კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორ შოულობდა საჭმლის ფულს პაატა გულიაშვილი თბილისში გადმოსვლის პირველ წლებში და რატომ იპარავდნენ ის და ბესო ზანგური რესტორნიდან ჭურჭელს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

„მამა... მენატრები... ვიპოვი, ალბათ, სადმე მიგდებულ, უპოეტოდ დარჩენილ კალამს და მერე ნახე, მოვყვები ამბებს, თუ როგორ ვნახე სიზმარში მამა“, – ეს ნაწყვეტია პაატა გულიაშვილის ლექსიდან, რომელიც მამას მიუძღვნა.
პაატა გულიაშვილი:
7 თებერვალს მამას დაბადების დღე იყო. სამოცი წლის გახდა და გარდაიცვალა. თელავის თეატრის მსახიობი გახლდათ. როცა სამსახიობოზე ჩაბარება გადავწყვიტე, მითხრა, რომ არ მირჩევდა ამ გზის არჩევას. ამ საქმეს არასდროს ექნება დაფასება ჩვენს ქვეყანაშიო. ფინანსურად ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან მსახიობები. პირდაპირ ვთქვათ, ამ პროფესიით პურის ფულის შოვნაც კი ძალიან რთულია. უნდა მიხვდნენ, რომ ბევრი რამ შეიცვალა, რაღაცები წინ წავიდა და აუცილებელია, ხელოვანი ადამიანების ხელფასების გაზრდაზეც იფიქროს ვინმემ, რომ საარსებო წყარო მაინც ჰქონდეთ. მაგრამ მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მთლად საოცრება ხდებოდა. ბინა არ მქონდა, შუქი არ იყო, ფეხით დავდიოდით, ხან რომელ მეგობართან ვცხოვრობდი, ხან – რომელთან. ძალიან მიჭირდა. არ იყო საჭმელი და ტანსაცმელი. ცოტა ხნის წინ ჯგუფელები შევიკრიბეთ. იხსენებდნენ: გახსოვთ, ერთი „პლიტა“ რომ გვქონდა, ხელებსაც იქ ვითბობდით და პურსაც მასზე ვხუხავდითო. მე არ მახსოვდა, საერთოდ, სად იყო პური და მერე გამახსენეს, რომ ერთ-ერთის მამა სადღაც მუშაობდა და მართლა მოჰქონდა ხოლმე პური. ვსვამდით ძალიან მაგრად, ლოთობის უბედური პერიოდი იყო. კონიაკი ორმოცდაათი თეთრი ღირდა. კაცმა არ იცის, რას გვასმევდნენ. ერთ ჭიქას რომ დალევდი, ბრმავდებოდი. მაშინ ყველა ასე იყო, სხვა რა უნდა გექნა? არანაირი სამსახური არ არსებობდა. ერთ-ერთმა ბანკმა თოვლის ბაბუებად აგვიყვანა საახალწლოდ და ფეხსაცმლის ფული ასე მოვაგროვეთ. ერთი ბოთლი ტყემალი ცხოვრებას უდრიდა. თუ ჩემები მოახერხებდნენ და კახეთიდან ქათამსა და ყველს გამომიგზავნიდნენ, მთელი ჯგუფი ერთად ვჭამდით. ვახო ჩაჩანიძე, თამუნა ნიკოლაძე, ვასიკო ოდიშვილი – იმ ადამიანებს გითვლით, ეგრევე რომ გაგახსენდებათ. ძალიან ვწვალობდით. დამთავრების შემდეგ თელავში დავბრუნდი და ორი წელი იქ ვიყავი. მაგრამ, მივხვდი, რომ იქ აბსოლუტური ჭაობი იყო, არაფერი ხდებოდა. მუშაობის მუღამი არ მქონდა, მაყურებელი არ დადიოდა სპექტაკლზე. მერე მონო-სპექტაკლი გავაკეთე და რუსთაველზე, სარდაფში ვითამაშე. ჭოლას მოეწონა და რეპერტუარში დატოვა. ნელ-ნელა აქაურ თეატრებში დავკავდი და აქეთ გადმოვედი. მამაჩემი აქ წამოსვლის წინააღმდეგი იყო. სად, როგორ, ვისთანო, – მეუბნებოდა. პატრონი არასდროს მყოლია. მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ამის გარეშე რამის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა. დეიდა ცხოვრობდა რუსთავში და იქიდან დავდიოდი თბილისში. საბედნიეროდ, ავცდი ნარკომანიას და ქურდობას, რაზეც განსაკუთრებით ღელავდა. მერე მაღაზიას მოაბა თავი, გადარჩენის ინსტინქტმა ყველაფერი ასწავლა და მაშინ ოდნავ შვება ვიგრძენი. აქ ბინის ქირის გადახდაზე არცაა ლაპარაკი, მაგრამ რაღაც თანხის გამოგზავნას ახერხებდა. მეც მაგრად ვმუშაობდი.
