კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

№8 რატომ შეიჭრა გიორგი მეშვიდე თემურ ლენგის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე და როგორი შეურაცხყოფა მიაყენა მას

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

1398 წელს თემურ ლენგმა ინდოეთისკენ გაილაშქრა. მისი იმპერიის დასავლეთ ნაწილში, კავკასიაში, ირანსა და ერაყში დიდი ვნებათაღელვა იყო. ამ დროს ნახჩევანში, ალინჯას ციხეში გამაგრებული გახლდათ ჯალაირიანთა სასულთნოს დინასტიის უფლისწული თაჰერი, აჰმად ჯალაირის ძე, თემურ ლენგის მიწინააღმდეგის ვაჟი. აჰმად ჯალაირი დაამარცხა თემურ ლენგმა, წაართვა ბაღდადი და ერაყი. აჰმადი გაიქცა ეგვიპტეში, თუმცა ბრძოლა განაგრძო. აჰმად ჯალაირი იყო მონღოლი დიდებულების შთამომავალი. მისმა პაპამ ხელში ჩაიგდო დიდი ტერიტორია ერაყში, ადარბადაგანსა და ირანში. აჰმადის მამამ, ჰასან ბუზურგმა, 1340 წელს, თავი სულთნად გამოაცხადა. ჰასან ბუზურგის მემკვიდრემ, შეიხ უვეისმა 1357 წელს დაიკავა ადარბადაგანი. აჰმად ჯალაირი მიიჩნევა ერთ-ერთ პირველ აზერბაიჯანელ პოეტად. წერდა სპარსულ და არაბულ ენებზეც. აჰმადის შესახებ ამბობენ, რომ იყო ვერაგი, შურიანი და დაუნდობელი მბრძანებელი, მაგრამ, ნიჭიერი მხედართმთავარი, კარგი პოეტი და ხელოვნების მეცენატი.
თავის დროზე, კავკასიაში ლაშქრობისას, თემურ ლენგმა ვერ შეძლო ნახჩევანში არსებული ალინჯას ციხის აღება. სხვა საქმეები ჰქონდა, უფრო საშური, იქ ჯარი დატოვა და თვითონ გზა გააგრძელა. ინდოეთში გალაშქრების წინ თემურ ლენგმა თავის ვაჟს, მირან-შაჰს ალინჯას ციხის აღება დაავალა და დამატებითი ჯარი მისცა ამისთვის. მირან-შაჰი კარგი მეომარი იყო და მამამისის ყველა ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. 1392 წელს თემურ ლენგმა მას ჩააბარა ამიერკავკასია, ჩრდილოეთ ირანი და ერაყი. მაშინ მირან-შაჰი 27 წლის ყოფილა. უკვე გამოცდილი მეომარი გახლდათ და ნიჭიერი პოლიტიკოსი. 14 წლის ასაკიდან მონაწილეობდა ბრძოლებში. მისი რეზიდენცია თავრიზში იყო. 1396 წელს, მირან-შაჰი ჩამოვარდა ცხენიდან და დაინვალიდდა, დაუზიანდა სახე და თავი. მედიცინაში დაოსტატებულმა აღმოსავლელმა აქიმებმა მოახერხეს მისი ჯანმრთელობის აღდგენა, თუმცა, მირან-შაჰის გონება დაბინდული დარჩაო, წერდნენ მემატიანეები. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო კამპანიებში პირადად აღარ იღებდა მონაწილეობას, პოლიტიკაში დიდ როლს ასრულებდა და მამა ძალიან ენდობოდა მას და მის გარემოცვას.
თემურ ლენგის ჯარისკაცებმა ალინჯას ციხის გარშემო ჩაკეტეს ყველა გზა, ააშენეს საალყო კოშკები, გალავანი შემოარტყეს და უტევდნენ ციხეს. ვეღარავინ შედიოდა ციხეში. ვერც პროდუქტებს შეიტანდა ვინმე. ძალიან გაუჭირდათ უფლისწულს და მის ჯარისკაცებს. გიორგი მეშვიდემ მოამზადა ლაშქარი, გაილაშქრა ნახჩევანში, თავს დაესხა თემურ ლენგის ვაჟის ჯარს, ალინჯას ციხესთან დაბანაკებულს, სასტიკად დაამარცხა და გაათავისუფლა უფლისწული თაჰერი ალყიდან. შემდეგ, დამპყრობლები განდევნა ნახჩევანიდან.
