კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რატომ უკვირდა მიშა სააკაშვილს ბაკურ ბაკურაძის წინააღმდეგობა და როგორ გადაურჩნენ სასწაულებრივად ის და მისი მეუღლე სიკვდილს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ბაკურ ბაკურაძეს მრავალფეროვან ცხოვრებას კიდევ ერთი ამპლუა შეემატა. მოდის სახლის, აქტიური პოლიტიკის, რეჟისურისა და პიარის შემდეგ, ამჯერად მან ცეკვის ანსამბლი „არტლაბორატორია“ შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ცოტა დროა გასული, მაყურებლისგან უკვე ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა.
ბაკურ ბაკურაძე: შევქმენით ანსამბლი „არტლაბორატორია“, გადავიღეთ რამდენიმე ვიდეო და ახლა აქტიური რეპეტიციების პერიოდი გვაქვს, რადგან კონცერტისთვის ვემზადებით, რომელშიც 16 ცეკვა შედის ძალიან საინტერესო პერფორმანსთან ერთად და მალე გასტროლებისთვის დავიწყებთ მზადებას. რაც შეეხება „არტლაბორატორიის“ შექმნის იდეას, საქმე ისაა, რომ ერთი წლის წინ, ერთ-ერთ მიუზიკჰოლში შოუების დადგმა დავიწყე. კონტრაქტი წელიწადში ოთხ სხვადასხვაენოვან შოუს ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთ შოუში ქართული ცეკვა უნდა შემოგვეტანა, გადავწყვიტე, შემეკრიბა ჯგუფი, რომელიც ყველაფერს ისე შეასრულებდა, როგორც მე მინდოდა და არა ისე, როგორც ყველგანაა. რეპეტიციების პროცესში იმდენად მოვიხიბლე ამ ბავშვების ფანტასტიკური შესრულებით, რომ ანსამბლის შექმნის სურვილი გამიჩნდა. თავიდან ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება იყო. ასე უცებ ადგე და ყველაფრის გარეშე, ქართული ცეკვის ანსამბლი ჩამოაყალიბო, მარტივი არაა. დახმარება ჩემს ძმას – ბესო ბაკურაძეს ვთხოვე, ის ქორეოგრაფია, წლების განმავლობაში „სუხიშვილების“ მოცეკვავე და ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი იყო.  „არტლაბორატორია“ არის ნამდვილი ლაბორატორია, სადაც ყველა ერთად ფიქრობს, კამათობს და საუკეთესო ფორმებს ეძებს.
– შენთვის როგორი აღმოჩნდა ეს პროცესი?
– მე პროფესიონალი ქორეოგრაფი არ ვარ, მაგრამ ეს არც მჭირდება, იმიტომ რომ, ჩემმა ძმამ რაც საჭიროა, ყველაფერი იცის. მე კი ზუსტად ვიცი, რა მჭირდება საერთო ეფექტისთვის. თითოეული ცეკვა ერთი პატარა კონცერტია, რომელსაც მე, როგორც რეჟისორი, ვდგამ. ბევრი ილეთი გადავაკეთე და გადავაადგილე, ჩემი რეჟისორული ხედვის მიხედვით. აბსოლუტური შოკი იყო ემოციები, რომელიც ძალიან მალე დავიმსახურეთ. ასე უცებ ასეთ რეაქციებს არ ველოდით.
– ცეკვის გარშემო სიახლეები საკმაოდ რთულად მისაღებია ხოლმე მაყურებლისთვის.
– კრიტიკის გარეშე – გამორიცხულია, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯერ კრიტიკის ქარცეცხლში არ გავტარებულვართ. თუმცა ჯანსაღ კრიტიკას ველოდებით და ეს ჩვეთვის მოტივაცია იქნება. მაგრამ არ ველოდები კრიტიკას იმ მიზეზით, რომ ჩვენ ქართული ცეკვა შევურაცხვყავით. ჩვენ ველოსიპედს ნამდვილად არ ვიგონებთ. მხოლოდ მცირეოდენი მოდიფიცირება გავუკეთეთ, მათ შორის კოსტიუმებსაც. კოსტიუმს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ეს ჩემი სფეროა – ვისაც უნდა, ამ თემაზე მეკამათოს და ყველასთვის შემიძლია პასუხის გაცემა. არის ნიუანსები, რომელსაც შეგიძლია, შეეხო, მაგრამ იმ დოზით, რომ ისტორია არ დაამახინჯო.
– ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურად იყავი ჩართული პოლიტიკაში. ასე უცებ ხელოვნებაში გადმონაცვლება როგორ მოახერხე?

– ხელოვნებიდან არსად წავსულვარ. იმ პერიოდში, როცა პოლიტიკაში ვიყავი, ვხატავდი და საკმაოდ დიდი რაოდენობით ფერწერული ტილო დამიგროვდა. ალბათ, ოდესმე გამოფენასაც გავაკეთებ. ამ პერიოდშივე ვდგამდი ბევრი მომღერლის კონცერტებს. ცენტრალური საახალწლო კონცერტი იქნებოდა თუ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველაფერში ვიყავი ჩართული. ის ეტაპი, რომელსაც პოლიტიკა ერქვა, ჩემს ცხოვრებაში დამთავრდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან დიდი ხანია, ტელევიზორისთვის არ მიყურებია.
– რატომ გახდი პოლიტიკისადმი ასეთი ინდიფერენტული, ცოტა ხნის წინ ხომ ძალიან დიდი დოზით იყავი ჩართული?
