პირველი ქართული ოჯახი, რომელმაც ამერიკაში ყველაფერი გაყიდა და გემზე გადავიდა საცხოვრებლად » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№8 პირველი ქართული ოჯახი, რომელმაც ამერიკაში ყველაფერი გაყიდა და გემზე გადავიდა საცხოვრებლად

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ჩემი დღევანდელი რესპონდენტის, ირმა  სვანაძისა და მისი ოჯახის ისტორია ჟიულ ვერნის გმირების თავგადასავალს ჰგავს. ის, რაც მათ ცხოვრებაში ხდება,  ჩვენთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელია. თუმცა, რეალობა რეალობაა, თან, ძალიან საინტერესო, შემეცნებითი, გარკვეულწილად – ხიფათიანიც და რომანტიკულიც.  
ირმა სვანაძე:
საქართველო 1998 წელს დავტოვე. საფრანგეთში წავედი, სადაც სწავლა კონსერვატორიაში გავაგრძელე. შემდეგ იყო ბელგია, საიდანაც  ლექსო თორაძემ ამერიკაში, თავის სტუდიაში მიმიწვია პიანისტად. მის სტუდიასთან ერთად მოვიარეთ მსოფლიო, მარათონები გვქონდა. ამერიკაშივე დავამთავრე მაგისტრატურა. დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს, რომელიც ამერიკელია. კაფეში გავიცანით ერთმანეთი. სტუდენტი ვიყავი, ბევრი სამუშაო მქონდა და შუალედში შევირბინე. მაშინ ჩემი მეუღლე პილოტი იყო და ზოგადად, მისი გატაცებაა ყველაფერი იმის მართვა, რაც მოძრაობს. მე იმ დროს გასტროლები მქონდა და პირდაპირ ვუთხარი: არ მცალია, 2-3 თვეში დამირეკე-მეთქი და დამირეკა. დეტროიტიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა, რეისი ჰქონდა და შენც წამოდიო. კარგი-მეთქი და მოკლედ, ასე დაიწყო ყველაფერი. შემდეგ ჩემს ქალაქში გადმოვიდა, ჩემ გვერდით დასახლდა. ასე, ნელ-ნელა შემომეპარა, ისე ჭკვიანურად, რომ ვერც მივხვდი. 2009 წელს გადევდით სან-ფრანცისკოში, სადაც ანაბელი დაიბადა.
–  როდის და როგორ სიტუაციაში დაქორწინდით?
– ვერც ვბედავდით ამ ნაბიჯის გადადგმას. ერთ დღესაც წავედით ლას-ვეგასში და იქ ერთმანეთს ვეუბნებოდით: „არა, შენ ვერ გაბედავ, არა, შენ...”  თან, იმ დროს მე მიჩიგანში ვცხოვრობდი, ის – სიეტლში. ასე ვხვდებოდით ერთმანეთს და უკვე ჩვენ-ჩვენი გზით რომ უნდა წავსულიყავით, ერთმანეთის წაქეზების მიუხედავად, მაინც ვერ გადავდგით ეს ნაბიჯი – მისულები შიგნით ვერ შევედით. შემდეგ დავინახეთ „დრაივ სთორი“, როგორც „მაკდონალდსი“ ისეა – მიხვალ მანქანით, მენიუ იქვეა: ირჩევ – როგორი ცერემონიალი გინდა და ასე შემდეგ. მოკლედ, მანქანით შევედით, პატარა ფანჯარაში პასტორი ქალი იდგა, რაღაცას ამბობდა და ჩვენ ვიმეორებდით. ასე დავქორწინდით. რალფმა, ჩემმა მეუღლემ მითხრა: ლას-ვეგასში ასეთი ქორწინება შეგიძლია, ერთი წლის მერე გაანულოო. ახლა ყოველ წელს, იმ დღეს ერთმანეთს ვეუბნებით: კიდევ ერთი წელი? და ასე უკვე 10 წელია, ყოველ წელს ერთმანეთს ვირჩევთ.
–  რატომ თქვით მუსიკალურ კარიერაზე უარი?
