კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 სატყუარა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #7-8 (895)



ჯაბა მენაბდეს სიმწრისგან გაეცინა და ბარკალაიას უთხრა:
– თუ მასე იყო, მაშინ როგორ დატრიალდა ეს ტრაგედია და რას ამბობენ ამერიკელები?
მწარედ ჩაეცინა ბარკალაიასაც და ჯაბას უთხრა:
– ძმები რომ ლოცვისას ვერ მოუხელთებიათ, რადგან იქ არ აღმოჩნდნენ, ამ დროს სპეცჯგუფი მეორე სართულზე ასულა. ძმებს კი წინააღდმეგობა გაუწევიათ. იარაღმომარჯვებულები დახვედრიან და სწორედ ასე დატრიალდა ეს უბედურება. ოპერაციის შემდეგ ძმები ბუზოღლების სახლებიდან დიდძალი საბრძოლო მასალა, ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე, ტერორისტული ისლამური ლიტერატურა ამოიღეს.
– ყველაფერი გასაგებია. მეტი კითხვა აღარ მაქვს. ჩავიცვამ და წავედით.
– კეთილი, ბატონო ჯაბა, მაგრამ მე მაქვს თქვენთან ერთი თხოვნა.
– რა თხოვნა?
– ბატონ კლარკთან ნუ გაამხელთ ჩვენი ამ საუბრის შინაარსს.
 –კლარკი ვინღაა?
– ჩვენი პარტნიორი. მან დაგეგმა ოპერაცია და მასთან შესახვედრად მიგვყავხართ.
***
ჯიმი კლარკი „მოდულის“ შენობაში იმყოფებოდა და ბარკალაიამ და ზაქარიაძემ მასთან შესახვედრად წაიყვანეს ჯაბა მენაბდე. ამერიკელი შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური წარმომადგენელი იყო საქართველოში. ანტიტერორისტულ სამსახურებს კონსულტაციებს უწევდა და ამ სფეროში, მთავრობათა შორის კოორდინაციას ახორციელებდა. ოფიციალური სტატუსით, მისი ფუნქციები მკაცრად განსაზღვრული გახლდათ. სინამდვილეში კი, მას განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდა. ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ერეოდა ადგილობრივი სტრუქტურების მუშაობაში და მთელი ანტიტერორისტული სამსახური მყარად ეპყრა ხელთ. სწორედ კლარკი წყვეტდა ყველა ოპერაციის ბედს. მისი სიტყვა საბოლოო და გადამწყვეტი იყო და ყოფილა შემთხვევები, როცა ამერიკელს ახლოც კი არ მიუშვია ადგილობრივი სამსახური ოპერაციის მსვლელობასთან და თავისი „ბიჭების“ მეშვეობით შეუსრულებია ესა თუ ის საქმე. სწორედ ასეთი შემთხვევა იყო ჯიმშერ ბუზოღლის ტყუპი ძმებისა და მათი ოჯახების ლიკვიდაციის დროს. ამ აქციის შედეგი, ანუ – უდანაშაულო ოჯახების ასეთი სასტიკი ამოწყვეტა კლარკს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ამერიკელმა მშვენივრად უწყოდა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ტყუპი ძმები – გოჩა და ხვიჩა ბუზოღლები არანაირი ტერორისტები არ იყვნენ. მათი და მათი ოჯახების განადგურება კი შურისძიების ოპერაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლდათ, რომელიც ჯავად ახმად-შაჰის, იგივე ჯიმშერ ბუზოღლის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი. ანუ, მოუხელთებელი ტერორისტი, რომელიც ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა, პერმანენტულად იცვლიდა ლოკაციას და გარემოცვაში