– არა მხოლოდ საკუთარი პროფესიით?
– ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი განხრით მეპოვა საქმე, მაგრამ  რაც შეეხება ფიზიკურ მუშაობას, კი ბატონო. ვაგზალზე მატარებლიდან ფქვილის „მეშოკებს“ ვტვირთავდი ღამით. ეს ჩემთვის საარსებო წყარო იყო. მაგრად მერიდებოდა, მაინც ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი. ახლა შვილსაც ვეტყვი, რომ ამაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ მაინც მქონდა ეს მომენტი. ბოთლების ჩაბარება ხომ, ძალიან ჩვეულებრივი თემაა. თუმცა, არასდროს მიფიქრია, რომ პროფესია შემეცვალა. ბევრი გზას აცდა და ნარკომანიისკენ წავიდა. არ მიზიდავდა ასეთი თემები. კი ბატონო, „პლანი” მომიწევია, ეგ პერიოდიც იყო, მაგრამ სერიოზულ „წამალთან“ შეხება არ მქონია. არ მომწონდა, მაშტერებდა და ვერ შევეგუებოდი ასეთ მდგომარეობას. ქურდობაზე ხომ, საერთოდ – არასდროს მომიპარავს, თუ მაინცდამაინც გინდა, გითხრა, ბენზინი – კი ბატონო, მომიპარავს. ამოგვიღია ბიჭებს სხვების ბაკიდან, ჩვენსაში რომ ჩაგვესხა და გოგოები „გვეკატავებინა”.
– ამ გაჭირვებაში რომ ოჯახის პასუხისმგებლობა გემატება?!
– 26 წლისამ მოვიყვანე ცოლი. ხომ ვერ დაველოდებოდი, როდის ავიწყობდი ცხოვრებას. ძალიან ვაწვალე ნინო, მაგრამ ახლა, სულ ვცდილობ, ის პერიოდი გამოვასწორო. ქირიდან ქირაში გავაწამე. მერე ფეხმძიმობა და მთელი ამბები. ძალიან ცუდი დრო იყო. მახსოვს, მე და ბესო ზანგური რუსთავში რესტორნიდან ვიპარავდით ჭურჭელს, იმიტომ რომ, სახლში არ გვქონდა და საჭმელი რამეზე ხომ უნდა გვეჭამა?! მერე გიორგი შაუტაშვილმა მითხრა, რომ რუსთაველის თეატრში სპექტაკლი იდგმებოდა. მთავარ როლზე მინდა დაგაკავო, სამას ლარს გადაგიხდით და სამგზავრო ტალონებს მოგცემთო. შესაძლოა, სტურუაც მოვიდეს სპექტაკლზეო. ერთ დღეს მართლა შემოვიდა სტურუა შემთხვევით. იღბალი არ არის ეს? ის, რაზეც მამაჩემი ნერვიულობდა და არ ჰქონდა, რასაც მსახიობის იღბალი ჰქვია, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. რუსთაველის თეატრზე არც ვფიქრობდი, აქ ვინ მომასუნინებდა. დაიწყო რეპეტიციები სტურუასთან. ოჯახში რომ დავრეკე, გაგიჟდნენ სიხარულით. ცოტა ხნის წინ, რობიკომ მითხრა: თელავში სულ სამჯერ ვიყავი დაკრძალვაზე, ერთი მამაშენის იყო, სხვა შემთხვევაში, არ ჩავიდოდიო. მოკლედ, გავაცანი ერთმანეთს და ძალიან დამეგობრდნენ. მამამ მითხრა: აუცილებლად აგიყვანსო. მაგრამ, მე