კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 რა გრანდიოზული საიდუმლო სამხედრო პროექტი განახორციელა ბერიამ შუა აზიაში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ინოვაციურ მიგნებასა და მის მიერ ურთულესი საკითხების ორიგინალურად გადაწყვეტის უნარზე ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი იწერება. განსაიდუმლოებული დოკუმენტების გაცნობისას კი რწმუნდები, რომ ის მართლაც ორგანიზატორ-ინჟინრის გენიალური ნიჭით იყო დაჯილდოებული. ყველა ის საშინელი ბრალდება კი, რაც მას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე წაუყენეს, მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურებების გადასაფარად და შეთქმულთა დანაშაულის გასამართლებლად იყო შეთითხნილი.
უამრავ საიდუმლო პროექტს შორის, რასაც ბერია კურირებდა, საკმაოდ საინტერესოა უზარმაზარი სამხედრო-საპელენგაციო სადგურის მშენებლობა, რომელიც 1950-1952 წლებში განხორციელდა უზბეკეთში, ფერგანის ველზე და უდიდესი სამხედრო-სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. იქ, ფერგანის ველზე, რომელიც 300 კილომეტრის სიგრძისაა, 170 კილომეტრის სიგანის და მთლიანად 22 ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, 6 ათასი მეტრის სიმაღლის მთებში ჩაკარგულ ერთ-ერთ ღრმულში შეიქმნა უნიკალური ნაგებობა, რომელსაც ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი მსოფლიოში, როგორც ინჟინრული, ასევე სამხედრო-საიდუმლოების თვალსაზრისით.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და „ცივი ომის“ დაწყების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა გადანაწილებული ტერიტორიების საიმედო კონტროლის საკითხი. თუკი ევროპაში ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნათელი იყო და როგორც საბჭოეთს, ასევე „ნატოს“ ბლოკს თავთავიანთი პოზიციები საიმედოდ ეკავათ, შუა აზია აქილევსის ქუსლად რჩებოდა. სტალინი შიშობდა, რომ ვერაგი ყოფილი მოკავშირეები ყოველმხრივ შეეცდებოდნენ აზიური დერეფნის გამოყენებას ზურგიდან დასარტყმელად და ძალ-ღონეს არ იშურებდა მის გასამაგრებლად. ამიტომ, კომპეტენტური ექსპერტებისგან შემდგარმა საიდუმლო კომისიამ დაასკვნა, რომ აუცილებელი იყო, უზბეკეთში აეშენებინათ საიდუმლო-საპელენგაციო სადგური, რომელსაც შეეძლებოდა მთელი შუა აზიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საჰაერო კონტროლი. ასევე, აეშენებინათ საჰაერო ბაზა, როგორც თავდაცვისთვის, ასევე, მოულოდნელი თავდასხმის ორგანიზებისთვის. პროექტი საიდუმლო იყო და მის კურატორად ბელადმა, რა თქმა უნდა, ბერია გაამწესა. სერგო გოგლიძე („ენკავედეს“ გენერალი) იხსენებდა: „სტალინმა  რომ ბერიას შუააზიური სივრცის ჩასაკეტი პროექტის კურატორობა დაავალა, ლავრენტი პავლეს ძე უკვე რამდენიმე საიდუმლო პროექტს ახორციელებდა. მათ შორის, უპირველესი, რა თქმა უნდა, ატომური პროექტი იყო. ბერიამ ჩვეული ენერგიულობითა და პროფესიონალიზმით მოჰკიდა ხელი საქმეს. შეხვდა საიდუმლო კომისიის წევრებს. გულდასმით გაეცნო პროექტს და უზბეკეთისკენ, ფერგანის ველისკენ ავიღეთ გეზი, რომელიც უზარმაზარ მთებშია ჩაკარგული. ქვიან ღრმულებს ბუნებრივი ტბები აკრავს გარს, რომლებიც უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ინჟინერი – პავლე საპოჟნიკოვი. სწორედ მას უნდა შეერჩია ადგილი საიდუმლო ბაზის საიდუმლო მშენებლობისთვის. ამ უზარმაზარ ველს ბერიას პირადი თვითმფრინავით  ყველა მიმართულებით რამდენიმეჯერ გადავუფრინეთ. ბოლოს ინჟინერმა არჩევანი შეაჩერა ერთ კვადრატზე, რომელიც ფერგანის ველის შუაგულში იყო განლაგებული და სიგრძითა და სიგანით ორი ათას-ორი ათასი მეტრი, ანუ 4 ათასი კვადრატული კილომეტრი იყო.
– აი, ყველაზე მოხერხებული ადგილი ჩვენი ბაზისთვის, ლავრენტი პავლოვიჩ, – უთხრა ბერიას საპოჟნიკოვმა.
ბერიამ ყურადღებით შეათვალიერა შემოთავაზებული ადგილი. ჩაფიქრდა. რამდენიმეჯერ პროექტის შინაარსიც გადაიკითხა და საპოჟნიკოვს უთხრა:
– აქ ისეთი ადგილმდებარეობაა, ყველაფერი ხელისგულივით ჩანს ჰაერიდან და შენიღბვის საკითხს როგორ მოვაგვარებთ?
