კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რომელი მხარის ინტერესი იყო არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიის დადგმა და რატომ დაადანაშაულეს ბორის ჩოჩიევმა და ედუარდ კოკოევმა ცხინვალი და მოსკოვი ოსი საზოგადოების ღალატში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

სანამ თბილისი და მოსკოვი მიმართვებს ცვლიდნენ და, მოარული ხმებით, თითქოს საქართველო ჟენევის ფორმატში აპირებდა, ხელი მოეწერა სეპარატისტულ ცხინვალთან და სოხუმთან თავდაუსხმელობის შეთანხმებაზე (რისიც პირადად მე არც მაშინ მჯეროდა და არც ახლა მჯერა), დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური სკანდალი აგორდა, რასაც სრულიად დასავლეთი აჰყვა და, ცხადია, ჩვენც (რუსი დიპლომატების გაძევებას ვგულისხმობ). ამის შემდეგ კი, ჟენევაში მორიგ შეხვედრაზე ქართული და რუსული დელეგაციები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, უფრო მეტიც, გაეროში საქართველოს ელჩმაც შეუტია რუსეთის დელეგაციას. მეორე მხრივ, ინფორმაცია საკმაოდ მწირია იმის შესახებ, თუ, ბოლოს და ბოლოს,  რა მოხდა, ჟენევაში, რის გაგებასაც ექსპერტისგან კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძისგან შევეცდებით.
– თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, რა მოხდა ჟენევაში? რამ გამოიწვია მხარეების დაპირისპირება?
– უცნაური რამ უნდა ვთქვა: როდესაც ვაანალიზებ მოვლენებს, რომლებიც დროის ბოლო მონაკვეთში განვითარდა, ახალ წლამდეც და ახალი წლის შემდეგაც, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედია სპეციალურად დადგა ვიღაცამ და შეიწირა ეს გმირი კაცი იმისთვის, რომ ქართულ-რუსული პროცესი ჩაშლილიყო. თუ ქრონოლოგიურად მივყვებით მოვლენებს, გამოდის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობდა კულუარული დიპლომატია, რომელშიც ჩართული იყო არა მხოლოდ თბილისი და მოსკოვი, არამედ ერევანიც. ამის დასტურია ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების ხშირი ვიზიტები, რადგან არანაირი მნიშვნელოვანი რეგიონული პროცესი არ ხდება, რომ ასეთი  ინტენსიური მიმოსვლა ყოფილიყო ერევანსა და თბილისს შორის. თან, უნდა ითქვას, რომ ახალი ელჩი, რომელიც ერევანმა გამოაგზავნა თბილისში, ბევრად მაღალი დონისაა, ვიდრე მისი ნებისმიერი წინამორბედი.
– დიპლომატიურ  რანგს გულისხმობთ?
– არა მარტო, მის მატერიალურ მდგომარეობას, ინტელექტსა და სიახლოვეს სომხეთის ხელისუფლებასთან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიდიოდა მოლაპარაკებებიც და არსებობდა შეთანხმებაც, რამაც განაპირობა საქართველოს პრემიერის ის განცხადებები, რომლებიც გააკეთა წინა წლის დეკემბრის ბოლოს და არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიის შემდეგ. მეორე მხრივ, კარასინის განცხადებებშიც ჩანდა, რომ რუსეთი ფიქრობდა ჟენევის ფორმატის რანგის გაზრდაზე, არ ვიცი, იქნებოდა თუ არა იქ რუსეთის პრემიერ-მინისტრი, თუმცა რეფორმირებასა და რანგის გაზრდაზე იყო ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადე, გამეგო, რა ტიპის დიპლომატიური ურთიერთობა არსებობდა ამ სამ ქვეყანას: საქართველოს, რუსეთსა და სომხეთს, შორის, ამის გაგება რთული აღმოჩნდა და საბოლოოდ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ შეთანხმება არსებობდა.
– აზერბაიჯანის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ბაქოსთვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო.
– როგორც ჩანს, იმიტომ რომ არც აზერბაიჯანში ვიზიტი დაუკლია საქართველოს მთავრობას, თუმცა უფრო მეტი რამ ვიცოდით იქაურ ვიზიტებზე. შეიძლება, იქაც იმართებოდა კონსულტაციები, უფრო, ალბათ, განმარტებითი და არა ისეთი, როგორიც ერევანში შეიძლებოდა, ყოფილიყო. იმის თქმა მინდა, რომ, როგორც ჩანს, რაღაც მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს, რამაც განაპირობა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედია.
