კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 სატყუარა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ჯაბა მენაბდე კარზე გაბმულმა ზარმა გამოაღვიძა. თვალი რომ გაახილა და საათს შეხედა, ისრები შუადღის თორმეტს უჩვენებდა.
„ფუი, როგორ დამავიწყდა ზარის გათიშვა“, – გაბრაზებით ჩაილაპარაკა ჯაბამ და ზანტად გაიზმორა. შემდეგ წამოდგა, ხალათი მოისხა და კარის გასაღებად გაემართა. ჭუჭრუტანაში გაიხედა და უცნობ მამაკაცებს მოჰკრა თვალი. ჩაფიქრდა, მხრები აიჩეჩა და კარი გააღო. ზღურბლზე ოცდათხუთმეტ-ორმოციოდე წლის, ორი, კარგად ჩაცმული მამაკაცი იდგა. როგორც კი ჯაბა მენაბდემ მათ შეხედა, მიხვდა, რომ ძალოვანი სტრუქტურიდან იყვნენ.
– გისმენთ, ბატონებო, – ოფიციალური ტონით მიმართა ჯაბამ მამაკაცებს.
– თქვენთან საქმე გვაქვს და იქნებ ბინაში შემოგვიშვათ, – უთხრა მასპინძელს მელოტმა, ათლეტური აღნაგობის მამაკაცმა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ სისტემატურად ვარჯიშობდა.
– ვისთან მაქვს ლაპარაკის პატივი? – ოფიციალური ტონის შეუცვლელად, ირონიით ჰკითხა ჯაბამ ზღურბლზე მდგომებს.
– ჩვენ ძალოვანი სტრუქტურიდან ვართ, – ამცნო მასპინძელს მეორე მამაკაცმა, რომელიც მართალია, იღიმებოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
– ეს რა ძნელი მისახვედრია, – მხრები აიჩეჩა მენაბდემ, – რომელ უწყებას წარმოადგენთ?
– უშიშროების ანტიტერორისტულ ცენტრს, – თითქმის ჩურჩულით თქვა „მოღიმარმა“.
– ეს უკვე საინტერესოა, – ჩაეცინა ჯაბა მენაბდეს, მამაკაცები ხელით შეიპატიჟა ბინაში, – შემობრძანდით.
ახალმოსულებიც და მასპინძელიც სასტუმრო ოთახის რბილ სავარძლებში მოთავსდნენ და „მოღიმარმა“ ჯაბას უთხრა:
– მობილურიც და ბინის ტელეფონიც გამორთული გაქვთ და ამიტომ მოგადექით ასე დაუპატიჟებლად.
– სამწუხაროდ, კარის ზარის გამორთვა დამავიწყდა, – თქვა ჯაბამ და დასძინა, – ვისვენებდი და კარგი იყო, კიდევ ორი-სამი საათი მძინებოდა.
– ბოდიშს გიხდით, – „შეწუხდა“ „მოღიმარი.“
– გისმენთ, ბატონებო. ბრძანეთ, რა გადაუდებელი საქმე გაქვთ ჩემთან, – კვლავ გააოფიციალურა მასპინძელმა ტონი და ახალმოსულებს მიაჩერდა.
– ჯერ ერთმანეთს გავეცნოთ, – თქვა „მოღიმარმა“. სავარძლიდან წამოდგა, მასპინძელმა ხელი გაუწოდა და მანაც თავი წარუდგინა, – მურმან ბარკალაია, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი, პოლკოვნიკი.
– ჯაბა მენაბდე, – მასპინძელმა ხელი ჩამოართვა ბარკალაიას, რომელმაც ხელი მარჯვნივ გაიშვირა და თქვა:
– ეს კი ჩემი მოადგილეა, ვიცე-პოლკოვნიკი ბადრი ზაქარიაძე.
– ჯაბა მენაბდე, – გაიმეორა მასპინძელმა და ფეხზე წამომდგარ ზაქარიაძესაც ხელი ჩამოართვა.
გაცნობის პროცედურა რომ დასრულდა და სამივენი კვლავ სავარძლებში მოთავსდნენ, მურმან ბარკალაიამ ჯაბა მენაბდეს უთხრა:
– ბატონო ჯაბა, თქვენი დახმარება გვჭირდება და იმედია, უარს არ გვეტყვით.
– კონკრეტულად? – თქვა მენაბდემ.
– საერთაშორისო ძებნილი ტერორისტი უნდა დაგვაჭერინოთ.
ჯაბა მენაბდე ყველაფერს მოელოდა, იმის გარდა, რაც ბარკალაიამ უთხრა. ამიტომ გაოცებით ჰკითხა:
– რაო, რა ბრძანეთ?