მოღალატე არ ჰყავდა, როგორმე სამალავიდან უნდა გამოეტყუებინათ. უკეთეს შემთხვევაში, შეეპყროთ, უარესში კი – გაენადგურებინათ. მის გამოსატყუებლად კი, საჭირო იყო ისეთი ადამიანი, ვისაც ახმად-შაჰი თავის გარემოცვაში შეიყვანდა. ასეთი კი მხოლოდ ჯაბა მენაბდე გახლდათ, რომელსაც ფედერალებმა მიაგნეს და აკვირდებოდნენ. ამის პარალელურად, ჯიმშერს უახლოესი ნათესავები ამოუხოცეს, რათა შურისძიების აქცია დაეწყო. ახმად-შაჰმა თავის ერთგულ მეომრებს ჯერ ორი ქართველი მაღალჩინოსანი მოაკვლევინა, რომლებიც ანტიტერორისტულ სტრუქტურებში მუშაობდნენ და  არანაირი ბრალი არ მიუძღოდათ ტერორისტის ახლო ნათესავების განადგურებაში. მათი ვინაობა ფედერალებმა მიიტანეს ჯიმშერის ყურამდე, ანუ – ქართველი კოლეგები ერთგვარ სატყუარად გამოიყენეს და სულაც არ ადარდებდათ მათი სიკვდილი. ამერიკელებმა იცოდნენ, რომ ახმად-შაჰი ამას არ იკმარებდა და ფართომასშტაბიანი ტერაქტის მოწყობას განიზრახავდა საქართველოში. მართლაც, შედეგმა არ დააყოვნა. ჯავად ახმად-შაჰმა მეორე მუქარის ვიდეორგოლი გამოუგზავნა საქართველოს უშიშროების სამსახურს და ორთვიანი დაკვირვების შემდეგ, ოპერაციაში უკვე ჯაბა მენაბდე ჩართეს. კლარკმა რომ ჯაბას დოსიე წაიკითხა, დარწმუნდა, „გრუს“ ყოფილ პოლკოვნიკს ნებით ვერ დაიყოლიებდა. ამიტომ, მისი გადმობირების საშინელი მექანიზმი შეიმუშავა და ბარკალაიასა და ზაქარიაძეს დაავალა მისი განხორციელება. თავდაპირველად, ანტიტერორისტული სამსახურის მესვეურები კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ მენაბდის დაშანტაჟებისა და კლარკს უარი განუცხადეს, რაზეც ამერიკელმა მუშტი დასცხო მაგიდას და ქართველებს უღრიალა: ნუ ბავშვობთ. რა დროს ჰუმანურობა და დემოკრატიაა, როდესაც უამრავი ამერიკელი დაიღუპა ავღანეთშიო. ამიტომ, ბარკალაია და ზაქარიაძე იძულებულები გახდნენ თავიანთი „უფროსების“ ნებას დაჰყოლოდნენ და მენაბდე დააშანტაჟეს.
ბარკალაია და ზაქარიაძე სულაც არ იყვნენ სულელები. ისინი საკმაოდ ღრმად ჩასწვდნენ ამერიკელების მიერ დაგეგმილი მრავალსვლიანი, ვერაგული კომბინაციის არსს. ამას მიხვდა ჯაბა მენაბდეც. მაგრამ, მიხვდა იმასაც, რომ თუკი ამ ბინძურ თამაშში არ ჩაებმებოდა, მისი ცოლ-შვილი დიდ განსაცდელში აღმოჩნდებოდა. ამიტომ, შანტაჟს დაჰყვა.
„მოდულის“ შენობაში რომ მივიდნენ, ბარკალაიამ და ზაქარიაძემ ჯაბა კლარკის კაბინეტში შეიყვანეს და წარუდგინეს. ამერიკელი საკმაოდ კარგად მეტყველებდა ქართულად. ის ოთახის შუაგულში ღიმილით შეეგება ჯაბას. ხელი გაუწოდა და ქართულად უთხრა:
– ჯიმი კლარკი.
 – ჯაბა მენაბდე, – თავშეკავებულად მიუგო ჯაბამ. ჩამორთმეული ხელი სწრაფად მოაშორა ამერიკელს, რომელსაც ეს არამეგობრული ჟესტი არ გამოჰპარვია და ჩუმად დადგა.
– დაბრძანდით, ბატონებო, – კლარკმა სამივე ახალმოსულს სკამებზე მიუთითა და თავად მაგიდას მიუჯდა. პაუზის შემდეგ კი მენაბდეს უთხრა:
– რადგან აქ ხართ, ესე იგი, ჩვენთან თანამშრომლობაზე თანახმა ხართ.
