კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 სატყუარა


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-9 (896)


კლარკს გაეცინა და ჯაბას უთხრა:
– ამ ინფორმაციას იმიტომ ვენდე და რაზმიც იმიტომ შევიდა იქ ამ დროს, რომ ქართული ანდაზისა არ იყოს, – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. ვფიქრობდით, ძმები არ უღალატებდნენ მრავალწლიან ჩვეულებას და ამ დროს ლოცვაზე იქნებოდნენ მუხლმოყრილნი. ამ დროს კი არ ლოცულობდნენ, რაც ადასტურებს, რომ მათ მართლმადიდებლური ქრისტიანობა უარყვეს, რჯულს უღალატეს და რადიკალურ ისლამს მიემხრნენ.
– საკმაოდ მომზადებული პასუხია, – ჩაიცინა ჯაბამ.
– რა, რამე არ გაკმაყოფილებთ? – უმალვე ჩაეკითხა მენაბდეს კლარკი. ჯაბამ კი ყური არ ათხოვა და უთხრა:
– და კიდევ ერთი რამაა უცნაური, ბატონო კლარკ. როგორ მოხდა ისე, რომ ორივე ძმამ სინქრონულად იმოქმედა. ჩვეულებას უღალატეს და ლოცვა გამოტოვეს. შემდეგ კი ორივე შეიარაღებული დაუხვდა თქვენს გამოცდილ სპეცრაზმელებს, თანაც საძინებლებში და თანაც, იმ დროს, როცა იქ მათ ცოლ-შვილს ეძინა?
– ტყუპებს, საერთოდ, სინქრონული მოქმედება ახასიათებთ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობითაა ნათქვამი, – ღიმილით თქვა კლარკმა, – დანამდვილებით ვერ გეტყვით. შეიძლება, ეს უბრალო დამთხვევა იყო. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მათ საშიშრშოების წინათგრძნობაც კი ჰქონდათ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შიშმა მათ ცოლ-შვილიც კი დაავიწყა და სროლა თვითგადარჩენის ინსტინქტმა დააწყებინა. ისიც შეიძლება ყოფილიყო, რომ მათ ჩვენი სპეცრაზმელები უბრალო კრიმინალებიც კი ეგონათ. არ ვიცი. ვერაფერს გეტყვით. ფაქტი კი ისაა, რომ მათი სახლებიდან უამრავი სამხილი ამოვიღეთ, რაც მათ ტერორისტებთან კავშირზე მეტყველებს.
– გასაგებია, – თქვა ჯაბამ, გულში კი გაიფიქრა, – კლარკი იმაზე მეტად ნაძირალაა, ვიდრე წარმოვიდგენდიო.
– მეტი კითხვა არ გაქვთ?
– ჯერჯერობით, არა.
– მაშინ, ოპერაციის განხილვა დავიწყოთ.
– გისმენთ, – მიუგო ჯაბამ.
