კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-11(898)



ისტორია ოცდამეთექვსმეტე
მოულოდნელი შეხვედრა
(მოქმედი პირები: ჯამლეთა, ლაშა, დეტექტივი ნოდარი, დუდუ და ლევანო)



...სანამ იცვამდა, ჯამლეთამ აზრების დალაგება სცადა. უშედეგოდ... რაღაცნაირად გაეყინა ტერფები, გული და აზრები –  ერთდროულად. ვერ გაეგო, რა ხდებოდა. ვინ დაადგა თავზე და რატომ. ამჯერად რომელი დანაშაულის გამო უნდა განსაჯონ და აშკარად –  დასაჯონ კიდეც. ჯამლეთა ბრაზობდა საკუთარ უხეირობასა და უიღბლობაზე. რა დროს გარჩევებია, თან გაუგებარ სასტავთან, როცა ამხელა საქმე აქვს?! საქმე, იქნებ და... არა! ამის შესახებ არავინ იცის, გარდა... და იქნებ? არა! მაშინ ვინ?.. კითხვები და ვარაუდები ბზიკებივით დაესივნენ და სულ გააბრუეს. მეტად დროს ვეღარ გაწელავს. უარესად არ გააღიზიანოს დაუპატიჟებელი ტიპები.
– ალილუია! ბიჭო, პოდიუმზე გასასვლელად ემზადებოდი ამდენ ხანს? თუ ვერ ხვდები, რამდენად გაები... –  უთხრა ფანჯარასთან მდგომმა.
– რაშია საქმე? მე ჩემს სახლში...
– მომისმინე, ჯამლეთ აფაქიძევ,  –  ახლა მეორე, სავარძელში ფეხიფეხგადადებული ჯეელი ჩაერია საუბარში და სიტყვა მკვეთრად და უხეშად გააწყვეტინა: აქ სათამაშოდ არ ვართ და, მოდი, ეგრევე გაგიიასნებ სიტუაციას, რომ დრო არ დაიკარგოს. შენი შანტაჟი და გამოძალვის მცდელობა დაფიქსირებულია. „პრასლუშკაზე“ ხარ, მოკლედ და არ გინდა ფიცი-მტკიცი, თუ ძმა ხარ! ახლა დაჯდა და დაფქვა დეტალები –  ვინ, სად, როდის. გასაგებად ვმეტყველებ?
– მე რა, მე მხოლოდ გადავეცი, რაც დამაბარეს. მე აქ საერთოდ არაფერ შუაში ვარ, ძმაო!
– აქ შენი ძმა  არავინაა, ბიჭო! კაი ხვითო ხარ და თავის დაძვრენა არც იფიქრო! გიმეორებ:  ყველაფერი ჩაწერილია, თუ გინდა, მოგასმენინო?!  ჩაურთე ერთი ამ შნირს და მოისმინოს, –  სავარძელში მჯდომი ფანჯარასთან მდგომს მიუტრიალდა. ისიც უხმოდ დაიხარა, სავარძელზე გადაკიდებული პიჯაკის ჯიბიდან დიქტოფონივით რაღაც ამოიღო და... კარზე ზარიც დარეკეს.
– ვის ელოდები?
– რა ვიცი მე?! არავინ დამიპატიჟებია.
– ჰოდა, იჯექი გასუსული.
კარზე კიდევ დააკაკუნეს და მერე დააბრახუნეს კიდეც. ბოლოს მამაკაცის ხმამ დაიყვირა.
– ჯონდოია გლახა, ვიცი, რომ სახლში გდიხარ! გირჩევნია, გამიღო კარი, თორემ კარიანად ჩაგხსნი, შე ნაბიჭვარო!
– ოჰო, მარტო ჩვენ არ გვყვარებიხარ, აი! –  სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს, ცოტა შეფიქრიანდენ თითქოს და ბოლოს მან, ვინც იჯდა და განკარგულებებს იძლეოდა, ჯამლეთას უბრძანასავით:
– ადექი, გააღე კარი. ვნახოთ ერთი, კიდევ რა დედიშენისა გაქვს მიქარული.