– ადგილმდებარეობა უნდა ჩავკეტოთ, ლავრენტი პავლოვიჩ და ოცი კილომეტრის რადიუსზე არავინ შემოვუშვათ. რაც შეეხება ჰაერს, ეს ადგილი ასაფრენ ზონად უნდა გამოცხადდეს, – უპასუხა ინჟინერმა ბერიას.
– ასე არ ივარგებს. ამდენი აკრძალვა ეჭვს გამოიწვევს მტერში და უცხოურ დაზვერვას მოიზიდავს. რაიმე სხვა გზა უნდა მოვნახოთ, – თავი გააქნია ბერიამ.
– სხვაგვარად არაფერი გამოვა, ლავრენტი პავლოვიჩ. აქაურობას უჩინარს ვერ გავხდით, – ღიმილით მიუგო საპოჟნიკოვმა ბერიას.
– უჩინარიო, შენ ამბობ? – ჩაილაპარაკა ბერიამ. ჩაფიქრდა და ველს გადახედა. შემდეგ გაეღიმა და ინჟინერს უთხრა:
– სწორედაც რომ, უჩინარი უნდა გავხადოთ. ყოჩაღ, პაველ სერგეევიჩ. მართლაც რომ, საჭირო სიტყვა გამოძებნე.
საპოჟნიკოვი, რატომღაც შეცბა. იფიქრა, ბერიას ჩემი პასუხი ეწყინა და დამცინისო და გაისუსა.
ბერიამ კი ინჟინერს გულღიად გაუღიმა და უთხრა:
– რა ცხვირი ჩამოგიშვია, ამხანაგო ინჟინერო, ერთი იდეა მომივიდა თავში და კარგად მომისმინე. როგორც პროფესიონალმა ინჟინერმა, შეაფასე და რჩევა მომეციო.
– გისმენთ, ლავრენტი პავლოვიჩ, – ამოილუღლუღა საპოჟნიკოვმა.
ბერიამ ხელი წინ გაიშვირა და ინჟინერ საპოჟნიკოვს უთხრა:
– აი, ამ ღრმულში არ უნდა აშენდეს ეს საპელენგაციო სადგური და საჰაერო ბაზა, ანუ ასაფრენი ბილიკები და ანგარები თვითმფრინავების დასაყენებლად?
– დიახ, – მიუგო საპოჟნიკოვმა.
– ჰოდა, გთავაზობ, ღრმული გავაფართოოთ და ანტენა შიგნით ავაშენოთ. ის უნდა იყოს მექანიკური და შესაბამისი მექანიზმის მეშვეობით ზემოთ ამოდიოდეს. მის დასაფარავად კი, ამ ღრმულებში წყალს ჩავასხამთ და ესეც თქვენი შენიღბვა – ხელოვნური ტბა იქნება. კაციშვილი ვერ მიხვდება, თუ რა არის მის ქვეშ. აქამდე – კლდეებში იქნება ასაფრენი ბილიკებიცა და ანგარებიც. კლდეებს გამოვჭრით და მექანიკურ კარებს დავაყენებთ, კარებს კი ლოდებით შევნიღბავთ. რას იტყვი, დიდი სისულელე შემოგთავაზე?
პავლე საპოჟნიკოვს სახე გაუბრწყინდა. წამით დაავიწყდა, ვის ელაპარაკებოდა და ბერიას მხარზე ხელი შემოჰკრა, თან აღტაცებით თქვა:
– ყოჩაღ, ლავრენტი პავლოვიჩ! როგორ მოიფიქრე ეს. წყალი ჩვენ ანტენას ვერაფერს ავნებს, მტერსა და ჯაშუშებს კი თვალს აუხვევსო, – შემდეგ ინჟინერი შეცბა, შიშისგან ხელი გაუშეშდა და ენა ჩაუვარდა.  ბერიამ კი გაუღიმა და მიუგო:
– თქვენი წყალობით, ამხანაგო ინჟინერო, თქვენი წყალობით. ამხანაგ სტალინს მოვახსენებ, რომ ეს იდეა თქვენ მომაწოდეთო.
ანტენისა და ავიაბაზის შენიღბვა, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ბერიას სხარტი გონების ნააზრევი იყო, მაგრამ ლავრენტი პავლოვიჩს ადამიანების წახალისებისა და მათი დაფასების უნიკალური უნარი ჰქონდა და სტალინთან მოხსენების დროს ინჟინერი საპოჟნიკოვი თავის თანამოაზრედ დაასახელა“.
უნიკალური მშენებლობა ფერგანის ველზე ერთი კვირის შემდეგ დაიწყო, რომელსაც ხშირად ამოწმებდა მისი კურატორი ლავრენტი ბერია. ორ წელიწადში კი იქ ხელოვნური ტბა გაჩნდა. მის ფსკერზე კი გიგანტური საპელენგაციო ანტენა იყო მოთავსებული. როდესაც ის მუშა მოქმედებაში მოდიოდა, წყალი ხელოვნური ტბიდან სპეციალურ რეზერვუარებში ჩაედინებოდა. ანტენა კი ოცი მეტრით მაღლა ამოდიოდა. უზადოდ გაკეთდა კლდეში გამოკვეთილი ავიაბაზაც, რომელშიც უზარმაზარი, ლოდებით შენიღბული კარები იყო ჩამონტაჟებული და თანამედროვე თვითმფრინავები მზად იყვნენ თავდაცვისა და შეტევისთვის. ამ პროექტისთვის ბერია სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა.
скачать dle 11.3