კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიმორცხვის გადალახვაში და როდის არის მასში მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება ნორმალური

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ხშირად ბავშვის სიმორცხვეს მშობელი უარყოფით თვისებად და პრობლემად მიიჩნევს. ასეთი მორცხვი ბავშვი კი შემდეგში „პრობლემურ“ ადამიანად გვევლინება. არის თუ არა სიმორცხვე პრობლემა  და როგორ დავეხმაროთ ბავშვს სიმორცხვის დაძლევაში, ამ თემაზე გვესაუბრა ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი.
მაია მაჭავარიანი:
სიმორცხვე ბუნებრივი მექანიზმია, რომელიც ბავშვს  სწორი და ჯანსაღი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ის, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბავშვის სიახლოვეს იმ ადამიანებთან, ვინც ზრუნავს და პასუხისმგებელია მასზე; ხოლო მეორე მხრივ, იცავს ბავშვს უცხოთა ზეგავლენისგან. იდეალური განვითარების პირობებში, სიმორცხვე ჩნდება 5-6 თვის ასაკში, როცა ჩვილი იწყებს უცხოობას, რაც გამოიხატება უცხო ადამიანების (არა ოჯახის წევრების) მიმართ შიშის რეაქციით. მაგალითად, თუ უცხო აიყვანს ხელში, ამ ასაკის ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა ტირილი და დედასთან დაბრუნების მცდელობა.  მისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ახლობელთა გარემოცვაში.  მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება  ბავშვის სამყაროს მკაფიო დაყოფას იწვევს: ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომლებისკენაც მიისწრაფვის – მათთან ჩვილი მშვიდად და დაცულად გრძნობს თავს, ხოლო მეორე მხარეს  – ისინი,  რომლებთან ურთიერთობასაც გაურბის.
– რა  შეიძლება, გახდეს ბავშვის ჩაკეტილობისა და უკონტაქტობის მიზეზი?
– სიმორცხვის შემთხვევაში, ზედმეტი ზეწოლა მშობლების მხრიდან,  შეიძლება, გახდეს შფოთვის წყარო. ხშირად მოზრდილისთვის ჩვეული სიტუაცია და სოციალური გარემოცვა ბავშვისთვის სრულიად უცხო და ახალია. ასეთ სიტუაციაში ბავშვის ქცევა შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს: გაჩუმდეს, არ ჩაერთოს საერთო აქტივობაში ან გაუბრაზდეს უცხო ადამიანს. ამას კი, ხშირად მოსდევს მშობლის მხრიდან  შერცხვენა, გაღიზიანება ან უკმაყოფილება  და შენიშვნები: „ასე ვინ იქცევა?“, „რა დაგემართა?“, „უნდა ჩამოართვა ხელი“, „ნუ ტირი, სირცხვილია“. შედეგად, ბავშვი იღებს გზავნილს: „შენ გამანაწყენე“, „იმედი გამიცრუვდა“, „უვარგისი ხარ“. ასეთი უკუკავშირის შემთხვევაში, ბავშვს უყალიბდება დაბალი თვითშეფასება: „მე ცუდი ვარ“  და შფოთვაც მსგავსი სიტუაციების მიმართ. შემდგომში ბავშვი უკვე წინასწარ ნერვიულობს, თუ რა მოხდება და ეცდება, თავიდან აიცილოს მისთვის უსიამოვნო გამოცდილება. ზოგჯერ შფოთვა იმდენად მაღალია, რომ შფოთვის ნიადაგზე შეიძლება, ბავშვმა იავადოს, ასტკივდეს თავი ან მუცელი, აუწიოს სიცხემ, ჰქონდეს გულისრევა და ასე შემდეგ. ასევე, დიდი ზეგავლენა აქვს კრიტიკას, შენიშვნებსა და შვილის შერცხვენას სხვა ადამიანების თანდასწრებით. თუ ბავშვს ხშირად ეუბნებიან: „ნუ შეაწუხე ყველა“, „შენ არ გეკითხებიან, პატარა ხარ“,  „რანაირად ჭამ!“. ბავშვს ესმის:  „გაჩუმდი!“, „შენ ხმის ამოღების უფლება არ გაქვს!“, „ემოცია არ უნდა გამოხატო!“, „ჭამა სირცხვილია!“...  შესაბამისად, ადრე თუ გვიან, დაისწავლის, რომ „სახლის გარეთ“ ჩუმად უნდა იჯდეს, არ ირბინოს, იცელქოს, რადგან ხალხი წუხდება.
– რა გავლენას ახდენს მშობელი ბავშვის კომუნიკაბელურობის განვითარებაზე?
