კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როგორ ხდება ხელმისაწვდომი თქვენს მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის და როგორ შეუძლია „ფეისბუქს” ხელი შეუშალოს თქვენს კარიერულ წინსვლასა და დასაქმებას

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

მას შემდეგ, რაც კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და ინტერნეტი გაჩნდა, ადამიანის ცხოვრება მეტად გამარტივდა. ჯადოსნური სარკე ლამის თითოეულს უკვე ჯიბეში უდევს, მაგრამ, რაკი ყველაფერს თავისი ფასი აქვს, პირადი ცხოვრების დამალვაც გართულდა. ვირტუალური სამყარო იმდენად ვერაგია, რომ რამდენადაც გვიიოლებს, იმდენადვე გვირთულებს ცხოვრებას. თუკი უკვე ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი არათუ სახლიდან გაუსვლელად, ადგილიდან დაუძვრელადაც, ასევე, ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია ჩვენ შესახებაც, რომელსაც უშურველად გავცემთ და დაინტერესებული პირებიც აქტიურად იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ. რა უნდა ვიცოდეთ  ვირტუალურ სივრცეში აქტიურობისას, როგორ დავიცვათ ჩვენს ტელეფონებსა და კოპიუტერებში არსებული ინფორმაცია და, შესაბამისად, საკუთარი თავი ამ დაუცველ ციფრულ ეპოქაში, –  საკითხს უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი, ლაშა პატარაია განგვიმარტავს.
– მობილური ტელეფონი გვიჭირავს ხელში და ძალიან კმაყოფილი ვართ. ამ დროს კი, ყველა მონაცემი, რომელსაც იქ ვინახავთ და ყველა აქტივობა, რასაც ვახორციელებთ ამ ტელეფონით, შეიძლება, აღმოჩნდეს დაინტერესებული პირების ხელში: ფოტოები, კონტაქტები, ზარები, ტექსტური შეტყობინებები... როგორ არის შესაძლებელი ამ ინფორმაციის მოპოვება დაინტერესებული პირებისთვის, მათ შორის, სტატისტიკისთვისაც?
– კომფორტი ახსენეთ, სერვისების 80 პროცენტი, რითაც ვსარგებლობთ: სოციალური ქსელები, ელფოსტა, საძიებო სისტემები უფასოა. თუმცა, ერთი შეხედვით ჩანს, რომ უფასოა, სინამდვილეში კი, ჩვენ ვიხდით ფასს: ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დღევანდელი ტრენდი არის ინფორმაცია, როგორც პროდუქტი: მარკეტინგული კომპანიებისთვის დღეს უმთავრესი პროდუქტია ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ შესახებ ინფორმაცია, რომელიც მუშავდება სოციალურ ქსელებში, საძიებო სისტემებსა თუ სხვა ონლაინპლატფორმებსა და სერვისებში, ძალიან მომხიბვლელი და ფასეული რესურსია. მათ შორის, მრავალმილიარდიანი კომპანიებისთვის როგორც სტატისტიკური ინფორმაცია, ისე ინდივიდუალური, ეგრეთ წოდებული, ჭკვიანი რეკლამისთვის, რაც დღეს თანამედროვე მარკეტინგის მამოძრავებელია. ამდენად, როდესაც თქვენ იყენებთ რაღაც სერვისს და თანხას არ იხდით, უნდა დაფიქრდეთ, ხომ არ ხართ მათთვის პროდუქტი და რა სახის ინფორმაცია გროვდება თქვენ შესახებ.
– ანუ ციფრულ ეპოქაშიც ინარჩუნებს აქტუალობას შეგონება, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.
– დიახ. კონსპირაციების თეორიებსაც რომ თავი დავანებოთ, რომელ სახელმწიფოებსა და  ორგანიზაციებს შეიძლება, აძლევდეთ ხელს ამ ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება, ამ უფასო პლატფორმებიდან მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და შემდეგ გაყიდვა, მარკეტინგული მიზნით, დღეს არის ლეგალური და ბუნებრივი.
– ჩვენთან „ფეისბუქია” პოპულარული ქსელი, ამიტომ ამაზე ვისაუბროთ. გასაგებია, ალგორითმს მისცემ პროგრამას და ის სტატისტიკურად დაამუშავებს მთელ ინფორმაციას სისტემურად. აი, ამ მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლა როგორ ხდება? „ფეისბუქი” როგორ ჰყიდის მას?
