კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ აკრიტიკებენ კახა მიქიაშვილს მანიაკის როლის გამო და როდის გაიტანა მან სახლიდან განძეულობა საყვარელი გოგონას მოსახიბლად

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


„ჩემი ცოლის დაქალებში” მანიაკი მამაკაცის როლში მსახიობი კახა მიქიაშვილი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელმა ის ჯერ სულ რამდენიმე სერიაში ნახა, მსახიობს ხუმრობით, მაგრამ მაინც უწევს მტკიცება, რომ სინამდვილეში მანიაკი არ არის.

კახა მიქიაშვილი:
როგორც მანიაკი, არავის გამოვუცდივარ (იცინის). ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მითხრა, რომ ასეთი როლი იყო. მანიაკის როლი რომ შემომთავაზეს, გამეღიმა. ამდენი წელია, ეს სერიალი გადის და რაღა მანიაკზე გაგახსენდით-მეთქი?! (იცინის) ბევრმა მითხრა: „შენ რა საშიში ყოფილხარ? აუ, შენ ის მანიაკი არ ხარ?! ეს როლი არ უნდა გეთამაშა! აუ, ეს რა როლია?!“ შეიძლება, ვიღაცისთვის ასეა, მაგრამ ეს ჩემი პროფესიაა – ხან მანიაკს ვითამაშებ, ხან გმირს და ხან საფრთხობელას. მსახიობი მხოლოდ დადებით როლს ვერ დაელოდები, რომ მაყურებელზე ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვო. ასე რომ, ამ ეტაპზე მანიაკის სტატუსი მაქვს და ვიღაცებს ჰგონიათ, მართლა მანიაკი ვარ. ცხოვრებაში ნამდვილად არ ვარ მანიაკი და არც ის თვისებები მახასიათებს, რომელიც ჩემს გმირს აქვს. თუმცა, ხანდახან მიწევს ამის მტკიცება, რა თქმა უნდა, ხუმრობით. რეალურ ცხოვრებაში თავში აგურს არავის ვურტყამ. სეზონი დამთავრდა და არ ვიცი, მომდევნო სეზონიდან ისევ ვიქნები თუ არა სერიალში. მგონია, რომ ამ ხაზის საინტერესოდ განვითარება შეიძლება, თუმცა ამას სცენარისტი გადაწყვეტს. მე თანახმა ვარ, კიდევ კარგა ხნით ავიკიდო მანიაკის როლი (იცინის).
– ამ ხერხით არა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ალბათ, ყოფილა შემთხვევა, როცა გოგოს მოხიბვლას განსაკუთრებით ცდილობდით.
– ჩემთვის წარმოუდგენელია ამ გზით გოგოს მოხიბვლა. რომ ვთქვა, ამ მხრივ, ძალიან მრავალფეროვანი წარსული მაქვს-მეთქი, მოგატყუებთ. თან, ჩემს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა რაღაცები ყოფილა. მე ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სამი-ოთხი წლისამ დავიწყე. ბაღში ერთი მაია მყავდა, რომელიც ძალიან მომწონდა. ჩემი სახლი ბაღთან ახლოს იყო. ერთ დღესაც წამოვედი სახლში და დედაჩემის ოთახში შევიპარე. ვიცოდი, სადაც ინახავდა სამკაულებს – ბრილიანტებს, ოქროს, ზურმუხტს. მოვკიდე ამ ყველაფერს ხელი და მაიას წავუღე. ვერ ვხვდები, საიდან ვიცოდი იმ ასაკში, რომ გოგოსთვის სამკაულები უნდა მეჩუქებინა. მაგრამ, წავიღე და ძალიან თავდაჯერებულმა მივართვი მაიას. საბედნიეროდ, ბაღის გამგემ, რომელიც ჩემს ოჯახს იცნობდა, დაინახა ეს ყველაფერი და სამკაულები დააბრუნა. ჩემი ოჯახის განძეულობა გადაარჩინა (იცინის). მოკლედ, ჯერ კიდევ ბაღიდან, გოგოს მოსახიბლად ვიღაცებს აგურებს კი არ ვურტყამდი, პირიქით, ძვირფასეულობა ვაჩუქე (იცინის).
