კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 საიდუმლო ორგანიზაცია

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

– შენობა ალყაშია. წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, დაგვნებდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაბრძანები გვაქვს, ცეცხლი გაგიხსნათ და ადგილზევე გაგანადგუროთ! – გაისმა მეგაფონში პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის ხმა, რომელიც ბანკში შეჭრილ მძარცველებს დანებებისკენ მოუწოდებდა.
საპასუხოდ, ბანკიდან ინტენსიური ცეცხლი გახსნეს და ადგილზე მობილიზებული საგანგებო რაზმი იერიშისთვის მოემზადა.
უკვე ექვსი საათი სრულდებოდა, რაც თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი ბანკის შენობაში მძარცველები იყვნენ შეჭრილი. მძევლად თანამშრომლები ჰყავდათ აყვანილი. მოითხოვდნენ ვერტმფრენს და მძევლების დახოცვით იმუქრებოდნენ, თუკი მათ მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ.
შემდეგ ისე მოხდა, რომ ერთ ოთახში გამომწყვდეული თორმეტი მძევალი ჩუმად გამოიპარა ბანკის შენობიდან და მძარცველები ცარიელ შენობაში, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ალყაში აღმოჩნდნენ. ბანკის მმართველს ოთახში, სადაც მძევლები იყვნენ გამომწყვდეულები, კედელში საიდუმლო-საევაკუაციო გასასვლელი ჰქონდა გაკეთებული, ყოველი შემთხვევისთვის და სწორედ ამით ისარგებლეს მძევლებმა.
– ბატონო პოლიციელო, შენობაში ექვსი ბოროტმოქმედია. მათ ავტომატები, „ლიმონკები“ და ბლომად ტყვია-წამალი აქვთ, – ინფორმაცია მიაწოდა პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკს ბანკის მმართველმა და დააყოლა, – აგრეთვე სამი მილიონი დოლარი და ხუთი მილიონი ლარი.
– ეგ საიდანღა? – იკითხა ვიცე-პოლკოვნიკმა.
– ჩვენი სეიფიდან. პირადად მე მივეცი.
– გასაგებია, – ჩაეცინა ვიცე-პოლკოვნიკს. შემდეგ კვლავ მეგაფონს დაავლო ხელი და მორიგი განცხადება უნდა გაეკეთებინა, რომ სპეცრაზმმა იერიში დაიწყო.
***
სპეცრაზმის იერიშის შედეგად, ცნობილი ბანკის კოხტა შენობა ომგამოვლილ ნაგებობას დაემსგავსა. შენობა შიგნიდან იწვოდა. მეორე და მესამე სართულზე კი ტყვიებისგან დაცხრილული ადამიანების ცხედრები ეყარა. ექვსი მათგანი სპეცრაზმელი იყო, ხუთი კი – მძარცველი. მეექვსე ბოროტმოქმედი, რომელსაც „აკაეს-უ“ ჰქონდა მომარჯვებული, მეოთხე სართულის ცენტრში იდგა და იერიშზე გადმოსულ სპეცრაზმელებს ცელავდა. ხანძარი კი უფრო ძლიერდებოდა. უცებ მეოთხე სართულის იატაკი ჩაინგრა და იქ მყოფები ქვევით ჩაიტანა.
შენობას მეხანძრეები შეესიენ და მართალია, ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს და მეზობელ შენობებამდე არ მიუშვეს, მაგრამ თავად ბანკის ოთხსართულიანი შენობა თითქმის სრულად იყო განადგურებული. პირველ სართულზე გადაბუგული შენობის ნარჩენების გროვა ეყარა. გროვაში კი – დახოცილი ადამიანების ცხედრები.
ხანძარი რომ ჩაქრა, მაშველებმა და ცოცხლად გადარჩენილმა სპეცრაზმელებმა დანახშირებული მიცვალებულების ცხედრების გამოტანა დაიწყეს შენობიდან. გვამებს ბანკის ეზოში აწყობდნენ და ზეწრებს აფარებდნენ. სულ თხუთმეტი ცხედარი გამოიტანეს. მეთექვსმეტეს რომ მოათრევდა, მაშველმა შემთხვევით დახედა და წამოიძახა:
– ცოცხალია, ინძრევა. ჩქარა ექიმი!
