კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ გადაურჩა გურამ ბაღდოშვილი რუსულ მაფიას გერლფრენდის დახმარებით და რატომ აქვს იმედი, რომ სადღაც შვილი ჰყავს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


დამოუკიდებელ ცხოვრებას ძალიან პატარა ასაკიდან შეუდგა. ნულიდან დაიწყო. ბევრჯერ გარისკა, ბევრი სირთულე გადალახა და დიდ წარმატებას მიაღწია. ევროპაში, უდიდესი კონკურენციის პირობებში, საკუთარი ადგილის დამკვიდრება არ გასჭირვებია და სულაც არაა გასაკვირი, რომ საკუთარ ქვეყანაში, უამრავი მაყურებლის მოხიბვლაც მარტივად შეძლო.

გურამ ბაღდოშვილი:
ძალიან ადრე, რვა წლის ასაკში გამიტაცა სამზარეულომ და კერძების მომზადებამ. ამ ასაკში ცხვრის დაკვლა და გამზადებაც თავისუფლად შემეძლო. მეცხვარეები მამას ჰყავდა. თან, ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერი ვიყავი, ჭიდაობა და ცხენოსნობა მიყვარდა. 14 წლისამ მამა დავკარგე. ბიძაჩემი გორის „ინტურისტის“ დირექტორი იყო და მკითხა, რისი გაკეთება მინდოდა ცხოვრებაში. ვუპასუხე, რომ რესტორანში მუშაობა მინდოდა. ჩემი პირველი სამსახური სასტუმრო „აჭარა“ იყო, რომელიც „ინტურისტებს“ ეკუთვნოდა. მერე მოსკოვში წასვლის ვარიანტი გამოჩნდა. მაშინ 17-18 წლის ვიყავი. „ჩემი განძი“ – ვიდეომაგნიტოფონი გავყიდე და იმ ფულით თვითმფრინავის ბილეთი ვიყიდე. ჯიბეში ხურდები დამრჩა  და მოსკოვში იმით წავედი. პირველი თვითმფრინავი, პირველი ავტობუსი, ბოლო გაჩერება – იქ პირველივე რესტორნის კარზე დავაკაკუნე და მუშაობა დავიწყე. ბევრი დაბრკოლება იყო, მაგრამ დღეს რომ ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია, რისკიანი იყო. მერე მოსკოვში ძალიან რთული პერიოდი დადგა. ყველგან და ყველაფერში მაფია იყო, მით უმეტეს, რესტორნებში. ჩხუბი, ადამიანების ხოცვა – ყველაფერი იქ ხდებოდა.
– თქვენი სიცოცხლეც აღმოჩენილა საფრთხეში?
– ერთი პიროვნება სამზარეულოში შემოვიდა და თავხედურად მომმართა. უხეშად და დამამცირებელი ტონით მიბრძანა რაღაცის გაკეთება. არ ვიცოდი, ვინ იყო, გავათრიე და გავტყიპე. თურმე, მაფიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ყოფილა და მერე, რა თქმა უნდა, მეც მომხვდა. მაგრამ, მაგ დროს ჩემი გერლფრენდი მაფიის ერთ-ერთი წევრის სამეგობროში იყო, საქმე გაირჩა და ყველაფერი მოწესრიგდა. მაშინ, 19 წლის ვიყავი – ეს ისეთი ასაკია, როცა ასეთ მომენტებში თავის შეკავება რთულია. მერე რაღაცებს სხვანაირად უყურებ და ცდილობ, აღვირი ხელში დაიჭირო. ერთხელ, დავლიე და როგორც ქართველებმა ვიცით, ორი ჭიქის შემდეგ სიმღერა დავიწყე. ბენდმა, რომელიც რესტორანში უკრავდა, ხელი მომკიდა და მაშინვე კონსერვატორიაში გამაქანეს. გინდა თუ არა, სიმღერა უნდა ისწავლო, ძლიერი და სასიამოვნო ტემბრი გაქვსო. ხაჩატუროვმა ორი-სამი სიმღერა მამღერა და ჩამაბარებინა, მაგრამ მესამე კურსიდან მივატოვე კონსერვატორია. 