– რომ არ დავთანხმებულიყავი, მაშინ აქ ჩემ მაგივრად ჩემი ცოლ-შვილი აღმოჩნდებოდა, – მშვიდად მიუგო მენაბდემ კლარკს, რითაც მიანიშნა, რომ მისი თანხმობა შანტაჟის შედეგი იყო.
– ოჯახი წმიდათაწმიდაა და მისთვის ზოგჯერ ძალიან დიდ დათმობებზე გვიწევს წასვლა, – ღიმილით თქვა კლარკმა, – სწორედ ამ სიწმინდის დაცვას ემსახურება ჩვენი პროფესია. ჩვენ ტერორისტებს ვანადგურებთ, ტერორისტები კი – უდანაშაულო ადამიანებს, მთელ ოჯახებს წყვეტენ და ამას ვგულისხმობ.
ჯაბას უნდოდა, ეპასუხა – არც თქვენ ინდობთ მშვიდობიან ადამიანებს. ოჯახებსაც ტყუილად წყვეტთ ხოლმე, როგორც ეს ბუზოღლის შემთხვევაში იყოო... მაგრამ, ბარკალაიას თხოვნა გაახსენდა, – კლარკთან ჩვენი საუბრის შესახებ არაფერი თქვაო და გაჩუმდა.
ბარკალაია დაძაბული უსმენდა საუბარს. გულში კლარკს აგინებდა, თან ფიქრობდა: ღმერთმა არ ქნას, მაგრამ რამე რომ იყოს და მენაბდეს მომენტი ჩაუვარდეს, ჩვენს ამ საქციელს არც მე და არც ზაქარიაძეს არ გვაპატიებსო... ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი სულაც არ იყო ლაჩარი, მაგრამ იმდენი ჭკუა და გამოცდილება ნამდვილად ჰქონდა, რომ საპატიებელი საქციელი უპატიებლისგან გაერჩია. თანაც, ადამიანებშიც საკმაოდ კარგად ერკვეოდა და დარწმუნებული იყო, რომ ჯაბა მენაბდე მისი ახლობლების გაწირვასა და დიდ პირად შეურაცხყოფას, არავის დაუვიწყებდა და აპატიებდა. სწორედ ამის გამო გახლდათ გამწარებული ბარკალაია კლარკზე და ნატრობდა, ჯაბა ოპერაციიდან ცოცხალი არ დაბრუნებულიყო.
– კლარკმა თავისი დემაგოგიური  შესავალი რომ დაასრულა, მცირე პაუზა გააკეთა. ჯაბას თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:
– ახლა კი საქმეზე გადავიდეთ და უშუალოდ იმ ოპერაციაზე ვილაპარაკოთ, რომელში მონაწილეობაზეც დაგვთანხმდით.
კლარკი გაჩუმდა და ჯაბას პასუხს დაელოდა. ფიქრობდა: მეტყვის, დიახო... ჯაბა კი დუმდა და ამერიკელს თვალებში უმზერდა. ამიტომ, კლარკმა განაგრძო:
– როგორც უკვე იცით, რაც ჩემმა პატივცემულმა კოლეგებმა შეგატყობინეს, – კლარკმა ბარკალაიასა და ზაქარიაძისკენ გაიშვირა ხელი, – თქვენი ძველი ნაცნობი და მეგობარი, თქვენ მიერვე გაწვრთნილი ჯავად ახმად-შაჰი ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტით ემუქრება თქვენს სამშობლოს, რომელიც ჩვენი, ამერიკელების, სტრატეგიული პარტნიორი და ახლო მეგობარია.
– ბატონო კლარკ, – სიტყვა გააწყვეტინა ჯაბამ ამერიკელს, – ჩემ მიერ გაწვრთნილ ძველ ნაცნობსა და მეგობარს ჯიმშერ ბუზოღლად ვიცნობდი. ტერორისტი ჯავად ახმად-შაჰი კი ჩემთვის უცნობია და მას ჩემს მეგობრად ნუ მოიხსენებთ.
