კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ იქორწინა ლაშა-გიორგიმ ფარულად უბრალო წარმოშობის ქალზე, რა ერქვა მის რჩეულს და წაართვა თუ არა მან ცოლი სხვას

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე


„ჟამთააღმწერელი“ მოგვითხრობს, რომ ლაშა-გიორგი ვერ დაარწმუნეს, ცოლი მოეყვანა. კახეთში, სოფელ ველისციხეში მისულს კი მოეწონა ერთი ლამაზი ქალი, აჰყვა გულისთქმას, წამოიყვანა და ძალიან შეიყვარა. დაფეხმძიმდა ის ქალი და გაუჩინა ვაჟი, რომელსაც დავითი დაარქვეს.
მეფემ არ ისურვა დაქორწინება. ამის გამო შეიკრიბნენ კათალიკოსები (ქართლისა და აფხაზეთის), ეპისკოპოსები, ვეზირები და მოახსენებდნენ: არ შეიძლება, მხევალი გყავდეს და არ გყავდეს ცოლი. მაგრამ მეფემ არ ინება, არც უსმინა. ამიტომ, წაჰგვარეს ის ქალი, დავითის დედა და ქმარს დაუბრუნეს. ლაშა-გიორგიმ მაინც არ მოიყვანა ცოლი და დარჩა დაუქორწინებელი.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: მეფემ ცოლი არ მოიყვანა, აიძულებდნენ წარჩინებულები, მაგრამ არ ქნა. კახეთში, ველისციხეში მყოფმა ნახა ერთი ქალი, მოეწონა, წაართვა ქმარს და მასთან შეეძინა ვაჟი, სახელად დავითი. ამის მხილველი დიდებულები, კათალიკოსები, ეპისკოპოსები არიგებდნენ, არ ექნა ასე. წაჰგვარეს დავითის დედა, რათა სხვაზე ექორწინა, ან იმავე ქალზე ექორწინა და უქორწინებლად არ დარჩენილიყო, გაშორებოდა უჯერო ცხოვრებას. მეფემ აღუთქვა, რომ მათ გარეშე არაფერს მოიმოქმედებდა. მაგრამ ცოლის მოყვანაში ვერ დაარწმუნეს, დაუბრუნეს დავითის დედა, მაგრამ არც მასზე იქორწინა.
კორნელი კეკელიძე გვამცნობს, რომ იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში, „ისტორია ქართლისა“ (რომელიც „კალმასობის“ ნაწილია და ეს ნაწილი არ არის გამოცემული), ძველი, უკვე დაკარგული გადმოცემების საფუძველზე,  სულ სხვაგვარად მოგვითხრობს ლაშა-გიორგის სიყვარულის ამბავს.
ერთხელ მეფემ ინება, ჭერემობას დასწრებოდა და მცირე ამალით ჭერემში მისულა. ჭერემობის დღესასწაულზე, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მთელი კახეთიდან მიემგზავრებოდნენ ხოლმე.
ეკლესიის მოლოცვის მერე მეფე ხალხში გაერია და ლხინს აკვირდებოდა. ასეთ დროს სუფრები იშლებოდა და ხალხი ილხენდა. ლაშამ შეამჩნია მშვენიერი ქალი, რომელიც ჭაბუკ ხელმწიფეს დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა. უბრძანა თამარის ძემ თავის ერთ მსახურს, გაერკვია, ვინ იყო ის ქალი, ვისი შვილი და იყო თუ არა გათხოვილი.
მეფის მსახურმა მეზობელ სუფრასთან გამოიკითხა ყველაფერი და გაარკვია, რომ ის ქალწული იყო და მისი მშობლები სოფელ ახაშენიდან ყოფილან. ქალის მამა წარმოშობით გაღარიბებული დიდაზნაურების, კლდეკარის ერისთავთა გვარის შთამომავალი ყოფილა, გვარად მიწობელიძე, რომლებიც არშაკუნიანების (ფარნავაზიანების) დროიდან გადმოსულან კახეთში და იმ მომენტისთვის გლეხად ცხოვრობდნენ.
მამამისს ქალიშვილის ხელს ველიციხელი გლეხი სთხოვს თავისი ვაჟისთვის ცოლადო. ქალწულის დედ-მამას თანხმობა არ ჰქონდათ მიცემული, რატომღაც არ სდომებიათ. ამაზე ჯერ მხოლოდ ლაპარაკიაო. ველისციხელი გლეხები კი ამბობენ, ქალს უკვე ნიშანი აქვს მიცემული ჩვენგანო.
მსახურმა დაადგინა ქალწულის სახელიც – სუსანა რქმევია. ყოველივე აუწყა მეფეს. მეფემ თავის მოძღვარს, რომელიც თან ახლდა, ყველაფერი უთხრა და დააფიცა, არავისთან გამთქვაო. გააგზავნა მღვდელი სუსანას დედ-მამასთან და შეუთვალა, ქალიშვილი ცოლად მიეთხოვებინათ მისთვის.
გაუკვირდათ სუსანას მშობლებს და თქვეს: „ჩვენ თითქმის გლეხებად ვარ შერაცხილნი და როგორ შეიძლება, ჩვენმა ხელმწიფემ გლეხის ასული ითხოვოს ცოლადო“.
ლაშამ ისევ მიუგზავნა მღვდელი, მაინც წამოიყვანა სუსანა და ყველასგან ფარულად, მასზე ჯვარი დაიწერა. მაგრამ დედოფლად არ გამოაცხადა, რადგან იცოდა, სამეფო კარზე დიდი წინააღმდეგობა შეხვდებოდა. ბევრ დიდებულს უნდოდა მეფისთვის თავისი ასული ან და მიეთხოვებინა. ასეთი სურვილი ჰქონიათ ივანე მხარგრძელს, შალვა ახალციხელს და ვარდანისძეს. თვითონ მეფე დაბრუნდა თბილისში. სუსანა დატოვა თიანეთში. ეს მოხდა 1205 წელსო (თუ ეს ამბავი მართალია, იმ წელს ვერ მოხდებოდა, რადგან ჯერ თამარ მეფე გარდაცვლილი არ იყო და ლაშა კი – გამეფებული).