– ჯავად ახმად-შაჰი ყურადღების ცენტრში კარგა ხანია, გვყავს. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებები გარკვეულ დრომდე არ განგვიხორციელებია. მხოლოდ იმით შემოვიფარგლებოდით, რომ იმ ქვეყნების მთავრობას, სადაც ის ტერორისტულ აქტებს ატარებდა, მასზე ინფორმაციებს ვაწვდიდით. ანუ, ჩვენი დახმარება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა. მისი ზუსტი ადგილსამყოფელი არასდროს გვცოდნია, რადგან პერმანენტულად იცვლის ადგილს. თუმცა, დაახლოებით, ყოველთვის ვიცოდით მისი მოძრაობის არეალი. ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად, მას ორჯერ ფრანგები ჩაუსაფრდნენ, მაგრამ ვერ მოიხელთეს. ისრაელის „მოსადს“ კი, ასევე, ჩვენი ინფორმაციის წყალობით, ძლივს დაუსხლტა ხელიდან პარიზში, თუმცა, დაიჭრა. როგორც ეტყობა, სწორედ მაშინ დაგვადგა თვალი. მიხვდა, რომ ჩვენ მივაწოდეთ მასზე ებრაელებს ინფორმაცია და სამაგიერო გადაგვიხადა. ქაბულში მისმა თვითმკვლელმა შაჰიდებმა ჩვენს სამხედრო ოფისში თავი აიფეთქეს და უამრავი ადამიანი მოგვიკლეს, მძიმედ დაჭრეს. სწორედ ამის მერე დავიწყეთ მასზე უშუალო ნადირობა. თუმცა, ის ასჯერ უფრო ფრთხილი და ამასთანავე, სასტიკი გახდა. ჩვენმა საუკეთესო რაზმებმა ვერაფრით მოახერხეს მისი მოხელთება და ფაქტობრივად, უჩინარი ფანტომი გახდა. სამჯერ მისი ლიკვიდაცია იმავე ხერხით ვცადეთ, როგორც ეს რუსებმა განახორციელეს ჩეჩნეთის პრეზიდენტ ჯოჰარ დუდაევზე. ანუ, იმ კვადრატს, სადაც, სავარაუდოდ, იმყოფებოდა, მძლავრი ავიაიერიში დავატეხეთ თავს. სამწუხაროდ, სამივეჯერ, უშედეგოდ. ორჯერ ავღანეთში, ერთხელ კი – სირიაში. მივხვდით, რომ ეს ზომა მის მიმართ არაეფექტური და მოძველებულია, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი გზა ავირჩიეთ. გადავწყვიტეთ, მასთან ჩვენი აგენტის შეგზავნა და არჩევანი თქვენზე შევაჩერეთ. თქვენ ხართ ერთადერთი, ვისაც ჯავად ახმად-შაჰი თავის ახლო გარემოცვაში მიიღებს, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ არ გაჰყიდით საკუთარ თავს.
– რატომ ფიქრობთ, რომ ჯიმშერ ბუზოღლი მე ნდობას გამომიცხადებს? – ჰკითხა ჯაბამ კლარკს.
– ორი რამის გამო. პირველი – თქვენ მისი წარსულიდან ხართ, უმწიკვლო რეპუტაცია გაქვთ და ის თქვენი მოვალეა. თქვენ ხომ ის სიკვდილს გადაარჩინეთ. მეორე – ისეთი ლეგენდით მიხვალთ, რომ აუცილებლად ირწმუნებს თქვენს გულწრფელობას. მთავარია, არ გადაამლაშოთ.
– მაინც, რა ლეგენდა მოიფიქრეთ? – ჰკითხა ჯაბა მენაბდემ ჯიმი კლარკს.
– დაგეგმილი გვაქვს კომპლექსური ღონისძიება. თბილისში სპეცრაზმი ცნობილ საერთაშორისო ძებნილ ტერორისტსა და მის მებრძოლებს გაანადგურებს. ეს ტერორისტი აქ ვითომ არალეგალურად ცხოვრობს, თუმცა, მას მკაცრად ვაკონტროლებთ. შემდეგ, პანკისის ხეობასა და კვლავ თბილისში ჩატარდება ერთობლივი სპეცოპერაციები და ლიკვიდირებული ტერორისტების ხელშემწყობთ ლიკვიდაცია მოხდება. პანკისში ნამდვილად, თბილისში კი ამას გავათამაშებთ და ეს იქნება თქვენი შვილი და ვითომ შემთხვევით, თქვენი მეუღლე. მათ რომ დაკრძალავთ, რა თქმა უნდა, ეს შოუს ნაწილია და გლობალურად გაშუქდება მედიით. ცოტა ხნის მერე ქართული ანტიტერორისტული სამსახურის ცენტრზე იერიშს მიიტანთ – ორ „მუხას“ ესვრით, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმსხვერპლოდ. შემდეგ კი თურქეთის გავლით, სირიაში გადახვალთ. ამ დროს დადგინდება, რომ თავდასხმა თქვენ განახორციელეთ ცოლ-შვილის სისხლის აღების მიზნით და ძებნილად გამოცხადდებით. ჯავად ახმად-შაჰი კი, უკვე თავად მოგძებნით სირიაში და დანარჩენი თქვენს აქტიორულ ნიჭსა და ცოლ-შვილის სიყვარულზეა დამოკიდებული.
