კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 სატყუარა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #7-10 (897)



„გრუს“ თადარიგის პოლკოვნიკს აზრი არ ჰქონდა დასრულებული, რომ მძღოლმა სახეში რაღაც მძაფრი სითხე შეასხა პულვერიზატორიდან და გონება დააკარგინა...
მენაბდემ რომ თვალი გაახილა, მიმოიხედა და მის წინ მდგომი ორი, ოცდათხუთმეტიოდე წლის ათლეტი დაინახა, რომელთა შორის ერთ-ერთი ტაქსისტი იყო. ჯაბა საშუალო ზომის სუფთა სარდაფში იმყოფებოდა, რომელსაც ფანჯრები არ  ჰქონდა. ჭერზე კი მძლავრი, სამასვატიანი ნათურა იყო დამაგრებული. მისი შუქი თვალებს ჭრიდა გატაცებულ მენაბდეს. ჯაბა რკინის მომრგვალებულ სკამზე იყო ხელ-ფეხით ბორკილებით მიბმული. თავი უბრუოდა და ცხვირში წვას გრძნობდა. მან ღრმად ამოისუნთქა და იკითხა:
– სად ვარ?
– ოჰო, ჩვენმა გმირმა თვალი გაახილა, – თქვა „ტაქსისტმა“ და მეორეს უთხრა:
– „სტიოპასა“ და ბიჭებს დაუძახე.
ორიოდე წუთის შემდეგ სარდაფში კიდევ სამი მამაკაცი შევიდა. ორი მათგანი ოცდათხუთმეტიოდე წლის იქნებოდა. მესამე კი – ორმოცი-ორმოცდახუთისა და ეტყობოდა, ის იყო უფროსი. „სტიოპაც“ სწორედ მას ერქვა. ის ჯაბას მიუახლოვდა. ორიოდე ნაბიჯით წინ გაჩერდა და რუსულად უთხრა:
– მე სტეპან ვასილიჩს მეძახიან. შენ კი, თუ არ ვცდები, „გრუს“ პოლკოვნიკი ჯაბა მენაბდე ხარ.
– არ ცდებით, ნამდვილად ჯაბა მენაბდე ვარ, „გრუს“ ყოფილი პოლკოვნიკი, – მიუგო ჯაბამ სტეპან ვასილიჩს გამართული, უაქცენტო რუსულით.
– „გრუსა“ და „კაგებეში“ ყოფილი ჩინი არ არსებობს. მკვდარიც კი არ არის იქ ყოფილი, – ირონიის გარეშე თქვა „სტიოპამ“ და დააყოლა, – ამაზე შენი უაქცენტო, სუფთა რუსულიც ნათლად მეტყველებს.
– რა გნებავთ, რატომ გამიტაცეთ, – იკითხა ჯაბამ. „სტიოპამ“ კი მწველი მზერა მიაპყრო მენაბდეს და უთხრა:
– გამოცდილი, სერიოზული კაცი ხარ და მიკიბ-მოკიბულს არც დაგიწყებ და არც მოტყუვდები. ამიტომ პირდაპირ გეტყვი, გადაწყვეტილება კი შენ მიიღე.
– გისმენ, აბა, თქვით, – თქვა ჯაბამ.
– ჩვენ, როგორც, ალბათ, უკვე მიხვდი, რუსები ვართ – „გრუს“ თანამშრომლები და თქვენი კოლეგები. აქ კი იმიტომ მოგიყვანეთ, რომ მშვიდ გარემოში განგიმარტოთ ჩვენი მიზანი. მშვიდად მოგელაპარაკოთ და იმედია, დაგვთანხმდებით, – „სტიოპამ“ პაუზა გააკეთა და ჯაბას თვალი თვალში გაუყარა. მენაბდემ ირონიულად უთხრა:
– გისმენთ. განაგრძეთ მშვიდ გარემოში თქვენი მიზნის განმარტება.
– ჩვენი მიზანია, რომ სირიაში ამერიკელების აგრესიას ბოლო მოვუღოთ. შენ კი ამაში უნდა დაგვეხმარო.
– ვერაფერს ვხვდები,–  ჩაეცინა ჯაბას, რომელსაც უკვე საკუთარი აზრი ჰქონდა იმაზე, რაც იმწუთას ხდებოდა სარდაფში.
– რას ვერ ხვდები?
– რა ამერიკულ აგრესიაზეა ლაპარაკი და მე როგორ უნდა დაგეხმაროთ? – იკითხა ჯაბამ.