1995 წელს საქართველოში დავბრუნდი, რადგან მოსკოვი კრიზისისკენ მიდიოდა. აქ რესტორან „ევროპის“ შეფად დავიწყე მუშაობა. რამდენიმე წელიწადში ევროპაში გადავწყვიტე წასვლა და მეგობრის რჩევით, პორტუგალიაში გავფრინდი. იქ დაიწყო ჩემი სერიოზული კარიერა. წელიწად-ნახევარი ლისაბონში ვიყავი. მეხსიერებიდან წარსული მთლიანად წავშალე და ახლიდან დავიბადე. ჩემი ფეთქებადი ხასიათით, კავკასიური ტემპერამენტით, იქ ძალიან რთული იქნებოდა. დაღვინება იყო საჭირო და ასეც მოხდა. მერე პორტოში ჩავედი. უცებ მოვძებნე სარესტორნო საქმეებში ჩართული ხალხი  და ამ ქალაქში გადმოვედი. შვიდი წელი ვიყავი იქ. ძალიან საინტერესო გზა გავიარე. დაიწყო სერიოზული შემოთავაზებები – ვუკითხავდი ლექციებს გამოცდილ მზარეულებს. პარალელურად, მეც გავდიოდი კურსებს, რომ დიპლომი ამეღო და ლექციები კანონიერად წამეკითხა. მერე პორტუგალიაში ცნობილი ამერიკული კომპანია შემოვიდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება და მათთან ათი წელი ვიმუშავე. მერე მივხვდი, რომ საქართველოში დაბრუნება საინტერესო იქნებოდა. გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება აქ, სხვებისთვის გამეზიარებინა.
– მკაცრი იმიჯი გაქვთ ეკრანზე. კადრს მიღმაც ასეთი ხართ?
– ცხოვრებაში საერთოდ არ ვარ მკაცრი. როგორც  შეფი – კი, რადგან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და საფულე არის ჩემზე დამოკიდებული. შენთან რომ მოდის და თანხას იხდის, ვალდებული ხარ, საუკეთესო ხარისხის, სუფთა და გემრიელი კერძი მიაწოდო. მწყემსის როლში ყოფნა მარტივი არაა. ნაზი და თავმდაბალი ვერ იქნება. მე რომ ჩემი ცხოვრება არ გამომევლო, ალბათ, სხვანაირად მივუდგებოდი ამ ყველაფერს. 13 წლის რომ მუშაობას იწყებ, არ გაქვს ბავშვობა, არ გყავს მეგობრები, არ დადიხარ დაბადების დღეებზე, არ მიდიხარ გუდაურში და ასე შემდეგ.
– ეს იმიტომ, რომ ასე გინდოდათ, თუ მატერიალური ვალდებულებაც გქონდათ ოჯახის წინაშე მამის გადაცვალების შემდეგ?
– მინდოდა, რა თქმა უნდა. ოჯახი ფინანსურად ძალიან მაღალ დონეზე იყო, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, მოხდა დარღვევები სამთავრობო კომპლექსიდან. გატეხეს მისი კაბინეტი და საბუთები, მიწები, სახლები აქ, რუსეთში, ბალტიისპირეთში – ყველაფერი დაიკარგა და ყველაფრის გარეშე დავრჩით. როცა კარგ ცხოვრებას ხარ მიჩვეული, მაშინ უფრო რთულია ამასთან შეგუება, მაგრამ ყველაფერი გადავლახე. როცა რთული გზა გაქვს გამოვლილი, ახალგაზრდებს, რომლებიც შენთან მოდიან, მარტო პროფესიას კი არა, ცხოვრებასაც ასწავლი.
– ტელევიზიაში როგორ აღმოჩნდით?