– კვლავ უნდა დაუმეგობრდეთ, ბატონო ჯაბა და აქ იმიტომ ხართ, რომ ერთად გავიაზროთ, როგორ განვახორციელოთ ეს, – მყისიერად უპასუხა მენაბდეს კლარკმა და უნდა გაეგრძელებინა, რომ ჯაბამ კვლავ გააწყვეტინა სიტყვა:
– ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, ოპერაციის ყველა დეტალი დაწვრილებით ვიცოდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველ ეფექტს ვერ მივიღებთ და ყველაფერი ჩაფლავდება. გარდა ამისა, სწორი და ზუსტი პასუხები უნდა გამცეთ ყველა იმ კითხვაზე, რაც ჩვენი საუბრის დროს დამებადება. ამიტომ, შეიძლება, ხშირად შეგაწყვეტინოთ და კითხვა დაგისვათ. გაწყობთ, ასეთი კომუნიკაცია?
– დიახ, – მიუგო კლარკმა.
– მაშინ განაგრძეთ.
– ჯავად ახმად-შაჰი ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტით იმუქრება და ეს უბრალო მუქარა არაა. სამწუხაროდ, მან კარგად იცის თავისი საქმე და თქვენი ორი მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია უკვე განახორციელა მისმა ხალხმა თბილისში. ყველაფერი კი იქიდან დაწყო, რომ მისი ტერორისტი ძმების ლიკვიდაცია განხორციელდა, რასაც სამწუხაროდ, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა, – კლარკმა ბარკალაიასა და ზაქარიაძისკენ გაიშვირა ხელი და დააყოლა, – ჩემი კოლეგები, ალბათ, გეტყვოდნენ ამის შესახებ.
– დიახ. ინფორმირებული ვარ. ოპერაციის დროს ტყუპებთან – ხვიჩასა და გოჩასთან, ერთად მათი მეუღლეები და მცირეწლოვანი ვაჟებიც დაღუპულან.
– სამწუხაროდ, ასეა, – თქვა კლარკმა.
– მე ეს ინფორმაცია, ზოგადად, მომაწოდეს. ამიტომ, მინდა, ყველაფერი დაწვრილებით ვიცოდე ამ ოპერაციის თაობაზე.
– გეტყვით, – თქვა კლარკმა, – ხვიჩა და გოჩა ბუზოღლები მათი უფროსი ტერორისტი ძმისგან დიდძალი შეიარაღებითა და აკრძალული, ისლამურ-ტერორისტული ლიტერატურით მარაგდებოდნენ. ეს  ყველაფერი ჩვენ მათ სახლებში აღმოვაჩინეთ, რაც სპეციალურ საქმეშიცაა ასახული –  შესაბამისი ფოტო, ვიდეო და სხვა მტკიცებულებებით. ჯავად ახმად-შაჰი უმცროს ძმებს თავისი ტერორისტული ქსელის გასაფართოებლად იყენებდა და ერთი მხრივ, რადიკალური ისლამური მოძრაობის დამკვიდრება უნდოდა საქართველოში, მეორე მხრივ კი – უკვე თეორიულად მომზადებული ადამიანების კბილებამდე შეიარაღება. ჩვენი ოპერაცია ამ ყველაფრის აღსაკვეთად იყო მიმართული, მაგრამ ფატალურად დასრულდა. ოპერაციას გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური ჯგუფი ატარებდა. ინფორმაცია კი ანტიტერორისტულმა ცენტრმა მოგვაწოდა (კლარკმა ბარკალაიასა და ზაქარიაძისკენ გაიშვირა ხელი). ჩვენი მიზანი იყო მათი ცოცხლად აყვანა და არანაირ ლიკვიდაციას არ ვგეგმავდით. პირიქით, საქმის ინტერესები მოითხოვდა მათ დაკითხვა-დამუშავებას, რომ მათი საქმიანობის შესახებ ყველაფერი გაგვეგო. ტყუპებმა კი შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ორივემ ჩვენს თანამშრომლებს იმ საძინებლიდან აუტეხა სროლა, სადაც მათ ცოლ-შვილს ეძინა. აბა, რას იფიქრებდნენ ჩვენი თანამშრომლები, რომ ტყუპები საცეცხლე წერტილს უდანაშაულო ცოლ-შვილის სიახლოვეს გახსნიდნენ? ეს რომ სცოდნოდათ, მათ, უბრალოდ, ალყაში მოაქცევდნენ და საპასუხო ცეცხლს არ გაუხსნიდნენ. ასე რომ, მათი უდანაშაულო ცოლ-შვილის დაღუპვა მხოლოდ მათ სინდისზეა.
