კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (2)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№12 ვინ არის პირველი ქართველი, ვისაც „სილიკონ ველზე“ საკუთარი ლაბორატორია ექნება და როგორ გახდა ის ამერიკაში, 32 წლის ასაკში, პროფესორი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ბაჩანა ლომსაძეს სადოქტორო ხარისხი 26 წლის ასაკში მიენიჭა და  როგორც მკვლევარი მეცნიერი, კვლევითი სამუშაოების სრულყოფის მიზნით, კოლორადოს უნივერსიტეტში და მასთან არსებულ გაერთიანებული ასტროფიზიკის ლაბორატორიების ინსტიტუტში მიიწვიეს. დღეს, ბაჩანა 32 წლისაა და უკვე სანტა-კლარას უნივერსიტეტის პროფესორია, სულ მალე კი, ახალგაზრდა მეცნიერი, პირველი ქართველი იქნება, რომელსაც „სილიკონ ველზე“ სანტა-კლარას უნივერსიტეტში საკუთარ ლაბორატორიას გაუხსნიან. როგორც თავად ამბობს, პროფესორის თანამდებობაზე საკმაოდ გრძელი და რთული კონკურსის გავლის შემდგომ დაინიშნა. უნივერსიტეტში, ფიზიკის განხრით, პროფესორის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი საკონკურსო ადგილი იყო, შერჩევაში კი, 250-მდე აპლიკანტი მონაწილეობდა და მკაცრი კონკურენციის მიუხედავად, უნივერსიტეტმა სწორედ ქართველ მეცნიერზე გააკეთა არჩევანი.
 ბაჩანა ლომსაძე: დაახლოებით, 10 წელია, ამერიკაში ვარ. ამ ქვეყანაში, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2008 წელს წამოვიწყე სადოქტორო პროგრამა, რომელიც 2012 წელს დავიცავი. მოღვაწეობა მომიწია კოლორადოს უნივერსიტეტში და მასთან არსებულ, გაერთიანებულ ასტროფიზიკის ლაბორატორიების ინსტიტუტებში. შემდეგ – მიჩიგანის უნივერსიტეტში, როგორც მკვლევარი მეცნიერი. სიმართლე გითხრათ, თავიდან, ადაპტაციის გავლა ცოტა გამიჭირდა. წარმოიდგინეთ, ამხელა ქვეყანაში 22 წლისას ჩამოსვლა დამოუკიდებლად მომიწია, არ ვიცნობდი არავის, იყო განსხვავებული გარემო და კულტურა. თუმცა, აქ ყველანაირი საშუალებაა,  რომ მოხდეს ქვეყანასთან სრული ადაპტაცია და  ეს ეხება  როგორც  სწავლას და მეცნიერებას, ასევე კულტურას. აქ ყოველი წუთი ისეა გათვლილი, რომ მოწყენის საშუალება ნამდვილად არ მაქვს.
– ბავშვობაში რაზე ოცნებობდი და თუ წარმოიდგენდი, რომ შენი გატაცებით ამხელა წარმატებას მიაღწევდი?
– ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი ინტერესის სფერო საკმაოდ ფართო იყო. გარდა სავალდებულო სასკოლო საგნებისა, დაინტერესებული ვიყავი ხელოვნებითა და კულტურით. დავამთავრე ხელოვნების კოლეჯი და მასთან არსებული შვიდწლედი, ფორტეპიანოს განხრით. ვასრულებდი მთავარ როლებს დადგმულ სპექტაკლებში, 10 წელი დავდიოდი ცეკვაზე. ერთი პერიოდი, მსახიობობასაც ვაპირებდი. თუმცა, ჩემი ინტერესი მეცნიერების მიმართ უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ასე რომ, „ლირიკა და ფიზიკა“ მართლაც ახლოს ყოფილან ერთმანეთთან (იცინის). რაც თავი მახსოვს, სულ დაინტერესებული ვიყავი ბუნებაში მიმდინარე კანონზომიერებით და ვცდილობდი, ამეხსნა, რა იწვევდა ამა თუ იმ მოვლენას. ძალიან მიყვარდა ცდების ჩატარება, სახლში – ელექტრული სქემების აწყობა და დაზიანებული ხელსაწყოების შეკეთება. ეს ბავშური ინტერესი, შემდგომ, ენთუზიაზმში გადაიზარდა. ამას მოჰყვა ლიტერატურის გაცნობა, კონფერენციებში, სამეცნიერო ტურებსა და ოლიმპიადებში წარმატებული მონაწილეობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაბარება, ივანე ჯავახიშვილისა და მიხეილ ნოდიას სახელობის სტიპენდიანტობა, სტუდენტთა და ასპირანტთა საუნივერსიტეტო და რესპუბლიკურ კონფერენციებში გამარჯვება და მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში – იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და  ამერიკაში.  2012 წელს კი, 26 წლის ასაკში, სადოქტორო ხარისხი მომენიჭა და როგორც მკვლევარი მეცნიერი, კვლევითი სამუშაოების სრულყოფის მიზნით, კოლორადოს უნივერსიტეტსა და მასთან არსებულ, გაერთიანებული ასტროფიზიკის ლაბორატორიების ინსტიტუტ JILA-ში მიმიწვიეს. ამ დროის განმავლობაში ვმუშაობდი ახალი ლაზერული მეთოდის შექმნასა და დახვეწაზე, რომლის სრული რეალიზაცია მიჩიგანის უნივერსიტეტში მოვახდინე. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, შევისწავლოთ მოლეკულებისა და ნახევარგამტარული ნივთიერებების სტრუქტურა, თვისებები და დინამიკა უპრეცედენტოდ მაღალი სიზუსტით. ჩემ მიერ აღმოჩენილ ამ ახალ მეთოდს პრაქტიკული გამოყენებაც აქვს – ამიერიდან შესაძლებელი იქნება მომწამვლელი ნივთირებებისა (აირების) და ასაფეთქებელი ნივთიერებების დეტექტირება დისტანციურად, ძალიან მოკლე დროში, წამებში. ეს მნიშვნელოვანია აეროპორტების, საზღვაო პორტებისა და ხალხმრავალი ადგილების დასაცავად. ეს მეთოდი წარდგენილი მაქვს პატენტზე, რომელსაც უკვე გავლილი აქვს ექსპერტიზა. სექტემბრის თვეში კი, იგეგმება ჩემი ლაბორატორიის გახსნა „სილიკონ ველზე“, რომელიც მსოფლიო ტექნოლოგიების ცენტრია. ის ძალიან ახლოსაა სტენფორდისა და ბერკლის უნივერსიტეტებთან, სადაც კოლაბორაციები მაქვს დაგეგმილი.
– და ამით, შენი ამერიკული ოცნებაც ახდა? როგორც ვიცი, ერთადერთი ქართველი ხარ, ვისაც „სილიკონ ველზე“ საკუთარი ლაბორატორია გექნება და თან, სანტა კლარას უნივერსიტეტის პროფესორიც გახდი.