თემურ ლენგის ძეს, მირან-შაჰს თავრიზში შეატყობინეს ქართველთა ასეთი მარშისა და გამარჯვების შესახებ. მირან-შაჰმა ჯარი გამოაგზავნა ჩვენი გმირი მეფის წინააღმდეგ. ჯარს, რომელსაც გამოცდილი სარდლები ხელმძღვანელობდნენ, თან ახლდა მირან-შაჰის ვაჟი, აბუბაქრ მირზა. გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელშიც ისევ ჩვენმა წინაპრებმა გაიმარჯვეს და გააქციეს მტერი.
მეფე გიორგისთვის ეს მარტო ვაჟკაცური ნაბიჯი არ იყო. ის თავისუფლებისთვის მებრძოლთა დამხმარედ და ლიდერად იქცა რეგიონში. უკვე მისი ბრძოლა მხოლოდ ქრისტიანის ბრძოლა კი არ იყო მაჰმადიანის წინააღმდეგ, არამედ თავისუფლებისთვის მებრძოლთა შემწეობა და კავკასიის, ერაყისა და ირანის რეგიონის ერთ-ერთი წინამძღოლობა.
უფლისწულმა თაჰერმა საქართველოს შეაფარა თავი. არის გადმოცემა, რომ თაჰერს წერილი გაუგზავნია თემურ ლენგთან, როცა გაითავისუფლა თავი მისი ჯარის ალყიდან: მართალია, ომში მკლავმა მიმტყუნა, სამაგიეროდ, გაქცევაში კოჭლობა არ მიშლის ხელსო. ეს დიდი შეურაცხყოფა იყო კოჭლი დამპყრობლისთვის. განსაკუთრებით შეურაცმხყოფელი გახლდათ ლენგი თემურისთვის, მისი მოწინააღმდეგის მეფე გიორგისთან თავშეფარება. თაჰერ ჯალაირი მრჩევლად და თანამებრძოლად იქცა მეფისთვის, მასზე ქართული პოლიტიკა იმედებს ამყარებდა, როგორც რეგიონში მაჰმადიანების მოკავშირედ გამოსადეგ პიროვნებაზე. მაგრამ, მთავარი კი ის გახლდათ ქართველებისთვის, რომ თაჰერი ჩვენი სტუმარი იყო, ჩვენთან თავშეფარებული.
როცა თემურ ლენგი ინდოეთიდან სამარყანდში დაბრუნდა, 1399 წელს, გადაწყვიტა, საქართველო კვლავ დაესაჯა. იმ დროს სხვა პრობლემებიც დახვდა მას ჩრდილოეთ ირანში. ამის გამო, გადააყენა მირან-შაჰი თავისი დიდი იმპერიის დასავლეთი ნაწილის გამგებლობიდან.
ვერ მოითმინა გაზაფხულამდე გააფთრებულმა თემურ ლენგმა და ზამთარში დაგვესხა თავს. ამჯერად, ჰერეთის მხრიდან შემოესივნენ ჩვენს სამშობლოს დამპყრობლები. ჰერეთის მოსახლეობა გაიხიზნა. მტერი შეესია ბაღ-ვენახებს და ქართველი ხალხის ეკონომიკას ანადგურებდა, რომ დაესუსტებინა გაუტეხელი ქვეყანა. ჭრიდნენ ნიგვზის ხეებს, ჩეხავდნენ ვაზს, ანგრევდნენ ეკლესიებს. დიდთოვლობის გამო თემურ ლენგი იძულებული გახდა, ლაშქრობა შეეჩერებინა და ყარაბაღში გამოიზამთრა. გაზაფხულზე ისევ შემოიჭრა ჩვენს სამშობლოში ბარდავის გზით. წერილი გამოუგზავნა თემურ ლენგმა გიორგი მეშვიდეს და უფლისწულ თაჰერის გადაცემა მოსთხოვა.