– საერთაშორისო ძებნილი ტერორისტი, ჯავად ახმად-შეიხი უნდა შეგვაპყრობინოთ, – გაიმეორა ბარკალაიამ, გაგონილი გექნებათ, ალბათ, მის შესახებ.
– არა, ბატონებო, არ ვიცნობ ასეთს, – ირონიით თქვა მენაბდემ, მას მერე, რაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ცრუ ბრალდებით, ათი წელი ტყუილად მაყურყუტეთ ციხეში, ეს თემა ჩემთვის დახურულია. არაფერი მაინტერესებს ჩემი ცოლ-შვილისა და იმ სუპერმარკეტების გარდა, რომლითაც ვარსებობთ. არც გაზეთებს ვკითხულობ, არც საინფორმაციო-პოლიტიკურ გადაცემებს ვუყურებ და არც მსგავს ჭორებს ვისმენ. ჩემთვის საინტერესოა მხოლოდ ის, ჩემმა ოთხმა სავაჭრო ობიექტმა რაც შეიძლება, მეტი მოგება მომცეს. სხვა დანარჩენი კი, ჩემი ინტერესების მიღმაა. ასე რომ, მისამართი შეგეშალათ, ბატონებო.
– არ შეგვშლია. აბსოლუტურად ზუსტ მისამართზე მოვედით, – უთხრა მენაბდეს ბარკალაიამ. ზაქარიაძემ კი დაამატა:
– თუ სწორად გავიგე, ამწუთას თქვენ ირონიით თქვით ჯავად ახმად-შეიხს არ ვიცნობო. გარწმუნებთ, რომ იცნობთ. მეტიც სწორედ თქვენი მომზადებულია ის.
– რა ბრძანეთ? – გაოცდა მენაბდე.
– დიახ, დიახ, – ლაპარაკში კვლავ ბარკალაია ჩაერთო,– ჯავად ახმად-შეიხი ნამდვილად თქვენი გაწვრთნილია და მისი სახელია ჯიმშერ ბუზოღლი.
ჯაბასთვის რომ ეთქვათ, ჯონ კენედი შენ მოკალიო, უფრო ნაკლებად გაოცდებოდა, ვიდრე ბარკალაიას სიტყვებზე. ამიტომ თქვა:
– ჯიმშერი, თხუთმეტი წლის წინ დაიღუპა ავღანეთში. ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი და რაღაც გეშლებათ.
– არაფერი გვეშლება, ბატონო ჯაბა, – თქვა ბარკალაიამ. ჯიბიდან მცირე ზომის პლანშეტი ამოიღო, ჩართო და დააყოლა, – აი, ნახეთ.
ვიდეორგოლზე, მუსლიმურ სამოსში გამოწყობილი, გრძელწვერიანი მამაკაცის სამწუთიანი მიმართვა იყო ჩაწერილი, რომელიც სასტიკი შურისძიებითა და საქართველოში გრანდიოზული ტერაქტით იმუქრებოდა.
ჯაბა მენაბდემ რომ ვიდეორგოლს უყურა, ბარკალაიამ პლანშეტი შეინახა და მასპინძელს უთხრა:
– დარწმუნდით, რომ მართალს ვამბობთ?
– კი. ნამდვილად ჯიმშერ ბუზოღლია ეს კაცი. ესე იგი, ცოცხალი გადარჩა, – თქვა მენაბდემ და დააყოლა, – არადა, ბიჭები ისეთ ცეცხლში მოყვნენ, გადარჩენის შანსი არ არსებობდა.
– მხოლოდ ბუზოღლი გადარჩა. დანარჩენები კი დაიღუპნენ. ბუზოღლიც მძიმედ იყო დაჭრილი და სასწაულებრივად გადარჩა. შემდეგ ის გამოჯანმრთელდა, ისლამი მიიღო და ჯერ საბრძოლო მომზადების ინსტრუქტორი იყო, შემდეგ კი საველე მეთაური. ახლა საკუთარი ტერორისტული ორგანიზაცია, „ისლამელ მგლებს“ უდგას სათავეში და ტოლს არ უდებს სხვა, მსგავს ორგანიზაციებს. მას დიდი დაფინანსება და ფართო ქსელი აქვს მთელ მსოფლიოში. ერთი სიტყვით, უსერიოზულესი ფიგურაა და თავის მუქარას ჰაერზე არ ისვრის. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოაწყო მცირე თუ დიდი ტერაქტი. ახლა კი საქართველოს მოადგა და თქვენი პატრიოტული ვალია, სამშობლო საფრთხისგან იხსნათ, – თქვა ბარკალაიამ და მენაბდეს თვალი თვალში გაუყარა.