– ინდიფერენტული არ ვარ. პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობა ორი ნაწილისგან შედგება: 1995 წლიდან ჩართული ვიყავი ყველა საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ნამდვილად სარეჟისორო თემაა მუსიკალურ ნაწილში, რაც შემდგომში ყოფილ ხელისუფლებასთან ბრძოლაში გადაიზარდა. მათთან ძალიან სერიოზული პრეტენზიები და უთანხმოება მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ. მიშას რამდენჯერმე უკითხავს: ამ კაცისთვის არაფერი დამიშავებია და რას მერჩისო?! იდეოლოგიურად მიუღებელი იყო ჩემთვის მათი პოლიტიკა. იყო 7 ნოემბერი და საპროტესტო აქციები, სადაც ჩემს მოქალაქეობრივ ვალს ვიხდიდი. ამან მიმიყვანა „სახალხო კრებაში“ და შემდეგ „დემოკრატიულ მოძრაობაში“. ოპოზიციაში ყოფნის გამო, უდიდესი საახლობლო დავკარგე. ახლობელი ადამიანები გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან და ეს აბსოლუტურად გასაგები იყო ჩემთვის. მათ რომ ჩემთან ურთიერთობა ჰქონოდათ, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ. 2003 წლისთვის ჩემს კაბინეტში, მაგიდაზე 25 მოსაწვევი იდო სხვადასხვა ღონისძიებიდან. ამ ადამიანებთან რომ მივდიოდი, ვეუბნებოდი, რომ აღარ დავეპატიჟე, რადგან სადმე კადრშიც რომ გამოვჩენილიყავი, ყველაფერი დამთავრებული იყო, ის ივენთი აღარ შუქდებოდა. ამიტომ ჯობდა, მათგან შორს ვყოფილიყავი.
– პიროვნულადაც აღმოჩენილხარ საფრთხეში?
– 26 მაისს მე და ჩემი მეუღლე ღმერთმა სასწაულის ძალით გამოგვიყვანა იქიდან, თორემ დაგვხოცავდნენ. იმ ღამეს ვერასდროს დავივიწყებ. შეიძლება, დღესაც არ კეთდება ყველაფერი სწორად და ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ეს მდგომარეობა ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, არ არის ზღვარი საიმისოდ, რომ ოპოზიციაში ვიყო. ოპოზიციური აზრის ქუჩაში გამოხატვა სასიამოვნო ნამდვილად არაა. ეს მაშინ ხდება, როცა ხელისუფლებას შენი არ ესმის. შესაბამისად, როცა პრობლემის შესახებ გაიგებ და ამ დროს პირადი ურთიერთობა გაქვს მინისტრთან თუ სხვა თანამდებობის პირთან, შეგიძლია, მიხვიდე და უთხრა, რომ კონკრეტულ საკითხში არასწორად იქცევა. იმ ხელისუფლებასთან ამის საშუალება არ იყო და ამის გამო ხალხი ქუჩაში გავიდა.
– ამაზე, ალბათ, გიპასუხებენ, რომ ეს პრივილეგია ძალიან ბევრს არ აქვს.
– ეს არ არის პრივილეგია, ძალიან მარტივი საკითხია. ხელისუფლების ძალიან ბევრი წარმომადგენელი დადის ქუჩაში და ადამიანებს მარტივად შეუძლიათ მათთან კონტაქტის დამყარება.
– ანსამბლამდე იყო პოლიტიკა, მაგრამ კიდევ უფრო ადრე, ერთ-ერთი პირველი იყავი, ვინც ქართული მოდის სახლი შექმნა და ჯერ კიდევ 90-იანებში საოცარ წარმატებას მიაღწია.
– ჩემი სტარტაპი იყო „მეორე არხის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანობა, მერე ვაკეთებდი პროგრამა „დილას“, მერე იყო კონცერტების წამყვანობა და მალე გავაკეთე მოდების სახლი, რაც პრინციპში, დრომ მოიტანა.
– 90-იანებში, როცა პურიც არ იყო, მოდების სახლი როგორ მოიტანა დრომ?
– წარმოიდგინეთ, ადამიანები ვერსად ვერაფერს იკერავდნენ და მოდის სახლის არსებობა საჭირო გახდა. 2003 წლიდან, როცა ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა მუშაობა უფრო გავაძლიერე. ვიცოდი, რომ ყველანაირ ოპოზიციაში ვიქნებოდი მის მიმართ და ამიტომ გავხდი მაქსიმალურად პოპულარული დიზაინერი. როგორც კი ეს ამბავი დამთავრდა, მოდის სახლი დავხურე. არადა, ამიერკავკასიაში მაიკლ ადამის „ფეშენ-თივის“ ლიცენზირებული ივენთების ჩატარების უფლება მხოლოდ მე მქონდა. ძალიან დიდი ფული უნდა ჩამედო მეტი განვითარებისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში ასე მარტივად არ იშოვება. მერე უკვე სერიული წარმოების ეტაპი დგება, რასაც სხვა ფინანსები სჭირდება, თუმცა ავთომ და კიდევ ბევრმა ქართველმა დიზაინერმა ამას მიაღწიეს და ძალიან მიხარია. მე დავასრულე, რადგან ოპოზიციაში წავედი და ვიღას ეცალა ტანსაცმლისთვის, როცა ხალხს ვიცავდი და ამისთვის ქუჩაში მიწევდა დგომა.
скачать dle 11.3