მეფის დამ, რუსუდანმა, ეს რომ გაიგო, განრისხდა, თავის, დიდებულებისა და მათი ცოლებისთვის შეურაცხყოფად მიიღო. ამბობდა: როგორ შეიძლება, თამარ მეფის ძეს ცოლად ჰყავდეს გლეხის ასული, ვიყოთ მის ხელქვეით და დედოფლად გვეჯდეს? შეკრიბა რუსუდანმა დიდებულები და თავის მომხრედ აქცია. მეფეს მოსთხოვეს, მიეტოვებინა ცოლი. მაგრამ, თამარის ძე არაფერს პასუხობდა დას და დიდებულებს. ისინი კი აიძულებდნენ, მიეტოვებინა სუსანა და თავისი ტოლი და სწორი მოეყვანა ცოლად. საყვედურებით გადაღლილი მეფე ჰპირდებოდა, მაცადეთ და ისე ვიზამ, როგორც თქვენ გინდათო.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ აირია მთაში საქმეები. მეფემ მისწერა დედოფალ სუსანას და სთხოვა, გადასულიყო და დაემშვიდებინა ისინი. წავიდა დედოფალი, მიეგებნენ სრულიად ფშავ-ხევსურები და დიდი პატივითა და სიხარულით მიიღეს. ყველა დაემორჩილა მის ბრძანებას. გახარებულმა მეფემ დედოფალს ჯილდოდ უბოძა პირიქითა ფშავის ერთი სოფელი, რომელიც ინახავდა დედოფლის საჯოგე ულაყ ცხენს. ეს გაუჩინა ხარკად დედოფალმა სოფელს. სამი თვე დაჰყო სუსანამ ფშავში. ქვეითად დადიოდა, თურმე, ვიწრო და კლდიან ადგილებში, სადაც ცხენი ვერ გაივლიდა, ამიტომ, ერთ ღამეს, გაოფლიანებული დედოფალი გაცივებულა და ძალიან ავად გამხდარა. წამოიყვანეს საკაცით. ვერ უშველა მკურნალმა. აღმართში, მთაზე ასვლისას, თიანეთისკენ მომავალ გზაზე გარდაიცვალა მეფის გულისსწორი. იქ მდგარა ცხრა თუ თერთმეტი არყის ხე. ყოველ წელს მიდიოდნენ თურმე ფშაველები იმ ადგილას, საკლავს კლავდნენ, სადილობდნენ, აღაპს იხდიდნენ, ღვინოსა და ლუდს დალევდნენ და ღმერთს შეავედრებდნენ დედოფლის სულს.
იოანე ბაგრატიონის შენიშვნების მიხედვით, მის დროს ფშაველები ჯერ კიდევ დადიოდნენ დედოფლის მოსახსენიებლად არყის ხეებთან. ანუ, ეს ამბავი, ლეგენდა თუ სინამდვილე, ფშავში მეცხრამეტე საუკუნეშიც იცოდნენ.
აცნობეს მეფეს სუსანას გარდაცვალების შესახებ. ძალიან დამწუხრდა ლაშა, მივიდა თიანეთში და ბრძანა მისი დამარხვა „ხარჭოის“ (ხარჭაშოს) ეკლესიაში, 1207 წლის 20 აგვისტოს (ეს თარიღიც არ უნდა იყოს სწორი). პატარა დავით უფლისწული წამოიყვანა და მიაბარა თავის დას, რუსუდანს. ამის შემდგომაც ევედრებოდნენ დიდებულები, ცოლი მოეყვანა, მაგრამ აღარ ინება გულდაწყვეტილმა მეფემ და დარჩა უცოლოდ.
იოანე ბატონიშვილი ასე ასაბუთებს ლაშა-გიორგის მიერ იმ ქალის ცოლად მოყვანას და არა მხევლად დასმას: „კვალად ამტკიცებს სჯულიერსა ქორწინებასა მეფისასა კათალიკოზი ევთვიმი, აგრეთვე მოძღუარი მეფისა გიორგი ხარჭოშელი, აგრეთვე დავით-საულიანშიაც მოიხსენებს ლაშას სჯულიერსა ცოლსა. აგრეთვე, კათალიკოზი ანტონი იტყვის თვისსა „წყობილ-სიტყუასა“ შინა“...
ლაშა-გიორგის მეფობის ბოლო წლებში, ქართლში იყო კათალიკოსი ექვთიმე მეორე. იოანე ბაგრატიონის თქმით, ის ლაშას ქორწინების მომსწრე და დამადასტურებელია თავისი თხზულებით – „წყობილ-ლექსობა“, რომელიც ახლა დაკარგულია.
კორნელი კეკელიძე წერდა: „მეფის „სჯულიერი ქორწინების“ მოწმე ყოფილა იგივე ზემოთ მოხსენებული ექვთიმე კათოლიკოზი და მოძღვარი მეფისა გიორგი ხარჭოშელი, რომელმაც ჯვარი დასწერა მას. ხარჭაშოს გუნბათიანსა და კეთილშენ ეკლესიას თიანეთში უჩვენებს ვახუშტიც თავის გეოგრაფიაში, აქ შემდეგში ისხდნენ ხარჭაშნელები. არც ამ გიორგი ხარჭაშოელის შესახებ მოგვეპოვება რაიმე“.
скачать dle 11.3