– ბავშვები ყველაზე კარგად სწავლობენ მშობლის მაგალითზე. თუ მშობელი თავს კომფორტულად არ გრძნობს სხვა ადამიანების გარემოცვაში, შფოთავს, როცა ყურადღების ცენტრში ექცევა და  ცდილობს, თავი აარიდოს  მსგავს სიტუაციას, ბავშვი  მშობლის დაძაბულობას იგრძნობს და „დაისწავლის“ , რომ  ასეთი სიტუაციები „საშიშია“. თუმცა, სოციალურად აქტიურ და კომუნიკაბელურ მშობელსაც შეიძლება, ჰყავდეს მორცხვი შვილი და პირიქით, არაკომუნიკაბელურს – აქტიური, ლიდერის გამოხატული თვისებებით. აქ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ადამიანის ტემპერამენტი. სხვადასხვა ტემპერამენტი განპირობებულია ნერვული სისტემის თავისებურებებით, რაც ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ამიტომ, არიან ადამიანები, „ჰაერივით“ რომ სჭირდებათ, საზოგადოება, ყურადღების ცენტრში ყოფნა, ხალისი, ხმაური და ბევრი მეგობარი. თუმცა, არიან ისეთებიც, ყველაზე კომფორტულად თავს საკუთარ თავთან რომ გრძნობენ. მეგობარი სჭირდება ერთი ან ორი, ისიც არა ყოველდღე, რადგან ინტენსიური ურთიერთობა, ხმაური ღლის. ყურადღების ცენტრში ყოფნა მისთვის ისეთივე უსიამოვნოა, როგორც აქტიური ტემპერამენტის მქონე ადამიანისთვის სრული სიწყნარე. ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ, რამდენად კომფორტულია კონკრეტული ინდივიდისთვის  ის მოთხოვნები, რასაც ხშირად ვუყენებთ ბავშვებს: „აბა, ლექსი თქვი“, „მიდი, აკოცე დეიდას“ და მისთანანი. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ბუნებრივია, მიდგომაც ინდივიდუალური გვმართებს.
– როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი ბავშვს სიმორცხვის დაძლევაში?
– უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის პიროვნული მახასიათებლები, ტემპერამენტი. ყველა ბავშვს არ აქვს სცენაზე გამოსვლისა და მწვერვალების დაპყრობის სურვილი. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, შეესაბამება თუ არა, ჩვენი სურვილები და მოლოდინები ბავშვის შინაგან სამყაროს. შვილი არ არის მშობლის სურვილების რეალიზების საშუალება. ის პიროვნებაა საკუთარი მოთხოვნილებებით, სურვილებითა და სამყაროთი. მიეცით ბავშვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება – ითამაშოს, იოცნებოს, გამოხატოს საკუთარი აზრები და ემოციები და არ მიიღოს პასუხად – „ეგ ვინ გასწავლა?“, „ეს სად ნახე?“, „ასე ხმამაღლა სიცილი/ტირილი სირცხვილია!“... იმისთვის, რომ ითამაშოს, განვითარდეს და იპოვოს საკუთარი „მე“,  ბავშვს სჭირდება სივრცე, რომელსაც არ შეუზღუდავს მოზრდილი საკუთარი „შიშებითა“ და „სირცხვილით“. თუ ბავშვი მორცხვია, ხშირად, ის უფრო აქტიური ბავშვების ფონზე „იკარგება“. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მშობელი ან მასწავლებელი დროს უთმობდეს ასეთი ბავშვის მოსმენას. გამოიწვიოს კომუნიკაციაზე, მხარი დაუჭიროს ბავშვის ინიციატივას – გამოთქვას საკუთარი  აზრი ან, თუნდაც, არ მიიღოს შენიშვნა. ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელი ინტერესი. განსხვავება მხოლოდ ის გახლავთ, რომ  თუ ცალი ყურით მოუსმენთ აქტიურ ბავშვს, ის, მიუხედავად წყენისა, ისევ გაგიზიარებთ გამოცდილებას, რადგან სოციალური ინტერაქცია ძალიან სწყურია. მორცხვი ბავშვის შემთხვევაში, გაზიარების მეორე მცდელობა შეიძლება, აღარ იყოს. შეეცადეთ, დაინახოთ კონკრეტული სიტუაცია ბავშვის თვალით და იგრძნოთ, რა არის დაძაბულობის, გაუბედაობის წყარო.
–  უნდა მივაქციოთ თუ არა ყურადღება, როდესაც სიმორცხვის მიზეზი უმნიშვნელო, სასაცილოც კია?
– სიმორცხვის მიზეზი შეიძლება, სრულიად უწყინარი ან, ერთი შეხედვით, სასაცილოც იყოს. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, არა თავად მიზეზი, არამედ ის განცდები, რომელსაც ის ბავშვში იწვევს. აგრძნობინეთ ბავშვს, რომ თქვენ მისი გესმით და თანაუგრძნობთ. ემოციური მხარდაჭერის პირობებში, სიმორცხვის გადალახვა გაცილებით იოლია. ნუ შეარცხვენთ ბავშვს. თვითონ სიტყვაში „შერცხვენა“ უკვე დევს აზრი, რომ ამით მხოლოდ ნავთს დაასხამთ ცეცხლზე. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ განსხვავებულია, არ არის კომუნიკაბელური, არ ამართლებს თქვენს მოლოდინებს, მას უყალიბდება დანაშაულის განცდა. მორცხვი ბავშვის მხარდაჭერა მოითხოვს დროს და მოთმინებას, სანამ ახალ სიტუაციას შეეჩვევა და დარწმუნდება, რომ ყველა კეთილგანწყობილია; სანამ გაბედავს პირველი ნაბიჯის გადადგმას. მას სჭირდება არა ბიძგი, რომ დაიწყოს მოქმედება, არამედ მისი წამოწყებული მოქმედების მხარდაჭერა და მოქმედების განხორციელებაში დახმარება. სწორი მიდგომა საშუალებას მოგცემთ,  დაინახოთ, როგორი მდიდარი და ღრმაა მორცხვი ბავშვი.
скачать dle 11.3