– სამშობლოს ვალს ათი წელი პირნათლად ვიხდიდი. კმარა. ორმოცდათორმეტი წლის ვარ და პენსიაზე გავედი, – ირონიით თქვა მენაბდემ და ჩაეცინა.
– აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ, ბატონო ჯაბა. სულ ტყუილუბრალოდ გამოგამწყვდიეს ციხეში და ეს იყო ბინძური პოლიტიკური თამაშის სამარცხვინო შედეგი, მაგრამ გარწმუნებთ, სრულ რეაბილიტაციასა და სოლიდურ ფინანსურ კომპენსაციას მიიღებთ, – თქვა ბარკალაიამ. მენაბდემ კი თავი გააქნია და მიუგო:
– არა, ბატონო ჩემო. არაფერში მჭირდება რეაბილიტაცია. არც ფინანსური კომპენსაცია მაღელვებს. გითხარით უკვე, რომ ჩემი ცოლ-შვილი მაინტერესებს. ჩემს ცოლს ჩემზე დარდსა და ვარამში გაუთეთრდა თმა. ჩემმა ერთადერთმა ვაჟმა კი, ისე გაატარა გარდატეხის პერიოდი, მამა გვერდით არ ჰყოლია. გიმეორებთ, მე მხოლოდ ისინი და ჩემი პატარა ბიზნესი მაინტერესებს. ჭკუა ვისწავლე. ნებისმიერი სპეცსამსახურისგან ძალიან შორს მიჭირავს თავი და მათთან საქმეს აღარასდროს დავიჭერ. ჩემი ბიზნესი და მეტი სხვა არაფერი. სუფთა საქმით ვარ დაკავებული და ლაფში აღარასდროს ჩავეფლობი.
– თუ არ ვცდები, თქვენი მარკეტების ქსელით ფინანსური სამსახურია დაინტერესებული. სერიოზული დარღვევები ყოფილა იქ. ირონიული ღიმილით უთხრა ზაქარიაძემ მენაბდეს.
– რა ბრძანეთ? – ჰკითხა ჯაბამ.
– რა, არ იცოდეთ? – უფრო მეტი ირონიით თქვა ზაქარიაძემ.
ჯაბა მიხვდა, რომ ფინანსური სამსახურის ხსენება შანტაჟს ნიშნავდა და მიუგო:
– სამივე მაღაზია ნაცარტუტადაც რომ მიქციოთ, მაინც ვერ დამითანხმებთ. ასე რომ, თემა დახურულია. შეგიძლიათ, დღესვე მიუსიოთ ჩემს ბიზნესს ფინანსური ქოფაკები. ლაპარაკი დამთავრებულია და კარგად ბრძანდებოდეთ.
– ბატონო ჯაბა, თქვენი მეუღლე და თვრამეტი წლის ვაჟი, თუ არ მეშლება, მას თორნიკე ჰქვია და თოკას ეძახით, ამჟამად ბათუმში ისვენებენ, ხომ? – ჰკითხა მასპინძელს ბარკალაიამ.
– მერე, თქვენ რა? – თვალებანთებულმა მიუგო პოლკოვნიკს მენაბდემ.
– სამწუხაროა, მაგრამ ახლა თქვენი ცოლ-შვილის სასტუმროს ნომერში აჭარის ანტინარკოტიკული ბიუროს თანამშრომლებმა სამი კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს. ეს კი, კარგად მოგეხსენებათ, უპირობოდ უვადო პატიმრობაა. შეიძლება, თქვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრი გამოძვრეს კიდეც ამ საქმიდან, თუკი მეორე თავის თავზე აიღებს ამ საშინელ დანაშაულს. მაგრამ, მეორე ხომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდება? როგორ ფიქრობთ, თქვენი მეუღლე ჩაჯდება, ქალბატონი ელენე, თუ თოკა? – უთხრა მენაბდეს ზაქარიაძემ, თანაც ირონიული ღიმილი და ცინიკური მზერა არ მოშორებია სახიდან.
– ანუ, თქვენც ისეთივე ნაძირლები ხართ, როგორც თქვენი წინამორბედები. და, საერთოდ, როგორც მთელი ეს სისტემა მთელ მსოფლიოში, – მშვიდად თქვა ჯაბა მენაბდემ.
– არა, ბატონო ჯაბა. თქვენ ცდებით. ჩვენ ნაძირლები კი არა, ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ, – თქვა ბარკალაიამ. ზაქარიაძემ კი დაამატა:
– ჭეშმარიტი პატრიოტები, ბატონო ჯაბა.