– გაყიდვის მრავალნაირი ფორმაა. ვერ ვიტყვი, რომ მონაცემთა ბაზას ვინმეს გადასცემენ, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ინფორმაციის დამუშავებისას, თქვენი უფლებები ილახება და პერსონალური ინფორმაცია გაიცემა. იმიტომ რომ, პერსონალური ინფორმაცია ნიშნავს ინფორმაციას თქვენ შესახებ, როდესაც შესაძლებელია იდენტიფიცირება, მაგრამ, თუ თქვენ შესახებ ინფორმაცია მოგროვდა, როგორც კონკრეტული სისტემის ათასმეერთე მომხმარებელზე, თუნდაც, ისეთი პერსონალური სახის, როგორიცაა განწყობები, საყვარელი ფერები, ძირითადი საძიებო სიტყვები, ცხოვრებისეული ინტერესები და ასე შემდეგ. ეს არ არის თქვენი პერსონალური მონაცემები. პერსონალური გახდება მას შემდეგ, თუ მონაცემებში ჩაიწერება თქვენი სახელი და გვარი. ახლა გეტყვით ამ ინფორმაციის გაყიდვის ყველაზე მარტივ მაგალითს: როდესაც თქვენ, როგორც ინდივიდს ან როგორც კომპანიის წარმომადგენელს, გინდათ, რეკლამა გააკეთოთ „ფეისბუქზე“, ამის ყველაზე მარტივი ფორმაა „დაბუსტვა“. როდესაც თქვენ ირჩევთ, თუ ვინ გინდათ, რომ ნახოს თქვენი ესა თუ ის პოსტი, ირჩევთ მომხმარებლის ასაკს, ადგილმდებარეობას, ასევე, შეგიძლიათ, ჩაშალოთ თქვენი აუდიტორიის სეგმენტი და მოითხოვოთ, რომ თქვენი პროდუქტის რეკლამა ნახონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომლებსაც აინტერესებთ რომელიღაც კონკრეტული წიგნი, ფილმი და სხვა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ თქვენ იყენებთ ინფორმაციას სხვების შესახებ. „ფეისბუქის” სარეკლამო სისტემა ფილტრავს ამ მომხმარებლებს და ამის მიხედვით გამოუჩენს თქვენ მიერ „დაბუსტულ“ პოსტს მათ, თქვენ რომ შეარჩიეთ. ეს არის თქვენი მონაცემების კომერციულად გამოყენების ყველაზე მარტივი ფორმა.
– მაგრამ ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქსელსა თუ საძიებო სისტემას, უკვე წინასწარ აქვს დამუშავებული ინფორმაცია თავისი მომხმარებლების შესახებ?
– არსებობს მონაცემთა ბაზა, რომელიც აერთიანებს იმას, რასაც თქვენ წერთ და ავსებთ. თქვენი პოსტი, ლაიქი, ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ სოციალურ ქსელსა თუ საძიებო სისტემაში, ხვდება კონკრეტულ მონაცემთა ბაზაში, სადაც საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია ინახება თითოეულ მომხმარებელზე. ამას სოციალური ქსელი თუ საძიებო სისტემა იყენებს ძალიან დახვეწილი და ლეგალური ფორმით პოტენციალური სარეკლამო კამპანიებისთვის.
– სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია ცოტა სულელური ტესტები, გასართობი. ვინ არის შენი მეგობარი, ვინ იყავი წინა ცხოვრებაში, რომელ ვარსკვლავს ჰგავხარ და ასე შემდეგ. მომხმარებლებზე რა ინფორმაციას აგროვებს ამ ტიპის ტესტები? ხომ ცხადია, რომ მათაც აქვს რაღაც ფუნქცია და წარმოდგენა არ აქვთ, ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში?
– იმედი მაქვს, მომხმარებელთა უმრავლესობას ესმის, რომ ამ ტესტების უმეტესობა არ ეკუთვნის ამა თუ იმ სოციალურ ქსელს. თუმცა დარწმუნებული ვარ, ბევრმა არც იცის, იმიტომ რომ, კიბერსივრცეში ცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია. ამდენად, არ გამიკვირდება, რომ ვინმემ რაღაც ტესტი, რომელიც ჩნდება, „ფეისბუქის” თაიმლაინში, მიიჩნიოს „ფეისბუქის” ტესტად, ანუ დაცულად. შესაძლოა, რომელიმე კომპანიას ან თუნდაც ფიზიკურ პირაც კი, აინტერესებდეს ინფორმაცია თქვენ შესახებ და ამისთვის იყენებდეს მსგავს ტესტებს. ასეთი ტესტების განთავსებას შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა მოტივი: ერთი ის, რომ თავის საიტზე, სადაც თქვენ ტესტს ავსებთ, გაყიდოს რეკლამა. ამიტომ მისი ინტერესია, რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი შევიდეს მის გვერდზე, ან დაამუშაოს თქვენ შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, შეიძლება, იყოს ჰაკერული ინტერესიც. ამიტომ, როდესაც თქვენ გადადიხართ სხვა საიტზე, რომელზეც „ფეისბუქი” აღარ აგებს პასუხს, დიდი ალბათობით, თქვენ ამ დროს შეიძლება, კომპრომეტირება გაუწიოთ საკუთარ მონაცემებს და გასცეთ თქვენი „ფეისბუქის” თუ ნებისმიერი ქსელის ექაუნთისა და თქვენი ავტორიზაციის მონაცემები: მომხმარებელი, პაროლი, ავტორიზაციის გასაღები და სხვადასხვა საინტერესო ტექნიკური ცნობა თქვენ შესახებ, საეჭვო საიტის უცნობ მფლობელებს და ჩვენ არც კი ვიცით, როგორ გამოიყენებს ის ამ ინფორმაციას. თქვენ მიერ ნახსენები ტესტების 90 პროცენტის პროვაიდერები არიან გაურკვეველი ინდვიდები და ძალიან რთულია იმის გაგება, თუ ვინ დგას მათ უკან.
