კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ვისი მძევალი იყო რეზო გაბრიაძე მრავალი წელი და რატომ ეშინოდა მისი გია ყანჩელს

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განხრით, მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო  კურსები. მისი სცენარით გადაღებულია ოცდათხუთმეტ ფილმზე მეტი: „სერენადა“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, არ დაიდარდო“ „ფეოლა“, „ქვევრი“, „შერეკილები“, „მიმინო“, „პეპელა“, „ხანძარი“, „სიყვარული და პომპიერო“, „პასპორტი“ და სხვა. როგორც მხატვარმა, მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, რუსეთში, მათ შორის პეტრე დიდის „ჩაის სახლში“ და რუსულ-ამერიკულ გამოფენაში – „ერმიტაჟში“. მოსკოვში, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში რეზო გაბრიაძის ნამუშევართა დიდი პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელზეც მხატვრის 182 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული და თოჯინური ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ბევრი მისი ნამუშევარი ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, მათ შორის, სანქტ-პეტერბურგის თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ანა ახმატოვას მუზეუმში „შადრევნის სახლში“ ფონტანკაზე, ფიოდორ დოსტოევსკის მემორიალურ მუზეუმში, პუშკინის სახელობის მუზეუმში, ბულატ ოკუჯავას
სახლ-მუზეუმში, ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში.
რეზო გაბრიაძემ დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“. არის ორმოცდაათზე მეტი ილუსტრირებული წიგნის ავტორი, საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, შოთა რუსთაველისა და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო, ასევე,
„ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღაბის“ , „ოქროს სოფიტისა“ და „ცარსკოე სელოს“ პრემიების ლაურეატი და ძველ თბილისში „მარიონეტების თეატრის“ დამაარსებელი.
„გენიალური, მოულოდნელი, განუმეორებელი... გადაშალეთ მისი კალმიდან გამოსული ნებისმიერი წიგნი ნებისმიერ გვერდზე, ახლავე, სანამ ამ დღიურის წაკითხვას განაგრძობთ და დარწმუნდებით, რომ მართალს ვამბობ. ხელთ არ გაქვთ არც ერთი? მაშინ მენდეთ, მე გადავშლი წიგნს, მაინცდამაინც, ახლა რომ მიდევს მაგიდაზე.  „ერთაოზი მარგალიტა ამყოლაძეს მკერდზე დაკიდებულ მედალიონზე, რომელშიც ტრიფონიას ფოტო იყო ჩადებული”, დაიფიცებს, რომ სიტყვას ვერ დააცდენინებენ ხუტა ოდიშარიას „მკვლელობაზე“. „შემომფიცე! – ვფიცავ! ამ მკვდრის წონა ოქრო რომ მომცენ, სიტყვას ვერ
დამაცდენინებენ! – ტუჩებით ემთხვია მედალიონს! მედალიონი გაექცა ერთაოზს და სიღრმეებში დაემალა! ერთაოზმა მის ძებნაში გორები გადაიარ-გადმოიარა! ნახა და ისევ გამოეკიდა! საათმა სამჯერ ჩამოჰკრა. მარგალიტამ ძლივს აიგლიჯა ერთაოზი! მედალიონი დაკეტა და ზურგს უკან გადაიგდო, დამალა“… (ა. სანებლიძე) ამიტომ წერენ, რომ გენიალური იმპროვიზატორიაო. „გაბრიაძე ყოველთვის იყო ემიგრანტი. ჟურნალისტიკიდან წავიდა კინოში, კინოდან – ლიტერატურაში, იქიდან – თეატრში. მუდმივად და ყველა ადგილიდან გარბოდა ფერწერასა და ქანდაკებაში, მოსკოვიდან – თბილისში, თბილისიდან – ლენინგრადში… მას წარმართავდა არა მხოლოდ თავისუფლების იდეა, რომელიც