– ერთ-ერთი გასტროლის დროს ხელზე ტკივილები დამეწყო, კისერი მიშეშდებოდა, თითებს ვერ ვგრძნობდი. დავიწყე გამოკვლევები, სად არ დავფრინავდით, ვიკვლევდით. ანატომიურად ცოტა სხვანაირი აღნაგობა მაქვს, იშვიათი თანდაყოლილი პრობლემით და ამდენი დატვირთვით გავაღვიძე. აღმოჩნდა, რომ იმდენს ვერ ვიმეცადინებდი, რამდენიც საჭირო იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა, რადგან ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრება. შემდეგ ბიზნესი დავიწყეთ და ყველაფერი ნულიდან ვისწავლე.
– შემდეგ კი ყველაფერი გაყიდეთ, ყველაფერზე უარი თქვით და გემზე დაიწყეთ ცხოვრება. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
–  7 წლის წინ, როცა ჩვენი ბიზნესი დავიწყეთ, ვთქვით: ჩვენ არ ვართ წყვილი, რომელიც სახლში დაჯდება და ცხოვრებას ააწყობს. ანაბელი 5 დღის  იყო, როცა გრძელ გზაზე წავიყვანეთ. მანქანით ხშირად დავდიოდით სხვადასხვა ქალაქში. 2-3 თვეც გვიცხოვრია მანქანაში, პატარა ბავშვთან ერთად. ჩემი ოცნება იყო, სამხრეთ ამერიკაში მეცხოვრა. მაგრამ, გავიდა 5, 6 წელი და სამსახურმა ძალიან ჩაგვითრია. ბავშვი გაიზარდა. აღზრდაში კი ვიყავით ჩართული, მაგრამ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით. უცბად მოვიხედეთ და ბავშვი უკვე დიდია. დადგა გადაწყვეტილების მიღების მომენტი: სტარტაპები გვქონდა, ბევრი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ მომავალი კარგად აგვეწყო, მაგრამ ვკარგავთ ერთად ყოფნის შესაძლებლობას, ასევე, ბავშვის დროს. ვთქვით: ახლაა სწორედ ის დრო. მოგზურობა ორივეს იდეა იყო. მე მინივენით მინდოდა წასვლა: სადაც გავჩერდებით, იქ ვიცხოვრებთ ერთი წელი და მერე ისევ გავაგრძელებთ-მეთქი. სამხრეთ ამერიკა, კოლუმბია, ვენესუელა ძალიან საშიშია, მაგრამ გვერდს ვერ აუვლი. რალფს ჩემამდე ჰყავდა გემი და ცხოვრობდა, მოგზაურობდა. მე მეშინია, წყალს ვერ ვეკარებოდი და სულ უარს ვეუბნებოდი. იხელთა დრო და მითხრა: მანქანით არ გამოვა, მაგრამ გემი რომ იყოს, შევძლებთ მოგზაურობას. ოღონდ ყველაფერი უნდა გავყიდოთო. მანამდე, ბოლო ორი წელი სახლიდან ვმუშაობდით და მეც უკვე ისე ვიყავი: აღარ მინდა სახლი, ეს რუტინა. კარგი, გადავლახავ შიშს, ოღონდ აქედან წავიდეთ, დავიწყოთ ის, რაც ადრე ჩავიფიქრეთ და იყოს გემით-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი გვქონდა სხვა ქალაქში გადასვლა, ბიზნესი – დაწყებული, თანამშრომლები – აყვანილი, ყველაფერი დავხურეთ. ვნახეთ გემი, რომელიც კარიბის კუნძულებზე იყო, ორივე ჩავედით იქ მაისში, რომ გვენახა შევძლებდით თუ არა იქ ცხოვრებას. ბინის ნახევარი გავყიდეთ და ნახევრის გაყიდვას ველოდებით.  ტანსაცმელი, ავეჯი, რაც კი გვქონდა, გავეცით. ერთადერთი, წიგნებს, ნოტებს ვერ შეველიეთ. მიწაზე როდის დავბრუნდებით, არ ვიცით: სახლი არ გვაქვს, რეზიდენცია არ გაგვაჩნია. იმ ქალაქში, ალბათ, არც დავბრუნდებით, ამერიკაში დაბრუნებაც საკითხავია. ამიტომ, ყველაფერ მიწიერს უნდა დავემშვიდობოთ. სხვათა შორის, მიწიერ საგნებთან განშორება ძალიან ათავისუფლებს ადამიანს.
