კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ იმღერა ევროსაბჭოს დარბაზში ჩოხებითა და ქართული ელემენტებით ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის თემა „ირიაომ“ და როგორ გამოეხმაურა მათ „ევროვიზიაზე“ მონაწილეობას გამარჯვებული სალვადორ სობრალის და

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

როგორც ცნობილია, 10 მაისს „ევროვიზიაზე“ საქართველოს უნიჭიერესი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფი „ირიაო“ წარადგენს. მათი ნამღერის მოსმენა უდიდესი სიამოვნებაა და ამიტომაც, „ირიაოს“ არაერთ ქვეყანაში, არაერთ მნიშვნელოვან ფესტივალზე დიდი წარმატებები ხვდა წილად.
მიშო ჯავახიშვილი („ირიაოს“ წევრი):
„ირიაოს“ ჩამოყალიბება საინტერესო ამბავი იყო. 2012 წლის ბოლოს კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ თავისი დაფინანსებით ეთნო-ჯაზისთვის ხელშემწყობი პროგრამა განეხორციელებინა. იმ პერიოდში დათო მალაზონია, რომელიც ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელია, უკვე საქართველოში იმყოფებოდა. ის იმდენად მრავალფეროვანი მუსიკოსია, რომ ვერ გაჩერდებოდა და დაიწყო ძიება, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო. რაც შეეხება ჯგუფის წევრებს, სამი მომღერალი ვართ: მე, გაგა აბაშიძე და ბუბა მურღულია. ჩვენთვის ხალხური მუსიკა კარგად ნაცნობია. მისი განვითარება, იმპროვიზაცია ჩვენშია და  ამანაც განაპირობა ის, რომ „ირიაო“ ძალიან ადვილად გახდა თანამედროვე ჟღერადობის მუსიკისა და ქართული-ხალხური მუსიკის საინტერესო სინთეზი. რაც შეეხება „ირიაოს“ ინსტურმენტალურ მხარეს, დათო ქავთარაძე არის ქართული-ხალხური ინტრუმენტების ოსტატი, შემსრულებელი, კარგად ფლობს სხვადასხვა საკრავს. თავად დავით მალაზონია კლავიშზე უკრავს, ლევან აბშილავა – დასარტყამ ინსტრუმენტზე, შალვა ღელეყვა არის ბასი. ცოტა ხნის წინ ჩვენი წევრი გახდა ძალიან ცნობილი პერკუსიონისტი, დათო ჯაფარიძე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის ფაქტი, რომ „ირიაოს“ ჟღერადობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბევრისთვის. ჯაზით მსოფლიოს ვერ გავაკვირვებთ, მაგრამ ჯაზით და ქართული ხალხური მუსიკის ნაზავით, ვფიქრობ, „ირიაო“ მართლა განსაკუთრებულია. ხშირად გვთხოვენ ხოლმე „ვორკშოპებს“. გამოყოფილი გვაქვს სხვადასხვა დღეები, საათები და მათ, ვისაც აინტერესებთ, ვასწავლით ქართულ-ხალხურ სიმღერებს.
– გაიხსენეთ, როგორ მიიღეთ შემოთავაზება „ევროვიზიაზე“ გამოსვლის შესახებ.
– ძალიან მოულოდნელი იყო. რიგაში ვიყავით გასტროლზე. დაგვირეკეს: „ირიაო“ უნდა გახდეს საქართველოს ხმა „ევროვიზიაზეო“. ჩვენთვის ეს იყო შოკი. კარგად დავფიქრდით, გავიაზრეთ, რასთან გვქონდა საქმე. „ევროვიზიის“ კონკურსს კარგად ვიცნობ, რადგან წლების განმავლობაში, ამ კონკურსის მთავარი პროდიუსერის თანაშემწე ვიყავი. 2006 წლიდან „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ვმუშაობ.
„ირიაო“ არაერთ მნიშვნელოვან ფესტივალზე გამოვიდა, თან, ძალიან წარმატებულად.