საცოდავი სანახავი შეიქმნა ჯამლეთა. ერთბაშად ამდენი მოდავე და ყველა მის კართან?! მაინც რა დააშავა ასეთი?! არა, რა უსამართლოა ცხოვრება მისი მისამართით და ეგაა... კარისკენ გაემართა, მუხლებში ძალა გამოეცალა. გარედან ვინც ემუქრებოდა, ზუსტად იცოდა. აი, სახლში ვინ ეჯდა, დაახლოებით, ხვდებოდა. საინტერესოა, ახლა ერთმანეთთან რას მოიმოქმედებდნენ. ჰოდა, ასე –  ძალიანაც კარგი! ამ ტიპებთან ერთად ვერ გამირჩევს საქმეს ლევანო მოწმეების თანდასწრებით  და კი გადავრჩები... კარი ძლივს გააღო და ეგრევე  ბურთივით გადმოვარდა შუა დერეფანში. იქიდან მისაღებში შეგორდა ინერციით. კარის უკან მდგომმა ისეთი ხეთქა მკერდში, რომ ჯამლეთა სავარძელში მჯომის ფეხებთან დაეცა.
– სტუმრები გყოლია, ჩვენ უკაცრავად! მაგრამ მოგიწევს გარეთ გამოსვლა. თქვენ ხომ არ ხართ წინააღმდეგი, რომ... მოიცა, ლაშა?! ხომ არ მეშლება, ლაშა ლიპარტიანი. აი, შეხვედრა?! თბილისი პატარააო და აგერ დიდი რუსეთიც კი დავიწროვდა, –  დუდუ ლაშასკენ გაემართა. ლაშაც წამოდგა, გულღია ღიმილმა გაუნათა სახე ორივეს, თითქოს ჯამლეთას მისაღებში კი არა, სადმე, საქეიფო სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს.
– დუდუ, დუდუ დიდებულიძე! დიდებული კაცი! ვახ, აქ როგორ მოხვდი?! აბა, საქართველოსთან დიდი ხანია, გავწყვიტე კავშირიო? გადმოიტანე მაინც ბიზნესი?.. და აქ რას აკეთებ? ვატყობ, ეს ტიპი შენთვისაც ისეთივე საინტერესოა, როგორც სხვა ბევრისთვის.
– საქმეზე ვარ აქ, ლაშა და ახლა მეგობარს ამოვყევი, გაიცანით, ეს ჩემი ბავშვობის ძმაკაცია –  ლევანო ბერიძე. ეს კი, ჩემი ბიზნესნაცნობი და პარტნიორი –  ლაშა ლიპარტიანი. ლევანოს და მე ამ ნაბიჭვართან საქმე გვაქვს. და შენ აქ რას აკეთებ?
– იცნობდეთ, ჩემი ახლობელი და პარტნიორი ნოდარ ჭელიძე...
ამ სცენის მიმდინარეობისას ჯამლეთა ნაცემი ძაღლივით აიძურწა და მისაღები ოთახის კუთხეში, სავარძელში, ჩაიკეცა. თითქოს დაიმალა და საკუთარ სახლში კი არ იმყოფებოდა, არამედ უცხოდ და შორიდან ადევნებდა თვალყურს მის წინ განვითარებულ მოვლენას.