– როგორი იყო თქვენი პირველი მარშრუტი?
– გემი იყო კარიბის კუნძულებზე და ახლა სან-დიეგოშია. ჩვენ მოვიარეთ კუნძულები, მგონი, სამოთხეში ვიყავი, სასწაულია. თავიდან ჟილეტით მეძინა, ისე
მეშინოდა. მაგრამ, იქ ისეთი წყალია, კენჭებს ვხედავდი. ორი კვირის მერე მე უკან დავბრუნდი და შემდეგ გემი რალფმა წამოიყვანა. სან-დიეგოში ჩამოვიდა სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში ყველანი ერთად გადავედით. კომფორტს დავემშვიდობეთ. ის თემა, რომ სადღაც დაჯდე და დაისვენო, არ არსებობს. ყველაფერი  დამაგრებულია. სადაც ჯდები, ყველგან ვიწროდ ხარ. სხვა გემებთან შედარებით, კატამარინია, უფრო დიდია, მაგრამ მაინც პატარაა. ერთი ოთახია: სადაც ნავიგაციის მაგიდაა, ის არის სასადილოც და სამზარეულოც. თუმცა, უმეტესად, გემის გარეთა ნაწილში ვცხოვრობთ და ვსადილობთ.

– ყველაზე დიდი სირთულე მაინც  რა არის?
– ის, რომ ყველანაირად შეზღუდული ხარ. შუქს შენით აანთებ და გექნება, ასე არ არის. იქ მზე და მზისგან გამომუშავებული ენერგიაა. გეყოფა – გაქვს სინათლე, არ გეყოფა – არ გაქვს. წყალი, დაბანა – ერთ ჯერზე ამუშავებს 12 ლიტრ წყალს, უნდა იმყოფინო. ვამბობ ხოლმე: 90-იან წლებში ეს ყველაფერი მე გამოვლილი მაქვს, თქვენ რას იზამთ-მეთქი. ძალიან ვუფრთხილდებით წყალს. ახლა ვაპირებთ ზღვიდან ამოვიღოთ და გადავამუშაოთ.
– რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?
– მინიმალურად ვმუშაობთ, ინტერნეტი გვაქვს და იმით. ხან მე დავფრინავ, ხან რალფი და ერთმანეთს ვენაცვლებით. სირთულე ის არის, რომ ძრავა, იალქანი ყოველდღე უნდა ამოწმო. ყველას ჩვენ-ჩვენი როლი გვაქვს. დიდ გზაზე ჯერ ვერ გავალთ, სანამ სამივეს ყველაფერი არ გვეცოდინება. ცუდ ამინდში ერთ კაპიტანს რომ რამე დაემართოს, ორივემ უნდა შევძლოთ გემის მოტრიალება და მართვა – მეც და ანაბელმაც. ამიტომ, დავდივართ ნავიგაციის გაკვეთილებზე, ვსწავლობთ ყველაფერს, რომ სწორ გეზზე წავიდეთ. მეზღვაურობას, ცხოვრებას ნულიდან ვსწავლობთ.
– ანაბელის სწავლის საკითხი როგორ მოაგვარეთ?
– ჩვენ ვასწავლით და ეს არის ყველაზე დიდი სირთულე – ბავშვის მასწავლებლის როლში ყოფნა. ბევრად უფრო მეტ მასალას ვაძლევთ, ვიდრე სკოლაშია. გადანაწილებული გვაქვს საგნები. კითხულობს ძალიან ბევრს. გაგვიმართლა, რომ ძალიან ღია და უკომპლექსოა. მეზღვაურ ოჯახებს ჯგუფები გვაქვს და ვუყურებთ: ვინ სად მიდის. ხშირად ერთად მივდივართ. მეზღვაური ბავშვები ერთმანეთს კარგად უგებენ, ბევრად უფრო განვითარებულები არიან და უფრო მეტი ცოდნა აქვთ. ახლა მექსიკაში წასვლას ვაპირებთ. გემზე კი ვიცხოვრებთ ღუზით, მაგრამ რა ადგილიც მოგვეწონება, იქ გავჩერდებით. მინდა, ანაბელი წავიდეს სკოლაში, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კულტურას მოერგოს და ვისწავლოთ ამ ხალხის ადათ-წესები.
