კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ ამხნევებდა გიორგი მახარაძე დედას ყველაზე რთულ მომენტში და რა იმედით გამოისტუმრა ისინი თურქეთიდან ექიმმა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

მსახიობ გიორგი მახარაძის ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ რთული ეტაპი დადგა. მოულოდნელმა დიაგნოზმა – ავთვისებიანმა სიმსივნემ მის გარშემო უამრავი ადამიანი გააერთიანა და დაიწყო ბრძოლა დაავადების წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ, თურქეთიდან დაბრუნებულმა გიორგიმ მკურნალობის არაჩვეულებრივი შედეგებით ყველა გულშემატკივარი გაახარა. გიორგის ბავშვობაზე, პროფესიასა და ამ რთულ ეტაპზე, მის დედას, თეო ჩივაძეს ვესაუბრეთ.
თეო ჩივაძე:
გიორგის თავიდანვე ეტყობოდა, რომ მსახიობი იყო. ხმა ამოიღო თუ არა, ლექსების თქმა და როლების მორგება დაიწყო. ძალიან კარგად სწავლობდა, კალათბურთს თამაშობდა და 9-დან 14 წლამდე პატრიარქის სტიქაროსანი იყო ჯერ სიონში, შემდეგ სამებაში. მერვე კლასამდე ფრიადოსანი იყო, მათემატიკის კონკურსებიდან სულ გამარჯვებული ბრუნდებოდა და მოკლედ, ძალიან ჭკვიანი გვყავდა, მაგრამ მერვე კლასიდან რომ აურია, დღეგამოშვებით მიბარებდნენ სკოლაში. ოთხი სკოლა გამოვიცვალეთ, მასწავლებლები ამბობდნენ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ აღარ შეგვიძლია გაძლება, იმდენად მოუსვენარიაო. თან, ისე უყვარდათ, მკაცრად ვერ ექცეოდნენ, ამ თვალებს რომ მოგვაბრჭყვიალებს, ვეღარ ვეჩხუბებითო. ბოლო წელს თვითონ მოინდომა სწავლა. მინდოდა, ეკონომიურზე ან იურიდიულზე ჩაებარებინა. მაგრამ ჩემს უჩუმრად, დედაჩემს შეეკრა, უთქვამს: იცოდე, მე სამსახიობოზე ვაბარებო. მე ბოლოს მითხრეს და რაღას ვიზამდი.
– გარდატეხის ასაკი როგორ გამოიარეთ?

– მე და გიორგის ყოველთვის ძმაკაცური ურთიერთობა გვქონდა. ამ ასაკში როგორც ხდება ხოლმე, აურია, ქუჩაში იყო ბიჭებთან ერთად და გიჟივით დავდევდი. ვეძმაკაცებოდი, მაგრამ თვითონ ჩემზე რომ ჰკითხო, გეტყვის ტერორისტი იყოო. ალბათ, ვიყავი კიდეც, ძმაკაცობის მიუხედავად – ისეთები მაქვს გაკეთებული (იცინის). ერთ მშვენიერ დღეს, საღამოს ათი საათია და არ ჩანს, არადა, მითხრა უცებ ამოვალო. 12 დაიწყო და კანში ვეღარ ვეტევი. უბანში იყო რამდენიმე ბიჭი, რომლებთან ურთიერთობაც მისთვის აკრძალული მქონდა, თუ ერთად იყვნენ და დამინახავდნენ, თეო მოდისო, დაიძახებდნენ და იფანტებოდნენ (იცინის). იმ საღამოს ვერცერთი მათგანი ვერ ვნახე, ჩავჯექი მანქანაში და რიყისკენ წავედი, ინტუიციით ყოველთვის ვგრძნობდი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო. მივედი იქ და ვხედავ, ოცდაათი ბიჭი დგას წრეზე. მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა და ფილმებში რომ ცალი ბორბლით შევარდებიან ხოლმე სადმე, ზუსტად ეგრე შევიჭერი იმ წრეში. ვინ სად გარბოდა და სად აფარებდა თავს, უნდა გენახა. ვერ
გავიგე, ერთ წამში სად გაქრნენ. წინ ბილბორდი იდგა და ვხედავ, ქვემოთ გიორგის ფეხები ჩანს. გვერდით ორი ძმაკაცი ედგა, ერთ-ერთი ის იყო, ვისთან ურთიერთობაც აკრძალული ჰქონდა. რადგან მასზე უფროსი და ცოტა ქუჩისკენ მიდრეკილი ბიჭი იყო. ჯერ ერთს ავახიე ყური, მერე მეორეს და გიორგი ყვირის, რას შვებიო. შენ მანქანაში დამელოდე-მეთქი და მოვიფრიალე მანქანის მიმართულებით. მოკლედ, საშინელებები ჩავიდინე. ბოლოს ორივე ჩავისვი მანქანაში და მამებს მივუყვანე სახლში (იცინის). თურმე, „რაზბორკები“ ჰქონიათ და მე რომ არ მიმესწრო... რა ვქნა, გიორგის რომ ეხება საქმე, უკონტროლო ვხდები. ალბათ, ყველა დედა ასეა.