არც სხვები ამჩნევდნენ და მასზე ისე საუბრობდნენ, თითქოსდა იქ არც იმყოფებოდა. ჯამლეთა სრულად გამწარებული, დამცირებული და შეშინებული იჯდა. ტვინი გამალებით უმუშავებდა. ცდილობდა, თავი დაეძვრინა მოულოდნელად თავს დატეხილი სიტუაციიდან და ვერ ახერხებდა. მომხდურებიდან მხოლოდ ლევანოს ცნობდა. ლევანო ისეთი თვალებით ბურღავდა, ჯამლეთა მიხვდა, რომ არა დაუპატიჟებელი პირველი ორი სტუმარი, უკვე კარგა გვარიანად მიბეგვილ-მითეთქვილი ეყოლებოდა ირას ქმარს. მაგრამ ახლა რა მოხდება?! ახლა რა სვლას გააკეთებს ეს ლაშა? ლაშა ლიპარტიანიო, ხომ? ეს იმ აშარაშკას ქმარია... აი, თურმე ვინ დამადგა. ესე იგი, ცოლს აყურადებდა ეს ჩათლახი! არა, რა, მარინამ რომ ფულის გაყოფა მითხრა, უნდა მივხვედრილიყავი მე, სულელი, რომ საქმე მთლად მარტივად არ იქნებოდა! აბა, ის ქუჩის ქალი რამეს გამიყოფდა, ასე ადვილი რომ ყოფილიყო... ესე იგი, ისქესა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და მე გამომიყენა. მაცადე, შე ძუკნა, ფიქრობ, ახლა ხელს დაგაფარებ?! მაგრამ ისე უნდა მოვატრიალო ეს ამბავი, ყველა გავაცურო და არც ფული დავკარგო... რა კარგ დროს მოვიდა ეს აბდალა ლევანო. აი, მართლაც გამიმართლა და ეგ არის...
რამდენად გაუმართლა ჯამლეთას ეს რამდენიმე წუთში უნდა გაირკვეს, რადგან ლაშამ დუდუ გვერდზე გაიხმო და ხმადაბლა დაიწყეს საუბარი. ლევანოსთან პირისპირ დარჩენის პერსპექტივამ მთლად წაუხდინა ნირი ჯამლეთას, თუმცა იხტიბარს არ იტეხდა. განა რას მიზამენო, ფიქრობდა. ახლა მე ამათ ჭკუით უნდა ვაჯობოო. ამასობაში ლაშა და დუდუ მოტრიალდნენ, ხელი გაუწოდეს ერთმანეთს და დაემშვიდობნენ.
– აბა, აწი კარგ ამბავში შევხვდეთ! როგორც შევთანხმდით. წავედით, ნოდარ! შენ კი ცოტა მოსულიერებას გაცდი დღევანდელის შემდეგ და გინახულებთ, –  ლაშა და ნოდარი უხმოდ გავიდნენ. ოთახში მძიმე და დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა. ჯამლეთა მიხვდა, რომ ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენის შანსი მინიმალური ჰქონდა.
– აეთრიე, შე არამზადა და გამეცი პასუხი! როგორ გაუბედე ჩემს ცოლს! არა, რას გელაპარაკები, შე ახვარო, უნდა გაგხიო ლაჯზე, –  ლევანოს თვალები ჩაუსისხლიანდა და ხარივით დაებერა კისერი. დუდუ რომ არა, ჯამლეთას ნაღდად აუსრულებდა მუქარას. მაგრამ დუდუმ მკლავი დაუკავა და სავარძელში ჩასვა.
– ჯამლეთა, ხომ? მე დუდუ ვარ. მიცნობდე მაინც. ალბათ, მოგიწევს, უფრო ახლოსაც გამიცნო. მაგრამ მანამდე რაღაც უნდა გავარკვიოთ და მიპასუხე: რა საქმე გაქვს თეო ჯაფარიძესთან? და რა  ბოზი ქალივით ხმებს უყრი გოგოს?
– და შენ ვინ ხარ, რომ თეოზე მეკითხები?! –  ჯამლეთას უცბად გული მიეცა. მიხვდა, რომ ეს უცნობი, დაკუნთული ტიპი თეოს ედავებოდა! ეჭვის ჭიამ გულზე მწარედ უკბინა და შიშისგან მიბინდული გონება გაუნათდა –  დუდუ! აბა. რა?! ეს ის ვაჟბატონია, ის მისტიკური რომეო. უყურე შენ?! დაბრუნებულა და, ახლა ეს მაკლდა?!