– გემს ქართული სახელი ჰქვია – „ლამაზია“.
– ლამაზია და იმიტომ ჰქვია. ქართული უნდა ყოფილიყო აუცილებლად. სხვათა შორის, ეს სახელი დიდი პრობლემა გახდა. როცა სადმე მიდიხარ, რაციით გადასცემენ და „ლამაზია“ ესმით, როგორც „ლამაფია“. ერთ-ერთ პორტში შესვლისას გააფორმეს, როგორც „ლამაფია“ და დაგვრჩა ეს საბუთები. რალფი დამცინოდა „ლამაფია“ ხომ ჰქვია, სოცილურ ქსელში „ანარტისტ“ გიწერია, რომელიც „ანარქისტად“ ისმის და რამე რომ დაგვჭირდეს, არავინ გადაგვარჩენს: ვინ მოვა, ვინ გაბედავსო. ძალიან მინდა, სხვადასხვა ადგილას რომ წავალთ, ადგილობრივი არტისტები აღმოვაჩინოთ, დავეხმაროთ და წინ წამოვწიოთ, რომ ხალხმა გაიცნოს. საქართველოთი ვაპირებ დაწყებას, აქ ბევრი ნიჭიერი ადამიანია.
– როგორია ახლო მომავალში თქვენი მარშრუტი?
– ყოველ წამს იცვლება. სავარაუდოდ, მარტში მივდივართ მექსიკაში. მერე რას ვიზამთ, ჯერ არ ვიცი, თუმცა გვინდა, მექსიკაში მინიმუმ 1 წელი დავყოთ. კორტეზის ზღვა ძალიან მდიდარია ოკეანის ცხოვრებით: ბევრგვარი თევზია, წყალმცენარეები. გვინდა ანაბელისთვის გამოვიყენოთ ეს შანსი და ადგილზე ვასწავლოთ ყველაფერი. პლუს, მექსიკაში არის ინკების და მაიას ცივილზაციის ერთ-ერთი კერა. ჯუნგლებში რომ შეხვიდე, სიღრმეში ბევრი პირამიდაა და უკვე დავიწყეთ ამ ყველაფერის შესწავლა ანაბელთან ერთად. ვასწავლით იმას, სადაც ვიქნებით და გვინდა, ყველაფერი ადგილზე ნახოს,  ისწავლოს.
– გემით მოგზაურობა ხიფათის შემცველიც იქნება.
– მეზღვაურების ერთ-ერთ ოჯახს დავუთქვით შეხვედრა, რომ ბავშვები ერთად გვყოლოდა. სან-დიეგოსთან ყურეში გემები გვერდი-გვერდ დავაყენეთ. ჩვენი ღუზა ძველი იყო და გაგვიჭირდა, რომ ამოგვედო. სადაც ჩვენ გავჩერდით, იქვე, სხვა გემებიც იყო. ცოტა შემეშინდა: ქარი არ ამოვარდეს, ან წყალმა არ შეიცვალოს მოძრაობის მიმართულება-მეთქი. რადგან ღუზის იმედი არ მქონდა, პრობლემა იყო, შეიძლება, აშვებულიყო და სხვას შევჯახებოდით. ამიტომ, გარეთ დავიძინე. კატერი, რომლითაც ნაპირზე გავდივართ, გემზე იყო მობმული. ღამე 3-4 საათზე გამაღვიძა ამ კატერის ხმამ და ვხედავ, სხვა გემის წვერს, რომელიც გვეჯახება,  ჩვენ კი აშვებულები ვართ. სასწრაფოდ გავაღვიძე რალფი, ჩავრთეთ ძრავები, მაგრამ ვერსად მივდივართ, გარშემორტყმული ვართ სხვა გემებით, რომელთაც ღუზები ჩაშვებული აქვთ და რომელიმეს რომ გამოვდებოდით, უარესი მოხდებოდა. თან, ისეთი მძიმე ნისლი იყო, ვერაფერს ვხედავდით. ერთი მხრიდან მეორისკენ გავრბოდი ხელის ცეცებით, სხვა გემი ხომ არ იყო ახლოს. ძალიან მძიმე ღამე გვქონდა, გადავრჩით და ღუზაც გამოვცვალეთ.
