კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რა რეკორდი დაამყარა „ბერკლიში“ ვაჟა მანიამ და როგორ ცდილობდა ის ამერიკაში თავის გადარჩენას წლების განმავლობაში

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


წელს მომღერალი ვაჟა მანია ბერკლის მუსიკალური კოლეჯის ბოლო სემესტრს ამთავრებს. ეს წელი მისთვის საკმაოდ საინტერესო იყო და ახლო მომავალშიც მისთვის მნიშვნელოვანი კონცერტი იგეგმება. ვაჟა ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს და ცხოვრებას, სწავლას უკვე ნიუ-იორკში გააგრძელებს.

ვაჟა მანია:
ბოლო სემესტრზე ვსწავლობ, მაისში ვამთავრებ და ახლა ხდება იმ ყველაფრის რეალიზება, რასაც აქამდე განვიხილავდი. ვიწყებ რაღაც ახალს. ვნახოთ, რა იქნება, ჯერჯერობით გეგმები მაქვს. ცოტა ხანი არ ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. არის ეტაპები, რაც უნდა გავიარო და შეიძლება, დაახლოებით 2 წელი არ ჩამოვიდე.
– შეეგუე ამ ამბავს უკვე?
– პირიქით, სიხარულით მივიღე, რადგან მალ-მალე აღარ მომიწევს ჩამოსვლა. ყოველთვის სასწორზე იდო ჩემი ამბები: ჩამოსვლის, სწავლის გაგრძელების. ეს ცუდად მოქმედებდა ჩემზე და ახლა ამისგან ვთავისუფლდები. აღარ მომიწევს ამ მიზეზებით საქართველოში ჩამოსვლა.
–  ალბათ, განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო სემესტრი შენთვის?
– ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მარტში „ბერკლიში“ ჩამოდის კურტ ელინგი, რომელიც თანამედროვე ჯაზის ამომავალი ვარსკვლავია. მასტერკლასებს ატარებს, პლუს იქნება კონცერტი. კონცერტისთვის არჩევდნენ სტუდენტებს. 10 სტუდენტი უნდა აერჩიათ. მის შემოქმედებაში ჩემს თავს, იდეებს ვხედავ და მინდოდა, მეც გავსულიყავი,  ჩემი ძალები მომესინჯა. ბოლო სემესტრია და ბარემ, კარგად დავამთავრებ, მასთან სიმღერით-მეთქი. გამიმართლა, ამიყვანეს და მარტში მექნება კონცერტი. ძალიან მაინტერსებს, როგორი იქნება ჩვენი კონცერტი, შეფასებები, გაცნობა. თან, ამას უფრო კონცერტის სახე ექნება, ვიდრე – მასტერ-კლასის. ასე ვთქვათ, საჩვენებელი სტუდენტები აარჩიეს „ბერკლიში.” ბევრი სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. ყველას წუთ-ნახევარი გვქონდა, საკუთარი თავი უნდა გვეჩვენებინა. ერთი სიმღერა ვიმღერე და ძალიან გამიხარდა, რომ ამიყვანეს. ჟიურის მოწონება დავიმსახურე. მთავარია, კურტ ელინგი როგორ შეფასებას მომცემს.
– სად ჩატარდება კონცერტი?
–  „ბერკლის“ თავის შენობაში ძალიან კარგი ლაუნჯი აქვს და იქ ჩატარდება ეს კონცერტი. ყველა მუსიკოსი იქ იქნება, ძალიან საინტერესო მოლოდინი მაქვს: კურტ ელინგი რომ გისმენს. ვნახოთ რა რეზიუმე მოჰყვება ამ ყველაფერს. ყველასი და მათ შორის, ჩემი მიზანია, თავი მოვაწონო და ამას გარკვეული შედეგები მოჰყვეს. მინდა, საკუთარი თავი კარგად წარმოვაჩინო, ზომიერად გადმოვცე. ვნახოთ, რა იქნება.
– თებერვალშიც სოლო კონცერტი გქონდა „ბერკლიში“.