– მე ვინ ვარ, ეგ შენი ერთი ადგილის საქმე არ არის! პასუხი გამეცი, ბიჭო, რეებს მიქარავ!? –  ისევ „ბიჭომ“ დაუწვა ყურები! ჯამლეთა აიჭრა. მოულოდნელად იშტაზე მოვიდა და საკუთარი თავისთვისაც გასაოცრად თამამი პასუხი დაახვედრა გაავებულ მომხვდურს: შენ არავინ გკითხავს, მე ვის და რას ვერჩი?! და, საერთოდ, შენ თეოს დიდი ხანია, არ აინტერესებ, აი, დიდი ხანია, რაც საყვარელი გაიჩინა...
– შე ნაბოზარო, ქალაჩუნა! –  დუდუმ მუშტი ქვემოდან ამოარტყა ჯამლეთას და თან, იმდენად სწრაფი და მკვეთრი მოძრაობით, რომ ვერც ჯამლეთამ და ვერც ლევანომ ვერ მოასწრეს დანახვა და გააზრება –  ჯამლეთა ისევ იატაკზე გაიშხლართა.
– მიმიშვი, თუ ძმა ხარ! რისთვისაც მოვედი, გამცეს ამ არაკაცმა პასუხი და მერე, თუ დარჩა სააქაოს, შენი იყოს. –  ლევანო ერთბაშად მომჩვარულ და ბედთან შეგუებულ ჯამლეთას დაწვდა და ფეხზე წამოაყენა, მერე ერთი წამით ცხვირწინ მიუტანა დასისხლიანებული თვალები და შუბლში მთელი ძალით ხეთქა თავი, –  ჯამლეთა ისევ ჩაიკეცა. ამჯერად კვნესა აღმოხდა და ზურგზე დაეცა. ლევანო ისევ დასწვდა. ისევ წამოაყენა და ისევ უთავაზა –  ამჯერად ჭიპთან ხეთქა აპერკოტი და მერე ყბაში ამოარტყა, როგორც დუდუმ. თუმცა ისეთივე მოხერხებული მოძრაობით ვერა, მაგრამ ჯამლეთას ეყო.
– იცოდე, ოდესმე რომ ირას სიახლოვეს შენი ლანდი დავინახო... არ გაცოცხლებ, შე ნაძირალა! და ილოცე, რომ არაფერი გაურთულდეს, თორემ ცოცხლად დაგმარხავ, გესმის?!..
– მორჩი, ეყოფა, ეს ცემის ღირსიც არ ჩანს. კაცი ხარ, ბიჭო თუ ჩმორი? გაანძრიე ხელი! წავედით აქედან, თორემ იტყვის, ორმა მცემაო. მოიფიქრე და გნახავ, სადაც გინდა, მე შენთან არ დამისრულებია. –  დუდუმ ზიზღნარევად შეხედა იატაკზე მოკეცილ ჯამლეთას და ლევანოს ოდნავ უბიძგა კარისკენ. მალევე გაიბრახუნეს და კიბეებს დაუყვნენ.
ჯამლეთა ცოტა ხანს ისევ იკრუნჩხებოდა ტკივილისა და ბოღმისაგან. არა, გაგონილა, ამ ბოზი ქალების გამო რა შარში გაეხვა?! ეს თეოს ბრალია ყველაფერი და ზუსტადაც რომ, მას უნდა გადაუხადოს სამაგიერო. დამაცადე, შე კახპა, ერთი არ იკმარე და ახლა მეორე „ლავე“ დაითრიე?! დამაცადე, რამეს მოვიფიქრებ და ისეთ შარში გაგხვევ, დღევანდელი ჩემი სისხლი სულ სიმწრის ცრემლებად უნდა ამოვიღო...
ჯამლეთა წამოდგა, ძლივს გაიშალა წელში და სავარძელში ჩაეხეთქა. მთელი სხეული უბჟუოდა, შუბლი სტკიოდა - ვახ, ეს ჩმორი ლევანო, ვინ იფიქრებდა, რომ ამხელა ძალა აქვს იმ გასიებულ გოგრაში?! ტუჩი გახეთქვოდა და სისხლი მის გაღეღილ, ბანჯგვლიან მკერდზე ვიწრო და დაკლაკნილ კალაპოტს იკვლევდა... კაი სანახავი კი ვარ, ალბათ, მაგრამ არაფერია! იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის და მე არ ვიყო ჯამლეთა აფაქიძე, თუ ყველას სათითაოდ არ განანოთ დღევანდელი საღამო....

