კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რატომ უშლის ქმარი ნინო ძოწენიძეს დაძინებას და რატომ ცხოვრობს ის 17 წელია ტკივილით

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

მომღერალ ნინო ძოწენიძეს, ცხოვრებაში ნამდვილად გაუმართლა. თავადაც აღიარებს, რომ ბედნიერი ქალია და ამას ყოველდღიურად გრძნობს. მართალია, ქუთაისიდან წამოსვლა და დედაქალაქში ადგილის დამკვიდრება ადვილი არ იყო, მაგრამ გვერდით ქმარი, გიგა კუხიანიძე ედგა. ნინოს, გარკვეული მიზეზის გამო, თებერვალი არ უყვარს, ცუდ მოგონებებთან ასოცირდება და ახლა, ამას ავარიაც დაემატა. თუ როგორ გრძნობს ის მოსალოდნელ საფრთხეებს, რატომ ურჩევნია „დაბოლილი“ ადამიანი მთვრალს და როგორ გადაურჩა სიკვდილს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინო ძოწენიძე:
რაც ასაკი გემატება, მძაფრად შეიგრძნობ რაღაც-რაღაცებს, უფრო ემოციური და დაკვირვებული ხდები. მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ბედნიერება შენს ხელთაა, შეგიძლია, შეიქმნა საკუთარი სამყარო, სადაც თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობ. ზოგჯერ ვფიქრობ, შემეძლო, უფრო მეტისთვის  მიმეღწია-მეთქი, მაგრამ ხშირად მეწყება მიძინების პერიოდები და ვდუნდები. ეს მიძინებების პერიოდები, ვერაფრით დავძლიე, ალბათ, ჩემი სისუსტეა.
– მართალია, რომ ქუთაისიდან არ გინდოდა წამოსვლა და გიგამ, შენმა მეუღლემ ძალით წამოგიყვანა?
– ქუთაისიდან წამოსვლას არ ვფიქრობდი, რადგან ჩემს ქალაქში თავს კარგად ვგრძნობდი. წარმატებულიც ვიყავი, ანსამბლში ვმღეროდი და გიგა სულ მეუბნებოდა, სოლო კარიერაში უფრო წინ წაიწევო. სოლო კარიერა კი, უცხო იყო ჩემთვის. არ ვნანობ, თბილისში რომ წამოვედი. 21 წელია, აქ ვცხოვრობ და ყველაზე საინტერესო წლები და შეგნებული ცხოვრება დედაქალაქში გავატარე.
– თუმცა, ბავშვური თავგადასავლები, რომანტიკული წლები ქუთაისს უკავშირდება, არა?
– რასაკვირველია, ქუთაისი ჩემთვის ბავშვობასთან, სასიამოვნო წლებთან, რომანტიკასთან, სილაღესთან, სიხარულთან და ტკივილთანაც ასოცირდება. მე იქ შევდექი და ჩამოვყალიბდი, როგორც ადამიანი. მეამაყება რომ ქუთათური ვარ. ადრე რომ ჩავდიოდი, გული მიჩქარდებოდა, ბოლო ხუთი წელია, ეს აღარ მემართება. ეტყობა, მაინც გადავეჩვიე.
– წლების წინ, ქუთაისი შავ სამოსთან, „ძველ ბიჭებთან“, მოსაწევთან, ქურდული სამყაროს ავტორიტეტებთან ასოცირდებოდა. გყავდა ასეთი მეგობრები?
– ისეთ უბანში ვცხოვრობდი, სადაც ბევრი „ძველი ბიჭი“ და ავტორიტეტი იყო სამეზობლოში. მათთან ვმეგობრობდი. ზოგადად, არაფრის დოზა არ ვიცით ქართველებმა, ყველაფერი გადამეტებული გვიყვარს, თორემ, მთვრალ კაცს მე „დაბოლილი“ მირჩევნია – უფრო კონტაქტობ, ადეკვატურია და გონებაგახსნილი. ალკოჰოლი კი, გონებას ახშობს. „პლანის” ბევრი მოწევა,  დროთა განმავლობაში, ცუდ შედეგებს იწვევს. კვირაში ორჯერ, ჩემი მეგობრებიც ეწეოდნენ და ეს, ჩვეულებრივი მომენტი იყო. ტრაგედიად არ აღვიქვამდი. სამწუხაროდ, როცა რაღაც მოგწონს და გიყვარს, მასზე დამოკიდებული ხდები. მოკლედ, მოსაწევზე დამოკიდებული არ უნდა გახდე, თორემ ვინმემ რომ მითხრას, „პლანი” არ გამისინჯავსო, არ დავუჯერებ.
– შენ გაგისინჯავს?
– (იცინის). არ დაგიმალავთ, ბავშვობაში მეგობარმა უბანში გამასინჯა მოსაწევი და ძალიანაც მომეწონა „ფრენა“.  ორი ნაფაზი დავარტყი, და კარგ ხასიათზე დამაყენა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მართლა დავფრინავდი. ახლა ვიცი, დაიწყება ჭორაობა, ნახე, ნინო ძოწენიძე ეწევა და დაფრინავსო (იცინის). კიდევ ვამბობ, მე არ ვარ „პლანის” მომხმარებელი, უბრალოდ, გავსინჯე.
– რომ თქვი, მთვრალ კაცს, „დაბოლილი“ მირჩევნიაო. რა გირჩევნია, შენმა შვილმა დალიოს თუ მოწიოს?
