კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ გაუმკლავდა ირმა სოხაძე მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან სექსუალური შევიწროების მცდელობას და რაზე თქვა მან უარი, ოჯახი რომ არ დანგრეოდა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ძალიან პატარა იყო, როცა სიმღერა დაიწყო, საზოგადოების სიყვარული მოიპოვა და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, აქტუალურობა არ დაუკარგავს. ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია და დღემდე აქტიურადაა ჩართული შოუ-ბიზნესში. აქვს საკუთარი საბავშვო სტუდია, აწყობს ხელოვანი ადამიანების საღამოებს და წელს საკუთარი სოლო კონცერტის გამართვასაც გეგმავს. როგორია მისი წარმატების გზა, ამაზე თავად მოგიყვებათ.
ირმა სოხაძე: ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატების გზა ძალიან მარტივია. აქეთ-იქით არ მირბენია, არც უცხოეთში გავვარდნილვარ დიდი კარიერისთვის და არც რუსეთის დაპყრობაზე მიოცნებია. სიმართლე რომ ვთქვათ, რუსეთში წარმატება ჩემთვის ძალიან მარტივი იქნებოდა, დღემდე ძალიან კარგად ვახსოვარ და ვუყვარვარ ამ ქვეყანას, მაგრამ ძალიან ჭკვიანი გოგო ვარ, ეს რომ არ გავაკეთე (იცინის). ახლა იქ მაინც ვეღარ ვიქნებოდი და ღამურასავით დამემართებოდა. თავის დროზე შეიძლება, სურვილი მქონდა, მაგრამ ცხრამეტი წლის რომ ოჯახს შექმნი და ყველა აქ გყავს, მერე ძნელია ამის გაკეთება. მოსკოვში წასვლას აუცილებლად მოჰყვებოდა ჩემი ოჯახის დანგრევა, მე კიდევ ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და ამის ფასი არანაირი კარიერა არ მგონია. ნურავის ჰგონია, რომ საკუთარ ქვეყანაში მიღწეული წარმატება ცოტაა. მე ალალად ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს და ძირითადად, მოსწონდათ. ხალხს არ ვავიწყდები, ქუჩაში გასულს ყოველი მეორე მეხუტება და სიყვარულს გამოხატავს, რაც ძალიან დიდი ბედნიერებაა. თუმცა, დრო გადის და ძალიან მტკივა გული, რომ ჩვენ მათ ვკარგავთ, კონცერტის ჩატარების საშუალებაც არ გვაქვს. მე ჩემს კონცერტს ორმოც ლარსაც ვერ დავადებ, მაგრამ იყიდება ისეთი ბილეთები, რომელთა ფასიც სამასი, ოთხასი დოლარია. მათ ელიტა ყიდულობს, მაგრამ ეს ელიტა ჩემს კონცერტზე არ მოვა, სად სცალია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის?!
– ბევრი ხელოვანი საუბრობს ამის შესახებ, მაგრამ თქვენგან ცოტა მოულოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ახლობლობდით. ივანიშვილიდან დაწყებული, კულტურის მინისტრით დამთავრებული, რომელთანაც ნათესაური კავშირიც გაქვთ. დღემდე არ შეიცვალა მდგომარეობა?
– ამ ახლობლობამ უფრო შემიშალა ხელი. მინისტრმა მითხრა, მე რომ რამე გაგიკეთო, შეიძლება, ნეპოტიზმად ჩათვალონო. ის ადამიანი საერთოდ აღარ მესალმება, თუმცა დღემდე არ ვიცი, რის გამო მიბრაზდება და აღარც ვუღრმავდები. მე მხოლოდ იმაზე მქონდა საუბარი, რომ ქართულს მეტად უნდა მიხედოს, იმის მიუხედავად, უყვარს თუ არა და კონფლიქტი ამან გამოიწვია. ჩემს ასაკშიც კი ვბრაზობ, რაში გადის ჩემი ცხოვრება – რომელ მინისტრს მოეწონება ჩემი შემოქმედება და საერთოდ, ქართული ესტრადა და რომელი შეგვხედავს ცუდი თვალით?! ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სხვაგან წასვლა არ გამოვიდა, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადე, აქ დავფუძნებულიყავი. შესაბამისად, სულ ვფიქრობ, რა დავაშავეთ მათ, ვისაც გვინდა, რომ საქართველოში ვიყოთ და ჩვენ ქვეყანას ვემსახუროთ?!