ჯაბას სახე წამოეჭარხლა და კლარკს უთხრა:
– დავუშვათ, ჯიმშერ ბუზოღლი მართლაც დაინტერესდა ჩემით და თავის უახლოეს გარემოცვაში შემიყვანა. შემდეგ, რა უნდა ვქნა?
– თქვენ სიახლოვეს მუდმივად იქნება გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური ჯგუფი, რომელსაც მხედველობის არეალში ეყოლებით და იმავდროულად, ჯავად ახმად-შაჰიც, რა თქმა უნდა, – მიუგო კლარკმა ჯაბა მენაბდეს.
– როგორ?
– თან გექნებათ აუახლესი მიკროელექტრონული  მოწყობილობა და მისი საშუალებით.
– ტერორისტებმა რომ აღმოაჩინონ, მაშინ ხომ ყველაფერი ჩაიშლება?
– ვერ აღმოგიჩენენ. მას სხეულში ჩაგიკერებენ და ტერორისტები ვერაფერს მიხვდებიან.
– სად, რა ადგილზე?
 – ფეხზე. ბარძაყის მიდამოში, – ღიმილით უთხრა კლარკმა ჯაბას და დააყოლა, – ნუ გეშინიათ. ეს უსაფრთხოა და თქვენ არაფერს გავნებთ.
– არ მეშინია, ბატონო კლარკ. მაინტერესებს, როგორ მოქმედებს ეს მოწყობილობა.
– ძალიან ეფექტური მოწყობილობაა. თანამგზავრის მეშვეობით მუდმივად გვეცოდინება თქვენი ადგილმდებარეობის კოორდინატები, რომელიც ცენტრალურ პულტზე აისახება. გარდა ამისა, მივიღებთ ხმასაც და გვეცოდინება, თუ რას ილაპარაკებთ. მეტიც, დავუშვათ, ტერორისტი ჯავად ახმად-შაჰი თავის გარემოცვას ეთათბირება, მაგრამ უშუალოდ თქვენ ამ თათბირს არ ესწრებით. მთავარია, თქვენ ასი მეტრის რადიუსში იმყოფებოდეთ იმ ადგილიდან და მაინც ყველაფერს გავიგებთ. ამ მიკროელექტრონულ მოწყობილობას აქვს სპეციალური ჩიპი, რომელიც მოლაპარაკეთა ვინაობას უმალვე ამოაგდებს პულტზე, თუ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ჩვენ მონაცემთა ბაზაშია რეგისტრირებული. ათასი კაცი რომ ლაპარაკობდეს ერთდროულად და ათასივე გვყავდეს მონაცემთა ბაზაში, ყველას ამოგვიგდებს.
– მაგარი რამ გქონიათ, – თქვა ჯაბამ.
– გეთანხმებით, – ღიმილით დაუდასტურა კლარკმა.
ჯაბა ჩაფიქრდა და კლარკს ჰკითხა:
– ეს მოწყობილობა ყველა ადგილზე მუშაობს?
– რას გულისხმობთ ყველა ადგილში?
– მაგალითად, ბუნკერში ან გვირაბში?
– ბუნკერსა და გვირაბში, სამწუხაროდ, არ მოქმედებს. სიგნალი იქ იკარგება და არც ხმა ისმის. თუმცა, ცენტრალურ პულტზე დაკარგული სიგნალის კოორდინატები აისახება და ესეც დიდი საქმეა.
ჯაბა მენაბდემ მწველი მზერა მიაპყრო ჯიმი კლარკს და უთხრა:
– მაინც, რა უნდა იყოს მთელი ამ ოპერაციის საბოლოო მიზანი?
– რა თქმა უნდა, ტერორისტების განადგურება თუ მათ შეპყრობას ვერ მოვახერხებთ.
– გამოდის, რომ მეც მათ მიმაყოლებთ თუ დაგჭირდათ?
– მასე რატომ ფიქრობთ?
– თქვენ არ ამბობდით, რომ ბუზოღლი ისე უნდა მოგვეკლა, როგორ რუსებმა ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი მოკლეს, მაგრამ არ გამოგვივიდაო. როდესაც ჩემი სახით მიზნის ზუსტი მიმცემი გეყოლებათ, მიზანს არ ააცდენთ და მეც მიმაყოლებთ. ასე არაა?