– ახლობლები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
– ბავშვის გამო შეშინდნენ და გაუჭირდათ: სად მიგყავთ ბავშვი, ზვიგენმა არ შეჭამოსო. მე ყველაფრის მეშინია, თან ცურვაც არ ვიცი. განსაკუთრებით მეშინია წყლის. ცურვას მთელი ცხოვრებაა ვსწავლობ და ვერ ვისწავლე, ფსიქოლოგიურად ვერ გადავლახე შიში. ბევრი სირთულე გვაქვს ყოველღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია. მიწას რომ ვხედავ, ზოგადად, უფრო კარგად ვარ, მიხარია. პირველად რომ გავედით შორ გზაზე, 18 საათი ვიყავით ღია წყალში. მიწა არსად ჩანდა და იყო დიდი,  4-მეტრიანი ტალღები. ისეთი სიმწარე ვნახე; ისე შემეშინდა... მაგრამ, გვერდით რომ გავიხედე და დავინახე დელფინების გუნდი, თამაშ-თამაშით რომ მოგვყვებოდა, ვთქვი: „კი, ღირს...” წინასწარ ვხაზავთ, ვწერთ გეგმებს, რადგან თუ  გეგმა არ გაქვს დაწერილი და ყველაფერი გამოთვლილი – სწორად დაგეგმარებული, ეს დიდი რისკიცაა და საშიშიც. ძალიან საინტერესო ხალხია მეზღვაურები, მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. უბრალოდ, ქალ-მეზღვაურებზეა სტიგმა. ქალებს ცოტა ისე უყურებენ: სამზარეულოშია შენი ადგილიო. თუმცა, ბოლო პერიოდში ქალი მეზღვაურების დიდი ტალღა წამოვიდა. ბევრი წყვილი იმიტომ იღუპება, რომ ქალებმა არ იციან, რა როგორ გააკეთონ.
– რას ებრძვით ყოველდღიურად?
– ჩემი გადასახედიდან, ობია ყველაზე რთული და კიდევ ორი ძაღლი გვყავს გემზე და ესეც საკმაოდ დიდი სირთულეა. დღე იწყება დალაგებით, ყველაფერი უნდა აიღო, დაასუფთაო, რადგან მერე საშინელება მოხდება. თუ გაზი გვაქვს, საჭმელს იმაზე ვამზადებთ, თუ დიდ წყალზე ვართ, არ ვიყენებთ, თავს ვიცავთ და მაგ დროს წინასწარ გვაქვს მომარაგებული საკვები. ყველაფერი მოხუფულია, რადგან მწერები თუ შემოვლენ, გემიდან ვეღარ გააგდებ. მაცივარიც მანამდე მუშაობს, სანამ დენი გაქვს, თან, პატარაა. მზის პანელზე გვაქვს გრილი და ვამზადებთ საჭმელს. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია ჩვენი ცხოვრება. ყოველი დღე განსხვავებულია. ოდესღაც, ალბათ, მომწყინდება, მაგრამ როდის, ჯერ არ ვიცი. ყოველთვის აღმოჩენებში ვართ და რაც მთავარია, სულ ერთად ვართ, ერთმანეთისთვის გვცალია. ანაბელის ცხოვრებაშიც აქტიურად ვართ ჩართულები. ამ ცხოვრებამ, კარგი გაგებით, გვაიძულა, რომ მუდმივად ერთად ვიყოთ.
скачать dle 11.3