გაფეტიშებული იყო სამოციანელების მიერ, არამედ უნიკალური, ლამის „რენესანსული“, მრავალსახიერი
ნიჭიერება“ – ამასაც წერენ და ესეც ჭეშმარიტებაა. ნიჭი ეძებდა სივრცეს, რადგან ვერ ეტეოდა ვერც მეგაპოლისების მხარგაშლილობაში, ვერც რომელიმე ერთი ქვეყნის საზღვრებში; ფართოვდებოდა, იპყრობდა უსასრულობას ადამიანების ბუნებისას, რადგან აღმოცენებული იყო მსოფლიო რუკაზე ერთი შეუმჩნეველი წერტილიდან – ქუთაისიდან და ფრთებშესხმული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული მადლით. შემოქმედის მრავალსახიერების შესახებ გია ყანჩელს უთქვამს: „ვიცოდი, რომ იგი მრავალმხრივი ნიჭიერებით იყო დაჯილდოებული და ყოველთვის მეშინოდა, თავად არ დაეწყო მუსიკის წერა, რადგან მაშინ მე ვეღარ მივიღებდი მონაწილეობას მისი უსასრულო ფანტაზიების რეალიზაციაში“... მწერალი ანდრეი ბიტოვი იხსენებდა, რომ პირველად რეზო გაბრიაძე იხილა „ერთ იღლიაში ამოდებული „დონ კიხოტით“, მეორეში – „ვან გოგის წერილებით“, რომელთაც არასოდეს
განშორებია, მან იცოდა მათი სიკარგე“... იმდროინდელმა კრიტიკოსებმა ზუსტად შენიშნეს, რომ დონ კიხოტი და ვან გოგი „გაბრიაძესთან „შერეკილობის“ ნიშნით არიან გაერთიანებულნი.
ევგენი კალმანოვსკი ჯერ კიდევ 35 წლის წინათ შენიშნავდა: გაბრიაძის შემოქმედება „განსაცვიფრებელი სამყაროა, სადაც არაფერია დასრულებული, დადგენილი, ჩამოსხმული, გამყარებული. ყველაფერი მიედინება, ლივლივებს, გადადის და კვლავ პირველსაწყისს უბრუნდება“. მარინა დმიტრიევსკაიას მრავალმხრივი საინტერესო წიგნის, „რეზო გაბრიაძის თეატრის“ ავტორს, ზუსტად შეუნიშნავს, რომ
ძველის ახალში ეს გადასვლა-გადადინება, ახლისა – უახლესში და ასე,  თანმიმდევრობით, ბუნების თვითგანახლების პროცესის ფარდია და ამ დასკვნას ერთი დამახასიათებელი მაგალითით გაშიფრავს. იმ დროს პეტერბურგის თეატრალურ მუზეუმში უპოვიათ იმპერატორის კარის გაცრეცილი გარდერობის ნარჩენები, რომლებსაც ის ყავლიც გასვლოდა, როცა ამ კოსტუმებს იმპერიის პერიოდის ამსახველი სპექტაკლებისთვის იყენებდნენ. დმიტრიევსკაიას, ბატონი რეზოს თხოვნით, შეუგროვებია უტილიზაციისთვის განწირული ეს ნარჩენები და გაბრიაძეც სასწრაფოდ ჩაფრენილა ჩრდილოეთის დედაქალაქში და თავად შეურჩევია ნაკუწები მარიონეტების სპექტაკლისთვის, რომელშიც მონაწილეობდნენ იმპერატორი არჩილი, პრინცესა ბლანშეფლერ-ეთერი და სხვა… იმპერატორი-თოჯინების ტანსაცმელი იკერებოდა ნაკუწებისგან იმისა, რაიც ოდესღაც ნამდვილი იმპერია იყო“...
რეზო გაბრიაძემ შექმნა თეატრი ვიზუალური ეფექტებით. რეზო გაბრიაძის თეატრი არ არის მხოლოდ თეატრი, ეს არის ულამაზესი პატარა ქალაქი ძველ ქალაქში, თავისივე ხელით მოხატული საათის კოშკით, თეატრი რომელიც ყველას ატყვევებს და სურვილს უჩენს, რაღაც ამგვარი, დიდი და ღირებული შექმნას. თეატრი გაბრიაძის ჯადოსნური სამყაროა, ყველა და ყველაფერი და ახლა თავად გამოგზაურებთ.   