– კი. ნამდვილად. ამერიკული ოცნება საკმაოდ ადრეულ ასაკში ამიხდა და ძალიან ბედნიერი ვარ. ბაკალავრიატის სწავლებიდან მოყოლებული, დიდი სურვილი მქონდა, ჩამეტარებინა ლექციები და  საკუთარი სამეცნიერო ჯგუფი და ლაბორატორია მქონოდა. თუმცა, ამ მიზნის მიღწევა, განსაკუთრებით ამერიკაში, დიდი კონკურენციის გამო, საკმაოდ რთულია. სანტა-კლარას უნივერსიტეტი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტად და  მდებარეობს „სილიკონ ველზე“, არის მსოფლიო ტექნოლოგიების ცენტრი, აქ აქვს სათავო ოფისები „გუგლსა“, და „ფეისბუქს“. ამ უნივერსიტეტში, პროფესორის თანამდებობის ერთ ადგილზე, 250 აპლიკანტი იღებდა მონაწილეობას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ უნივერსიტეტმა საკმაოდ რთული და გრძელი შერჩევის პროცესის შემდგომ  ჩემზე გააკეთა არჩევანი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ასაკში, მსოფლიოს წამყვანი და ცნობილი მეცნიერების მიერ, უკვე ჩემი სფეროს ექსპერტად განვიხილები. ამის დასტურია, თუნდაც ის, რომ ვარ არაერთი მაღალი იმფაქტ-ფაქტორიანი ჟურნალის რეცენზენტი. „მოდერნიზებული ოპტიკის ენციკლოპედიამ“  კი მიმიწვია, რათა დამეწერა მიმოხილვითი სტატია ოპტიკის სამეცნიერო დარგის ერთ-ერთ პოპულარულ თემაზე. ეს ენციკლოპედია ამ წლის მარტის დასაწყისში გამოვიდა.  გარდა ამისა, მიწვეული ვარ ერთ-ერთი სექციის თავმჯდომარედ უაღრესად პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც მაისში ჩატარდება. ოცნების სრული ახდენა მეცნიერებაში, ალბათ, არ არსებობს, რადგან, რაღაცის დასრულებას ყოველთვის ახლის დასაწყისი  მოსდევს. ამერიკაში ჩემი ოცნების  დიდი ნაწილი ახდენილია, რადგან, ასეთ ასაკში ადამიანი პრესტიჟული საგანმანათლებლო ცენტრის პროფესორობაზე  უკეთესს ვერ ინატრებდა (იცინის).
– კარიერა გასაგებია, მაგრამ პირად ცხოვრებასაც ხომ უნდა დაუთმო დრო?
– ჯერჯერობით, დაუქორწინებელი ვარ. პრინციპში, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი დრო და ენერგია სამეცნიერო დარგში მიღწევებს დავუთმე, პირადისთვის ვერ მოვიცალე (იცინის). ზოგადად, არ მიყვარს ჩემს ნიჭიერებაზე  საუბარი, უხერხულად   მეჩვენება,  თუმცა ნიჭს რეალიზება სჭირდება. როდესაც ორი ტანდემი – ნიჭიერება  და  დღეღამური შრომა თანხვედრაშია ერთმანეთთან, სწორედ მაშინ მიიღწევა მნიშვნელოვანი შედეგი. ვფიქრობ, ეს მოხდა ჩემს შემთხვევაში. დღეს კი, ამ შრომის შედეგად, პირველი ქართველი ვიქნები, ვისაც საკუთარი ლაბორატორია ექნება „სილიკონ ველზე“.  ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში, თუმცა,  „სილიკონ  ველზე’“ ვინმეს რომ კვლევითი ლაბორატორია ჰქონდეს გახსნილი და აკადემიურ მოღვაწეობას ეწეოდეს, ნამდვილად მეცოდინებოდა (იცინის). გარდა ლექციებისა და კვლევების ჩატარებისა, მევალება სტუდენტების აღზრდა ჩემს ლაბორატორიაში, გრანტების მოძიება, კოლაბორაციების დამყარება და ასე შემდეგ. შერჩევის კომიტეტმა ნდობა გამომიცხადა და ამ ნდობას გამართლება უნდა. ჩემი საკუთარი ლაბორატორიის გახსნა კი, სექტემბერში იგეგმება.
– როგორც მეცნიერი, საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებ?
– ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, საქართველოს უკავშირდება. დიდი სურვილი მაქვს, წვლილი შევიტანო საქართველოში მეცნიერების განვითარებაში. ვგეგმავ, რომ სანტა-კლარას უნივერისტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაცვლითი პროგრამა ჩამოვაყალიბო. თუ უფრო მეტი ხელშეწყობა ექნებათ ქართველ სტუდენტებს, ბევრი შეძლებს საკუთარი ამერიკული ოცნების ახდენას, ისე, როგორც  მე მოვახერხე.
скачать dle 11.3