მაგრად მაწვალა, ჩვენი „სასტავიდან“ ყველაზე ბოლოს მე ამიყვანა. კარგად მანერვიულა, გამათეთრა (იცინის). რეპეტიციებზე რაღაცას ვერ ვაკეთებდი და მითხრა: ბიჭო, გიყურე და ვიცი, აკეთებ, ახლა რა გჭირსო? მე ვუთხარი, ორი კვირა არ დამილევია და ეტყობა, გამომეწურა ტვინის უჯრედი-მეთქი. ნომერი გამომართვა და მერე მომწერა: წამოდი, შევავსოთ საღამოს შენი ტვინის უჯრედიო. თან, მომწერა, ვინც უნდა წამეყვანა და წავედით. იქ თქვა, რომ რამდენიმე ბიჭისა და გოგოს აყვანას აპირებდა. დავიწყეთ დათვლა, ვინ იქნებოდა მის ხუთეულში. აიყვანა ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, მაგრამ მე არა. არადა, კი სვამს ჩემთან ერთად. ვფიქრობ, რას მიშვრები, კაცო?! ძალიან ვნერვიულობდი. იმ პერიოდში მონო-სპეტქტალს ვთამაშობდი „თავისუფალ თეატრში“ და მოვიდა იქ ჩემს სანახავად. მაშინ უკვე მოძლიერებული იყო ჩემი ოჯახი და კახეთიდან პურ-მარილი მქონდა ჩამოტანილი. სპექტაკლის შემდეგ უნდა „გვეშარაფა,“ ავთო ვარსიმაშვილის ჯგუფთან ერთად. სტურუა მეუბნება: წამოდი ჩემთან ერთად, დავლიოთო. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. უყურებ კაცს – რუსთაველის თეატრი გელაპარაკება, მაგრამ ძალიან ცუდად გამომდიოდა და ვუთხარი: ვერ წამოვალ, თქვენ დარჩით-მეთქი. არ არის პრობლემაო, მითხრა და წავიდა. მოვიკალი თავი, ნეტა, გავყოლოდი, დამერხა-მეთქი. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ცოტა ხანში დამირეკეს და მითხრეს, შტატში აგიყვანათ სტურუამო. ეს იყო 350 ლარი ხელზე და 100 დოლარი – ბიძინა ივანიშვილის. ცხრაჯერ ვითვლიდი აღებულ ხელფასს (იცინის). მაშინ 80 დოლარად ვიქირავე ბინა და რუსთავიდან თბილისში გადმოვედით. ვიყიდე ტელევიზორი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. რუსთაველის თეატრმა ძალიან ბევრი რამ შემძინა. მალე დაიწყო ტელევიზიის ეტაპიც. ჩემი ცხოვრება სიკეთისკენ მომენტალურად შემობრუნდა. მერე ქვრივიშვილმა ჩამრთო სერიალში, რომელშიც ერთი წლის განმავლობაში მუნჯურად დავდიოდი. პირველ ჯერზე ყველა ნათესავს დავურეკე, მნახეთ-მეთქი, მაგრამ ისე პატარა სცენა მქონდა, ზოგმა იმ დროს დაახამხამა თვალი და ვერც მნახა ტელევიზორში. კარგად მიხდიდნენ ფულს და ძალიან მიხაროდა. არ იცით, ეს რა ბედნიერება იყო მამასთვის. მაგრამ, მოლაპარაკე ტიპი არ იყო, არ დამიჯდებოდა და ამ ყველაფერზე არ დამიწყებდა საუბარს, თუმცა, ყველაფერს კარგად ვგრძნობდი.