– საქართველოს ხელისუფლება ასეთი მაღალი დონის დიპლომატიურ აქტიურობას პარტნიორების თანხმობის გარეშე გარისკავდა?
– შეიძლება, პარტნიორს ინფორმაცია მიაწოდო, მაგრამ პარტნიორი არ იყოს თანახმა ამ გეგმაზე ან, თუ თანახმაა, არ უნდოდეს ამ გეგმის რეალიზაცია. გარდა ამისა, პოლიტიკაში არსებობს ასეთი რამ: მიუხედავად იმისა, რომ დაიდო შეთანხმება ქვეყანასთან, იმ ქვეყანაში შესაძლოა, იყოს ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც ეს შეთანხმება არ მოსწონს. მაგალითად, ელცინი ყაზბეგში შეუთანხმდა გამსახურდიას, მაგრამ რუსეთის გენერალიტეტმა ეს შეთანხმება ჩაშალა; ისევე, როგორც ელცინ-შევარდნაძის შეთანხმება ჩაშალეს გაგრაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ის შეთანხმება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მიაღწია ქართულმა მხარემ, მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის „ეფ ეს ბესთვის“. სხვა ტიპის პროცესი მიდიოდა, რაც, საბოლოოდ, დამთავრდა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუპვით. იმიტომ რომ ოსური მხარის წარმომადგენლები, ვისზეც მიმიწვდებოდა ხელი, ერთხმად გაიძახოდნენ, ეს რა მოგვივიდაო.
– ედუარდ კოკოევის გამოხდომაც უცნაური იყო.
– მანამდე იყო ჩოჩიევის ინტერვიუ ბერლინიდან, რომელმაც, ფაქტობრივად, მოთხარა ცხინვალის ლიდერები. მან პირდაპირ მიანიშნა, რომ ეს არ არის ის, რისთვისაც იბრძოდა „ადამონ ნიხასი“ და ოსი საზოგადოება და ყველაფერი ცხინვალმა და რუსეთმა გააფუჭეს. ამის შემდეგ გამოვიდა კოკოითი და ცხინვალი დაადანაშაულა ოსი ერის ღალატში, პროქართველობაც დააბრალა, მაგრამ ეს უფრო შირმა იყო. შეიძლება, ჩაითვალოს, რომ ის რევანშისტულადაა განწყობილი, გაბრაზებულია ბიბილოვზე, მაგრამ, რაც მან თქვა, სიმართლეა და ირიბად ურტყამს მოსკოვსაც. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ ათქმევინა.
– ვინ?
 – შეთქმულების თეორიის მომხრე არ ვარ, მაგრამ აღვადგინოთ მოვლენები ქრონოლოგიურად: რატომ მოხდა ისე, რომ ერთი კვირის ინტერვალში, პრემიერის სამშვიდობო ინიციატივიდან, რომლის უკანაც მოლაპარაკებების ბაზა იგრძნობოდა, უცებ შეიცვალა საქართველოს მთელი ხელისუფლების პოზიცია და გახდა აგრესიული?! და ცალკე დონდუამ და ცალკე იმნაძემ უცებ ასეთი რადიკალური პოზიცია დაიჭირეს?! პრემიერის სამშვიდობო შეთავაზების შემდეგ მოხდა რაღაც და არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუპვა არაფერ შუაშია.
– და კვალი სად მიდის? ცხინვალს ასეთი გავლენა არ აქვს.
– ცხინვალს გავლენა არ აქვს, ახალგორის გამგებელი ხაჩიროვი მიტინგზე გამოსვლისას ამტკიცებდა, მე არაფერ შუაში ვარ და არც ჩვენო. მთელ ამ უბედურებას ძალიან მნიშვნელოვანი რეპრესიები მოჰყვა. ვიცით, რომ მურად ჯიოევი, რომელიც ჟენევის პროცესში წარმოადგენდა ცხინვალს, მოხსნეს, მაგრამ ამას გარდა, დაერივნენ საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებს, ვლადიკავკაზის ჩათვლით.
– ანუ ჩამშლელის კვალი მიდის რუსეთის ხელისუფლების რომელიღაც შტოსთან?
