოთრეული პრობლემა. მაგრამ ოჯახურ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაზე საუბრისას ყურადღების მიღმა ვტოვებთ მამაკაცებს, რომლებიც ამ ფონზე ერთმნიშვნელოვნად არიან მოძალადეები და აი, ეს არის სტრატეგიული შეცდომა. მამაკაცებს უფრო აღიზიანებთ ის, რომ იარლიყს ჩამოკიდებენ, შენ ხარ მოძალადე და იქ მთავრდება ყველაფერი. აუცილებელია ამ პრობლემაზე მუშაობა, როგორია მოძალადის ფსიქოლოგიური მახასიათებელი, როგორ ზიანდება თავად ის ამ დროს და რა მავნე ზეგავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე მოძალადეობა, ანუ თავი რომ დავანებოთ მსხვერპლის მიმართ სასტიკ დამოკიდებულებას, გარემოსა და სოციალურ პრობლემებს, პრობლემას კი არ ვაანალიზებთ, არამედ პირდაპირ კლიშეებს ვანიჭებთ: ეს მსხვერპლია, ის მოძალადე. მე კი ვიტყოდი, რომ უკან უნდა დავბრუნდეთ, გავარჩიოთ თვითონ მსხვერპლის ფსიქოლოგია: დღეს ის ქმრის მსხვერპლია, წლების შემდეგ მოძალადეა შვილის მიმართ. მსხვერპლი და მოძალადე სუფთა სახით იშვიათად არსებობს და რთული გამოსაცალკევებელია. მე არ ვიცი, ამას როგორ ახერხებს პატრული, პირადად ჩემთვის რთული გამოსაცალკევებელია, იმიტომ რომ ეს არის მთელი სისტემა; წლების განმავლობაში დარეგულირებული მექანიზმი. ვფიქრობ, მამაკაცების თანაგრძნობისა და მათი მხარდაჭერის მიმართულებით უნდა წარიმართოს მუშაობა და არა პირიქით. ახლა კი, რაც ხდება: როგორ გადაცემებსაც ვუყურებთ, როგორ სტატიებსაც ვკითხულობთ, გამოდის, რომ მამაკაცები არიან უსულო საგნები, მოძალადეები და ამის იქით არაფერია. ამის გამო თვითონ ეს თემა მოექცა ჩიხში.
– ამიტომაც ვამბობ, ისე დაისვა საკითხი, რომ შესაძლოა, ნამდვილი მოძალადე და მანიაკი დარჩეს ყურადღების მიღმა, მშვიდად განაგრძოს თავისი საქმე და პრობლემა დარჩეს განზე.
– დიახ, ყველას უკვე ეცინება და სალაღობო და გასართობ თემად იქცა. სოციალურ ქსელებში ჩანს, თუ როგორ ოხუნჯობენ თვითონ ქალბატონები ძალადობისა და შევიწროების თემებზე, რომ აი, დღეს ქმარმა მცემა და ვის მივაკითხოო; საზოგადოების მიერ ძალიან დაფასებული ზოგიერთი ქალბატონი, იმასაც წერს, აბა, გამოდით, დაგთვალოთ გენდერის წარმომადგენლებიო და ცრუ განათლებითა და ცრუ პათოსებით ქმნიან აზრს, რომელიც საერთოდ არ უწყობს ხელს საკითხის ტრაგიზმის დანახვას, არადა, ეს ნამდვილად ტრაგიკული თემაა. მაგრამ ის უნდა გაშუქდეს ძალიან სწორი მიმართულებით, ფაქიზად და ყველამ არ უნდა გაარჩიოს, როგორც ეს დღეს ხდება, რაც მე ძალიან მაღელვებს.