მეთექვსმეტე „ცხედარი“ სწორედ ის მეექვსე მძარცველი იყო, რომელიც ბანკის მეოთხე სართულუზე ავტომატმომარჯვებული ცელავდა სპეცრაზმელებს და ფეხქვეშ იატაკი გამოეცალა.
სასწრაფო დახმარების  მანქანამ მეთექვსმეტე „ცხედარი“ კლინიკაში გააქანა.
***
ინციდენტის ადგილზე მობილიზებულმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია თექვსმეტი დაღუპულის შესახებ, რომელთა შორის ათი სპეცრაზმელი იყო. იგივე დაადასტურა ოფიციოზმა და არც ექიმებს ამოუღიათ ხმა და უთქვამთ, რომ მეთექვსმეტე „ცხედარი“ ცოცხალი გადარჩა. მას მხოლოდ სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გამჭოლი ჭრილობები იყო. სამივე ტყვიამ რბილ ქსოვილებში გაიარა და არცერთი შინაგანი ორგანო არ დაუზიანებია. მას მხოლოდ მსუბუქად დაუმუშავეს ეს ადგილები. „ცხედარი“ შედარებით სერიოზულ ტრავმას მაინც ვერ გადაურჩა – მას მარცხენა ფეხის წვივი ჰქონდა მოტეხილი, რადგან მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა. აგრეთვე, მარცხენა მხარზე ძლიერი დამწვრობაც მიიღო. „ცხედარი“ 23 წლის ნოდარ გოგიჩაიშვილი იყო, რომელსაც მეგობრები „გოგიჩას“ ეძახდნენ. სწორედ იმ მეგობრებთან ერთად ცდილობდა გოგიჩა ბანკის გაძარცვას და რომ არა საიდუმლო საევაკუაციო ხვრელი, ამ ოპერაციას, ალბათ, წარმატებით დაასრულებდა.
ჩვეულებრივი კლინიკიდან გოგიჩა დახურულ კლინიკაში წაიყვანა ორმა მამაკაცმა. მანამდე კი ექიმი იხმეს და უთხრეს:
– ეს ბიჭი მანიაკია და რადგან ჩვენთან სიკვდილით დასჯა არ არსებობს, უნდა მოვკლათ. თქვენ კი ენაზე კბილის დაჭერას გირჩევთ და არავისთან წამოგცდეთ, რაც გითხარით. თუ ვინმემ გკითხოთ, ეტყვით, რომ დაუდგენელი, დანახშირებული მამაკაცი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით გარდაიცვალაო.
ექიმს შესაბამისი დასკვნა მისცეს, ხელი მოაწერინეს და გოგიჩა წაიყვანეს, თუმცა ამ დასკვნაში „გვამის“ ვინაობა მითითებული არ იყო.
***
გოგიჩა ოცდახუთი კვადრატული ფართის უფანჯრო ოთახში მოათავსეს. იქ ყველა საჭირო ავეჯი იდგა. იყო ტუალეტი და აბაზანაც და ნორმალური ოთახის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ არა ერთი გარემოება. ოთახს დაჯავშნილი რკინის კარი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ გარედან, სპეციალური კოდით იღებოდა.
მეთექვსმეტე „ცხედარი“ თაბაშირდადებული იწვა საწოლზე, როდესაც მას შავკოსტიუმიანი, ორმოციოდე წლის მამაკაცი ესტუმრა, გაუღიმა და ჰკითხა:
– როგორ გრძნობთ თავს, ბატონო ნოდარ?
– სად ვარ? – იკითხა გოგიჩამ, რომელსაც ტვინის შერყევაც აღმოაჩნდა და თავი ურატრატებდა.
– ჩვენი ორგანიზაციის ჰოსპიტალში, – მიუგო შავკოსტიუმიანმა და დაამატა, – მე კახი ვაშაკიძე ვარ, თქვენი კურატორი და იმედია, ერთმანეთს გავუგებთ.
– რომელი ორგანიზაციის? – თქვა გოგიჩამ და ახალმოსული შეათვალიერა.
– საიდუმლო ორგანიზაციის, ბატონო ნოდარ.
– უფრო გარკვევით არ შეგიძლიათ, მითხრათ?
– მაინც, რა გაინტერესებთ?
– როგორ მოვხვდი აქ?