                                                                   ის, რაც ძალ-ღონეს აღემატება
                                                            (მოქმედი პირები:ეკა, ლაშა, ვაჟა და გელა)

ლაშას ისევ ეძინა. იმ დივანზე, დიდ ოთახში, ბუხრის წინ. მთელი ღამე ისე ვყავდი ჩახვეული, ვერაფრით გავითავისუფლე თავი, თითქოს გრძნობდა, რომ აქედან გაქცევა მინდოდა. ან მე როგორ დავრჩი წუხელ?! არავინ ასე არ მომქცევია: არადა მეგონა, ყველა ჯურის ნაძირალას ვიცნობდი უკვე და ვერავინ ვეღარაფერს მატკენდა. არა! რას ვიტყუებ თავს –  ამას არაფერი დაუშავებია: მე დავუშავე ჩემს თავს. მხოლოდ მე! რატომაც არ მიხმარდა ვითომ?! ლამის ძალით ჩავუგორდი ლოგინში და ჩათვალა, რატომაც არაო?! მძულს ეს სიტყვა, მაგრამ ზუსტადაც მიხმარა, მიხმარა, როგორც ერთი ვიღაც ქუჩის უპატრონო ქალი! სუტენიორიც რომ მყოლოდა, ამას ვერ გაბედავდა! და მე იმის იმედი მქონდა, რომ ეს დამიცავდა?! –  ცრემლები თავისთავად მოდიოდა თვალებიდან და ეს უფრო მამწარებდა: ვერ ვხსნიდი, რა მატირებდა, რატომ არ გავრბოდი აქედან, რატომ არ ვაღვიძებდი და რატომ არ ვეუბნებოდი იმას, რასაც საკუთარ დედასაც კი ვეტყოდი, ამის მეათედადაც რომ დავემცირებინე და ეტკინა ჩემთვის?! ღმერთო, ასეთი უთავმოყვარეო ვარ სინამდვილეში?! ასეთი მონა?! ასეთი საწყალი?! არადა მის თვითშეფასებას აქვე ვაქცევდი ნაცარტუტად! ვაქცევდი რა, მეგონა, რომ შემეძლო, ნებისმიერისთვის მომეგრიხა კისერი. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ მეგონა. არადა ლამის მთელ სამყაროს ჭკუას ვასწავლიდი. უნდა წავიდე აქედან!!! სასწრაფოდ!
საკუთარ თავს უფრო გავურბოდი, იმიტომ რომ, ამ კაცს წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა. და ის… ამის… ვინცაა?! ის რომ ეხებოდა, თურმე, ეს მერე რა –  არა?! და ეს რომ იმას ეხებოდა და ხომ წარმომიდგენია, ის შალავა რას იზამდა ან ეს რას იზამდა იმასთან?! –  ამის წარმოდგენამ კიდევ უფრო გამამწარა.
როგორც კი თავის გამოთავისუფლებას ვცდლობდი, ლაშა ხელებს უფრო მაგრად მიჭერდა. უცებ ჩემი ძმა მომენატრა. როდესაც მეშინოდა, დედასთან კი არა, მასთან მივრბოდი და ვეხუტებოდი ხოლმე: გულზე დავადებდი თავს, გული ყოველთვის მშვიდად და მონოტონურად უცემდა. ლაშას გული არეულად უცემდა: ხან ჩქარა, ხან შენელებულად.
თანაბრად რომ დაიწყო სუნქვა. მივხვდი, რომ ღრმად დაეძინა… თავი ფრთხილად გავითავისუფლე მისი მკლავებიდან და გარეთ ფეხაკრეფით გავედი. მანქანა რომ დამექოქა, ხმაზე გაეღვიძებოდა. ამიტომ ტაქსის გამოძახება გადავწყვიტე. ჭიშკარი ფრთხილად მივხურე, მხოლოდ ერთხელ გაიჭრიალა ხმადაბლა.