– გოგოების ამბებს თუ გიყვებოდათ?
– აი, ამ საკითხში ვიყავი პირველი ძმაკაცი, არასდროს არაფერს მიმალავდა. მეზობელ გოგოზე იყო შეყვარებული თორმეტი წლისა და თითქმის ოთხი წელი უყვარდა. წერდა ხოლმე, ოთხი წელი ხომ დამელოდებიო და რომ ხვდებოდა, კანკალი ეწყებოდა. ეს იყო მისი პირველი სიყვარული. მერე კი, რომ გითხრა, ვინმეზე გიჟდებოდა-მეთქი, არა და მარიამ როინიშვილის შესახებ კი იცით.
– სულ რომ ექიმებთან ჰყავთ შვილი, ასეთი დედა იყავით?
– არასდროს და ამიტომ, ეს ამბავი ჩემთვის განსაკუთრებული დარტყმა იყო. ძალიან უნდა გამიჭირდეს, რომ ექიმთან მივიდე.  გიორგიც ბავშვობიდან ჯანმრთელი იყო. მხოლოდ გლანდების ოპერაცია გავიკეთეთ და ბატონები გადავიტანეთ, მეტი პრობლემა არასდროს ჰქონია. ყველაფერი უცბად დაიწყო. ერთი-ორჯერ რომ შეაწუხა ტკივილმა, ვუთხარი, რამე არ იყოს, ყურადღება მიაქციე-მეთქი. მაგრამ ძალიან არ გაგვიმახვილებია ყურადღება. მერე თქვა, აშკარად მტკივაო. ორი-სამი დღე დისკომფორტს უქმნიდა და მერე აღმოაჩინა, რომ რაღაც ჰქონდა. გიორგის ბოლომდე სჯეროდა რომ საშიში არაფერი იყო. მიმეორებდა, თეო, ნუ ნერვიულობ, ამოიღებენ და მორჩებაო. ოთხ დღეში გაუკეთდა ოპერაცია, რომლის დამთავრების შემდეგ პირველი სიკვდილი გადავიტანე, როცა ექიმი ოპერაციიდან გამოვიდა და მითხრა: ამოვიღეთ და სიმსივნე აღმოჩნდა, მაგრამ დაწყნარდით, ჯერ არ ვიცით ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანიო. დავთესეთ და ათ დღეში იქნება პასუხი. კარგი იქნება, ამ დღეების განმავლობაში თუ ყველაფერს გამოიკვლევთო. „სიმსივნე“, „გამოიკვლიეთ” – მე უკვე მეტასტაზების საძებნად წავედი და მაშინ მოვკვდი. მერე დავიწყე ფიქრი, იქნებ ავთვისებიანი არ იყოს, ახლა მეჭეჭსაც სიმსივნეს
ეძახიან-მეთქი. ეს ათი დღე კოშმარი იყო, არაამქვეყნიურად გაიწელა. რა ძილი, ამქვეყანაზე არ ვიყავი, ბურანში ვცხოვრობდი და ოცდაოთხი საათი ვტიროდი. თან, არ მინდოდა ეს გიორგისთვის დამენახვებინა. ეს ხომ სულ მაიმუნობს და ოხუნჯობს. ოპერაციის მერე უკითხავს: ცუდი ტიპიაო? და კი, ეგ არისო, უთქვამთ. ასე რომ, ნარკოზიდან რომ გამოვიდა, ყველაფერი გაიგო. თუმცა, აქეთ მამშვიდებდა, რაც უნდა იყოს, ყველაფერი კარგად დამთავრდებაო. დღეს თუ ცოცხალი ვარ, მისი დამსახურებაა. ერთხელაც არ დაუწუწუნია, რაღა ვქნაო.  მერე დავიწყე ფიქრი, ახლა რა ვქნა-მეთქი?! ქორეოგრაფი ვარ, ანსამბლი მყავს და ჩემი სტუდია მაქვს, მაგრამ რა შემოსავალი უნდა მქონდეს, რომ ამხელა თანხებს გავუმკლავდე?