– ტალინის ფესტივალზე ერთ-ერთმა პროდიუსერმა შემოგვთავაზა ალბომის ჩაწერა და მართლაც ერთი წლის შემდეგ პოლონეთში ძალიან კარგი ალბომი ჩაიწერა. იმ პერიოდშივე მივიღეთ მოწვევა „მირის“ ჯაზ-ფესტივალიდან, რომელიც მალაიზიაში იმართება და არის ძალიან მაღალი დონის. უდიდესი მუსიკოსები ჩადიან, მთელი დღის განმავლობაში იმართება კონცერტები და ჩვენც ამ კონცერტების ნაწილი ვიყავით. ამის შემდეგ, უკვე, მიგვიწვიეს ინდონეზიაში ერთ-ერთ ჯაზ-კლუბში კონცერტის ჩასატარებლად. ჯაზ-კლუბის მეპატრონეს იმ დღეს, როცა ჩვენი კონცერტი იყო, ცოტა დრო ჰქონდა და როცა უთხრეს, ქართველები არიან დღეს ჩამოსულიო, უთქვამს: მეჩქარება, 5 წუთი გავჩერდები და წავალო. საათ-ნახევარი გრძელდებოდა კონცერტი და ბოლომდე დარჩა. კონცერტის დასრულებამდე ორი ნომერი იყო დარჩენილი, სცენაზე ამოვიდა ჩვენი ელჩი, რომელმაც გვითხრა: ეს კაცი ამ ჯაზ-კლუბის მეპატრონე, ასევე, ძალიან მაღალი დონის, საუკეთესო ფესტივალების ხუთეულში შესული, ინდონეზიაში „ჯავა“ ჯაზ-ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია და მოწვევას გიკეთებთო. მოკლედ, რამდენიმე თვის შემდეგ მოვხვდით „ჯავა“ ჯაზ-ფესტივალზე, რომელიც ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო. ჩვენთან ერთად ფესტივალზე გამოდიოდნენ კრის ბოტი, ბობი მაკფერენი, რიჩარდ ბონა, ყველანი ერთად ვიყავით ჯემ სეიშენზე. როცა რიჩარდ ბონა გამოდიოდა, მას ძალიან ეჩქარებოდა, გვინდოდა ფოტოს გადაღება და რომ გაიგო, საიდან ვიყავით, ძალიან გაუხარდა – ნამყოფია საქართველოში, მეგობრებიც ჰყავს. კრის ბოტთანაც გვქონდა საუბარი, მან აღფრთოვანებით გაიხსენა თბილისში გატარებული პერიოდი. ბობი მაკფერენის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული რიდი გაქვს, რადგან საოცარი შესაძლებლობების ადამიანია, გენიალური მუსიკოსი. მახსოვს, ნომერში ავდიოდი, მეჩქარებოდა და ლიფტში შემხვდა, სართული შეეშალა. გავესაუბრეთ ერთმანეთს, გაიხსენა ქართული მრავალხმიანობა და გამოთქვა სურვილი, რომ მის კონცერტს დავსწრებოდით. ჩვენმა კონცერტმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა, მახსოვს ოვაციები, დიდი გამოხმაურება. ბევრი გვეუბნებოდა, არც ვიცოდით, სად არის საქართველო, თქვენი შემოქმედებით გავიცანითო. ამის მერე „ირიაომ“ მოიარა მთელი ევროპა. შემდეგ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ხელმძღვანელისგან, ბატონი არმაზ ახვლედიანისგან მივიღეთ მოწვევა: „ირიაო“ უნდა წასულიყო ევროსაბჭოში, სადაც ევროპის პოლიტიკური სკოლების სემინარი იყო, ძალიან დიდი ფორუმი. ფორუმის შემდეგ შესრულდა „ირიაოს“ შემოქმედებაში საუკეთესო ნაწარმოები, ევროპის ჰიმნი, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ბოლო თემა „ოდა სიხარულისა“, რომლის გაჯაზებული ვერსია „ირიაომ“ ქართულ ელემენტებზე დაყრდნობით გააკეთა. მეორედ, მე და გაგა აბაშიძე, ანსამბლ „შავნაბადასთან” ერთად ვიყავით წასულები, შევასრულეთ მეორე ვერსია მიშა მდინარაძის არანჟირებით. ევროსაბჭოს ცენტრალურ დარბაზში ასობით ადამიანის წინაშე ვიმღერეთ და მახსოვს, ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა თქვეს: სოციალურ ქსელში ჩვენს გვერდზე ასეთი დიდი მოწონება, ამდენი გაზიარება არანაირ ინფორმაციას არ ჰქონიაო. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპაში ჩვენს საელჩოებს, რადგან არ არსებობს მაისის თვე, რომ ათობით შეთავაზება არ გვქონდეს. სულ არის ტაციაობა და ვერ ვხვდებით, სად წავიდეთ, ხან ვინ გვრჩება ნაწყენი, ხან – ვინ. ჩვენთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თბილისში გია ყანჩელის საიუბილეო წელის გახსნა. მაშინ გაკეთდა ბატონი გიას ცნობილი ნაწარმოებების „ირიაოსეული“ ვარიანტები ორკესტრთან ერთად. ასევე, მნიშვნელოვანი იყო კონცერტი გალიანოსთან ერთად, სადაც ორი სიმღერა შევასრულეთ. რისთვისაც მინდა, ანი ლაღიძეს დიდი მადლობა გადავუხადო.