საკმაოდ უკაცრიელი ადგილი იყო, ამიტომ ჭიშკარს არ მოვშორებივარ. იქვე, სიახლოვეს, დავდექი. ბინდბუნდში შორიახლო მანქანა დავლანდე და სილუეტიც, რომელიც მანქანიდან გადმოვიდა და ჩემკენ გამოემართა. ერთ ხანს ვიფიქრე, ისევ უკან შევტრიალებულიყავი. მაგრამ ნაცნობივით ხმა მომესმა: ქალბატონო ეკა, რამე ხომ არ გიჭირთ?
რა თქმა უნდა, ვაჟას მოთვალთვალე იყო! ამიტომ უკან დაბრუნება გადავიფიქრე. მეტიც, ჭიშკარს მოვშორდი, რომ ლაპარაკის ხმაზე ლაშას არ გაღვიძებოდა. გარშემო სამარისებური სიჩუმე იდგა.
–  არა, გმადლობ, ტაქსის ველოდები. რატომღაც, აგვიანებს. აქ რას აკეთებ? –  არადა, არათუ ტაქსის გამოძახება, ტელეფონის ჩანთიდან ამოღებაც ვერ მოვასწარი.
– მეგობართან ვიყავი, თქვენ დაგინახეთ და… –  მეუცნაურა, სახლები ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით იდგა და ვერც მანქანის ძრავის ხმა გავიგონე, რომ გამოვედი. ეს არამკითხე მოამბე კი აგრძელებდა: დაბრძანდით, მიგიყვანთ, სადაც მიდიხართ. ამ ღამით აქ ხომ ვერ დაგტოვებთ, ბატონი ვაჟა ამას არ მაპატიებს.
რაღაც არ მომწონდა ამ ტიპში. ადრეც არ მეხატებოდა გულზე, თუმცა მხოლოდ 2-3-ჯერ მყავდა ნანახი. ვერ დავადგინე, რისთვის იყენებდა ვაჟა, მაგრამ უსიამოვნო ნალექი კი დამიტოვა ყოველთვის, როცა შემთხვევით გადავეყარე, მიუხედავად იმისა, რომ ხაზგასმული პატივისცემით მექცეოდა. სახელს ვერ ვიხსენებდი. თითქოს მიმიხვდა.
– გელა, ქალბატონო ეკა, გელა. თქვენ ხომ ჩვენნაირებს არასდროს იმახსოვრებთ? –  არა, ეს ტიპი არ მომწონდა და იმაშიც კი შემაპარა ეჭვი, რომ ნამდვილად  ვაჟამ გამოუშვა ჩემს სათვალთვალოდ. მაშინ ამდენს როგორ ბედავდა?! გადავწყვიტე, შემემოწმებინა.
– გელა, თქვენთან რა მაქვს დასამალი: ტაქსის კი არა, ვაჟას ველოდები, –  და ვითომ უხერხულად გავიცინე.
– ვაჟას არ ელოდები. ვაჟას ახლა სძინავს. მხოლოდ ჩემს ზარზე გაიღვიძებს, რომ ვაცნობო, ვისთან ჟიმაობ.
– გააგრძელე თვალთვალი, ეგ უფრო გიხდება. და ეცადე, გაიზარდო, რომ ხელის ბიჭობას გასცდე. და ლაპარაკი ისწავლე კიდევ, მაინც ორ ფეხზე დგახარ და მეტყველების უნარიც მოგცა გამჩენმა, ამას მაინც ნუ გაანიავებ.
– გადაღებაც დამავალა, –  თან, ნელი ნაბიჯით მოდიოდა ჩემკენ, მაგრამ მოძრაობის მიმართულება მეც შემაცვლევინა, რომ სახლისკენ არ წავსულიყავი. მეც უკან-უკან ვიხევდი, ოღონდ შიშის გამო არა, არ მსიამოვნებდა ამ ტიპთან ახლოს ყოფნა.