– ბატონო კლარკ, სპეცოპერაცია გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რატომ ჩაატარა და ამის საშუალება ადგილობრივ ძალებს რატომ არ დაუთმეთ? მით უმეტეს,  თუ არ ვცდები, საქართველოს კანონით იკრძალება უცხო ქვეყნის შეიარაღებული ფორმირების გამოყენება ჩვენს ტერტორიაზე და ამას სპეციალური ბრძანება სჭირდება უმაღლესი ხელისუფლისგან. გქონდათ თქვენ მსგავსი ნებართვა? მე, მგონი, არასანქცირებულ სამხედრო აქციებს შეერთებული შტატები მხოლოდ მტრის ტერიტორიაზე ახორციელებს. ჩვენი ქვეყნები კი, როგორც დეკლარირებულია, სტრატეგიული პარტნიორები და ახლო მეგობრები არიან.
– გიდასტურებთ, რომ ჩვენ ახლო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ვართ. იმასაც გეტყვით, რომ არც უმაღლესი ხელისუფლების ნებართვა გვქონდა. უბრალოდ, დრო არ ითმენდა და ვერ მოვასწარით ამ ფორმალობის გაფორმება. სიტყვიერი შეთანხმება იყო. ჩვენმა ბიურომ კი იმიტომ ჩაატარა ზემოხსენებული ოპერაცია, რომ ამ საქმეში მეტი გამოცდილება გვაქვს, – კლარკმა ხელები გაშალა და დააყოლა, – თუმცა, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა.
– ბატონო კლარკ, რა ინფორმაცია გქონდათ ისეთი, რამაც დაგარწმუნათ, რომ კბილებამდე შეიარაღებულ ტერორისტებს სუფთად აიყვანდით?
– ოპერაცია ღამის სამ საათზე დაიწყო. ინფორმირებულები ვიყავით, რომ ტყუპი ძმები ორთოდოქსი მორწმუნეები იყვნენ და დღე-ღამის განმავლობაში, ყოველ სამ საათში ერთხელ ლოცულობდნენ. თავ-თავიანთ სახლების პირველ სართულზე სპეციალური სამლოცველო კუთხე ჰქონდათ მოწყობილი. ლოცვისას მათ იარაღი არ უნდა ჰქონოდათ თან. ღამის სამი საათი სწორედ ლოცვის დრო იყო. ჩვენი რაზმებიც სწორედ მაშინ შევიდნენ მათთან, როცა ისინი ხატების წინ უნდა ყოფილიყვნენ დაჩოქილი.
– რა ბრძანეთ, ხატების წინ დაჩოქილი? ისლამისტი რადიკალი ტერორისტები და, საერთოდ მუსლიმანები ხატების წინ არ ლოცულობენ და რა გამოდის? – მხრები აიჩეჩა ჯაბამ, – ისინი ქრისტიანები ყოფილან.
– დიახ. ისინი მართლაც ქრისტიანები იყვნენ. მეტსაც გეტყვით, მართლმადიდებელი ქრისტიანები და მთელი ტერორისტულ-ისლამური ეშმაკობაც ამაშია. ტყუპები ამით ინიღბებოდნენ. სინამდვილეში კი ისლამურ რადიკალიზმს ემსახურებოდნენ და ტერორიზმს უჭერდნენ მხარს. ალბათ, ასეთი მითითება ჰქონდათ მიღებული თავიანთი უფროსი, ტერორისტი ძმისგან.
– ცოტა არ იყოს, უცნაურ რაღაცას ამბობთ, ბატონო კლარკ.
– მაინც, რაში ხედავთ აქ უცნაურობას?
– როგორც თქვით, იმიტომ შევიდნენ თქვენი რაზმები მათ ასაყვანად ასე თამამად, რომ იცოდით, ორთოდოქსი მორწმუნე ქრისტიანი მართლმადიდებლები იყვნენ და იოლად დააკავებდით მათ ლოცვის დროს. ბოლოს კი აცხადებთ, რომ რადიკალურ ისლამს უჭერდნენ მხარს და ქრისტიანული მართლმადიდებლობით ინიღბებოდნენო. მაშინ, ამ ინფორმაციას არ უნდა ნდობოდით და სხვანაირად გემოქმედათ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3