– ამერიკელები ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, ავიადარტყმებს ახორციელებენ სირიაში, რომლის მიზანიც კანონიერი მთავრობის დამხობაა. ამას კი უამრავი უდანაშაულო ადამიანი ეწირება. იქ ვართ ჩვენ, რუსებიც და ვიცავთ ამ ხალხს. იქაა ამჟამად ჯიმშერ ბუზოღლიც, თავის მებრძოლებთან ერთად. შენ მის გასანადგურებლად გაგგზავნიან  და ჩვენ გვინდა, რომ გადასცე, იქაურობა დატოვოს. ჩვენ ყოველმხრივ დავეხმარებით.
– თქვენ თვითონ რატომ არ ეტყვით ამას?
– არ გვიკარებს და იმიტომ.
– მე რა შუაში ვარ. ბუზოღლიზე აქედან როგორ უნდა მოვახდინო გავლენა?
– გეყოფა, პოლკოვნიკო მენაბდე. ჩვენ ყველაფერი ვიცით შენი მისიის შესახებ. სატყუარა ხარ და მეტი არაფერი. ამერიკელები შურისძიებისთვის გიყენებენ. შენ განწირული ხარ და არც შენს ცოლ-შვილს ჩართავენ ბიუროს პროგრამაში, რასაც ასე სიტყვაწყლიანად გპირდებოდა ჯიმი კლარკი ამ ერთი საათის წინ.
ჯაბას ჩაეცინა და ჩაილაპარაკა: „რაღაც აბსურდია ეს“.
– გიკვირს, არა, პოლკოვნიკო, თუ საიდან ვიცი ეს დეტალები? – თქვა „სტიოპამ“ და დააყოლა, – ჯერ კიდევ გყავთ ქართველებს ნამდვილი პატრიოტები, ვინც შავს თეთრისგან არჩევს და ამერიკელების ლაქიაობაზე უარს აცხადებს. სწორედ მათგან ვიცით ეს ყველაფერი.
– რაღაცას ბოდავთ, – მიუგო ჯაბამ.
– სულაც არა, – ჩაეცინა „სტიოპას“, – შენი ცოლ-შვილი, რომლის დაცვასაც შეგპირდა კლარკი, მიზანში გვყავს ამოღებული და მათი სიცოცხლე შენს თანხმობაზეა დამოკიდებული. ასე რომ, აირჩიე.
– როშავთ რაღაცას.
– პოლკოვნიკო, შენ ხომ კარგად იცი, რომ რაც მოგიყევი, სიმართლეა. ბავშვობას მოეშვი და ცოლ-შვილზე იფიქრე. ამერიკელებსაც ხომ მხოლოდ ელენესა და თოკას გამო დასთანხმდი ამ ავანტიურაზე.
ჯაბამ პაუზა გააკეთა და „სტიოპას“ უთხრა:
– დავუშვათ, დაგეთანხმეთ. ხომ შეიძლება, მოგატყუოთ და ყველაფერი ამერიკელებს ჩავუკაკლო?  ჩემი ცოლ-შვილი ამერიკელების კონტროლქვეშაა. ისინი რომც მოიტაცოთ და მძევლად აიყვანოთ, ხომ ყველაფერი გაირკვევა და ეს ოპერაციაც თავისთავად ჩაიშლება? ასე რომ, სუფთად ვერ მუშაობთ.
– სუფთად ვმუშაობთ, პოლკოვნიკო, სუფთად. იმაზე უფრო სუფთად, ვიდრე გგონია. შენს ცოლ-შვილს ჩვენმა აგენტმა სპეციალური ვაქცინა შეუყვანა სხეულში და თუკი ერთი თვის განმავლობაში კონტრვაქცინას არ გავუკეთებთ, მოულოდნელად გარდაიცვლებიან ამ ვადის გასვლისთანავე. ასე რომ, დაგვთანხმდი. ამერიკელებს კონტრვაქცინა არ აქვთ და ეს ამბავი რომ „გააბაზრო“, შენს ცოლ-შვილს გაწირავ. ახლა გასაგებია ყველაფერი?
– ცრუობთ. მაშინებთ.
– რაში გვჭირდება. დამშვიდდი.
 ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე და გადაწყვეტილება ისე მიიღე.
– ამხსენით, – თქვა ჯაბამ.
მენაბდეს ხელბორკილები  მოხსნეს. ჯაბამ ღრმად ამოისუნთქა და „სტიოპას“ უთხრა:
– თანახმა ვარ. რა უნდა გავაკეთო?