ერთი ძმა მყავს, რომელსაც რაღაც შეუძლია, მაგრამ მეტი რა გავაკეთო-მეთქი?! მეგობრები მყავს სხვადასხვა ქვეყანაში და... იმ საღამოს ტირილს რომ მოვრჩი, ჩემს თავს შემოვუძახე და ყველასთან ჩამოვრეკე, მიშველეთ, დავიღუპე-მეთქი. პირველივე დღიდან ავიჩემე, რომ გიორგი თურქეთში უნდა წამეყვანა. განსაკუთრებით დამეხმარა ჩემი ერთ-ერთი მეგობარი – ნინო ცუცქირიძე, რომელიც ამერიკაშია. მთელ ამერიკას ფეხზე დავაყენებ და პირობას გაძლევ, რამდენიმე დღეში გიორგის თურქეთში წაიყვანო. მეორე დღეს დიაგნოზის გაგზავნა მთხოვა. ნინო ამერიკაში გამიკეთებს ამას-მეთქი, მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში და იმაზე აღარ მიფიქრია, ეს რომ ინტერნეტში გამოჩნდებოდა და მთელი ქვეყანა გაიგებდა.
ასეც მოხდა და საოცარი ამბავი ატყდა. ცოტა ხანში გიორგი მირეკავს, რა ხდება, მთელი ქვეყანა მკითხულობსო, არადა მაშინ ძმაკაცებმაც კი არ იცოდენენ მისი ამბავი. ცოტა შემეშინდა, არ მეჩხუბოს რატომ ატეხე პანიკაო, მაგრამ მერე თქვა, ხმას როგორ ამოვიღებდი, ისედაც ესეთ დღეში იყოო. არაფერი უთქვამს საყვედურით, ანუ ყველამ გაიგო ეგ ამბავიო მკითხა?! რა ვქნა, გიორგი, ველოსიპედით ვერ წაგიყვან თურქეთში, არადა აუცილებლად უნდა წავიდეთ-მეთქი და კარგიო, მიპასუხა. ამის შემდეგ ტელეფონი არ გაჩერებულა, განცხადებაში ჩემი ნომერი იყო მითითებული და საიდან აღარ მიკავშირდებოდნენ და, საკუთარ გამოცდილებას მიზიარებდნენ. ათი ათასი დოლარი ერთ კვირაში შეგროვდა და შოკში ვიყავი. ზოგი ლარს რიცხავდა, ზოგი ხუთს და ასე შემდეგ, ტირილს ვერ ვიკავებდი და ვერაფრით გამოვხატავ ჩემს მადლიერებას მთელი ქვეყნის წინაშე. ზუსტად ეს იყო, ის რამაც ძალა მომცა. ქიმიის დამთავრებიდან ორ კვირაში დაგვიბარეს თურქეთში. ანალიზები ავიღეთ და ექიმს რაღაც არ მოეწონა. ის ერთი დღე მკვდარი ვიყავი და სხვათა შორის, გიორგისაც პირველად განცდები შევატყვე. აუ, ახლა რომ კიდევ ქიმია გვითხრასო, ჩაიბურტყუნა, მაგრამ ექიმმა პასუხები რომ ნახა, გვითხრა, რომ ყველაფერი სუფთა იყო, სამ თვეში გელოდებითო გვითხრა და გამოგვიშვა. აი, მაშინ უნდა გენახათ გიორგის სიხარული. ახლა ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, მაგრამ მართლა გრიპთან ხომ არ გვაქვს საქმე, ასე რომ, პერიოდულად უნდა ვაკონტროლოთ.