– უარის შემდეგაც ცდილობ მის მოხიბვლას?
– ერთმა გოგომ მითხრა: გოგო რომ ერთი-ორჯერ ბიჭს უარს ეტყვის – აღარ მომწერო ან აღარ დამირეკოო და ბიჭი მართლა ასე მოიქცევა, ესე იგი, იმ გოგოს ღირსი არ არის. ბიჭმა უნდა ეცადოს, რომ მოანდომოს ეს ყველაფერიო და სწორიცაა. მაგრამ უარსაც გააჩნია. თუ ხვდები, რომ გოგოს მართლა არ უნდა შენთან ურთიერთობა, არ უნდა დაიჯერო, რომ შენ ხარ ყველაფერი და აუცილებლად მოეწონები... ასეთი გამოყეყეჩებული არ უნდა იყო. როგორი იქნება, შენ რომ ვინმე გაძალებდეს ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ შენ ეს არ გინდა. სხვათა შორის, ჩემმა მეგობარმა ძალიან სწორად მითხრა: ყველამ ის გმირი გააკრიტიკა და  მათ შორის, მეც, მაგრამ, მოდი, რეალობაში გადმოვიტანოთ: ეს არის ადამიანი, რომელიც აშანტაჟებს ამ გოგოს, მაგრამ რეალურად, კანონს არ არღვევს. ვნახეთ, რომ პატრულმაც ვერ დაიჭირა. მერე რამდენიმე კაცმა გაიტაცა და მძევლად აიყვანეს, რაც, თავისთავად, კანონდარღვევაა. ახლა ამ ადამიანმა უნდა იჩივლოს და საოცარი ტრანსფორმაცია იქნება. მოკლედ, გადაწყდა შემდეგი სეზონის მოქმედებები (იცინის).
– თქვენ არ დაგხმარებიან მეგობრები გოგოს ამბებში?
– ჩემს პირადზე ლაპარაკი მეგობრებშიც არ მიყვარს. ცოლი ისე მოვიყვანე, მხოლოდ რამდენიმე უახლოესმა მეგობარმა იცოდა. არ ვასაჯაროებ ჩემს პირადს. იმიტომ არა, რომ ვინმეს არ ვენდობი. თუ საჭირო გახდა, შეიძლება, დავიხმარო ერთი-ორი. მაგრამ, პირადი ურთიერთობა პირადია და მირჩევნია, თუ საჯარო არ გახდება.
– რაც შეეხება თეატრს, რა ხდება?

– 31 მარტს გაიხსნება ჩვენი განახლებული თეატრი საზეიმო ვითარებაში. შენობის განახლების პროცესის გამო ერთწლიანი პაუზა გამოგვივიდა. უპრეცედენტო შემთხვევა ხდება ჩვენს ქვეყანაში, იანვარში დაიდო აპრილის ბილეთები და უკვე გაყიდულია. ამ პერიოდში, როგორც ყოველთვის, ბევრი გასტროლი გვქონდა. რაც, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, სასიამოვნო თავგადასავლებსაც უკავშირდება. ერთხელ თურქეთში ვიყავი გასტროლით და სპექტაკლში მამალს ვთამაშობდი. ერთი წლის შემდეგ წავედით ისევ თურქეთში, ფულს ვახურდავებდი და გოგო მიცინის: შენ ის მამალი არ ხარო?! ეგვიპტეში „ძმები“ გვქონდა წაღებული. ამ სპექტაკლში ცეცხლი, წყალი და სხვა ეფექტებია, რაზეც გვითხრეს, რომ არ შეიძლებოდა. პირველ სპექტაკლზე უშიშროება მოვიდა სანახავად. მოგეხსენებათ, მათ ჩვენი ენა არ ესმით და ვლანძღავთ ამ უშიშროებას ერთი ერთში. მოგვეშალა ნერვები – ყველაფერი ამოგვაღებინეს სპექტაკლიდან, მაგრამ გვითხრეს, ძალიან კარგიაო. მეორე დღეს იგივე სპექტაკლი ვითამაშეთ თავის ყველაფრიანად და თქვეს, გუშინ უფრო კარგი იყოო (იცინის).