– ყოჩაღ, პოლკოვნიკო. აი, ასე არ ჯობია? ახლავე შეგიყვან ყველაფრის საქმის კურსში.
– ცოტა სული მომათქმევინეთ. სიგარეტი მომაწევინეთ, – უთხრა ჯაბამ „სტიოპას“.
– აი, ინებე, – „სტიოპა“ ჯაბას მიუახლოვდა და „მარლბოროს“ კოლოფი გაუწოდა. მაგრამ, მენაბდემ ქამარში გარჭობილი „ბერეტას“ სისტემის პისტოლეტი ამოაცალა. მომენტალურად გადატენა და ჯერ „სტიოპას“ სთხლიშა ტარი და იქვე გათიშა, შემდეგ მოდუნებულ „სტიოპას“ ხელქვეითებს ფეხებში დაუშვა ტყვიები და ისე დაყარა ოთხივე იატაკზე, რომ იარაღისკენ ხელის წაღებაც ვერ მოასწრეს, გულწასულები გაგორდნენ. მენაბდემ კი მათ იარაღი ააცალა და პატარა ტომარაში ჩაყარა. შემდეგ „სტიოპა“ გამოაფხიზლა, ფეხებში „ბერეტას“ ორი ტყვია დაუშვა, მითიშა და სარდაფიდან გამოვიდა. ქუჩაში რომ გავიდა, მიიხედ-მოიხედა და მიხვდა, რომ დიდი დიღმის დასახლებაში იმყოფებოდა. ასიოდე მეტრი გაიარა და მანქანა გააჩერა.
– საით, ბიძაჩემო? – ჰკითხა ტაქსისტმა.
– საბურთალოზე, „მოდულის“ შენობასთან.
– თხუთმეტი ლარი დაგიჯდება. გაწყობს?
– მაწყობს. წავედით, – მიუგო ჯაბამ და მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, რომ ტაქსისტმა უთხრა:
– ჯერ მაყუთი მომეცი და მერე ჩაჯექი.
– რა, ამხელა კაცს არ მენდობი? – უთხრა ჯაბამ, რომელსაც ერთი თეთრიც არ ედო ჯიბეში.
– „ძენგი ვპერიოდ“. მე ასე ვმუშაობ, ბიძაჩემო. ახლა ისეთი დროა, რომ არავინაა სანდო.
ჯაბამ „ბერეტა“ ამოაცურა. ტაქსისტს მიუშვირა და უთხრა:
– გადმოდი. მანქანა უნდა წავიყვანო.
გაფითრებული ტაქსისტი უსიტყვოდ დაემორჩილა ჯაბას, რომელიც საჭეს მიუჯდა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა. როგორც კი ასიოდე მეტრი გაიარა, ტაქსისტმა მობილური ამოიღო. პატრულში დარეკა, მორიგეს მანქანის ნომერი აცნობა და დანაშაულის შესახებ მოუყვა, თან, დააყოლა:
– „მოდულის“ შენობასთან მიმიყვანეო, ასე მითხრა.
***
გატაცებული ტაქსით ჯაბა მენაბდე „მოდულის“ შენობისკენ მიჰქროდა. კორპუსები რომ გაიარა და მარცხნივ ჩაუხვია, რათა გზატკეცილზე გასულიყო, მას გზა ორმა საპატრულო მანქანამ გადაუკეტა. იქვე, პისტოლეტმომარჯვებული ოთხი პოლიციელი იყო ჩასაფრებული, რომლებიც ავტომობილებს ამოფარებოდნენ და გატაცებული მანქანა მიზანში ამოეღოთ. ჯაბამ ტაქსი ორმოცდაათიოდე მეტრის მოშორებით გააჩერა, მაგრამ ძრავა არ გამოურთავს. სამი პისტოლეტმომარჯვებული პოლიციელი ჯაბასკენ დაიძრა ნელი სვლით. მეოთხემ კი საპატრულო მანქანის რეპროდუქტორიდან რიხიანად მოუწოდა მენაბდეს: „მანქანიდან ხელებაწეული გადმოდით და მიწაზე დაწექით. გასაქცევი არსად გაქვთ. წინააღმდეგობას ნუ გაგვიწევთ, გაუფრთხილებლად გაგიხსნით ცეცხლს!