– ჩემი შვილი, ზოგჯერ ლუდს სვამს და არ ვუშლი. უკვე დიდი ბიჭია. მე დედა ვარ და მოსაწევზე ვერ ვიტყვი, მინდა, ჩემმა შვილმა მოწიოს და არ ვარ წინააღმდეგი-მეთქი. სპორტსმენია და ალბათ,  არ მოწევს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ გაიზრდება, გასინჯოს. მე რომ სიგარეტს ვეწევი, იმის კვამლს ვერ იტანს და ზუსტად ვიცი, მოსაწევზე არ „შეჯდება“. ჭკვიანი ბიჭია. გასინჯოს, მთავარია, არ მიეჩვიოს. ხომ, გითხარით, მეც გამისინჯავს და არ ვარ ანგელოზი-მეთქი (იცინის).
– ახსენე, ქუთაისი სიხარულთან და ტკივილთან ასოცირდებაო. რა გახსენდება ყველაზე მტკივნეულად?
– ყველაზე რთული პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში, როცა ახალგაზრდა მამა გარდამეცვალა. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და ის დღე, როცა ამქვეყნიდან წავიდა, იმდენად დიდი დარტყმა იყო, საშინლად მახსენდება. სხვათა შორის, თებერვალში გარდაიცვალა და ეს თვე, ახლაც არ მიყვარს. ფიზიკურად მანგრევს, უკვე 17 წელია, ჩემთვის ძალიან მძიმედ მოდის და არასასიამოვნო მოგონებებში მაბრუნებს. 17 წელია, ტკივილით ვცხოვრობ. იმდენად დიდი ტკივილი მომაყენა ამ თვემ, რომ შემძულდა, არ მიყვარს, ტკივილთან მაახლოებს. სხვათა შორის, მამა ხშირად არ მესიზმრება, მაგრამ თუ მოვიდა ღამით და დამენახვა, მაფრთხილებს მოსალოდნელ ხიფათზე. არაერთხელ, ხან დედაზე, ხან ჩემს ძმაზე გამაფრთხილა და ახდა კიდეც. მახსოვს, ჩემი ძმა იყო დასავლეთში წასული მანქანით. მამა დამესიზმრა, კარგად გამოიყურებოდა, მითხრა, მე არსად წავსულვარ, აქ ვარო და ცუდზე მიმანიშნა. იმდენად ცხადი სიზმარი იყო, როგორც კი გავიღვიძე, ჩემს ძმასთან დავრეკე და ყურმილი არ აიღო. მივხვდი რაღაც ცუდი ხდებოდა და თურმე, ავარიაში მოჰყვა, ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ასეთი გაფრთხილება მამისგან ხშირად ყოფილა იმქვეყნიდან. ამ ბოლო დროს დამესიზმრა ცუდი სიზმარი. ჩემს ძმას კი მამამ მიანიშნა მოსალოდნელ ხიფათზე. ეს სიზმრებიც მალევე ახდა.
– რა ახდა? რაზე მიგანიშნათ სიზმრებმა?
– გიგამ სიყვარულის დღეს ახალი მანქანა მაჩუქა. მამამ ჩემს ძმას ავარიაზე მიანიშნა, მე კი ისეთი რამ ვნახე, ზუსტად ვიცოდი, რაღაც მომივიდოდა და ავარიაში მოვყევი. დამესიზმრა, ვიღაც ბიჭი დიდი დანით შემომიხტა მანქანაში, გადმომსვა, წამართვა და წაიყვანა. მეორე დღეს ავარიაში მოვყევი, გოგომ დამარტყა საცობში უკნიდან და კარგად „მიმალამაზა“. ერთი თვე უმანქანოდ მომიწევს სიარული. სხვათა შორის, ჩემი სიზმარი დილით გიგას მოვუყევი და ვიხუმრე: ნეტა, მანქანას არაფერი დაემართოს-მეთქი. ეს ამბავი რომ მოხდა, მითხრა: უკვე სერიოზულად მაშინებ შენი სიზმრებით, კუდიანი ხარ, აღარ დაიძინოო (იცინის).
– მითხრეს, ნინოს ისეთი წინათგრძნობა აქვს, ნამდვილად უნდა დაუჯეროო. მართლა ასეა?
 – ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს კუდიანობა კი არ არის, როგორც გიგა ამბობს (იცინის), უფრო გამძაფრებული ინტუიციის ბრალია. კარგად მაქვს ინტუიცია განვითარებული და ადამიანებსაც კარგად ვცნობ. გიგასთვის და მეგობრებისთვის რაც მითქვამს, ახდენიათ. მაგალითად, როცა გამიფრთხილებია, გიგა ამ ადამიანისგან შორს დაიჭირე თავი-მეთქი, არ დაუჯერებია და მომხდარა მათ შორის გაუგებრობა. მერე უთქვამს, მართლა კუდიანი ხარ თუ ვანგას შთამომავალიო (იცინის).
– პროფესიით მევიოლინე ხარ. მართალია, რომ მასზე უარი იმიტომ თქვი, რომ სიკვდილს თვალებში ჩახედე?
– 11 წელი ვუკრავდი, ორკესტრშიც ვიჯექი და საკმაოდ კარგი კარიერაც მქონდა ამ მხრივ. მერე სიმღერა დავიწყე და ეს უფრო გამიიოლდა. აღარ მიწევდა ყოველდღიურად ვიოლინოზე მეცადინეობა და ეს მომეწონა (იცინის). გაჩერებაზე ვიდექი, ვიოლინო მქონდა გადაკიდებული ჩანთით ზურგზე. მომიახლოვდა ტრამვაი, ავარდა „შტანგა“, გადატყდა, დამეცა და თავი გამიტეხა. სულ სისხლიანი ვიყავი. მართლა სასწაულით გადავურჩი სიკვდილს. საშინელი გრძნობა იყო. თუმცა, ესეც ბედისწერაა, რომ გადავრჩი და დღეს ცოცხალი ვარ, ალბათ, ასე მეწერა.
скачать dle 11.3