მას, ალბათ, კიდევ სხვანაირად უხაროდა ეს წარმატება.
– მისი ოცნება რუსთაველის თეატრის სცენა იყო. მესმის, რომ ეს ყველა არტისტს უნდა, მაგრამ მას – განსაკუთრებულად, რაც აუხდენელი აღმოჩნდა. ვგრძნობდი, რომ ჩემ გამო ძალიან ბედნიერი იყო. ცუდად რომ გახდა და მისი პრობლემები შედარებით მარტივად იჭრებოდა, რადგან უკვე ჩემი სახელი ჭრიდა, უბედნიერესი იყო.
– ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა.
– მამა თელავის თეატრში, სცენაზე გარდაიცვალა. რაღაც თეატრალური კონფლიქტი იყო. ამაზე აღელდა, ინერვიულა და გული გაუსკდა. პირადად მას არ ჰქონია კონფლიქტი, ზოგადად, თეატრს ეხებოდა საქმე. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია. ის სცენა მერე დაანგრიეს და მე აღვადგინე. მიმაჩნია, რომ მამაჩემმა ყველაფერი გააკეთა საყვარელი საქმისთვის. ჩემმა ოჯახმა თელავის თეატრისთვის, პირდაპირი მნიშვნელობით, მსხვერპლი გაიღო. ამიტომ სიამაყის გრძნობა მაქვს. მამაჩემი ერთადერთია, რომელმაც საკუთარ საქმეს ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა. ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი რამ ამ თეატრის კედლებში დადო და მას დაუტოვა. სახლში იყო, წვეთოვანები ედგა და მოიხსნა, რომ თეატრში წასულიყო. კათეტერი ისევ ხელში ედგა, თეატრში მოვიდა. თავისი სიყვარული და სიცოცხლე ამ თეატრისთვის გადადო.
– ადამიანის გარდაცვალების პარალელურად, ცუდად ჟღერს, მაგრამ იყო ლაპარაკი სკანდალებზე, რომელიც თითქოს დუტას უკავშირდებოდა.
– დუტა პანაშვიდებს იღებდა ჩემთან ერთად. ის თეატრის ხელმძღვანელი გახლდათ. ჰქონდა პრობლემები რამდენიმე ადამიანთან. დასის შეკრებაზე დაძაბული საუბარი ჰქონდა სხვა პიროვნებასთან. მერე, როცა მამა სიტყვით გამოვიდა, იმ მომენტში გაუსკდა გული. დუტა გადმოხტა და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. მამაჩემი სიტუაციას შეეწირა, მაგრამ მერე, ბევრი კუდი გამოება. დედაჩემი ესწრებოდა ამ ყველაფერს. ის ისეთი ქალია, იქ რომ რამე რიგზე არ ყოფილიყო, მე არ დამიცდიდა. მაგრამ, თვითონ მითხრა: ახლა შენ მილიონ რამეს გეტყვიან, მაგრამ მე იქ ვიყავი და არაფერი დაიჯერო, ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. ცხელ გულზეც და დაწყნარებულზეც მითხრა, მას საერთოდ ხმა არ აუწევია, დუტა საერთოდ არაფერ შუაში იყო ამასთანო. წინა დღეებში მელაპარაკებოდა, მამაჩემის სამოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, როგორი აფიშა უნდა გავაკეთოთო. მას სხვასთან სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა თეატრში და იცით კიდეც, რომ გამოუშვეს. მაგრამ ეს სხვა ამბავია. ხალხის გამობმული კუდებით ჭიანჭველა სპილოდ იქცევა და კარგა ხანი არ ცხრებოდა ეგ ამბავი. ხალხი პანაშვიდზე რომ მოდიოდა და ხედავდნენ, გვერდით მედგა, გაოცებულები გვიყურებდნენ. არ არის ასე, ადამიანს თავის ცოდვები ეყოფა, კიდევ რომ არ დაუმატო და ეს ის თემა არ არის, ასე, ხელაღებით რომ რამის მტკიცება დაიწყო. ასე რომ, ეს ჩავლილი ამბავია.
скачать dle 11.3