კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ შექმნა ოჯახი ნინო ბარიშვილმა 16 წლის ასაკში სიყვარულის გარეშე, ძალდატანებით და ვინ დაეხმარა მას ურთულესი ცხოვრების შემდეგ ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებაში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ნინო ბარიშვილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიებში გამოჩნდა. მისი პერსონაჟის გარშემო არსებული პრობლემები, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქალისთვისაა ნაცნობი. ის, ქმრის ოჯახის მხრიდან, ძალადობის მსხვერპლია და ყოველდღიურად ბევრი შეურაცხყოფისა და დამცირების ატანა უწევს.
ნინო ბარიშვილი: „ფორმულა კრეატივში“ ბევრი ჩემი მეგობარია. პატარა რომ გამიჩნდა, სანამ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ვერ ვმუშაობდი და დეპრესიული შემოტევები მქონდა. მივხვდი, რომ ასე ვეღარ გავაგრძელებდი, აუცილებლად უნდა მემუშავა. სერიალის პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვიყავი. მეორე დღეს შემომთავაზეს კლაპზე მუშაობა და ასე აღმოვჩნდი ამ ჯგუფთან ერთად. კლოპერი ვარ, ანუ ხმისა და კამერის სინქრონის თანხვედრას ვაკონტროლებ, რაც შეეხება როლს, როცა სცენარი იწერება, სტაფის ყველა წევრს გვეგზავნება. ამ გოგოს შესახებ რომ წავიკითხე, გამეცინა, რადგან მეც, დაახლოებით, იგივე ისტორია გადამხდა. ცემა-ტყეპისა და გინების გარეშე, მაგრამ რაღაც მომენტში, მეც ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. სამსახურში ვთქვი, დევდარიანმა ჩემზე დაწერა ეს სცენარი-მეთქი?! რაც გიორგი ლიფონავამ გაიგონა და მითხრა, კარგი იქნება თუ შენ ითამაშებ ამ როლსო. სინჯი ჩამაწერინეს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ დამამატკიცებდნენ. მერე ქასთინგის მენეჯერმა დამირეკა და მკითხა, ახალი ამბავი გაიგე? როლზე დაგამტკიცეთო – მაშინ მივხვდი, რამხელა პასუხისმგებლობა ავიღე და ნერვიულობა დავიწყე. მსახიობობაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ მიმართულებით ბედი არასდროს მიცდია. ახლა სამედიცინოზე ვსწავლობ, სულ სხვა მიმართულებით წავედი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ოდესმე ასეთი რამ მოხდებოდა.
– ფაქტია, რომ ოცნება აგიხდა, თუმცა, შენამდე ამ სერიალში შენი შვილი აღმოჩნდა.
– ჩემი შვილიც შემთხვევით აღმოჩნდა სერიალში. წყნარი და კომუნიკაბელურია. ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომდის, მაგრამ ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანი ბავშვია. სამი წლის ხდება და უკვე დიდივით აზროვნებს. როცა ვერსად ვტოვებდი, გადაღებებზე დამყავდა და ძალიან მოსწონდა აქაურობა. მითხრეს, შენი გოგონა მოიყვანე კატოს უკვე გაზრდილი შვილის როლის შესასრულებლადო. სახლში მოვედი და ვუთხარი, დედიკო, ასეთი სამსახურია და თუ წამოხვალ-მეთქი. იცის, მე იმიტომ ვმუსაობ, რომ ფული გვჭირდება – ეს ჩემი სამსახურია და როცა ვუთხარი: კატოს შვილი უნდა იყო და გინდა მუშაობა-მეთქი? მეკითხება, – დედა, ხელფასს გადამიხდიანო? როცა გაიგო, რომ გადაუხდიდნენ, კარგი, მაშინ მინდაო (იცინის). ახლა დიდი ადამიანივით მუშაობს და რეჟისორის მითითებებს ზუსტად ასრულებს.
– რაც შეეხება შენს პერსონაჟს, ამ პერსონაჟის ეკრანზე გამოჩენის შემდეგ, ალბათ, არაერთმა ქალმა მოიყარა თავი შენ გარშემო მსგავსი პრობლემებით?!
– ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო ჩემი პერსონაჟის გამოჩენიდან პირველი ერთი კვირა. ერთმა ქალმა თავისი ცხოვრების შესახებ იმდენად მძიმე ისტორია მომიყვა, რომ ორი დღე საჭმელსაც ვერ ვჭამდი, ძალიან ცუდად ვიყავი. მომიყვა, როგორ მოუკლა მამამ საკუთარი დედა თვალწინ. ძალიან ბევრი რთული ისტორია მოვისმინე და ვცდილობდი, ყველასთვის ისე მეპასუხა, რომ როგორმე შემემსუბუქებინა მათი ტკივილი.
– შენს ცხოვრებას რით ჰგავს შენი როლი?