– აქ რომ დავბრუნდი, ბათუმში მიმიწვიეს „ასკანელის“ დირექტორად. იქ გავიცანი ჟურნალისტი ნინო ხაჟომია, რომელსაც „დილა მშვიდობისა, საქართველო“ მიჰყვადა კულინარიის განხრით. რამდენიმე გადაცემის ერთობლივად ჩაწერა შემომთავაზა. მერე არხი დაინტერესდა ჩემი ტიპაჟით, ქარიზმით და პროფესიონალიზმით. მიმიწვიეს, რომ უკვე მე წამეყვანა დილის გასტრონომიული რუბრიკა. მერე გაჩნდა „ჩემი სამზარეულოს წესები“ და ნომერ პირველ კანდიდატად მე დამაყენეს. ჩემზე ლაპარაკი უკვე იყო, რადგან კარიერის პირველივე დღიდან ძალიან ბევრი და მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის მომიმზადებია კერძი – საქართველოს პირველი პრეზიდენტიდან დაწყებული ბოლოთი დამთავრებული. ასევე უგემიათ ჩემი ნახელავი, მსოფლიოში ძალიან ცნობილ ფეხბურთელებს, მოდელებსა და დიზაინერებს. მოკლედ, ქასთინგიც ჩატარდა და გადაწყვიტეს, რომ მე ვიყავი, ვინც ამ შოუს სჭირდებოდა. როცა ევროპაში წავედი, ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში მიწევდა თავის დამკვიდრება. ისეთ გავლენიან ხალხს შორის, იმხელა კონკურენციის პირობებში, რომ გაღიარებენ და შენს ადგილს დაიკავებ, ჩემს ქვეყანაში ამაზე ნაკლები არ უნდა მომხდარიყო. არ მინდა, სნობურად გამომივიდეს, მაგრამ მე ჩემი საქმე ვიცი საწყისიდან საბოლოო საფეხურამდე. ბევრი რამის თქმა შემიძლია ჩემი პროფესიის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სტუმართან დიალოგი შეგიძლია, თან, რვა ენაზე.
– რომელი ენები იცით?
– ეროვნებით ქართველი ვარ და რუსული განათლება მაქვს, ამიტომ, ეს ორი ენა მშობლიურია. თუმცა პორტუგალიური ამ ორ ენაზე უკეთ ვისწავლე. ესპანური, იტალიური, ინგლისური, ფრანგული და აზერბაიჯანული. ამ გადაცემამ ძალიან ბევრი ფანი გაუჩინა კულინარიას, ჯერჯერობით, უარყოფითი კომენტარი არ მსმენია გურამ ბაღდოშვილთან დაკავშირებით. თუმცა, ჭორებიც მომიგონეს. გურამ ბაღდოშვილის რესტორანს კვერცხები დაუშინესო. სინამდვილეში, ნასვამი კაცი მიდიოდა, დაინახა გაღაჟღაჟებული ადგილი და ფეხი მიარტყა.
– იყო ვერსია, რომ ნაციონალები დადიან ამ რესტორანში და ამიტომ გააკეთა ეს ვიღაცამო.
– გურამ ბაღდოშვილი არ მიეკუთვნება არცერთ რელიგიას, არცერთ სექტას, არცერთ პოლიტიკურ მიმდინარეობას. მე ამქვეყნად ყველაზე დიპლომატი ადამიანი ვარ. ჩემთვის სულერთია, აქ ნაციონალისტი შემოვა, თუ სოციალისტი. ის არის სტუმარი და ვალდებული ვარ, გავუმასპინძლდე.
– თქვეს ისიც, რომ გურამ ბაღდოშვილმა თვითონ დაუშინა კვერცხები საკუთარ რესტორანს, პიარის გამოო.
–  აბსურდია., ეს არის ერთ ადგილას გაყინული ადამიანების მიერ მოგონილი ამბები. მე ამაზე რეაქცია არ მაქვს. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ძალიან წარმატებული. ბევრი მეფისთვის ხელი ჩამომირთმევია. ნომერ პირველი ადამიანები არიან ჩემი მეგობრები და ნაცნობები. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ამიტომ, ასეთი ჭორები ნაკლებად მაინტერესებს.
– რაც შეეხება პირად ცხოვრებას, იქ რა ხდება?