“ ჯაბამ ბოლომდე მოისმინა პოლიციელის გაფრთხილება. შემდეგ მანქანა უკანსვლით მოსწყვიტა ადგილს. ორმოცდაათიოდე მეტრი გაიარა. გასაოცარი მანევრი გააკეთა – ტაქსი ასოთხმოცი გრადუსით შეატრიალა, საპირისპირო გზაზე გადავიდა და სანამ პირდაღებული პატრული უკან დაედევნებოდა, დიდი სისწრაფით გაუჩინარდა. თუმცა, უკვე ყველა ახლომდებარე საპატრულო ეკიპაჟი ეძებდა და როგორც კი თვალს მოჰკრავდნენ, უმალვე კუდზე დააჯდებოდნენ. მენაბდე კი, მათ შორის მარჯვე სლალომისტივით ძვრებოდა და „მოდულის“ შენობას რომ მიაღწია, უკან ოცამდე საპატრულო მანქანა მოსდევდა. მენაბდემ გატაცებული ტაქსი „მოდულის“ შესასვლელთან გააჩერა. მანქანიდან პისტოლეტებით სავსე ტომრით გადახტა და კართან მიირბინა. ავტომატმომარჯვებულმა მორიგემ გზა გადაუღობა. ჯაბამ მას „მოკლე მარჯვენა“ აგემა ყბაში და მიწაზე დასცა. სისწრაფეს უმატა და შენობაში შევარდა. შემდეგ კიბეებზე აირბინა. გრძელი დერეფანი გაიარა და ჯიმი კლარკის კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა. ამერიკელი მაგიდას უჯდა. ჯაბას დანახვა არ გაჰკვირვებია. არც მენაბდეს გაჰკვირვებია ამერიკელის გაუკვირვებლობა. პისტოლეტებიანი ტომარა მაგიდაზე დადო. სკამზე დაუპატიჟებლად დაჯდა, უხმოდ გააბოლა და კლარკს თვალი თვალში გაუყარა.
– რა მალე დაბრუნდი, მეგობარო, – ღიმილით უთხრა კლარკმა მენაბდეს, რომელმაც აუღელვებლად მიუგო:
– რა სუსტი ხელქვეითები გყოლიათ, ბატონო კლარკ.
ამერიკელს გაეცინა და თქვა:
– ჰო. გამოდის, რომ მათ ორ ინდაურს ვერ ანდობ. თუმცა, გამართლებაც აქვთ ჩემს არწივებს – შენ ხარ ძალიან ძლიერი, ჩემო მეგობარო. როდის მიხვდი, რომ გამოგცადე?
– რომ გითხრათ, თავიდანვე-მეთქი, ამერიკელი მოქალაქეების განზრახ მძიმე დაზიანებაში დამდებთ ბრალს. ამიტომ, სიმართლეს მოგახსენებთ, – მაშინ მივხვდი, როცა თქვენს სახეზე გაოცება ვერ ამოვიკითხე.
– სწორი პასუხია. შენ ბრწყინვალედ გაიარე შემოწმება და დავრწმუნდი, რომ არჩევანში არ შევმცარვარ.
– რა დატვირთვა ჰქონდა ამ შემოწმებას, ბატონო კლარკ – ჩემს ერთგულებას ცდიდით თუ სიმარჯვეს?
– ორივეს ერთად, ჯაბა და გულწრფელად გამოგიტყდები, აღფრთოვანებული ვარ შენი ოსტსტობით. ახლა კი შეგიძლია, მართლა წახვიდე და დაისვენო. ქვემოთ მანქანა გელოდება და სახლში მიგიყვანს. ხვალვე გამოგივლიან და აქ წამოგიყვანენ. აბა, დროებით.
ჯაბა, გამოუმშვიდობებლად წამოვიდა კლარკისგან და „მოდულის“ ეზოში რომ ჩავიდა და ქუჩას გახედა, ერთ საპატრულო მანქანასაც კი ვერ მოჰკრა თვალი იმ ოცთაგან, რომლებმაც  „მოდულამდე” „მიაცილეს“. აშკარა იყო, რომ კლარკს უმალვე „მოეყომარებინა“ ყველაფერი. ჯაბა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ რა უზომო ძალაუფლება ჰქონდათ ამერიკელებს საქართველოში.