– ეს ჩემთვის მძიმე თემაა. 16 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს. დედა გარდაცვლილი მყავდა, მამა რუსეთში იყო და მე დეიდებთან ვცხოვრობდი. გარდატეხის ასაკში ვიყავი და ვფიქრობდი, რომ უკვე დეიდებს ვაწუხებდი. არადა, დღეს მათ უდიდეს მადლობას ვუხდი, რომ ასეთ ადამიანად გამზარდეს და ამხელა მზრუნველობა გამოიჩინეს ჩემ მიმართ. მათი დამსახურებაა, დღეს რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ვარ. თუმცა, მაშინ მეგონა, რომ თუ ქმრის ოჯახში დავრჩებოდი, ჩემს ნათესავებს აღარ შევაწუხებდი. უკვე დიდი ვიყავი და უფრო მეტი მჭირდებოდა, ვიდრე საშუალება იყო. იმ ასაკში ხომ ყველაფერს გაზვიადებულად უყურებ. როცა მომიტაცეს, ჩემებმა თავიდან ვერ მიპოვეს. მერე ხელი მომაწერინეს რაღაცაზე. არადა ისეთი ბავშვი ვიყავი, რომელსაც წიგნებისა და სკოლის გარდა არაფერი აინტერესებდა. დედას ბოლო სურვილი იყო, მესწავლა და კარგი ადამიანი ვყოფილიყავი, რასაც დეიდები ზედმიწევნით ასრულებდნენ. ამ ყველაფრიდან უცებ ბაღში აღმოვჩნდი. მომიტაცეს, სოფელში ვცხოვრობდი და ჩემს თავს ჩემთვის უჩვეულო რაღაცები ხდებოდა. ჩემი მეუღლე ერთ-ერთი დეიდის თანასოფელელი იყო. არ ვიცნობდი. იმ პერიოდში იმ სოფელში ვსწავლობდი. იქ დავუნახივარ და მოვწონებივარ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ტელეფონზე მწერდა და მირეკავდა. პირადად არ მყავდა ნანახი. ის 22 წლის იყო. ის ადამიანები, ვინც ამ საქმეში იყვნენ ჩარეულები, ჩემთვის ყველა ახლობელი იყო. არ ვიცი, ეს როგორ გამიკეთეს და ამას დღემდე ვერ ვპატიობ, მაგრამ მაშინ მეუბნებოდნენ, რომ მე თუ იქიდან წამოვიდოდი, მათ პრობლემები შეექმნებოდათ. მერე შენ რა სინდისით უნდა იცხოვროო... მოკლედ, ყველას გამო საკუთარი ცხოვრება გავწირე და დავრჩი. თუმცა იმ ოჯახზე ცუდს არაფერს ვიტყვი. ამქვეყნად არავინ მეზიზღება. უბრალოდ, ადამიანები ან მიყვარს, ან არ მიყვარს.
– მერე როგორ გადაწყვიტე წამოსვლა?
– მე არ გადამიწყვეტია, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ალბათ, მსოფლიოში ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი ვარ და ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობასაც შევეგუე. მერე რა, რომ არ მიყვარს, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო-მეთქი, – ასე ჩავთვალე. მაგრამ მერე ჩემს დედამთილს და მაზლს რაღაც არ მოეწონათ და ჩემი ოჯახი მათი ინიციატივით დაინგრა. თორემ ჩემს ქმარს ძალიან ვუყვარდი და ეს რომ მოხდა, რაღაც პერიოდი დეპრესიაში იყო. მამამთილმა მითხრა კიდეც, რომ შევრიგებოდი. პრობლემა ის იყო, რომ ამ ადამიანებს არ უნდოდათ, რომ მესწავლა, არადა სწავლა ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო.
– მამასთან არ გაქვს კონტაქტი? როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, ის სად იყო?
– როცა მომიტაცეს, მამა რუსეთში იყო. მამა იყო, მაგრამ მამაშვილური ურთიერთობა არასდროს გვქონია. უფრო ოფიციალური დამოკიდებულება გვქონდა. ძალიან მიყვარდა, მაგრამ გრძნობების გამოხატვას ვერ ვახერხებდი. დედის გარდაცვალების შემდეგ, ერთადერთხელ ჩამოვიდა და მას შემდეგ აღარ მინახავს. მერე ავად იყო და მამიდაშვილმა გამომიგზავნა. ვუვლიდი, ცოტა გამოვაჯანმრთელე, ფეხზე დადგა დაა ისევ რუსეთში წავიდა. სამი წლის წინ გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებაც ერთი კვირის შემდეგ გავიგე.
– პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ რა მოხდა შენს ცხოვრებაში?
– ვისწავლე, მუშაობა დავიწყე და ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. ახლა ბედნიერი ვარ და არაფერს ვნანობ. პირიქით, რომ არა ის გამოცდილება დღეს ასე ძლიერი და დამოუკიდებელი არ ვიქნებოდი.
– მეორე ოჯახიც დაგენგრა?
– შეყვარებულები ვიყავით და ექვსი თვე ერთად ვცხოვრობდით. მერე ხელი მოვაწერეთ და ჩვენს ურთიერთობას ოჯახი რომ დაერქვა, რაღაცები აირია. ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო და გადავწყვიტეთ, ურთიერთობა გაგვეწყვიტა. ამ დროს გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ გადაწყვეტილება არ შემიცვლია. შვილს მარტო ვზრდი, მაგრამ ბავშვის მამა მატერიალურადაც მეხმარება და ისედაც საუკეთესო მამაა. ის არაჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ, თანაცხოვრება არ გამოგვივიდა.
– ნინო, დედას რა დაემართა?
– დედა 40 წლის იყო, როცა გათხოვდა. ექვსის ვხდებოდი, მკერდის სიმსივნით რომ გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ მამამ სხვა ცოლი მოიყვანა და დედინაცვალი მყავდა. ძალიან ცუდი ქალი იყო, მაგრამ მე მიყვარდა, იმიტომ, რომ ჩემს ნებაზე ვყავდი მიშვებული. თან, დალევა უყვარდა, მამაჩემს სცემდა და მოკლედ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ძალიან ცუდ გარემოში მიწევდა ყოფნა. მერე დეიდებმა წამომიყვანეს. კონკიას მსგავსი ცხოვრება გამომივიდა. არ ვლაპარაკობ ხოლმე ამ თემაზე, მაგრამ თუ ვინმესთან ვიტყვი, ზღაპარი ჰგონიათ (იცინის).
скачать dle 11.3