კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ მოკლა ქალმა ყოფილი სიძე და რა ამოაცალა გარდაცვლილს კვალის დასაფარად

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

 44 წლის რეზო ს-შვილი  ყოფილი  მეუღლის კუთვნილ სახლში გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ის უბედური შემთხვევის  მსხვერპლი გახდა – მშენებარე სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.  მისი გადარჩენა ბინაში გამოძახებულმა სამედიცინო სამსახურმა ვეღარ შეძლო.   
 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას პირველი ჩვენებები მისცეს  გარდაცვლილი მამაკაცის ყოფილმა ცოლმა და მისმა დამ – ელზა და ეკატერინე მ-ძეებმა. მათი ჩვენების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სახლის დასათვალიერებლად მესამე სართულზე ავიდა, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა –  მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა. გარდაცვლილი მამაკაცის დედა და და ამ ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევდნენ,   რასაც  გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრთა შორის დაპირისპირება,  მისი გარდაცვალებიდან პირველივე საათებში მოჰყვა.
გარდაცვლილის ცოლისდის, ელზა მ-ძის ჩვენების მიხედვით, იმ დროს, როცა უბედური შემთხვევა მოხდა, ის დის ბინაში სტუმრად იყო მისული. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „უკვე ხუთი წელია, ჩემი და და რეზო დაცილდნენ.  მათ ორი შვილი ჰყავთ. რეზო ჩემი დის ბინაში, ყოფილი ცოლის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დადიოდა. იმიზეზებდა, რომ  ბავშვები სთხოვდნენ მისვლას. ჩემი და უკვე გათხოვებას აპირებდა და ყოფილ ქმარს სახლში მისვლის საშუალებას არ აძლევდა. იმ დღეს ამ ინციდენტს შემთხვევით მეც შევესწარი. რეზო ჩვენთან ნასვამი  მოვიდა.  ძალიან მთვრალი იყო და ვუთხარი, ახალი კონფლიქტი რომ არ გამოეწვია, ბინიდან დროულად წასულიყო. მით უფრო, რომ მისი შვილები სახლში არ იყვნენ. ამ დროს მე  ჩემი ქალიშვილი, 18 წლის ნათია  მახლდა, რომელიც პირველ სართულზე იმყოფებოდა. ჩემი და იმავე ეზოში, სადაც ცხოვრობს, ახალ ბინას აშენებდა. სამივე სართული აშენებულია, პირველი თითქმის დასრულებული, მეორე და მესამე – მშენებარე. რეზომ აიჩემა, უნდა ვნახო, რა ბინა  გააკეთეო. მე და ეკა ეზოში ვისხედით, ამ დროს სახლში იმყოფებოდა ჩვენი დამხმარე ქალი და ერთი  ხელოსანიც, არც ერთს მომხდარის შესახებ არაფერი გაუგიათ. ჩვენ არ დაგვინახია, როგორ გავიდა რეზო მესამე სართულის  ღია აივანზე, გავიგეთ დაცემის ხმა”.
მომხდარის შესახებ გამოძიებას თითქმის ანალოგიური ჩვენება მისცა გარდაცვლილის ყოფილმა მეუღლემაც, ეკატერინე მ-ძის ჩვენების მიხედვით, მას ისიც კი არ დაუნახია, როგორ ავიდა  ბინაში რეზო  ს-შვილი, მან განაცხადა, რომ მხოლოდ დაცემის ხმა გაიგონა. მან დაადასტურა, რომ ყოფილ ქმართან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა,  რადგან ის ქალის მეორედ დაქორწინების წინააღმდეგი იყო.  გამოძიებამ დაკითხა შემთხვევის ადგილზე მყოფი ყველა პირი, მათ შორის დამლაგებელი და ხელოსანიც, ამ უკანასკნელის დაკითხვის შემდეგ გამოძიებისთვის  ცნობილი გახდა, რომ მამაკაცის გადმოვარდნას წინ უძღოდა ინციდენტი ქალებსა და გარდაცვლილს შორის,  ხელოსნის ჩვენების მიხედვით, ისინი საუბრობდნენ ფარულ სასიყვარულო მიმოწერაზე, რასაც ელზა მ-ძესა და  რეზო ს-შვილს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა,  ამონაწერი მოწმის ვახტანგ ფ-ძის ჩვენებიდან: „ორი თვეა ამ ოჯახში ვმუშაობ, ეს მამაკაცი მეორედ ვნახე, თუმცა მისი ვინაობა არ ვიცოდი. იმ დღეს ნასვამ მდგომარეობაში მოვიდა, გავიგონე ჩხუბის ხმა. ერთ-ერთი და მას ეუბნებოდა, ჩემი შვილის შეცდენას ცდილობო, მამაკაცი კი თავს იმართლებდა. მოჩხუბრებს გავერიდე და ბინაში შევედი, სადაც სამუშაო მქონდა დასასრულებელი.  თუმცა, იქაც მესმოდა, როგორ ჩაერთო ქალებისა და მამაკაცის კამათში ახალგაზრდა გოგონა – ერთ-ერთი დის შვილი. ამ კამათს, ასევე, შეესწრო სხვა მამაკაცი, სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლი, რომელმაც მამაკაცი ბინაში მოიყვანა. ის ეზოს კართან იდგა, თუმცა დები მას ვერ ხედავდნენ. როცა გავიგონე, მამაკაცის ჩამოვარდნის ხმა და დების კივილი, არეულ-დარეულობაში, კარისკენ გავიხედე. ტაქსის მძღოლმა ზუსტად იმ დროს დაქოქა მანქანა და წავიდა.”