– არ უსწავლებიათ, რომ სხვების ჩუმად ჭიტინი კაცის საქმე არ არის? –  ჩემს თავზე გავბრაზდი, ამ ტლუმ როგორ უნდა შემაშინოს-მეთქი და ადგილზე დავდექი.
– მე შენ დედოფალი მეგონე და კახპასავით კი წამოგაქციეს. მოდი, ასე შევთანხმდეთ: მე ამ ჩანაწერს წავშლი, ბოსს ვეტყვი, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ შენ მადლიერების ნიშნად აგერ, ვაჟას მანქანაშივე… –  მერე არ მახსოვს, რა თქვა, ერთი ხელი წამატანა, მეორე პირზე ამაფარა და მანქანისკენ წამათრია. ყვირილს ისედაც არ ვაპირებდი: ძალას დამაკარგვინებდა, თუმცა ამას მე აშკარად ვერ მოვერეოდი, მაგრამ ხომ დავიყვირებდი მაინც?!
ისევ არ შემშინებია, რაღაც უცნაური, კმაყოფილებისმაგვარი განცდა დამეუფლა: ორივე მიიღებდა თავის გაკვეთილს: ერთი –  ჩემი თვალთვალისა და ცილისწამებისთვის (არც კი მინდოდა იმის წარმოდგენა, რა უთხრა ლაშას ჩემზე!) და მეორე იმისთვის, რომ შნო არ ეყო, ვინც იმსახურებდა, იმაზე ეყარა ჯავრი და ყველას ბოღმა ჩემზე ამოანთხია, თავისი იაფფასიანი ცოლისაც კი! დიახ, ორივე იმსახურებს, რომ აი, ამანაც მიხმაროს! მაგრამ მე?! მე ვიმსახურებ ამას?!
მანქანის უკანა სავარძელზე დამაგდო, პირზე ხელი ამაფარა, მარჯვენა მხარით ცალი ხელი გამიკავა და მეორით ჩემი შარვლის გახსნას შეეცადა. რაც ძალი და ღონე მქონდა, ავფართხალდი და მარჯვენა, თავისუფალი ხელის ფრჩხილებიანი თითები პირდაპირ საძილე არტერიაში ჩავასე, ამიტომ პირზე აფარებული ხელი ამიშვა, ჩემი ორივე ხელი თავის ერთ ხელში მოიქცია. ბედად იმ ჩემი შარვლის ელვას ასე მარტივად ვერ გახსნიდა და ვერც იოლად გამხდიდა. ხმას ისევ არ ვიღებდი, ძალას ვუფრთხილდებოდი და, როგორც შემეძლო, ისე ვუწევდი წინააღმდეგობას. იქნებ, სასწაული მომხდარიყო და თავი დამეღწია. ერთი ის იყო, რომ ვერ ვსუნთქავდი, იმიტომ რომ, მთელი ძალით მაწვებოდა ზემოდან გულზე, ჩემს ძვლებს ტკაცა-ტკუცი გაჰქონდა და სულიც მეხუთებოდა, თან, მისი სუნი გულს მირევდა. ვგრძნობდი, რომ გონებას ვკარგავდი…
***
თვალები რომ გავახილე, ისევ დივანზე ვიწექი. რაღაც ხმები მესმოდა ყრუდ. ისევ დავხუჭე თვალები. ყველაფერი გამახსენდა და მაშინვე ხელით მოვსინჯე, შარვალი მეცვა თუ არა. მეცვა. ელვაც შეკრული იყო. დამესიზმრა?! თავის წამოწევა ვცადე, მაგრამ კისერში მწარე ტკივილმა დამიარა, თვალები გავახილე და ლაშას დაფეთებული სახეც დავინახე: ნუ გაინძრევი, უბრალოდ დაგეჭიმა კისერი, თავი გედო ცუდად. იწექი. ძალიან გტკივა? –  მეგონა, სადაცაა ატირდებოდა.
– უნდა წავიდე, –  ისევ ვცადე წამოდგომა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3