– პირველი, ვისაც სახელობითად დასდეს ბრალი სექსუალურ შევიწროებაში, იყო უფლებადამცველი მამაკაცი, გვარს არ დავასახელებ, ბრალდებები იყო ანონიმური, რამაც უსიამოვნო ელფერი დამიტოვა, აღწერილი იყო შემთხვევა, რომ სამსახურის გამო მასთან მისულ ახალგაზრდა ქალს მან სთხოვა, გაეხადა ფეხზე, რადგან ქალის ტერფები მოსწონდა. ქალმა გაიხადა, შემეშინდაო და ამბობს, რომ მამაკაცი მის ფეხს კოცნიდა. სიმართლე გითხრათ, მე რომ ვინმემ მსგავსი რამ მითხრას, ფეხსაცმელს გავიხდი, ოღონდ მხოლოდ იმიტომ, რომ თავში ვუთავაზო, ან ჩავწერ მის ნათქვამს მობილურით, ან პატრულს გამოვიძახებ. ანუ ჩვენთან ქალებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ?
– თქვენ იმ პრობლემას შეეხეთ, რასაც ჰქვია ქალთა შორის სოლიდარობა, იმიტომ რომ ხშირად, როდესაც ტრენინგს ვატარებ, ვითომ ორიგინალური კითხვის დასმის მიზნით, ქალებს უთქვამთ, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობაზე ვსაუბრობთ, მამაკაცთა მიმართ ძალადობაზე რატომ არ ვლაპარაკობთო.
– ეს სხვა თემაა, მე სხვა რამ ვიკითხე. როგორ ვასწავლოთ ქალებს, გოგონებს, თუ როდის აყენებენ მათ შეურაცხყოფას და ამ დროს როგორ უნდა მოიქცნენ?
– მესმის, თქვენ რაზეც ლაპარაკობთ. ქალმა ძალიან კარგად იცის, როდესაც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ესე იგი, მასზე ძალადობენ. როდესაც მიდიხარ სამსახურის პირობების გასარკვევად და გეუბნებიან, ფეხზე გაიხადეო, ეს არის შეურაცხყოფა და, ვიმეორებ, მათ ეს ძალიან კარგად იციან. გარდა ამისა, ამ დროს მუშაობს ორმაგი განწყობები: ერთია, მე მართლა რას ვფიქრობ, რომ ამას არასდროს გავაკეთებ და მეორე, როდესაც კონკრეტულ სიტუაციაში სხვანაირად ვიქცევი.
– ანუ ხელს მაძლევს და გავიხდი, თუ ხელს არ მაძლევს, არ გავიხდი ფეხსაცმელს.
– იქნებ და, ხელს მაძლევდეს. ასეთი ორმაგი განწყობები ყოველთვის მუშაობს და სამწუხაროდ, მერე, თუ ის არ გამოვა, რასაც ელოდი, დისკრიმინაციის სახეს მისცემ. ასეთი ქცევა უზნეოა ორივე მხრიდან. ასე რომ, ასეთ შემთხვევაში არანიარ სექსუალურ შევიწროებაზე ლაპარაკი არ შეიძლება, იყოს. სექსუალური შევიწროებაა, როდესაც შენ საქმეს ასრულებ, არ იწვევ ადამიანს და ის უცებ მოგვარდება და გეტყვის, ფეხსაცმელი გაიხადე, ფეხი მაჩვენეო.
– როდესაც ოსკაროსანმა მსახიობმა ქალებმა ბრალი დასდეს პროდიუსერ ვაინშტაინს „ოსკარის“ სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას გვთხოვდაო და, ფაქტობრივად, ეს დაამტკიცეს, არც ერთს არ დაუბრუნებია „ოსკარი“, თუმცა ეს ჯილდო მათ ვაინშტაინის საწოლის გავლით მიიღეს. თუ არ გეკუთვნოდა და მხოლოდ მისი სარეცლის გაზიარების შემდეგ მოგცეს, არ უნდა დააბრუნო?
– იქაც ორმაგი განწყობებია: მინდა, რომ მქონდეს „ოსკარი“, მისი მიღების შინაარსს ვაკრიტიკებ, მაგრამ ჯილდოს არ ვაბრუნებ. „ჰოლივუდის“ მსახიობებს ვერ მოვთხოვთ მორალურად ზრდასრულ ქცევებს.
– მაგრამ არც საზოგადოებას დაუსვამს ეს კითხვა: ეკუთვნოდა თუ არა მათ „ოსკარი“?