 ჩვენმა ხელმწიფემ ქრისტიანებისა და ქართველებისთვის დამახასიათებელი პასუხი მისწერა მსოფლიო დამპყრობელს: „ქართველებს არ გვაქვს ისეთი წესი, რომ შეფარებული ადამიანი ვინმეს მივცეთო“. როგორც სპარსული მატიანე ამბობს, თემურ ლენგის „მძვინვარების ალი უფრო აბრიალდა და გაცოფებული იყო მეფე გიორგის ასეთი უგუნური გულადობის გამო“. იცოდა თემურ ლენგმა, რომ კვლავ დაამარცხებდა ქართველებს და ძალიან უკვირდა, რატომ იგდებდა თავს საფრთხეში ქართველთა მეფე, ვიღაც აჰმედ ჯალაირის შვილის - თაჰერის გამო. კი ხვდებოდა თემურ ლენგი, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანობა და ვაჟკაცობა გახლდათ, მაგრამ, მისთვის მიუღებელი იყო ვინმეს ვაჟკაცობის ატანა. ის ხომ მსოფლიო მბრძანებლად მიიჩნევდა თავს და ყველასგან მორჩილებას ითხოვდა.
კიდევ უფრო განუმტკიცდა გეგმა დამპყრობელს, რომ აღმოეფხვრა ქართველთა სახსენებელი და გაენადგურებინა ჩვენი მოდგმა. მისთვის, საღვთო ომის რანგში იყო ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს უბრალო დამპყრობლური ომი არ გახლდათ, არც სადამსჯელო კამპანია აჯანყებული ქვეყნის წინააღმდეგ, ეს მისი მხრიდან იყო ქართველთა გენოციდის კიდევ ერთი ცდა. განსაკუთრებით მეფის ხელში ჩაგდება უნდოდა თემურ ლენგს – შურისძიება, მეფის გატეხვა.
გიორგი მეშვიდემაც დაძრა სრულიად საქართველოს ჯარი მის შესახვედრად. ბრძოლა გაიმართა გოგჩის ტბის მახლობლად. ჩვენს მეფეს მიუმხრია კავკასიონის გადაღმელი მთიელებიც. მეფე გიორგი უშიშარი მეომარი და კარგი სარდალი გახლდათ. ბუნებრივი პირობები გამოიყენა ურიცხვი მტრის წინააღმდეგ. ბრძოლის დღეს ცუდი ამინდი იყო, ძლიერი ქარი ქროდა. ჩვენმა ხელმწიფემ ისეთი პოზიცია დაიკავა, რომ ქარი პირში აყრიდა მტვერს ლანგ თემურის ლაშქარს. მიეტევნენ ქართველები, როგორც ცეცხლი თივას.
უამრავი ჯარისკაცი დაუხოცეს თემურ ლენგს. ამბობენ, ასეთი მარცხი და ზიანი არასდროს შემთხვევია მსოფლიოს დამპყრობელს, ამიტომ შეძრწუნდაო კოჭლი მაჰმადიანი მონღოლი. მაგრამ, იმდენად ბევრი იყო მტერი, უკან დაძვრაც კი უჭირდა. სულ ახალ-ახალ, დასვენებულ ძალებს რთავდა ბრძოლაში თემურ ლენგი. ბოლოს თვითონ მიმართა სათადარიგო ნაწილებს და პირადად მოუწოდა ბრძოლისკენ. ვეღარ გაუძლეს დაღლილმა ქართველებმა დასვენებული რეზერვის შემოსვლას ბრძოლაში და უკან დაიხიეს, გაეცალნენ ბრძოლის ველს, მიმართეს მთებსა და სიმაგრეებს.   
თემურ ლენგი მოადგა ტფილისის ციხეს. ციხე კი კარგად იყო გამაგრებული და გარნიზონიც იდგა მასში, მაგრამ, თემურ ლენგს იმ დროისათვის დაწინაურებული ტექნოლოგიები ჰქონდა: ლოდსატყორცნები, კედლის სანგრევები, ასაწყობი მოძრავი კოშკები, თანაც, რკინის ფურცლებით აჭედილი, რომ ცეცხლი არ წაჰკიდებოდათ ციხის დამცველების მიერ ნატყორცნი ცეცხლმოკიდებული ისრებისგან...
ვერ გაუძლო ტფილისის ციხემ და დაეცა.
скачать dle 11.3