– ანუ მთავარი მიზანია, ჩვენზე, ვისაც გვაინტერესებს, რომელი ისტორიული პერსონაჟი ვიყავით წინა ცხოვრებაში, შეაგროვონ ინფორმაცია?
– აქ ცოტა პირობითი ზღვრია, რეალურად, ჩვენთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, ზედმეტად პოპულარულია „ფეისბუქი”, რაც მაფიქრებინებს, რომ ადამიანებს აქვთ საკუთარი თავის წარმოჩენის პრობლემა. მართალია, სოციალური ქსელები ის პლატფორმაა, სადაც თითოეულს ეძლევა ინდივიდუალური პლატფორმა თვითგამოხატვისთვის, მაგრამ სოციალური ქსელების ასეთი ზედმეტი პოპულარობა, მიუთითებს სხვა ფსიქოლოგიურ ასპექტებზეც და კიბერუსაფრთხოებასაც თავი რომ დავანებოთ, კარიერულ რისკებსაც შეიცავს. თუ თქვენი სოციალური ქსელი არასერიოზულად გამოიყურება, ანუ ყოველდღე დებთ ტესტს, თუ როგორი ხართ, ვის ჰგავხართ, როგორი იქნებით ათი წლის შემდეგ, ეს მინიმუმ აჩენს რისკს, რომ აღგიქვან არარესპექტაბელურად. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და არაფერია ამაში არალეგალური, რომ პოტენციალური დამქირავებელი ინტერესდება თქვენი არსებობით სოციალურ ქსელში. რადგან ხომ შეიძლება, რადიკალი იყოთ და ისეთ პოსტებს აზიარებდეთ, რომ ეს დამაფიქრებელი აღმოჩნდეს იმ კომპანიისთვის, რომელიც გიპირებთ, დაგიქირაოთ?! ყველა კომპანიის „ეიჩარი“ ითვალისწინებს სოციალური ქსელის ფაქტორს პირის სამსახურში აყვანისას. დღეს მხოლოდ გასაუბრება და „სივი“ აღარ არის საკმარისი. ბევრი სხვა რამ მოწმდება თქვენ შესახებ და რაც უფრო დიდია კომპანია, სადაც მუშაობის დაწყებას აპირებთ, მით მეტად მკაცრია იქ უსაფრთხოების პროცედურები. ამიტომ, ეს ერთ-ერთი რისკია და არანაკლებ დასაფიქრებელი ჩვენი მომხმარებლებისთვის საქართველოში.
– თანამედროვე მობილურ ტელეფონებში არის სოციალური ქსელებიც, ელფოსტაც, აპარატი თავისით აკეთებს კონტაქტების სინქრონიზებას ელფოსტასთან. სად მიდის ეს, ერთიანი ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ?
– თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ კომპანიებზე, როგორებიცაა „ფეისბუქი”, „ჯიმეილი” და ასე შემდეგ, მათთვის ნებისმიერი სამართლებრივი გადაცდენა, ანუ ისეთი ინფორმაციის წამოღება, რის ნებართვასაც თქვენ არ მისცემთ, იმდენად დიდ პოტენციალურ ზარალთანაა დაკავშირებული, რომ ნაკლებადაა მოსალოდნელი, ასეთმა კომპანიებმა თქვენი თანხმობის გარეშე გამოიყენონ თქვენ შესახებ ინფორმაცია, იმიტომ რომ, ფინანსური და მორალური პასუხისმგებლობა, რასაც ამგვარი ქმედება გამოიწვევს, ბევრად მეტია, ვიდრე თქვენ შესახებ ინფორმაცია.