– კი, თებერვალში ჩემი სოლო კონცერტი გავაკეთე. ძველი მეგობრები, მუსიკოსები შევკრიბე. პაპუნა შარიქაძემ დაუკრა, ნატალია ნაყოფიამაც იმღერა, რომელიც „ბერკლიში“ სწავლობს. მეგობრებს მოვუყარე თავი და ერთსაათიანი კონცერტი ჩავატარე „ბერკლის“ დარბაზში. ძირითადად, ჯაზ-სტანდარტები შევასრულე და ერთი სიმღერა იყო ზვიად ბოლქვაძის, რომელზეც ადრე ზვიადმა მითხრა: „ბერკლიში“ რომ წახვალ, ეს სიმღერა გააკეთეო. სწორედ, ამ სიმღერით დავასრულე კონცერტი. ახლა ველოდები „ბერკლის“ გამოსაშვებ საღამოს, სადაც ყველა სტუდენტი იქნება. დიდი დარბაზია. სტუდენტებს არჩევენ, ვინ იმღერებს ამ კონცერტზე. აპლიკაცია უკვე შევსებული მაქვს, თუ ვიმღერებ, ძალიან კარგი იქნება.
– მგონი, ერთადერთი ხარ, ვინც 7 წელიწადში ამთავრებს 4-წლიან სწავლებას. გარკვეული მიზეზების გამო, 7 წლის განმავლობაში მოგიწია მანდ ყოფნა. მგონი, რეკორდი დაამაყარე ამ მხრივ.
– კი. 3 წლის წინ უნდა დამემთავრებინა და ახლა რომ ვფიქრობ: მაშინ რომ დამემთავრებინა, რა იქნებოდა. ვხვდები რომ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ყველაფერი გაიწელა. ბევრი საინტერესო რამ მოხდა, წინ გავიხედე და ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ. კმაყოფილების გრძნობაც მაქვს: კარგი იყო, რაც მოხდა. თუმცა, არ მგონია, ვინმე ჩემსავით 7 წელიწადში ამთავრებდეს 4 წელს. მგონი, მართლა რეკორდი დავამყარე. ასეთი პრობლემა არც ქართველებშია და არც უცხოელებში. მაგრამ, არა უშავს, ასე კარგია. „ბერკლი“ უკვე სახლივითაა. წვერიც რომ მაქვს ახლა მოშვებული, მასწავლებლები ფიქრობენ: ამასაობაში ამან „ბერკლიში“ წვერიც მოუშვაო. როგორც სტუდენტებს უყურებენ, ისე აღარ ვარ, სხვა ურთიერთობა მაქვს მათთან. მე და „ბერკლი“, მგონი, განუყოფელი გავხდით. ნიუ-იორკშიც რომ მივდივარ და მერე ბოსტონში ვბრუნდები, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში დავბრუნდი.
– მახსოვს, ადრე მითხარი: პირველი სამი წელი ძალიან სტრესული იყოო და დანარჩენმა 4-მა წელმა როგორ ჩაიარა?
– პრინციპში, ბოლო წლებში ცოტა გამოსწორდა სიტუაცია, უკვე დამთავრების ეტაპს რომ მივუახლოვდი. თუმცა, მაშინაც იყო საშიშროება, ასე არ დამთავრებულიყო ყველაფერი. როცა ხალხი „ბერკლიშია“ სულ სწავლაზე ფიქრობს, მე სწავლის გარდა, იმდენ რამეზე მიწევდა ფიქრი: ეს როგორ იქნება, ეს როგორ უნდა გავაკეთო-მეთქი. ბევრი ფიქრი და დრო დავხარჯე საკუთარი თავის გადასარჩენად. თავისუფალი არ ვყოფილვარ იმ კუთხით, რომ მხოლოდ სწავლაზე მეფიქრა. ის სირთულეებიც, ალბათ, უნდა ყოფილიყო, რადგან ამერიკაში სირთულეებს ვერ აცდები. ისინი გადავლახე და შემდეგ სირთულეებსაც გავუმკლავდები. ზოგჯერ იმედგაცრუებაც საჭიროა, თუ ამას გადალახავ, უკვე იცი, რა გინდა და რა უნდა აკეთო.
რით განსხვავდება ის ვაჟა მანია, რომელიც „ჯეოსტარში“ გაიცნო საზოგადოებამ, დღევანდელი ვაჟასგან?