– იმედია, ასე არ მოხდება. ეს თითქმის გამორიცხულია. ასეთ რთულ ოპერაციას იმიტომ ვატარებთ, რომ თქვენ არაფერი დაგიშავდეთ.
– სირთულეში რას გულისხმობთ?
– ოპერაციაში ჩართულ, მაღალკვალიფიციურ ცოცხალ ძალასა და მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს. ეს ყველაფერი ათეულობით მილიონი დოლარი ჯდება.
– ანტიტერორისტული ოპერაციები იაფი სიამოვნება არაა.
– ჰო, მაგრამ, რასაც თქვენ ფიქრობთ, იმას რომ ვაპირებდეთ, საერთოდ არაფერს გეტყოდით ფეხში ჩასაკერებელ მოწყობილობაზე და ამას ისე გავაკეთებდით, აზრზეც ვერ მოხვიდოდით. ასე რომ, ბატონო ჯაბა, თქვენ არა საზარზაბზნე ხორცად და მხოლოდ მიზნის მიმცემად გვჭირდებით, არამედ ცოცხალი და საღსალამათი.
– მადლობელი ვარ, რომ ჩემზე ასე ზრუნავთ, მაგრამ მე ჩემი ცოლ-შვილი უფრო მადარდებს, ვიდრე საკუთარი თავი.
– თქვენც და თქვენს ცოლ-შვილსაც შეერთებული შტატების მთავრობა გიცავთ. ჩათვალეთ, რომ თქვენი ცოლ-შვილი ამიერიდან გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალურ პროგრამაშია ჩართული და არაფერი გაუჭირდებათ. იგივე გავრცელდება თქვენზეც, როგორც კი ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდება.
– წარმატებით რომ არ დასრულდეს, მაშინ?
– გარწმუნებთ, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდება და ჯავად ახმად-შაჰს ან შევიპყრობთ, ან გავანადგურებთ. მაგრამ თუ ოპერაცია ჩაფლავდება, რაც გამორიცხულია, თქვენი ცოლ-შვილი მაინც ამ პროგრამით ისარგებლებს.
– მე?
– რა თქმა უნდა, თქვენც.
– თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით მომიყევით ამ პროგრამის შესახებ.
– ესაა განსაკუთრებული მნიშვნელობის პირთა დაცვის პროგრამა, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო ახორციელებს მთავრობის საგანგებო დაფინანსებით. ამ პროგრამაში ჩართული ადამიანები ავტომატურად ხდებიან შეერთებული შტატების მოქალაქეები და კონსტიტუციით გარანტირებული ყველა უფლებით სარგებლობენ. იმავდროულად, მათ გადაეცემათ პასპორტები, მხოლოდ შეცვლილი ვინაობით. სურვილის შემთხვევაში, მათ შეუცვლიან გარეგნობასაც. მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ საცხოვრებელი სახლი, თითოეულს სოლიდური ფულადი ანაზღაურება – თვეში რვიდან ოცი ათასი დოლარის ფარგლებში.  ამის პარალელურად კი, მათ შეუძლიათ, იმუშაონ და ჰქონდეთ დამატებითი შემოსავალი, აგრეთვე, ისწავლონ. ერთი სიტყვით, როგორც კი ოპერაცია წარმატებით დამთავრდება, ორ-სამ დღეში თქვენ ოჯახთან ერთად უკვე შეერთებულ შტატებში იქნებით და უზრუნველყოფილად იცხოვრებთ.
– ოპერაციის მსვლელობისას ჩემი ცოლ-შვილი სად იქნება?
– როგორც კი დამხმარე ოპერაციები დასრულდება აქ და თქვენს ცოლ-შვილს დაკრძალავთ, ისინი მაშინვე შტატებში გაემგზავრებიან ამ პროგრამის ფარგლებში.
