როგორ გახდა ანანო ვეკუა სამხრეთ აფრიკის მსხვილ კორპორაციაში წამყვანი მეღვინე და რატომ არ დადის ის აფრიკის ქუჩებში მარტო » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№13 როგორ გახდა ანანო ვეკუა სამხრეთ აფრიკის მსხვილ კორპორაციაში წამყვანი მეღვინე და რატომ არ დადის ის აფრიკის ქუჩებში მარტო

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

23 წლის ქართველმა გოგონამ, ანანო ვეკუამ, მეღვინეობა და ღვინის კულტურა, აგრარულ უნივერსიტეტში შეისწავლა. ახლა ამ მიმართულებით  საქმიანობს და ცოტა ხნის წინ, ის სამხრეთ აფრიკაში, უმსხვილეს მეღვინეობის კომპანია Robertson-ში, სამუშაოდ მიიწვიეს. ოჯახში ამ პროფესიის არავინ ჰყოლია. როგორც თავად ამბობს, სამშობლოდან შორს უდიდეს გამოცდილებას იღებს და უკან დაბრუნებული, აუცილებლად გამოიყენებს იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც იქ შეიძინა.
ანანო ვეკუა: ოჯახის წევრებიდან და ნათესავებიდან ღვინის ტექნოლოგი არავინ მყოლია. თუმცა, მამაჩემი კარგად ერკვევა ღვინოში და ბაბუაჩემი, როგორც საქართველოში მამაკაცების უმრავლესობა, ღვინოს სახლში აყენებდა. ბავშვობიდან ვხედავდი როგორ უვლიდნენ ვაზს, წურავდნენ ღვინოს და ვხვდებოდი, გარდა იმისა, რომ სუფრაზე მიჰქონდათ და სადღეგრძელოებს სვამდნენ, მას სხვა, კიდევ უფრო დიდი დატვირთვა ჰქონდა. ზოგადად, ქიმია ძალიან მიყვარდა და ამიტომ გადავწყვიტე, გამერისკა და ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში, მეღვინეობა-მევენახეობაზე. ჩემი პირველი სამსახური კი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი იყო. ორი წელია, რაც ბაკალავრიატი დავამთავრე და გავხდი  კორპორაცია „ქართული ღვინის“ მეღვინე.
– მეღვინეობა 23 წლის გოგონასთვის, ცოტა უცნაური პროფესიაა, მით უმეტეს, როცა გიხდება ყურძნის დაწურვა, სრული ტექნოლოგიის დაცვით ღვინის დაყენება, ჩამოსხმა და ასე შემდეგ. რატომ აირჩიე ეს პროფესია?
– ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს პროფესია ავირჩიე, იმ სტერეოტიპის დამსხვრევა იყო, რომ ღვინო კაცების საქმეა და ქალს ეს არ გამოსდის. სხვათა შორის, ეს პროფესია ძალიან აზარტულია, ექსპერიმენტებით სავსე და რისკიანი, თუმცა, ძალიან სტრესულიც, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა, არ მაძლევს მოდუნების უფლებას. მოკლედ, ბევრს უკვირს ჩემი გადაწყვეტილება და ამბობენ, სად – ღვინო და სად – სუსტი სქესიო (იცინის). მე ძალიან მომწონს ღვინის კულტურა, მაინტერესებს ამ სასმლის შესაქმნელი ურთულესი მიკრობიოლოგიური და ქიმიური პროცესები. როცა პროფესიას ვირჩევდი, გაანალიზებული მქონდა, რომ სახლიდან ან ოფისიდან ეს საქმე არ კეთდება და თუ მინდა ვიყო მეღვინე, უნდა შევეგუო, რომ მომიწევს ფიზიკური მუშაობა, შეიძლება, ორი ან სამი თვე ვერ ვნახო ოჯახი, ნათესავები, მეგობრები... და ეს ყველაფერი არ იქნებოდა მარტივი.
– მამაკაცები თუ გეკითხებიან, ამ მხრივ, რჩევებს?
– უნდა ნახოთ, რა ბედნიერი ვარ, როცა მამაკაცები ღვინის დაყენებაზე რჩევებს მეკითხებიან (იცინის). ხშირად, სუპერმარკეტიდან, მეგობრები მირეკავენ და მეკითხებიან, რომელი ღვინო იყიდონ საჩუქრად. უდიდეს სიამოვნებას განვიცდი, როდესაც ახალ ღვინოს ვსინჯავ და ვცდილობ, დავიმახსოვრო ყველა შეგრძნება.
– სამხრეთ აფრიკაში როგორ მოხვდი?
– არსებობს პროექტი, რომელსაც საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკაში, ღვინის ეროვნული სააგენტო და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატა ახორციელებენ, რომელიც რთველის სეზონზე, ამ ორი ქვეყნის ღვინის კომპანიებს შორის, თანამშრომლების გაცვლას უწევს ორგანიზებას. კორპორაცია „ქართულმა ღვინომ“ მომცა შესაძლებლობა, რომ სამხრეთ აფრიკაში, სიდიდით მეორე ღვინის კომპანიაში, „რობერტსონში“, მემუშავა. კომპანიაში ცდილობენ, ყველა პროცესში ჩამრთონ, იქნება ეს ყურძნის მიღება, მაცერაცია, ალკოჰოლური დუღილის დაწყება თუ წარმართვა, ფერმენტაციის პროცესის მუდმივი კონტროლი და ასე შემდეგ. პარალელურად, ღვინის დამუშავება, ფილტრაცია... პირველად, აქ რომ მოვხვდი, საწარმოს მასშტაბმა გამაოცა, მანამდე ამხელა მეღვინეობა არასდროს მქონდა ნანახი. მოწესრიგებული და მოვლილი ვენახები აქვთ, ძალიან ორგანიზებულები არიან. თითოეულმა თანამშრომელმა ზუსტად იცის, რა არის მისი მოვალეობა და უფლება. ტექნოლოგიის კუთხით, მცირე, მაგრამ საინტერესო განსხვავებული დეტალები აღმოვაჩინე, რომლებსაც, აუცილებლად, ქართულ ჯიშებზეც ვცდი.