– ბევრი განსხვავებაა. ისევ ის ვაჟა ვარ, მაგრამ გამოცდილებამ, სირთულეებმა, კიდევ მეტი რამ შემძინა. ცხოვრება ჩემთვის უფრო საინტერესო გახდა. არ ან ვერ გადალახვის პრობლემა არასდროს ყოფილა, უბრალოდ, შეიძლება, ადამიანი ერთ დღესაც ძალიან დაიღალოს. წლები რომ გემატება, ისეთი ენერგია აღარ გაქვს. სურვილთან ერთად, ენერგია თუ არ გაქვს, რთულია, ეს ყველაფერი შეძლო.
–  გქონია მომენტი, რომ გიფიქრია: დავიღალე, მეტი აღარ შემიძლიაო?
– როგორ არ მქონია. რაღაც პერიოდი იყო ეს. თუმცა, 24 საათი გრძელდებოდა: დაღლილი რომ ხარ და აღარაფერი გინდა. თუმცა, მეორე დღიდან, ისევ თავიდან ვიწყებდი. როდის რა პერიოდი დაგიდგება, არავინ იცის. დიდი ჩავარდნები ყველას აქვს და ასეთ დროს ან იღლები, ან ყველაფერს აფუჭებ. მე ვეცადე, რომ არაფერი გამეფუჭებინა, რადგან არც ამის უფლება მქონდა და არც – სურვილი.
– ცხოვრებაში გაგიფუჭებია რამე?
–  გაფუჭებით არ ვიცი, მაგრამ ცოტა სხვანაირი ტიპი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდი. ყველაფრის გაკეთება ვიცი ბოლო წუთს – ასეთი ხასიათი მაქვს. ამ მხრივ, ვერ გამოვსწორდი. რომ ვიცი, ორშაბათს უნდა ჩავაბარო რაღაც, კვირას დავწერ, მანამდე – არა. უკმაყოფილოც ვარ საკუთარი თავის, რადგან, როცა ვსწავლობდი, ვშრომობდი რაღაცის მისაღწევად, იმ დროს მხოლოდ იმას ვახერხებდი, რთული სიტუაციიდან გამოვმძვრალიყავი.
– ლაბირინთიდან გამოხვედი?
– არა, ჩემი ლაბირინთები ჯერ წინ არის. ცხოვრებისეული სირთულეები ყველას აქვს, უბრალოდ, ჩემთან ძალიან ბევრი იყო. თუ ცუდი რამე ხდება, ჯერ მე უნდა შემემთხვეს და მერე გამოსწორდება, კარგად წავა საქმე. მე, ზოგადად, უფრო მეტ ფსონს ვდებ იმაზე, რაც უნდა მოხდეს და არ ვფიქრობ იმაზე, რაც იყო, რაც მოხდა – არც ვტრაბახობ და არ ვტკბები მიღწეულით. რაღაცის ყიდვა რომ მინდა, შევაგრვებ ფულს, ვიყიდი და ეგრევე, გვერდზე გადავდებ, მეკარგება ინტერესი. მერე შემდეგი ამოცანა დგება წინ.
– გოგონებზეც ასე ხომ არ ხარ?
– არა, თუმცა თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასე ვიყავი, ჩემი ბრალი არ არის. ასე არ ვისურვებდი. პირიქით, მინდა, რომ ერთი იყოს. ამჟამად არაფერი ხდება ამ მხრივ, პირადი უყურადღებოდ დავტოვე ამ ეტაპზე. მაგრამ, არ ვაპროტესტებ, რადგან ახლა სულ სხვა რაღაცებზე ვფიქრობ – თავისუფლად ვარ. თავისუფლებას გემო გავუგე. ახლა სწავლაზე ვარ გადართული, მით უმეტეს, რომ ვამთავრებ და ნიუ-იორკში ვაპირებ წასვლას. სერიოზული ურთიერთობისთვის ყოველთვის არის ეტაპი, მაგრამ თუ ბუნებრივად არ ჩანს ის, ესე იგი, ჯერ ამის დრო არ დამდგარა.
скачать dle 11.3