– იმიტომ რომ ის საზოგადოებაც კერპთაყვანისმემცელია, რომ „ოსკარი“, „გლობუსი“, „ემი“ და „გრემი“ არის ყველაფერი. მაშინ, როდესაც ალენ დელონს არ მიუღია არანაირი „ოსკარი“, მაგრამ ვისკონტი ამბობდა, ასეთი სრულყოფილი სილამაზის მქონე მამაკაცის მნახველი არ ვარო. ასე რომ, ხშირად ცხოვრება ტყუის ჩვენთან და არა პირიქით.
– მეორე შემვიწროებელს ბრალი დასდეს, რომ თანამშრომელს მიმართავდა „ციყვოთი“. პირადად მე ასეთი მიმართვა სექსუალურ შევიწროებად არ აღმიქვამს, მაგრამ შევიწროება, ანუ შეურაცხყოფა ნამდვილადაა ზემდგომისა ქვემდგომის მიმართ. თუმცა, ასეთი ტიპის შევიწროების, ანუ მიმართვების „ციყვო“, „ქათამო“, „სულელო“, „დებილო“ მსხვერპლი ქალიც შეიძლება, გახდეს და მამაკაციც. ასე რომ, მე უფრო ზემდგომ-ქვემდგომის ურთიერთობის პრობლემა მგონია, ვიდრე მამაკაცის მიერ ქალის ჩაგვრის.
– ამის საფუძველიც ისევ და ისევ მენტალობაა. მამაკაცს შეუძლია, ქალს უთხრას, მაგალითად, რა ლამაზად გამოიყურებიო და ეს ითვლება კომპლიმენტად, მაგრამ, როდესაც მე ორ მამაკაცს ვუთხარი, რა ლამაზი თვალები გაქვთ-მეთქი, ამან ისინი ძალიან გააოცა. არადა, თუ მათ შეუძლიათ, უთხრან ქალს, რა ლამაზი თვალები გაქვსო, მეც მათი თვალების ფერი აღვნიშნე მხოლოდ.
– რა გვაკადრეთო?
– არა, უბრალოდ, ვერ გაიგეს, რას ნიშნავდა ჩემი ნათქვამი, არადა ესთეტიკური სიამოვნება მივიღე და აღვნიშნე. მეორე მხრივ, ის, რასაც თვითონ ქალებიც კი კომპლიმენტს უწოდებენ, შეიძლება, იყოს დამცირება. მაგალითად, რა ყვავილივით ქალი ხარ, არადა, ვინაა შენი ყვავილი, როდესაც თავი ყვავილზე ინტელექტუალური გგონია. ანუ გააჩნია კონტექსტს. მაგალითად, „ციყვს“ მე მიწოდებდა ერთი ქალბატონი დადებით კონტექსტში, სხარტად აზროვნებ, ისე, როგორც ციყვი დახტისო, მაგრამ ამის გამო არც დამცირებული ვიყავი და არც შეურაცხყოფილი. იმის თქმა მინდა, რომ გააჩნია კონტექსტს. თუ უფროსს დამცირება უნდა, ამას ყველანაირი ლექსიკით მოახერხებს. მაგალითად, თუ მე ვინმეს ვეტყვი, რომ მგელს ჰგავს, ესე იგი, ჭკვიანი, მიმზიდველი და საინტერესო ადამიანია. ამდენად, ყველაფერს რომ ძალადობა შევიწროება ვუწოდოთ, ვეღარ განვძრეულვართ და ეს მნიშვნელოვან პრობლემამდე მიგვიყვანს. ვიმეორებ, მთავარია კონტექსტი და როგორ მოგმართავენ. „ციყვო“ შეიძლება, გიწოდონ რბილად, როგორც კუდბუთქუნა და ფაფუკ არსებას ან, როგორც ისეთს, რომელიც რაღაცებს იპარავს და მიაქვს ფუღუროში.