– სამხრეთ აფრიკის კლიმატი საკმაოდ მშრალია. თუ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყურძენი წვნიანი, ხოლო, მისგან დაწურული ღვინო, ისეთივე გემრიელი იყოს, როგორიც საქართველოშია?
– დიახ. სამხრეთ აფრიკაში, ძალიან მშრალი კლიმატია და დიდი ფართობები, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია სოფლის მეურნეობისთვის, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ. აქ მევენახეობა-მეღვინეობა წამყვანი დარგებია. ახალი მეღვინეობის ქვეყნად ითვლება, თუმცა, გასული წლის მონაცემებით, მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში, ღვინის მწარმოებლებს შორის. აქ, ძირითადად, ფრანგული და რამდენიმე გერმანული ჯიშის ყურძენი ხარობს, მაგალითდ, კაბერნე-სოვინიონი, მერლო, სირა, სოვინიონ-ბლანი, შარდონე, გევიურცტრამინერი და სხვა. რა თქმა უნდა, ნიადაგიდან და კლიმატიდან გამომდინარე, ვენახის გაშენებისა და მოვლის სისტემა ჩვენგან განსხვავებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ცოტას თუ იპოვით ასე მოვლილ ვენახს.
– ღვინის დაწურვისა და დაყენების ტექნოლოგია სამხრეთ აფრიკაში განხვავებულია?
– აქ ღვინოს ქვევრში არ ინახავენ,  დანარჩენი კი, ძირითადად, მსგავსია. თუმცა, დეტალებში არის სხვაობა, რაც, საბოლოოდ, პროდუქტს განსხვავებულ და განსაკუთრებულ გემოსა და არომატს აძლევს. სწორედ, ამ დეტალებს ვსწავლობ, რომ შედარება გავაკეთო და შემდეგ, როცა დავბრუნდები, ქართული ყურძნის ჯიშებზეც ვცადო.
– არ გაგიჭირდა განსხვავებული კულტურის მქონე ხალხთან ურთიერთობა?
– ალბათ, გამიჭირდებოდა უცხო გარემოში მარტო მუშაობა და ცხოვრება, მაგრამ, როდესაც წარმოვიდგინე, რამდენად დიდი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება შეიძლებოდა მიმეღო, ამან გადამატანინა. კეიპტაუნის ახლოს, ქალაქ რობერტსონში ვცხოვრობ. აქ 11 ოფიციალური ენა აქვთ და ზოგი აფრიკანსზე ლაპარაკობს, ზოგი – კოსაზე, ზოგიც - ზულუზე, მაგრამ, ერთმანეთის მაინც ესმით. ბევრი ინგლისურად საუბრობს. კომუნიკაცია არ მიჭირს. მხიარული ხალხია, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მძიმე პირობებში ცხოვრობს. საოცარია, რომ ადამიანებს, რომლებიც საერთო ენაზე არ ლაპარაკობენ, მაინც ესმით ერთმანეთის, როცა საქმე პროფესიას ეხება. მაქვს შესაძლებლობა, სამხრეთ აფრიკელებს მოვუყვე ქართული ღვინის შესახებ, შევადარო სამუშაო სისტემა და მიდგომები, შევხვდე საოცარ ხალხს, ყველასგან განსხვავებულსა და საინტერესოს. აქ ყოფნამ მიმახვედრა, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი მეღვინე იყოს კარგი მენეჯერი, სწორად დაგეგმოს ოპერაციები და გაანაწილოს რესურსები. სულ მაკვირვებს, რომ საკმაოდ მძიმე საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, სულ ბედნიერად გამოიყურებიან, ხუმრობისა და ცეკვის ხასიათზე არიან, სულ გიღიმიან.
– სამხრეთ აფრიკაში საკმაოდ მაღალია კრიმინალის დონე. ამ მხრივ, დაცული ხარ?
– ადგილობრივ ახალგაზრდებთან მიწევს კონტაქტი და  ძალიან ყურადღებიანები და მხიარულები არიან, ყოველთვის ყველა მეკითხება როგორ ვარ, ხომ არ დავიღალე. შაბათ-კვირას დროს აქაურ მეგობრებთან ერთად ვატარებ, ვესწრები რაგბის თამაშებს. ძალიან მიფრთხილდებიან და რადგან საკმაოდ მაღალია კრიმინალის დონე, ცდილობენ, ქუჩაში მარტო არ ვიარო და სულ თან დამყვებიან. სიმართლე გითხრათ, დრო ისე სწრაფად გავიდა, ბევრი რამის მონატრება ვერც მოვასწარი, თუმცა ჩვეულებრივი თბილისის ონკანის წყალი ხშირად ძალიან მინდება (იცინის). ჩემი აზრით, მეღვინისთვის, იცით, რა არის ყველაზე მთავარი? ნებისყოფა, „კარგი ცხვირი“, მოტივაცია და ექსპერიმენტები. როცა ამ დარგს პროფესიად ვირჩევდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სამხრეთ აფრიკაში რთველზე მოვხვდებოდი ან ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი გავხდებოდი. მომავალში კი, სასწავლებლად, ევროპის რომელიმე ღვინის ქვეყანაში წასვლა მინდა და ვნახოთ, იმედია, ესეც გამომივა.
скачать dle 11.3