– ქართველი მომღერლები რუსეთში – ეს საკითხი ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში, ტატუნაშვილთან დაკავშირებული გამწვავებული მდგომარეობიდან გამომდინარე.
– არავის ჭკუის მასწავლებელი არ ვარ, ზოგი ფიქრობს, რატომაც არა, ჩავალ და ვაჩვენებ, რომ მათზე უკეთ ვმღერი, უკეთ გამოვიყურები – ჩავარტყამ თავში და წამოვალ. თუმცა, ის აზრიც ძალიან ხშირია, რომ ოკუპანტის ქვეყანაში სიმღერა შეიძლება, ძალიან სხვანაირად იქნეს გაგებული. ამას აუცილებლად მოჰყვება რეზონანსი, მათ შორის უცხოეთში და ჩნდება დამოკიდებულება – თუ ჩვენ თვითონ კარგად ვგრძნობთ თავს და არანაირი პრობლემა არ გვაქვს რუსეთთან, მაშინ დასავლეთისგან რაღა გინდათ?! ისინიც ლოგიკურად იფიქრებენ, თქვენ თუ ხელიხელჩაკიდებულები ხარ და კონცერტებს ატარებთ, ჩვენგან რაღას ითხოვთო?! არავის ვტუქსავ, მაგრამ ჩვენი პოზიცია რომ პერმანენტულად ვაჟღეროთ, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება. თუმცა, პოლიტიკოსებმა, რა თქმა უნდა, უნდა ილაპარაკონ. თუნდაც, ჩვენი ხელმოწერა პუტინისადმი გაგზავნილ წერილზე ტატუნაშვილის გვამის გადმოცემის თხოვნით. მაშინვე ვთქვი, რომ ამას არჩევნებამდე არავინ გააკეთებდა, ადგილობრივი მოსახლეობის წყრომა რომ არ გამოეწვიათ და ასეც მოხდა. თუმცა, ამ წერილით ზღვაში წვეთი ჩავაწვეთეთ. რაც შეეხება იმ კოლეგებს, რომლებიც რუსეთში კონცერტებს მართავენ – კარიერა და შემოსავლის მოძიება არის მათი მიზანი. როცა მხოლოდ საკუთარი შემოქმედება არის მისი შემოსავლის წყარო, რა გააკეთოს, წელიწადში ერთხელ რომ გაახსენდება კულტურის სამინისტროს ან, საერთოდ, არ გაახსენდება, ამაზე იყოს დამოკიდებული?! ქეთა თოფურიას რაც შეეხება, რამდენადაც ვიცნობ, ძალიან კარგი გოგოა. უბრალოდ, თავიდან ხალხის ცოტა არაადეკვატურმა რეაქციამ გააღიზიანა. როგორც ვიცით, საკომუნიკაციო კომპანიის პიარსახეა და მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობისკენ გააკეთა მოწოდება. მაგრამ ეს ხალხმა პუტინის სასარგებლო მოწოდებად მიიჩნია. ქეთას, ალბათ, საერთოდ არ უნდა ჰქონოდა რეაქცია, რადგან გაღიზიანებულზე გაცემული პასუხი გაასმაგებულ გაღიზიანებას იწვევს. მერე უკვე თქვა, დიახ პუტინს უნდა მისცეთ ხმა, აბა ვის?! აქ უკვე გაგიჟდა ხალხი: დღეს ქართველმა ეს როგორ უნდა თქვა. ქართველი კი არა, რუსებმაც კი იციან, რა საფრთხის შემცველია პუტინისთვის ხმის მიცემაო.
– თქვენს გზას დავუბრუნდეთ – ძალიან პატარამ შექმენით ოჯახი. წარმატებისთვის ეს დამაბრკოლებელია.