***

„ჩემი ბედნიერი შემთხვევა ის იყო, რომ ძველ თბილისში დაიწყეს სახლების რესტავრაცია, ანუ მზიდი ტიხრების გამოცვლა და კედლების ნამდვილი, ეროვნული, უგარანტიო და ვადაგასული საღებავებით შეღებვა. ასეთი საღებავის ღირებულება იმაშია, რომ იგი ადვილად და სწრაფად ხუნდება და შენობა ორი წლის შემდეგ დროის ნადებით იფარება. ქალაქის მმართველთა ყველანაირი ძალისხმევა, ებრძოლათ ჩვენი ქალაქის ეგრეთ წოდებულ „ვენეციურობასთან“, მთავრდებოდა დიდი ლაქებით… ქალაქი თვალწინ ხუნდებოდა და ისევ ლამაზი, ახლობელი, საყვარელი და ფერიანი ხდებოდა.
მოვდიოდი ჟიგულით, თან ბენზომეტრს ვუყურებდი. და აი, ვხედავ მას... გვყავდა ქალაქის მთავარი არქიტექტორი, მაღალი, გამხდარი. ამ თანამდებობაზე 20 წელი მუშაობდა. იდგა, ხალხი ეხვია გარს და რაღაცას აღელვებული ლაპარაკობდა. როცა ხალხი წავიდ-წამოვიდა, მეფურად მკითხა, რა მსურდა. არასოდეს მქონია სახელოსნო. უმუშევარი ვიყავი. მან მკითხა: „და რას გააკეთებ?“. არ ვიყავი მზად ამ კითხვისთვის. ვუთხრა, რომ სახელოსნო მინდა, არ შეიძლება. მე ხომ მხატვართა კავშირის წევრი არა ვარ. მაგრამ ამ დროს... ეტყობა, თავში მიგდებული სარდაფი გვაქვს, და იმ სარდაფში, ძველ თაროებზე ინახება დამტვერილი სიტყვები. უცბად მე კარგა ხნის მივიწყებული გამახსენდა, უმნიშვნელო… ეს მოხდა დიდი ხნის წინ, ახალგაზრდობისას, ზაფხულის ლენინგრადში. წვიმისგან დასაცავად თავი
რაღაცას შევაფარე. ეს ნეველის ქუჩაზე მდებარე ევგენი დემენის
„მარიონეტების თეატრის: წინაფარი აღმოჩნდა. შევედი თეატრში და დარბაზშიც შევიხედე, სპექტაკლი თავდებოდა. კუ მარცხნივ მირბოდა, ადამიანის ფიგურა კი –  მარჯვნივ... მან მკითხა: „რისი გაკეთება გსურს?“. საიდანღაც ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა კუ და ადამიანი. „თეატრის“ – ვთქვი მე. მისი ხშირი წარბები ზევითკენ აიწია… მე მანქანაში ჩავჯექი და გზას გავუყევი. ერთი კვირის შემდეგ მირეკავენ. შემომთავაზეს სათავსო მარიონეტების თეატრისათვის. ასე გაჩნდა თეატრი თბილისში. 15 კვადრატული მეტრის სცენა (შეადარეთ საკუთარ სამზარეულოს). დარბაზიც პატარა, 45-ადგილიანი. ხალხის ეს რაოდენობა ნამდვილ ქორწილშიც კი არაა. ამდენი მხოლოდ მესამე ქორწილის დროს გროვდება. და აი, დროც მოვიდა. რა დავდგათ? გამახსენდა მარადიული „ქალი კამელიებით“ და ვერდის ოპერა „ტრავიატა.“
მოქმედება ჩვენი დროის თბილისში გადმოვიტანე. დრამატურგია არა მხოლოდ რეპერტუარს გააჩნდა. თეატრის დარბაზს ემიჯნებოდა მეორე სათავსო, სადაც მდებარეობდა რესტორანი მთავრობის წევრებისა და უცხოელი სტუმრებისათვის. თეატრსა და რესტორანს შორის დატოვეს გასასვლელი. მე, რა თქმა უნდა, მივხვდი ამ კარის დანიშნულებას. არქიტექტორის აზრით, მე ერთი სეზონის ადამიანი ვიყავი. ის თვლიდა, რომ დიდხანს ვერ გავძლებდი, რომ ეს ყველაფერი ჩაიშლებოდა და მაშინ ეს პატარა სცენა და პატარა დარბაზი შეუერთდებოდა რესტორანს, სადაც იმღერებდნენ ქართული ესტრადის მომღერლები...