– მარტივად რომ ვთქვათ, რაღაც მოლაპარაკება არსებობდა რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთ შტოსთან, როგორც ჩანს, არსებობდა გარკვეული გარანტიები რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან, მაგრამ ვიღაცებმა ეს საქმე ჩაშალეს თვითონ რუსეთში და არ გამოვრიცხავ, ამაში ჩვენი პარტნიორების ხელიც ერიოს. სპეცსამსახურების ომი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გადამწყვეტი ქვეყანა არ არის მსოფლიო გეოპოლიტიკაში, მუდმივად მიმდინარეობს და ყველა ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, პოლიტიკური ვითარება სამხრეთ კავკასიაში. ამდენად, არაფერს გამოვრიცხავ: შესაძლოა, მოსკოვში ჩაეშალა ვიღაცას ან თბილისში, რაც უფრო ნაკლებად სავარაუდოა, ან ჩართულიყვნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. ერთი სიტყვით, სურათი არ არის ნათელი, ამასობაში კი, ამ ამბავს არჩილ ტატუნაშვილი შეეწირა და ცივი გონებით რომ ვიმსჯელოთ და პრაგმატულად მივუდგეთ საკითხს: ამით დამატებითი კოზირები მიეცა საქართველოს მსოფლიო საზოგადოების თვალში. მოხდა ოფიციალური ცხინვალისა და რეგიონში მოსკოვის პოლიტიკის აბსოლუტური დისკრედიტაცია. ჩაიშალა სავარაუდო სვლები ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ყველაფერი დარჩა კონფრონტაციულ რეჟიმში და საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებსაც რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ რუსეთთან.
– ჩემთვის საინტერესო დეტალი იყო, რომ თბილისის ეს დამტკბარი ტონი უცებ შეიცვალა აგრესიული ტონით ჟენევასა და გაეროში, ანუ არსებობდა გეგმა „ბე“? თუ არსებობდა, პირადად მე ძალიან გამიხარდება.
– როგორც ჩანს, არსებობდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას კი არ ჰქონდა ეს გეგმა, არამედ ჩვენს პარტნიორებს. აქვე დავამტებ, რომ ძალიან საინტერესო იყო რუსეთის საგარეო უწყების განცხადება, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. ჩამოთვლილია ქვეყნები, რომლებთანაც რუსეთი ანგარიშსწორებას, ანუ საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აპირებს, მაგრამ საქართველო მოხვდა იმ ოთხი ქვეყნის ჩამონათვალში, უნგრეთთან ერთად, რომელთა საკითხს ცალკე განიხილავენ. ამან პირადად მე ეჭვი გამიჩინა და რატომ: ვიცი, როგორც მოიქცა უნგრეთის ხელმძღვანელობა, დიპლომატი, რომელიც გააძევეს ოფიციალურად, მეორე დღეს უკან დააბრუნეს არაოფიციალურად, ესე იგი, ფორმალური გაძევება იყო, რომ ურბანს არც ევროკავშირისა და თავისი პარტნიორების წინაშე შეერცხვინა თავი და არც თავისი თანაკურსელების – ის კარასინთან და რუსეთის საგარეო უწყების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად სწავლობდა პატრის ლუმუმბას სახელობის უნივერსიტეტში. ანუ ამ ოთხ ქვეყანასთან  რუსეთმა დაამუხრუჭა, ამასთან, მინდა დავსვა კითხვა: ვისი გაძევება დაიგეგმა საქართველოდან?
– გასაძევებელი თუ გაძევებული რუსი დიპლომატის გვარი არ ვიცით.
– აქ სულ ორი დიპლომატია: კონსული და მისი მოადგილე. კონსულის გაძევება ნიშნავს სავიზო ურთიერთობის ჩაშლას, მოადგილე კი, გინდა გაგიძევებია და გინდა, არა.
 – რუსეთი არ მიეკუთვნება იმ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია ან რომელმაც იცის რბილი მოქმედებები მიზნის მისაღწევად. მაშინ რით ხსნით მის ასეთ გულმოწყალებას?