 დაკითხული დები რეზო ს-შვილთან ინციდენტს უარყოფდნენ. თუმცა, ამით ჩვენებებში ბევრი საეჭვო გარემოება გამოიკვეთა. გამოძიებამ, ასევე, დაჰკითხა ნათია ნ-ია, რომელმაც  გარდაცვლილი  ბიძის მიმართ  განსაკუთრებული სიმპათია დაადასტურა. თუმცა, გოგონა უცნაურად ამტკიცებდა, რომ მას, დეიდასთან სტუმრად მოსული ყოფილი ქმარი საერთოდ არ უნახავს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, დადგინდა იმ მძღოლის ვინაობა, ვინც რეზო ს-შვილი შემთხვევის ადგილზე მიიყვანა. მისი ჩვენება გამოძიებისთვის გადამწყვეტი გამოდგა,  ტაქსის მძღოლის ჩვენებამ მკვლელობის დეტალებს ნათელი მოჰფინა. მოგვიანებით, სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სატელეფონო მიმოწერის გაშიფვრით, გამოაშკარავდა განზრახ მკვლელობის მოტივიც. ამონაწერი მძღოლის ჩვენებიდან: „რეზო ს-შვილი ჩემი უბნელია და კარგად ვიცნობ. მუდმივი კლიენტი იყო. ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვქონდა. იმ დღეს ორ მეგობართან ერთად საქეიფოდ იყო, მეც თან ვახლდი. ნასვამმა მთხოვა, ეკასთან გამიყვანეო. ეკას, მის ყოფილ ცოლს, შორიდან ვიცნობდი. ჩემი მანქანით მივიყვანე ეკას სახლთან.  გაბრაზებული იყო., ჯერ კიდევ ავტომობილიდან დაურეკა ვიღაცას და უთხრა: მანდ დამხვდი, დედაშენსა და  დეიდაშენს მე მივხედავო.   ვის ესაუბრებოდა, არ ვიცი.  როდესაც ეკას სახლთან მივედით, ცოტა ხანში,  მეც გადმოვედი მანქანიდან. ეზოში წყალი დავინახე და მანქანის ტილოს გასარეცხად  შევედი. ამ დროს შევესწარი ჩხუბს დებს, ახალგაზრდა გოგონასა და რეზოს შორის. რეზოს ყოფილი ცოლისდა ეუბნებოდა: თუ ჩემი გოგოს  შეცდენა არ გინდოდა, მაჩვენე  შენი ტელეფონი, მესიჯებს რომ სწერო.   ეზოს ისეთ ნაწილში ვიდექი, მოჩხუბრები ვერ მხედავდნენ. ჩხუბი დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდებოდა. მერე საეჭვო სიჩუმე ჩამოვარდა. ეზოში შესულმა დავინახე, რეზო და დები, „ბესედკაში” ისხდნენ და წყნარად საუბრობდნენ.  ეს ამბავი გამიკვირდა და იქაურობას აღარ მოვშორდი. დაახლოებით 10 წუთში, დავინახე მესამე სართულის ღია აივანზე რეზო და მისი ცოლისდა – ელზა. ქალი მე ვერ მხედავდა. მე კი  დავინახე,  როგორ დაეჯაჯგურა ის აივანზე მდგომ რეზოს და როგორ გადმოაგდო ის აივნიდან. მე იქაურობა ინციდენტიდან ძალიან მალე მივატოვე. თუმცა, გადაწყვეტილი მქონდა, მომხადრის შესახებ რეზოს დედისთვის მეცნობებინა, რაც შოკიდან გამოსულმა, ორ დღეში გავაკეთე კიდეც.”  
 საქმის მასალების მიხედვით, რაც დადასტურდა კიდეც მოგვიანებით, ელზა მ-ძის მიერ, რომელსაც ბრალი ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობაში დასდეს,  მან მამაკაცი მშენებარე სახლის მესამე სართულიდან განგებ გადააგდო. ელზა მ-ძის ჩვენების მიხედვით, მკვლელობაზე დამ წააქეზა, რომელიც უმტკიცებდა, რომ რეზო  მის ახალგაზრდა შვილს სასიყვარული წერილებს უგზავნიდა. გაირკვა,  შემთხვევის ადგილიდან საეჭვოდ დაკარგული მამაკაცის კუთვნილი  ტელეფონის შესახებაც, რომლის არსებობას ადასტურებდა ტაქსის მძღოლი. ელზა მ-ძის ჩვენებით, მან გარდაცვლილს ტელეფონი პერანგიდან ამოუღო და ტუალეტში ჩააგდო, რათა მიმოწერის კვალი წაეშალა. თუმცა, ამ მიმოწერის გამოაშკარავება გამოძიებამ მარტივად შეძლო. საქმის მასალების მიხედვით, ქალმა რეზო ს-შვილი მშენებარე სახლში მისი დათვალიერების საბაბით აიტყუა და მესამე სართულიდან გადმოაგდო.  სასამართლომ ელზა მ-ძე დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში და მას ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ცრუ  ჩვენების მიცემისთვის კი, პასუხისგებაში მიეცა მისი და, ეკატერინე მ-ძეც, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
 
скачать dle 11.3