„ალფრედი და ვიოლეტას“ პრემიერა მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა. თითოეული, 40 ხელისგულის ხმა ცალკ-ცალკე ისმოდა. თავის დაკვრის დროს ჩვენ და მაყურებელი ერთმანეთს
ვეხებოდით. ეს გახლდათ წარმატება! დაიწყო წარმატების წელიწადი. თბილისის სტუმრები, მაშინ ჯერ კიდევ იშვიათობა – ელჩები, მათი მეგობრები, ჩამოსული ცნობილი სტუმრები, უბრალოდ, ხალხი. ბილეთები არ იშოვებოდა. როგორც შემეძლო, ისე ვმუშაობდი: ფერწერა, თოჯინური დრამატურგია (ჩემი აზრით, ყველაზე რთულია) და თოჯინების თეატრის რეჟისურა. როგორც ბავშვობაში, ჩემი ჯიბეები ისევ გაივსო ჭანჭიკებით, „ბოლტებით“, ხის ნაჭრებით, ზამბარებით, რეზინითა და ათასი სისულელით, რაც ასე საჭიროა თოჯინების თეატრში... და მთავარიც მოხდა: ბოლოს და ბოლოს მივიღე სახელოსნო. ეს ბედნიერება იყო! ყველას ეგონა, რომ იქნებოდა თეატრი, სადაც სტაფილო დაელაპარაკება ბაყაყს, ის კი ჭრიჭინაზე ამხედრებული გაქუსლავს ტყეში. არაფერი ამდაგვარი არ მომხდარა.
მე გავხსენი თეატრი უფროსებისთვის. „ტრავიატას“ შემდეგ გადავინაცვლეთ მე-19 საუკუნეში – „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“... შემდეგ უფრო ზრდასრული სპექტაკლები – მძიმე, ომისშემდგომ წლებზე, სასამართლოზე, დიდედაზე, პროკურორზე!
შემდეგ „სტალინგრადის ბრძოლა“, მერე – „შეყვარებული ორთქმავლები“... ასე გამოვიდა, რომ მხოლოდ უფროსებისთვის ვდგამ სპექტაკლებს. თითქოს გამოვიგონე ჩემთვის პატარა თოჯინების თეატრი, რათა თავი დავაღწიო პასუხისმგებლობას, არ ვიყო დამოკიდებული არტისტებზე, არ დავანაგვიანო ბუნება, ვიყოლიო, რაც შეიძლება, ცოტა მაყურებელი, რომ ნაკლებად შევცოდო მოუმწიფარი აზრებითა და მათი განხორციელების შეუძლებლობით. მე საკუთარი თავისთვის მოვიფიქრე პატარა თეატრი. ვიმედოვნებდი, იქ დამესვენა და მუშაობით საკუთარ სახელოსნოში მემუშავა. ყველაფერი წარმატებამ გააფუჭა. მე მრავალი წლის განმავლობაში მარიონეტების თეატრის მძევლად ვიქეცი, თუმცა, ჩემი ოცნება ახდა – დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას და უკვე სამუდამოდ. მადლიერი ვარ ბედის, თოჯინებისა და პატარა კოლექტივის, რომელიც დაფუსფუსებს ძველი შენობის კუთხეებში. მარიონეტები თითებზე მიკიდია, მე კი ანტიპოდივით ჭერზე დავდივარ და ვხატავ.“

скачать dle 11.3