– ვისგან გველის მაშინ საფრთხე? ვის აქვს ნაკლები ან საერთოდ არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა?
–  საეჭვო, გადაუმოწმებელი დეველოპერებისგან, რომელთა პროდუქტები ძალიან ბევრია ანდროიდის სისტემაში. „გუგლ ფლეის“ საშუალებით თქვენ იძენთ უამრავ თამაშს, პროგრამას, რომელთა შემქმნელის ვინაობა არ არის გამჭვირვალე, ანუ უცნობია, ვინ დაამუშავებს თქვენს მონაცემებს და, შესაბამისად, ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ისინი არ გამოიყენებენ ჩვენ შესახებ ინფორმაციას ჩვენს წინააღმდეგ. თქვენ თუ ისწავლით პროგრამირებას, შეგიძლიათ, დაწეროთ პროგრამა, შენიღბული თამაში, რომელიც რეალურად, გადმოიწერს თქვენი ტელეფონიდან კონტაქტებს,  სატელეფონო საუბრებს ან მესიჯებს ატვირთავს რაღაც სერვერზე და თითქმის შეუძლებელი იქნება თქვენი გამომჟღავნება. ასე რომ, კიბერსივრცე აგებულია ნდობის ფაქტორზე: თუ მომხმარებელმა იცის, ვისთან აქვს საქმე, რისკი დაბალია, რადგან ცნობილი კომპანიები იცავენ სტანდარტს. მეორე მხრივ, თქვენზეა დამოკიდებული, ჩათვლით თუ არა საჭიროდ, რომ ესა თუ ის უფლება მისცეთ ამა თუ იმ აპლიკაციას, როდესაც რამეს იწერთ. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რაზე ითხოვს წვდომას ესა თუ ის პროგრამა თქვენს ტელეფონში. თუ იწერთ თამაშს და ის ითხოვს დაშვებას თქვენს კონტაქტებზე, მესიჯებზე, ელფოსტასა და ზარების ჩაწერაზე, ეს ხომ არალოგიკურია?! თამაშს რაში უნდა სჭირდებოდეს თქვენს კონტაქტებსა ან ზარებთან დაშვება?! აი, ეს მომენტებია გასათვალისწინებელი: რამდენად სანდოა დეველოპერი და რას ითხოვს თქვენგან სანაცვლოდ. მომხმარებლები ხშირად ტყუვდებიან, იმიტომ რომ, „მარკეტზე“ რაღაც პროგრამას ნახავენ, რომელიც სანდო შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა რეალურად, ეს ასე არ არის ხოლმე.
– არის შემთხვევები, როდესაც პროგრამას ვერ იწერ, თუ არ დართავ იმის ნებას, რასაც ითხოვს.
– კიბერუსაფრთხოება არის ორი რამის ბალანსი: კომფორტისა და უსაფრთხოების. თუ თქვენთვის კომფორტულია რაღაცის ფლობა, მიდიხართ უსაფრთხოების კომპრომისზე; თუ თქვენი უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, მაშინ გაუძლებთ ცდუნებას, რადგან, რაც მეტია კომფორტი, მით ნაკლებია უსაფრთხოება.
– შეიძლება, მოხდეს ისე, რომ პროგრამა არაფერს ითხოვს, იწერ და ამ დროს ავტომატურად იღებს დაშვებას შენი ტელეფონის ყველა ფუნქციაზე?
– ანდროიდის უსაფრთხოების სისტემები საკმაოდ მოქნილია, რომ არ დაუშვას პროგრამის მიერ რამე სხვა უფლების გამოყენება. როდესაც პროგრამა იტვირთება „მარკეტ ფლეიზე“, ის მოწმდება გარკვეულ დონეზე.
– ანუ მომხმარებლის თანხმობა აუცილებელია, რომ წვდომა მიიღოს მის მონაცემებზე პროგრამამ?
– შესაძლოა, ყველა პროგრამამ არ გთხოვოთ ნებართვა იმაზე, რასაც ითხოვს, მაგრამ მომხმარებელი თუ შევა პროგრამაში, რომლის გადმოწერასაც აპირებს, ბოლო გვერდზე მითითებულია პროგრამის უფლებები, თუ რაზე ითხოვს დაშვებას. ამიტომ უნდა გაეცნოთ, რის უფლებას ანიჭებთ პროგრამას, როდესაც იწერთ. ამ მითითების გარეშე, ვერანაირი პროგრამა ვერ მოხვდება „ფლეი მარკეტზე“, ამიტომ ეს ინფორმაცია აუცილებლად იქნება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იგივეა, იყიდოთ მედიკამენტი აფთიაქში და მას არ ეწეროს გვერდითი მოვლენები.
скачать dle 11.3