– მინდა, სარწმუნოებისადმი თქვენს დამოკიდებულებასა და პატრიარქთან ურთიერთობაზეც გკითხოთ.
– არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, განსაკუთრებით ახლა, როცა საზოგადოებამ მანიაკად გამიცნო. მეცინებოდა, ვინც ამ როლში მნახა, ახლა ეკლესიაში რომ დამინახოს, დაიწყებს: აი, ეგ არის ეკლესია, ასეთები რომ გყავთო. მე, უბრალოდ, ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო. მადლობა ღმერთს, რომ ბევრ სასულიერო პირთან, მათ შორის, უწმიდესთან მაქვს ურთიერთობა. რაც მეტი დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ჩემნაირი ცოდვილი არ შეიძლება, იყოს ასეთ ურთიერთობებში. თუმცა, ეს იმის დადასტურებაა, რამდენად მოწყალეა ღმერთი და თავად პატრიარქი. როცა ჩემი შვილი ჩნდებოდა, საპატრიარქოში დავრეკე და მორიგე მოძღვარს ვთხოვე, იქნებ მის უწმიდესობას სთხოვოთ, დაგვლოცოს-მეთქი. ამის შემდეგ პატრიარქმა რამდენჯერმე დაარეკინა მოძღვარს მდგომარეობის გასაგებად. მე მშობიარობას ვესწრებოდი და როგორც კი ბავშვი გაჩნდა, ზუსტად იმწუთას, ტელეფონმა დარეკა. მამაომ მითხრა, რომ მის უწმიდესობას უნდოდა  დალაპარაკება. ისე მოხდა, რომ პირველი, ვინც ჩემი შვილის დაბადება მომილოცა, პატრიარქი იყო. ექიმები გაოცებულები მიყურებდნენ. ბავშვს ვეუბნებოდი: რომ იცოდე, ახლა ვინ მოგილოცა დაბადება-მეთქი. თუმცა, ამას ტრაბახით არ ვყვები. ამით მისი უწმიდესობის უბრალოებასა და უშუალობას ვუსვამ ხაზს. თან, არ დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი ღამის ორ საათზე ხდებოდა. ადამიანს ამდენი საზრუნავი აქვს, მაგრამ არ დაავიწყდა და ღამის ორ საათზე დაარეკინა ამბის გასაგებად. იმიტომ კი არა, რომ მე წარმოვადგენ რამეს, უბრალოდ, მისთვის ყველა ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოებისა და უშუალობის გარდა, საოცარი იუმორი აქვს. თეატრში ვდგამდით  „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარს.“ პატრიარქი ხშირად კითხულობს ხოლმე თეატრის ამბებს და მაშინაც მკითხა, რა სპექტაკლზე მუშაობთო. ამაყად ვუპასუხე: „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ-მეთქი”. გამომხედა და უფ, რა იყო, ერთი „მიყვარხარ“ არ გეყოთო?! (იცინის) გულწრფელად ვამბობ, იმდენად არ მიმაჩნია თავი ამხელა მადლის ღირსად, რომ ამაზე ბევრი ლაპარაკი მერიდება – მეშინია, ტრაბახსა და ამპარტავნებაში არ ჩამეთვალოს. ამიტომ, მირჩევნია, ამ თემაზე ნაკლები ვისაუბრო.
– რაც შეეხება შვილებს და მამობას?
– თინა ხუთი წლისაა. ძალიან კარგი გოგოა – ნიჭიერი და თავაზიანი. ის უფრო კარგი შვილია, ვიდრე მე – მამა. ვისურვებდი, გაცილებით ბევრ დროს ვუთმობდე მასთან ურთიერთობას. ვცდილობ, გოგონებთან მეგობრულად ვიყო. მათთვის ხმა არასდროს ამიწევია. უფროსი თორმეტი წლის ხდება. იტალიაში ცხოვრობს და ძირითადად, სოციალური ქსელით გვაქვს კონტაქტი. შვილებში ძალიან გამიმართლა. თუმცა, არ ვიცი, მათ როგორ გაუმართლათ მამაში. მადლობა ღმერთს, ორივე ძალიან კარგი გოგოა და იმედია, ასე გაგრძელდება.
скачать dle 11.3