– ბანკიდან. ნუთუ აღარ გახსოვთ, რა ჩაიდინეთ ამ ერთი კვირის წინ?
– უკვე ერთი კვირა გავიდა?
– დიახ.
– აღარ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ავტომატი მეჭირა, ოთახში ვიდექი და ვისროდი. ბოლოს კი თითქოს იატაკი გამომეცალა ფეხებიდან.
– მართლაც რომ, იატაკი გამოგეცალათ და მეოთხე სართულიდან ჩამოვარდით. კარგად კი იმიტომ არ გახსოვთ, რომ ნარკოტიკები გქონდათ მიღებული და ეიფორიაში იმყოფებოდით. ექვსი დღე დაგვჭირდა თქვენს მოსაწესრიგებლად და იმედია, ნელ-ნელა ფორმაში ჩადგებით.
– ჩემი მეგობრები როგორ არიან?
– დაიხოცნენ და დანახშირდნენ, ისევე, როგორც თქვენ, – თქვა ვაშაკიძემ. გოგიჩას ფოტოები დაუდო წინ და დაამატა, – ეს თქვენი დასაფლავების ფოტოებია. ეს კი – თქვენი საფლავი მუხათგვერდში.
გოგიჩამ  ფოტოები დაუბრუნა ვაშაკიძეს და უთხრა:
– ზუსტად მინდა ვიცოდე, სად ვარ, რატომ და რა გინდათ ჩემგან.
– ჩვენს საიდუმლო ორგანიზაციას აბრევიატურა არ აქვს და მას, უბრალოდ, საიდუმლო ორგანიზაცია ეწოდება. ვმუშაობთ სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე და ვასრულებთ სპეცდავალებებს. მანამდე კი, ჩვენს ხალხს საგანგებოდ და მაღალპროფესიულ დონეზე ვამზადებთ. კონტინგენტს კი გარდაცვლილ-მოკლულებისგან ვარჩევთ. თქვენ მეთექვსმეტე „ცხედარი“ ხართ.
– გამოდის, რომ მე არ ვარსებობ?
– იურიდიულად – არა, ფაქტობრივად – კი, – გაუღიმა კახი ვაშაკიძემ გოგიჩას და დააყოლა, – დაიმახსოვრეთ, რომ ამიერიდან თქვენ ორგანიზაციას ეკუთვნით და მკაცრად უნდა დაემორჩილოთ მის წესდებას. უნდა ისწავლოთ, რასაც შეგასწავლიან. გააკეთოთ ის, რასაც დაგავალებენ და შეინარჩუნოთ სრული დუმილი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. არასდროს ეცადოთ ორგანიზაციიდან გაქცევა და ძველ ნაცნობებთან დაკავშირება. გახსოვდეთ, რომ თქვენი სიცოცხლით ორგანიზაციაზე ხართ დამოკიდებული და ღალატი გულში არ გაივლოთ.
– გამოდის, რომ ცხრაკლიტულში გამოკეტილი მონა ვარ?
– რატომ მონა?
– თქვენი სიტყვებიდან ასე გამოდის.
– სულაც არა. მკაცრი კონტროლის ქვეშ მხოლოდ სწავლა-წვრთნის პროცესში იქნებით და დახურულ სისტემაშიც ამ დროს იცხოვრებთ. შემდეგ კი, ჩვეულებრივი მოქალაქე გახდებით. მართალია, ახალი საბუთებით და ოდნავ კორექტირებული გარეგნობით, მაგრამ თავისუფლად იცხოვრებთ და ყველგან გადაადგილების საშუალება გექნებათ.
– მკვლელი უნდა გავხდე?
– რატომ, ასე უხეშად – მკვლელი. სულაც არა. უბრალოდ, სახელმწიფო ინტერესებს დაიცავთ და გამორიცხული არაა, რომ გარკვეული სუბიექტების ლიკვიდაციაც მოგიწიოთ.
– გასაგებია.
– ძალიან კარგი.
– შეიძლება, გკითხოთ?
– ბრძანეთ.
– ამჟამად სად ვიმყოფები, რომელ ქვეყანაში?
 ვაშაკიძეს გაეღიმა და მიუგო:
– ამჟამად თქვენ ორგანიზაციის საიდუმლო ბაზაზე იმყოფებით და როგორც კი გამოჯანმრთელდებით, მაშინვე შეუდგებით სწავლასა და წვრთნას.