– ქიმიის თანხმლები სირთულეები როგორ გადაიტანეთ?
– პირველი კურსი რომ დავამთავრეთ, ექიმმა უთხრა, გიორგი, მოდი წვერი გაიპარსეო. მეც თვალები დავჭყიტე და გიორგიმაც უთხრა, მე მითხრეს, რომ არ დამცვივდებაო. მართლა ასე გვითხრეს, ისეთი სქემით აქვს მკურნალობა დანიშნული, შეიძლება არც დასცვივდესო. მაგრამ მივხვდი, რომ ეს გასამხნევებლად იყო ნათქვამი. ექიმმაც აღარაფერი უთხრა. ერთ დღეს „ვაიბერით“ მირეკავს გადარეული გიორგი: თეო, შეხედეო და ხელში წვერი აქვს ჩაბღუჯული. რამდენჯერმე პირში ვიგრძენი თმა და ხელი რომ მოვკიდე ხელში შემრჩაო. მერე თმაზე მოვქაჩე და ისიც მძვრება, შეხედეო. ერთი ათი წუთი შოკში იყო, მაგრამ მერე თავისი ხელით გადაიპარსა თავიც და წვერიც. სხვათა შორის, თურქეთიდან ძალიან აჟიტირებულები ჩამოვედით, მაგრამ ახლა ცოტა
დეპრესიული პერიოდი აქვს. მითხრეს, რომ ამას ქიმია იწვევს. თვითონაც ძალიან განიცდის, რატომ ვარ ასეთ ხასიათზეო. ვარჯიშიც დაიწყო, მაგრამ ჯერ ვერ არის ჩვეულ ენერგიაზე.
– გიორგისა და ელენეს ურთიერთობაზეც მოგვიყევით.
– მამა-შვილი ერთნაირები არიან, ძალიან ჰგვანან. ერთად კარგად ერთობიან. ელენეს ძალიან უყვარს მამა. თურქეთში რომ ვიყავით, სულ ვეკონტაქტებოდი და ერთ მომენტში ექიმს რომ ველოდით მაშინ მწერდა, დამირეკეო. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ვერ ვაცნობიერებდი, რას ვწერდი და ვუთხარი: ელენე, ექიმს ველოდები, მამიკო უნდა შევიყვანო და რომ გამოვალთ დაგირეკავთ-მეთქი. რა, რა ექიმი, ვერ გავიგე რა ხდება, ამიხსენით, რა ექიმი, თეოო – უნდა გენახათ, რა ტონალობაში მიგზავნიდა ხმოვან შეტყობინებებს. უცებ გავაცნობიერე რა ვუთხარი და სიტუაციის გამოსწორება ვცადე: მამიკოს კანზე გამოაყარა და ექიმს უნდა ვანახო, რომ წამალი გამოუწეროს-მეთქი და უიმეე, ეგრე გეთქვაო. სასწაული გოგოა ელენე. როგორ მღერის, ალბათ მოისმინეთ და უნდა ნახოთ, რა მსახიობია. როგორც იცით, თამრიკოსთან იზრდება და ის „თბილისოზე“ და კლასიკურ სიმღერებზე ზრდის ბავშვს. ერთხელ მისული ვარ, ელენე პატარაა და კაპიუშონიანი ხალათი აცვია. წამოვახურე ეს კაპიუშონი და დავიწყეთ სიმღერა, ხან „თუფაქის“ და ხან რომელი რეპერის, მოკლედ ვერთობით. კარი გაიღო ოდნავ და ვხედავ: ლიზიკოს, თამრიკოს და მარიამის თავებს კარში, გაფართოებული თვალებით გვიყურებენ და ვაიმეეე, დავიღუპეთო, შემოიკრა თავში ხელი თამრიკომ (იცინის).
– მტკივნეული თემაა გიორგისა და მარიამის ოჯახის დანგრევა.
– მარიამი ჩემი სიხარული, უსაყვარლესი გოგოა, ჩემთვის ის დღემდე იგივეა, რაც ადრე იყო. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ „რძალ-დედამთილი“, ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ასე ვართ დღესაც.
скачать dle 11.3