დამხმარე ოპერაციისთვის უკვე ყველაფერი მზადაა და როგორც თქვენს საბოლოო თანხმობას მივიღებთ, მეორე ან, მაქსიმუმ, მესამე დღესვე დავიწყებთ მის განხორციელებას.
– ჩათვალეთ, რომ თანხმობა მიღებული გაქვთ და რა უნდა გავაკეთო ზუსტად ამიხსენით.
კლარკს გაეღიმა. ჯაბას ხელი გაუწოდა და უთხრა:
– ძალიან კარგი. დღეს შეგიძლიათ, სახლში წახვიდეთ და დაისვენოთ. ხვალ დილით კი მანქანა მოგაკითხავთ და უკვე მომავალ ოპერაციაზე ვისაუბრებთ დაწვრილებით.
***
ჯაბა მენაბდე „მოდულის“ შენობიდან მარტო გამოვიდა. ჯიმი კლარკმა ის გულთბილად გამოაცილა კაბინეტიდან. თუმცა, ჯაბას სულაც არ სჯეროდა ამერიკელის გულთბილობის და დარწმუნებული იყო, რომ ოპერაციის ბოლო მას სიკვდილს უმზადებდა. „ჯანდაბას ჩემი თავი. ჩემები იყვნენ კარგად და რაც ამ ნაბოზარმა კლარკმა მითხრა „ფებეერის“ პროგრამაზე, მართლა შეასრულონ“, – თავისთვის ფიქრობდა მენაბდე. ქუჩაში რომ გავიდა, ასიოდე მეტრი ფეხით გაიარა. შეჩერდა და სიგარეტს მოუკიდა, თან ჩაფიქრდა, რადგან ცდილობდა, გამოეცნო, თუ რა სჭირდა. საქმე ის იყო, რომ გამოცდილი „გრუს“ პოლკოვნიკი გრძნობდა, რომ უხილავი თვალი უმზერდა. მრავალწლიანი ხიფათიანი მუშაობის განმავლობაში ჯაბას აუხსნელი გრძნობა განუვითარდა ხიფათის მიმართ, რომელსაც მისთვის არასდროს უღალატია. თავდაპირველად, ჯაბა მეტროთი აპირებდა მგზავრობას, რადგან ეს ტრანსპორტი ხალხმრავლობითაა გამორჩეული და ასეთ გარემოში, ხიფათის თავიდან აცილება ბევრად უფრო იოლია. „თუ ჩემი ლიკვიდაცია უნდა ვინმეს, მეტროც ვერ მიშველის, მაგრამ არ მგონია“, – გაიფიქრა მენაბდემ. ამიტომ, მეტროთი მგზავრობა გადაიფიქრა და სახლში ტაქსით დაბრუნება გადაწყვიტა. „თუ მართლა ხიფათი მელოდება, მოდი, შევამოწმებ“, – გაიფიქრა მენაბდემ, შემდეგ, პირველივე შემხვედრ ტაქსის ხელი დაუქნია და მძღოლს უთხრა:
– გორში ოცდაათ ლარად წამიყვან?
ახალგაზრდა მძღოლმა გაოცებული მზერა ესროლა „ბიძას“ და ირონიით უთხრა:
– „მარშრუტკით“ წადი, ბიძა-ჯან, უფრო იაფი დაგიჯდება.
– აბა, რამდენი გინდა?
– სამოც ლარზე ნაკლებად არ წავალ, – მტკიცედ მიუგო ტაქსისტმა.
ჯაბამ კარი მიხურა და პროცედურა კიდევ ორჯერ გაიმეორა. ორჯერვე იგივე პასუხი მიიღო. მეოთხე მანქანა რომ გააჩერა, მენაბდე მძღოლს გვერდით მიუჯდა და უთხრა:
– ვაკეში, პარკთან.
– ვაკის პარკთან, ალბათ, – დააზუსტა ოცდათხუთმეტიოდე წლის ტაქსისტმა.
– კი.
– ხუთი ლარი.
– მოსულა, – მიუგო მძღოლმა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა. ჯაბამ კი გაიფიქრა: „ნუთუ მოვტყუვდი, რომ მითვალთვალებენ და მომეჩვენა? ალბათ, დაძაბულობის ბრალია. თუმცა...“
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3