– გასაგებია. მეტი კითხვა არ მაქვს, – თქვა გოგიჩამ და თვალები დახუჭა, რადგან ძლიერ ეხვეოდა თავბრუ.
***
ნოდარ გოგიჩაიშვილი ორ კვირაში აბსოლუტურად გამოჯანმრთელდა. მოტეხილი ფეხი საერთოდ აღარ ახსოვდა და თავბრუსხვევებმაც გაუარა. დაჯავშნილი ოთახიდან, გოგიჩა პატარა კოტეჯში გადაიყვანეს, რომელიც კუნძულზე მდებარეობდა. ირგვლივ მხოლოდ წყალი იყო, თვალსაწიერზე არაფერი ჩანდა. ნოდარი მიხვდა, რომ კუნძული ოკეანეში იყო, მაგრამ რომელში, ვერ გაეგო. კუნძულზე უცნაური სიჩუმე სუფევდა და ადამიანის ჭაჭანება არ ჩანდა. თუმცა, იქ ოთხასი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა მეოთხედი კურსანტი იყო – ნოდარივით, დანარჩენი სამასი კი – პედაგოგთა და ინსტრუქტორთა კოლექტივი, აგრეთვე, დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლები. ეს საკმაოდ მოზრდილი კუნძული საკმაო მანძილით იყო დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან და მისი არსებობისა და დანიშნულების შესახებ მსოფლიოში მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელმა ხალხმა თუ იცოდა.
გოგიჩას კურატორი კახი ვაშაკიძე მას თითქმის ყველა მეცადინეობაზე ახლდა თან და თვალყურს ადევნებდა, თუ როგორ ემზადებოდა მისი პროტეჟე. ნოდარს კი უამრავ დისციპლინას ასწავლიდნენ. დაწყებული არისტოკრატული ქცევის წესებიდან, ყველაზე ტოქსიკური შხამების გამოყენებამდე. აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღების ხმარებას. ხელჩართული ბრძოლისა და სხვა სამხედრო-სპეციალურ დისციპლინებს.
ოცდაოთხსაათიანი დღე-ღამის განმავლობაში, გოგიჩა თვრამეტი საათი დატვირთული იყო და მხოლოდ ექვსი საათი ეძინა. ისიც გადაბმულად არა და როდის წამოაგდებდა მას ესა თუ ის ინსტრუქტორი თბილი ლოგინიდან ამა თუ იმ სწავლებისთვის, გოგიჩამ არ იცოდა.
თოთხმეტთვიანი კურსი რომ გაიარა, მეცადინეობის ინტენსივობამ იკლო. ბოლოს საერთოდ შეჩერდა და ნოდარ გოგიჩაიშვილს უამრავი დრო ჰქონდა, რომელიც შეეძლო, საკუთარი შეხედულებისამებრ  გამოეყენებინა: რამდენიც უნდოდა, იმდენი დაეძინა. გართობილიყო, როგორც ამის საშუალებას კუნძულის პირობები იძლეოდა და საერთოდ, უდარდელად ყოფილიყო. ასეთმა ყოფამ მხოლოდ სამ კვირას გასტანა და მთელი ამ ხნის განმავლობაში კურატორი კახა ვაშაკიძე თვალითაც არ უნახავს. ოცდამეორე დღეს კი ვაშაკიძე მოულოდნელად გამოჩნდა. თითქოს მიწიდან ამოძვრაო. გოგიჩას გაუღიმა და უთხრა:
– ბატონო ნოდარ. ამაღამ კუნძულს ვტოვებთ და კონტინენტზე გავდივართ. მოემზადეთ.
გოგიჩამ იმ თხუთმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რაც ორგანიზაციაში იმყოფებოდა, მყარად აითვისა ოქროს წესი, რომ კითხვების დასმა ზედმეტი იყო. ამიტომ არ უკითხავს, თუ საით მიფრინავდნენ და არც ვაშაკიძეს უთქვამს რაიმე ამის შესახებ.