– მამაკაცს რომ ქალი მოეწონება, კომპლიმენტი თუ არ უთხრა, თუ არ მიაშტერდა – იქნებ მის დანახვაზეც გაშტერდა, თუ არ ეცადა მის დაყოლიებას შეხვედრაზე, არაფერი გამოუვა. თან, ქალი, ჩვეულებისამებრ, გრძნობს, საით მიდის საუბარი და შეუძლია ლავირება, მაგრამ გამოუცდელმა გოგონამ შეიძლება, ვერც გაარკვიოს კონტექსტი.
– მესმის, საითაც მიგყავთ შეკითხვა. დიახ, „არას“ თქმა სერიოზული პრობლემაა და ამას ბავშვობიდან უნდა ვასწავლიდეთ გოგონებს. იმიტომ რომ ისევ ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, ასეთი მიდგომაა: დაუთმე, ბიჭია, შენ ხომ ბიჭი არ ხარ და სხვა. ფაქტია, ბავშვობიდან უნდა ჩამოყალიბდეს ოჯახშივე, რომ გოგონას შეეძლოს არას თქმა. ექსტრემალურ სიტუაციაში ამას ვერ ისწავლი. ახლა ჩვენ ვიღებთ ვითომ თამამ თაობას, რომელიც აბსოლუტურად გატუტუცებულია და არანაირი ღირებულებები არ აქვს და მეორე მხრივ, გვყავს იმავე თაობაში კოპლექსიანი, მორიდებული ახალგაზრდები, რომლებიც ვერ ერკვევიან საკუთარ განცდებში. მით უმეტეს, ვერ გამოაქვთ გარეთ და ვერ ამბობენ. ამდენად, ეს პრობლემა ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. ვიმეორებ, არას თქმას, როდესაც შენი ნების საწინააღმდეგოდ რამეს გაიძულებენ, უცებ ვერ ისწავლის ადამიანი, ამიტომ მას დაცვა სჭირდება, რომ თავად თუ ვერ იცავს თავს, რამე მექანიზმმა მაინც დაიცვას.
– რატომ აგორდა ქალების სექსუალური შევიწროების თემა? თუმცა ევროპელი ქალები, განსაკუთრებით, ფრანგები არ აჰყვნენ ამერიკელებს, პირიქით, ის რა დღეა, მამაკაცმა თუ მუხლზე ხელი არ დამადო ან კოცნა არ დამაძალაო, განაცხადეს ფრანგმა მსახიობმა ქალებმა.
– ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ითვალისწინებენ ამ ღირებულებების გაზიარების აუცილებლობას და ამის შემდეგ მავანთ და მავანთ ეძლევა საშუალება, ეს თემები ცოტა გააპიარონ, თორემ ასეთი რამ ცარიელ ადგილზე, რასაკვირველია, არ ხდება. თუ ევროპისკენ მივემართებით და მათთან ერთად გვინდა ყოფნა, იქ ასეთი ფორმა მიღებულია. ისინი ფიქრობენ, რომ ყველას უფლებებია დასაცავი და არავის უფლებები არ უნდა დაირღვეს. ჩვენთან კი, რადგან სრულიად არალიბერალური აზროვნება, სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს: ვარჩევთ, რას ვიღებთ და რას არა, ეს გასაგებიცაა, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ და ქსენოფობიაც უფრო გვახასიათებს, ვიდრე მრავალრიცხოვან ერებს. ბუნებრივია, როდესაც ასეთი თემები ჩავარდება უვიცი და მაყვირალი ხალხის ხელში, ეს საშიშ ფორმებსა და არასერიოზულ ხასიათს მიიღებს.
– ამერიკის შეერთებულ შტატებში რატომ გახდა ეს თემა აქტუალური?
– დასავლეთში ყურადღება ექცევა ადამიანის ყველანაირ მდგომარეობას და როდესაც ადამიანს თვითონ არ შეუძლია თავის დაცვა, არ არის მებრძოლი, მას იცავს გარე მექანიზმი და იქ იმიტომ გახდა საჭირო.
– თქვენც ხედავთ საშიშროებას, რომ ეს პრობლემა გაკომიკურდეს?
– პირდაპირ გეტყვით, რომ მცოდნოდა ძალადობის თემა გასართობ საგნად გადაიქცეოდა, არ შემოვიტანდი და არ დავიწყებდი.

скачать dle 11.3