– ოჯახის სიტუაცია არ არის ისე დალაგებული, როგორც მე მინდა. დაოჯახებული არ ვარ. მეუღლე არა, მაგრამ ბევრი გერლფრენდი მყოლია და დღემდე პრაქტიკას გავდივარ. ქართველი კაცისთვის ნაადრევად დაქორწინების ორი მიზეზი იყო: ან ძალიან ადრე აუჩუჩუნდებოდა და ცოლი უნდოდა, რადგან ჩემს თაობაში სხვა ვარიანტი არ იყო; ან საკუთარი თავის მოვლა არ შეეძლო. მე ვერ მივეცი თავს უფლება, რომ კაბაზე ჩამებღაუჭებინა ხელი და ერთ ადგილას გავყინულიყავი. საკუთარი თავის მოვლაც ვისწავლე და მოწესრიგებაც. დიდი სახლიც მქონია, პატარაც. პორტუგალიაში შვიდი ჰექტარი ფაზენდა მქონია და დილით ექვსზე ავმდგარვარ, მითოხნია კიდეც. ცხოველები მყავდა შუა ევროპაში, შუა ქალაქში.
– დღეს, როცა შემდგარი ხართ, რატომ არ ქმნით ოჯახს?
– საქართველოში შეუძლებელია, დღეს ერთი გერლფრენდი გყავდეს, ხვალ – მეორე. ევროპაში ეს პრობლემა არ შემქმნია. კონტრაქტით ვინმეს ცოლად მოყვანასა და თითის „დაავადებაზე“ არ მიფიქრია. თავისუფალი მგელი ვარ და ასე, კომფორტულად ვგრძნობ თავს. აი, როცა საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხარ და შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ შენი ნათესავები, ეს უკვე სხვა ამბავია. თუმცა, თუ გამოჩნდება ადამიანი, ვინც მომეწონება და მისგანაც იგივეს ვიგრძნობ, რატომაც არა, არასდროს არის გვიან.
– ზოგს ცხოვრების ბოლომდე თავისუფალი ურთიერთობები ურჩევნია.
– ბოლომდე ამას არ ვაღიარებ, მაგრამ შეიძლება, ეგრეც იყოს. დღეს რომ ფეხის დაკვრა მინდოდეს და ექვსი თვის ბავშვი და ცოლი მყავდეს, ვერ გავრისკავ. ამიტომ, „კუხნიაში“ უნდა ჩავრჩე და ღიპი დავიდო. ასე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. დილით  ადგომა და საუზმის გაკეთება რომ მეზარებოდეს, დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი ხუთ ცოლს და ყველას თავის საქმე ექნებოდა. მაგრამ, ეს არ არის ბედნიერება.
– რაც შეეხება შვილს?
– იმედი მაქვს, რომ შეიძლება, სადმე მყავს შვილი. ბევრი გერლფრენდი მყოლია და შეიძლება, სადღაც რაღაც მოხდა – უფრო მოსკოვში ან ლენინგრადში. იმ პერიოდში უფრო აღვირაშვებული და უკონტროლო ვიყავი –ასაკიდან გამომდინარე. თუმცა, არც ესაა პრობლემა. დღეს კანონი არ გაძლევს უფლებას, მაგრამ ხუთ წელიწადში, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ მარტივად ავიყვანო ორი ბავშვი, მივცე სახელი, გვარი და გავზარდო. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
– საკუთარის ყოლის სურვილი?
– მარტო იმიტომ, რომ ბავშვი გავაკეთო, ვინმეს ცხოვრებას ხომ არ დავანგრევ? შეიძლება, ადამიანი დღეს მიყვარდეს, მაგრამ მერე, მეგობრობაში ან სულაც, სიძულვილში გადაიზარდოს გრძნობა. იმ ბავშვმა რა დააშავა, რომ მერე არც იქეთ იქნება და არც იქით? მე ცოტა ვიგრძენი ეს ჩემს ტყავზე და შეიძლება, იქიდან მოყოლებული პატარა ფსიქოლოგიური ტრავმაც მაქვს. არ მინდა, მყავდეს შვილი, რომელსაც გვერდით ორივე მშობელი არ ეყოლება. ამას მირჩევნია, არ მყავდეს. ჩემი მშობლები განქორწინებულები იყვნენ. მამას ბევრი შვილბი ჰყავდა, დედასთან და სხვა ქალებთან, საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. სულ ცხრა და-ძმა ვართ, აქედან, ხუთი – ერთი დედმამიშვილი, დანარჩენი სხვა მეუღლეებთან ჰყავს. შეიძლება, ამიტომაც ვფიქრობ ასე.

скачать dle 11.3