***
გოგიჩა და მისი კურატორი შუაღამეს ჩასხდნენ პატარა, კომფორტულ თვითმფრინავში, რომელსაც ილუმინატორები შავი ხუფებით ჰქონდა დახშული. ფრენამ ექვს საათზე მეტი გასტანა და ისინი პატარა აეროდრომზე დაეშვნენ. იქ კი მათ დამუქებულფანჯრებიანი მანქანა დახვდათ. ვაშაკიძე მანქანასთან გამოემშვიდობა თავის პროტეჟეს, ათლეტური აღნაგობის მამაკაცზე მიუთითა, რომელიც იქვე იდგა და რუსულად უთხრა:
– აქედან ბატონი გრიგორი გაგიძღვებათ. მშვიდობით. გისურვებთ წარმატებას!
– მშვიდობით, – მიუგო ნოდარმა და დამუქებულფანჯრებიან მანქანაში ჩაჯდა, სადაც უკვე გრიგორი იჯდა.
– ვიცნობდეთ ერთმანეთს. მე გრიგორი მქვია, – ხელი გაუწოდა გრიგორიმ გოგიჩას.
ნოდარი ახალი საბუთებით იური კოხოვსკი იყო. ამიტომ მიუგო:
– იური.
შემინულფანჯრიანი მანქანა დიდი სისწრაფით მიჰქროდა. სალონის შუაში ფარდა იყო ჩამოფარებული და ქუჩა არ ჩანდა. გოგიჩა ვერ ხედავდა, სად იყვნენ და ისიც არ იცოდა, რომელ ქვეყანაში ჩამოიყვანა ეგზოტიკური კუნძულიდან თვითმფრინავმა. ნოდარს ეჭვი ჰქონდა, რომ რუსეთში იმყოფებოდა. მაგრამ, დარწმუნებული არ იყო ამაში და ცდილობდა, დაედგინა ეს.
ნახევარიოდე საათის შემდეგ მანქანა გაჩერდა. გრიგორი პირველი გადავიდა. ნოდარი ხელით გამოიხმო მანქანიდან და უთხრა:
– წამომყევი.
მანქანიდან გადმოსულმა გოგიჩამ სიბნელეში იმის გარჩევა შეძლო, რომ ხშირ, მწვანე ხეებში ჩაფლულ კარ-მიდამოში იყვნენ, რომელსაც მაღალი, ქვის ღობე ჰქონდა შემოვლებული. ცენტრში ორსართულიანი, აგურისგან ნაგები სახლი იდგა. სწორედ ამ შენობაში შეუძღვა გრიგორი ნოდარს. ისინი მეორე სართულზე ავიდნენ. გრიგორიმ ერთ-ერთი ოთახის კარზე დააკაკუნა, შემდეგ შეაღო. გოგიჩა წინ გაატარა, თავად უკან მიჰყვა და კარი მიხურა. ოთახი ლამაზად და მდიდრულად მოწყობილი კაბინეტი აღმოჩნდა მაგიდასთან ორმოციოდე წლის მამაკაცი იჯდა. მან ნოდარს უხმოდ ანიშნა – დაჯექიო. უხმოდვე დაითხოვა გრიგორი და გოგიჩას უთხრა:
– როგორ იმგზავრეთ, როგორ ჩაიარა ფრენამ?
– ნორმალურად, – მშვიდად და მოკლედ უპასუხა ნოდარმა.
– ამჟამად თქვენ იური კოხოვსკი ხართ, მე კი სერჟი დამიძახეთ, – უთხრა მასპინძელმა გოგიჩას. სიგარა გააბოლა და პაუზის მერე დაამატა, – თუ არ ვცდები, გაურკვევლობაში იმყოფებით, ხომ?
– გარკვეულწილად – კი, – თქვა გოგიჩამ.
– გაინტერესებთ, სად ხართ და ჩვენ ვინ ვართ? – ჩაეცინა სერჟს.
– დიახ. ასეა.
– კეთილი. თქვენ სრული უფლება გაქვთ, იცოდეთ ის, რაც უნდა იცოდეთ და გეტყვით, რომ იმყოფებით რუსეთში. ჩვენ კი – საიდუმლო ორგანიზაციის კოორდინატორები ვართ, – თქვა სერჟმა და ნოდარს გაუღიმა, თან დააყოლა, – გასაგებია?
– ბოლომდე არა.
– რა ვერ გაიგეთ?
– ბევრი რამ.
– მაინც?
– პირველ რიგში ის, თუ ვინ ვარ მე.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3