– პირად საუბარში მითხარი, რომ „ევროვიზიისთვის“ მზადების პერიოდში სტრესის გადატანა მოგიწიათ.
– ბოლო თვე-ნახევარი, „ევროვიზიისთვის“ მზადების განმავლობაში, ჩვენ კარგად გამოვცადეთ ერთმანეთი, ყველა სირთულე გადავლახეთ, რაც შეიძლება მომავალში ყოფილიყო. ძალიან სტრესული იყო ეს ყველაფერი, რადგან ქართველებს გვახასიათებს, არაჯანსაღი კრიტიკა გამოვთქვათ ნებისმიერის მიმართ. როცა დგახარ ევროპის საბჭოში, მღერი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას ქართული ჩოხით, ქართული ჟღერადობით ან აკეთებ იმპროვიზაციას დუდუკით, ინსტუმენტის გარეშე და ამას მილიონობით ნახვა აქვს და მერე ვიღაც ამ ყველაფერს რაღაცნაირად ეხმიანება, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ან შურს, შეგნებულად აკეთებს, ან შეიძლება, მისთვის ჩვენი მუსიკა სხვა რამ არის და ჯობია რესტორნულ მუსიკას მოუსმინოს. როცა გახდა ცნობილი რომ „ევროვიზიაზე“ „ირიაო“ მიდიოდა, ვერ გაიგეს – რატომ „ირიაო“. კი, ბიჭები მაღალი გემოვნების მუსიკას ქმნიან, მაგრამ ევროპა ამას ვერ გაიგებსო. როცა მთელი ევროპა გაქვს მოვლილი, სადაც დიდი ოვაციებით ხვდებიან, ვერ ვიტყვი, რომ ევროპა ამას ვერ გაიგებს. ბევრი უცხოელი გვწერს, რომ მათთვის ჩვენი სიმღერა საყვარელი სიმღერა გახდა. „ევროვიზიის“ შარშანდელი გამარჯვებულის, სალვადორის დამ მიმოიხილა „ევროვიზიის“ საწყისი პერიოდი. მან ჩვენზე დაწერა, რომ საქართველოდან მონაწილეობს ჯაზ-ბენდი, საინტერესო მუსიკით და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ კონკურსზე ალბათ, რაღაც შევცვალეთ, რადგან ასეთმა ჯგუფმა გადაწყვიტა „ევროვიზიაზე“ მონაწილეობაო.
– მაყურებელზე ისიც მოქმედებს, რომ სცენაზე საოცარი ხმების, ჰარმონიული ჟღერადობის უკან სიმპათიური ბიჭები დგანან.
– რამდენიმე დღის წინ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“  ნათია მშვენიერიძე, ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი, გაემგზავრა პორტუგალიაში, ჩაიტანა სიმღერა, შეფუთვა. იქიდან მოგვწერეს: თქვენ მოდელები გყავთ თუ მომღერლები, რა ხდებაო. ამაზე ხაზგასმა არის ხოლმე, განსაკუთრებით, როცა უკარაინაში, რუსეთში, ლიტვაში, ლატვიაში ჩავდივართ.
– და ბოლოს, როგორია მოლოდინი?
– „ევროვიზიაზე“ საკმაოდ სიმკაცრეა, თავისუფლად ვერ მოიქცევი. თუ უნდა გაიხედო მარცხენა მხარეს – უნდა გაიხედო მარცხენა მხარეს. ვფიქრობდი, სცენაზე რომ გავალ, შეიძლება, რაღაც შევცვალო-მეთქი, მაგრამ გადამიწურეს იმედები: არ გვექნება ის თავისუფლება, რაც  სცენზე გვახასიათებს, ცოტა შებოჭილები ვიქნებით, მაგრამ ამას ვერ იგრძნობს მაყურებელი. სულ ვაკვირდები, რას წერენ უცხოეთში ჩვენზე. მათთვის „ირიაო“, ქართული მრავალხმიანობა ეგზოტიკური და განსხვავებულია. მაგრამ, როცა მეუბნებიან: ეს არ არის „საევროვიზიო“ ფორმატის სიმღერა, შეიძლება, ვერ გაიმარჯვოთ, რადგან არ ზიხართ ფორმატშიო, ვეკითხები: სალვადორის სიმღერა იჯდა ფორმატში? რა თქმა უნდა, არანაირ ფორმატში არ იჯდა, მაგრამ გამარჯვებული გახდა.
скачать dle 11.3