– ჩემი მეუღლე, რევაზ ასათიანი თვითონაც კვარტეტ „თბილისში“ მღეროდა. მაგრამ მომღერალი ცოლი არ უნდოდა – კაცია და გუნება (იცინის). ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი, მე 16-ის ვიყავი, ის 21-ის. ერთმანეთის გარეშე ჰაერი არ გვყოფნიდა. სამი წელი ყოველ საღამოს ჩემს მშობლებთან ერთად ვვახშმობდით. მერე მეუბნება, „ბამზე“ უნდა წავიდე ციმბირში, როგორც მშენებელიო, რაც მისი პროფესიაა. მეც წამოვალ-მეთქი, ვუთხარი და მიპასუხა, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ მომღერალი ცოლი არ მინდაო. ვუთხარი, რომ აღარ ვიმღერებდი, გულწრფელად ვიყავი ამაზე წამსვლელი. ბოლოს მიხვდა, რომ მისთვისაც ძნელია უჩემოდ და მე 19-ის, ის 24-ის იყო, როცა ოჯახი შევქმენით. ერთი წლის შემდეგ, სალომე უკვე გვყავდა და რეზო მიხვდა, რომ სიმღერის გარეშე ძალიან ცუდად ვიყავი და მოდი, კვარტეტ „თბილისში“ ერთად ვიმღეროთო.
– დღეს პოპულარული ქალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. მსხვერპლი აქ ნებისმიერი შეიძლება იყოს, მაგრამ როცა სცენაზე დგახარ, გაქვს კარგი გარეგნობა და უამრავი ადამიანი გიცნობს, მასშტაბები გაცილებით დიდია. თქვენს ცხოვრებაში როგორ იყო?
– რომ ვთქვა, ჩემთვის არცერთ კაცს არ შემოუხედავს სხვანაირად-მეთქი, არ დამიჯერებთ. უფრო მეტიც, ყოფილა ორი-სამი შემთხვევა, როცა პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები ცდილობდნენ ამას და ის ადამიანები დღემდე არანორმალურები მგონია, იმიტომ რომ ასე აშკარად გამოხატვა სხვას რას მივაწერო, არ ვიცი. თუმცა, მე ამის არასდროს შემშინებია, ვინც უნდა, ის ყოფილიყო. არ მიფიქრია, რომ ეს იმხელა ძალადობა იყო, რომელსაც მე ვერ გავუმკლავდებოდი. პირველივე ასეთ ცდაზე აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დამიმთავრებია. ერთი ნახევრად ხუმრობით შევაშინე: ვუთხარი, შემიძლია, ამის შესახებ გამოვაქვეყნო და იმდენი ადამიანი მენდობა, ყველა დამიჯერებს, როცა მოვყვები თქვენი საქციელის შესახებ-მეთქი. ასეთ სიტუაციებში ძალიან მაგარი ვხდები. არის ქალების კატეგორია, ვისაც თავის დაცვა არ შეუძლია და ამ ყველაფერს იტანს. ასეთებს ყველა გვერდით უნდა დავუდგეთ. რა ამატანინებს ვინმეს მხრიდან მსგავს საქციელს? თუ ისეთი გიჟია, რომ არ მეშვება, მერე მართლა მივიღებდი ზომებს. მოდი, ქალებო, ნუ შევშინდებით და ისე ვიდგეთ, როგორც გვეკადრება. კაცი ბედავს, გაუვა – კარგია, არ გაუვა – არა უშავს. მაგრამ ქალს თუ კატეგორიულად არ უნდა, მხოლოდ გიჟი თუ გაბედავს მეორედ მსგავსი რამის გაფიქრებას. თუ ასეთი შეგხვდება, უპირველესად, მეუღლეს უნდა უთხრა, როცა მის ზეწოლას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდები. შენ თუ საბაბი არ მიეცი, ისე არავინ შეგხედავსო, ასეთი აზრიც არსებობს, მაგრამ კარგი რა, ვიცით კაცების ამბავი. იმის გამო, რომ ასე არავინ იფიქროს, ბევრი ქალი ითმენს ამ ყველაფერს, რაც უარესია. ამიტომ მე მათ ქალისთვის შესაფერის სიმაღლეზე დგომისკენ მოვუწოდებ.
– ბოლოს, შვილებზე გკითხავთ. ბევრისგან მსმენია, როცა შვილები გყავს, კარიერისთვის აღარ გცალიაო. თუმცა, თქვენ ყველაფერი მოახერხეთ.
– პირიქით, ჩემთვის შვილები სტიმული იყო საბავშვო მიუზიკლების შესაქმნელად. შვილები ყველაზე დიდი განძია, მაგრამ შვილიშვილები გასამმაგებული განძი ყოფილა. მათთან ურთიერთობაზე მეტ სიამოვნებას ვერაფერი მანიჭებს. დღეს ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი- – სამივე ბიჭი მყავს და უბედნიერესი ვარ.
скачать dle 11.3