– ძალიან შორს ნუ წავალთ. რუსეთი, მართალია, არ გამოირჩევა სირბილით საქართველოსადმი და ეს ნათლად დაადასტურა 2008 წლის ომმა, მაგრამ რუსეთმა უკვე წაიღო საქართველოსგან ყველაფერი, რის წაღებაც უნდოდა და დღეს დასავლეთი მას პრეტენზიას უყენებს იმის გამო, რაც ბრიტანეთში მოხდა, მეორე ადგილზეა ყირიმის საკითხი, საქართველო და სხვა დანარჩენი პრობლემები კი ამის შემდეგაა. რუსეთი არის სხვა რეჟიმში – ადეკვატური პასუხისა და მოგერიების რეჟიმის, იმიტომ რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ელის. ეს ჩემპიონატი უნდა იყოს რუსეთის, პუტინის ზეობის მაჩვენებელი და ის უნდა ჩაატაროს მაღალ დონეზე, რომ აჩვენოს: მიუხედავად სანქციებისა, ქვეყანა იმდენად მყარად დგას ფეხზე, რომ ამხელა ღონისძიების ჩატარება შეუძლია. სწორედ ამიტომაცაა, რომ 2000-ანი წლების დასაწყისის შემდეგ რუსეთში პირველად დააპატიმრეს მილიარდერი, ზია მაგომედოვი, ის, ვისი ფირმებიც აშენებდა სტადიონს კალინინგრადში, რადგან სტადიონი არასწორად აშენდა და ფული გაიფლანგა. მილიარდერებს რუსეთში უკვე აღარ აპატიმრებენ, იმიტომ რომ ყველა მილიარდერი დღეს პუტინის ფრთის ქვეშაა. ეს დაპატიმრება კი იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება. ამდენად, ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან აგრესიას არ უნდა ველოდეთ, იმიტომ რომ მათ კარგად იციან, საკმარისია, კიდევ ერთი სამხედრო ნაბიჯი რომელიმე მიმართულებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩაიშლება და ეს იქნება სერიოზული დარტყმა რუსეთისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურიც.
– დავუშვათ, ჩაიშალა 2018 წლის ჩემპიონატი. ეს მწვანე შუქი იქნება რუსეთისთვის სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად რომელიმე მიმართულებით? ანუ ჩატარებამდე კარგი ბიჭი იქნება, მაგრამ, თუ მიხვდა, რომ არ ტარდება, ისე მოიქცევა, როგორიცაა?
– ამის შემდეგ რა მოხდება, კაცმა არ იცის.  მაგრამ დღეს ასეთი მდგომარეობაა: დასავლეთმა რუსეთს აუმხედრა ყველა ის ქვეყანა, რომელიც მისიანად ითვლებოდა. რომ გადახედოთ რუსულ პრესას, ნახავთ, რომ ეჭვის ქვეშ დგას ბელორუსის, სომხეთისა და ყაზახეთის ერთგულებაც კი. სამივე ქვეყანას აყვედრიან, რომ მათ თავის დროზე არ აღიარეს აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთი“, რომ ისინი ელაქუცებიან ამერიკელებსა და ბრიტანელებს. დღეს რუსეთის წონიანი ექსპერტები ამბობენ, რომ თურქეთი და ირანი ვერ იქნებიან მათი მოკავშირეები და სირიაშიც კარგად ჩანს, როგორ გვღალატობენ მათთვის ხელსაყრელ დროსო. ჩინეთმაც კი ერთადერთი განცხადება გააკეთა: ბრიტანეთის ნაბიჯს უგონო უწოდა, სხვა მხრივ, მხარი არ დაუჭერია რუსეთისთვის. ანუ დღეს რუსეთი, ფაქტობრივად, მიტოვებულია და მას ან ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ომი უნდა გამოუცხადონ, ან უნდა იცოდე, რომ ის მწარედ გიპასუხებთ და უპირველესად, უპასუხებს არა აშშ-ს, არამედ მის მოკავშირეეებს: ბალტიისპირეთს, უკრაინას, საქართველოს და ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველო არ გაიჭყლიტოს. პროცესები იმდენად დინამიკურად ვითარდება, რომ არავინ იცის, რა იქნება. მაგრამ კარგი რომ არაფერი, ეს უკვე ჩანს. მე არ მინდა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ იქცეს საზარბაზნე ხორცად. მით უფრო, რომ არ ვიცით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ, რას ჩაიფიქრებს მოსკოვი.
– აქვს კი მნიშვნელობა, ჩატარდება თუ არა ჩემპიონატი? იქნებ ჩემპიონატმა კიდევ უფრო შეაგულიანოს ისინი?
– ჯობია, ჩატარდეს, რადგან გვექნება დრო ჩვენც და ჩვენს მოკავშირეებსაც, რომ დავგეგმოთ სავარაუდო ღონისძიებები, მაგრამ რა და როგორ უნდა დაგეგმო, როდესაც არ არსებობს უწყება, რომელიც დადებს სტრატეგიული მოქმედებების გეგმას მთავრობის მაგიდაზე?!


скачать dle 11.3