***
მეორე დღეს „მოდულში“ მისულ ჯაბას კლარკის კაბინეტში ორმოციოდე წლის ჯმუხი მამაკაცი დახვდა, რომელიც მას მისტერ ლეოდ გაეცნო. ნიშანდობლივი იყო, რომ მომავალი ოპერაციის დეტალების დაზუსტებას არც ბარკალაია ესწრებოდა, არც ზაქარიაძე და ქართველ ძალოვანთაგან არავინ, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ამერიკელები ფორმალურადაც კი არ სცემდნენ პატივს ქართველ კოლეგებს. ლეომ ჯაბა მენაბდეს მომავალი ოპერაციის ყველა დეტალი ისე სრულყოფილად ჩამოუყალიბა, რომ ჯაბა მიხვდა – უმაღლესი კლასის პროფესიონალთან ჰქონდა საქმე. კლარკი ხმას არ იღებდა და როდესაც ლეომ თავისი სათქმელი ამოწურა, მხოლოდ მაშინ უთხრა ჯაბას:
– დამხმარე ოპერაცია ამაღამ ჩატარდება პანკისსა და თბილისში. ალბათ, უკვე მიხვდი, რომ შენი ცოლ-შვილი უკვე ჩვენთანაა და ყურადღება არ აკლია.
– თქვენთან – აქ თუ თქვენთან – იქ, ამერიკაში? – გამოკვეთილად ჰკითხა ჯაბამ კლარკს.
– რა თქმა უნდა, იქ, – მხრები აიჩეჩა კლარკმა, – იქ, და მოუთმენლად გელოდებიან. ხოლო, როგორც კი მათ „დაასაფლავებ“, გამწარდები და შეიარაღებულ იერიშს მიიტან ანტიტერორისტებზე, თურქეთის გავლით, სირიაში ჩახვალ და ოპერაცია მთავარ ფაზაში გადავა.
– ჩიპს როდის ჩამიდებთ?
– ერთ საათში, – ჩაეცინა კლარკს, – ყველაფერს ისე სუფთად შეასრულებს ჩვენი ექიმი, რომ არც რაიმე კვალს დაგიტოვებს და შენც ვერაფერს იგრძნობ.
– კეთილი. მე მზად ვარ, – უთხრა კლარკს ჯაბა მენაბდემ.
ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა. ჯაბას ჩიპი ჩაუკერეს შემდეგ სპეციალურ ოთახში შეიყვანეს და უჩვენეს, თუ როგორ მოქმედებდა ეს ჩიპი. იმავე ღამეს თბილისსა და პანკისში ამერიკელებმა გრანდიოზული შოუ დადგეს. მეორე დღეს კი ამ ყველაფერზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. მედია უშიშროებაში დამუშავებულ ინფორმაციებს ავრცელებდა და სიტუაციას ძაბავდა. ჯაბა კი წინასწარ შეთანხმებული გეგმით მოქმედებდა. მან ჯერ „დახოცილი“ ცოლ-შვილი „დაასაფლავა“ და ღია ეთერში მთავრობა და ანტიტერორისტული სამსახური დაადანაშაულა ცოლ-შვილის დახოცვაში. შემდეგ, ამერიკელებსაც გადასწევდა და ისე გამოუვიდა, რომ ისლამისტი-ტერორისტები წმიდა მეომრებად შერაცხა. ორი დღის შემდეგ კი, ანტიტერორისტული სამსახურის ბაზაზე ორი ჭურვი ჩამოვარდა და მართალია, არავინ დაშავებულა, მაგრამ მედიაში ახალი თემა გაჩნდა – შურისმაძიებელ ჯაბა მენაბდებზე ალაპარაკდნენ. ამის პარალელურად, ჯაბა მენაბდე ჯერ თურქეთში გადავიდა ამერიკელების დახმარებით; იმავე დღესვე მშვიდობიანად გადაკვეთა თურქეთ-სირიის საზღვარი და ისლამისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ჯაბას მხოლოდ პასპორტი ჰქონდა თან. ის ისლამისტების პატრულმა დააკავა და შტაბში მიიყვანეს, რომელიც ღრმა მიწურში, ოსტატურად იყო შენიღბული. ახოვანმა, გრძელწვერიანმა მებრძოლმა ახალმოყვანილი ყურადღებით შეათვალიერა და ინგლისურად ჰკითხა:
– რა გქვია?
ჯაბამ რუსულად უპასუხა:
– ჯაბა ხავთასი.
– ქართველი ხართ? – უკვე გამართული რუსულით იკითხა მებრძოლმა.
– დიახ. ქართველი გახლავართ.
– მუსლიმანი ქართველი?
– არა. მართლმადიდებელი ქრისტიანი, – მიუგო ჯაბამ.
– აქ როგორ მოხვდით?
– ჩემი ფეხით მოვედი.
– მიზეზი?
– მინდა, რომ ამერიკელებს მუსრი გავავლო.
– რატომ?
– მათ მე ოჯახი ამომიწყვიტეს და ამიტომ, – მიუგო ჯაბამ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3