– ხმა ჩაიწყვიტე, შე ნაბიჭვარო, თორემ მაგ ხარის კისერს წამში მოგამტვრევ! – შეუღრინა ვიცე-პოლკოვნიკს ჯაბამ.
ზაქარიაძეს თვალები აენთო და სავარძლიდან წამოწევა დააპირა, მაგრამ ბარკალაიამ ხელით ანიშნა, არ გაინძრეო და დააყოლა:
– მშვიდად, ბადრი, – შემდეგ კი მასპინძელს მიუბრუნდა, – მოდი, მშვიდად მოვძებნოთ გამოსავლი ამ ურთულესი მდგომარეობიდან, ბატონო ჯაბა.
– მოვძებნოთ, მოვძებნოთ. რა გაქვთ ჩაფიქრებული? – უთხრა ბარკალაიას ჯაბამ.
– აი, ეს უკვე ნამდვილი პატრიოტულ-პროფესიონალური მიდგომაა საქმისადმი. ახლავე ყველაფერს მოგახსენებთ და ყოველივე ერთად განვიხილოთ, – თქვა ბარკალაიამ.
– განვიხილოთ. გისმენთ, – მშვიდად თქვა ჯაბამ და ბარკალაიას მიაპყრო მზერა.
– ამ ორიოდე თვის წინ, აყვანის ოპერაციის დროს, ჯავად ახმად-შეიხის ძმები დაიღუპნენ, – დაიწყო თხრობა ბარკალაიამ, მაგრამ ჯაბამ ჩაიცინა და სიტყვა გააწყვეტინა:
– ნუთუ, ტყუპები ხვიჩა და გოჩაც ტერორისტები იყვნენ?
– თქვენ მათ იცნობდით? – გაუკვირდა ბარკალაიას.
– არ ვიცნობდი, – თავი გააქნია ჯაბამ, – ჯიმშერისგან ვიცოდი მათი არსებობის შესახებ და ბუზოღლის მათზე მზე და მთვარე ამოსდიოდა.
–  ანტიტერორისტული ოპერაცია ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩაატარა ქობულეთში.
– მარტო მათ?
– დიახ. ჩვენ არც კი გაგვაკარეს იქაურობას. ჩვენი საქმე მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციული უზრუნველყოფა იყო და მეტი არაფერი. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ არა მხოლოდ ტერორისტები დაიღუპნენ, არამედ მათი ცოლ-შვილიც. მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები – ოთხი და ხუთი წლის ბიჭები.
ამ სიტყვებზე ჯაბა მენაბდე ისე აღელდა, რომ სახე წამოეჭარხლა. ოფლმა დაასხა და თქვა:
– კი, მაგრამ, ქალებსა და ბავშვებს რაღას ერჩოდნენ? რა „ფებეერია“, რომელიც დამნაშავეს უდანაშაულოსგან ერთმანეთისგან ვერ არჩევს? – ჯაბამ ამოიხვნეშა, – სამწუხაროა, რომ საინფორმაციო გამოშვებებს არ ვუყურებ, თორემ ხომ გავიგებდი და სამძიმარზე მაინც მივიდოდი.
– ვერ მიხვიდოდით, – მიუგო ბარკალაიამ.
– რატომ?
– იმიტომ რომ, ეს ამბავი ტელევიზიებს არ გაუშუქებიათ. დაიბლოკა.
– დაიბლოკა?
– დიახ. დაიბლოკა და ამაზე თავად ამერიკელებმა იზრუნეს.
– ესეც თავისუფალი მედია, – ჩაეცინა ჯაბას.
– ასეც ხდება ხოლმე, ბატონო ჯაბა. შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ზოგჯერ ასეთ დათმობებზეც კი გვიწევს წასვლა. ჩემგან არ გესწავლებათ ჩვენი სამსახურის სპეციფიკა და ყველაზე საშინელი შეცდომისგანაც კი არ ვართ დაზღვეულები.
– ეს შეცდომა კი არა, – დანაშაულია.
– ერთი სიტყვით, წეღან რომ ვიდეორგოლს გაყურებინეთ, ეს გზავნილი ჯავად ახმად-შეიხმა ჩვენ, ანუ ჩვენს სამსახურს გამოუგზავნა. თქვენ რომ იხილეთ, მეორე გზავნილია. იყო პირველიც და მასში ძებნილი ტერორისტი ჩვენი უწყების მაღალჩინოსნების განადგურებით იმუქრებოდა, რაც შეასრულა კიდეც. მიყოლებით სამი კაცი მოგვიკლეს. მეორე გზავნილი თავად ნახეთ და როგორც იცით, ის ფართომასშტაბიანი, საშინელი ტერაქტით იმუქრება. თუკი მან პირველი მუქარა შეასრულა, მეორეს რატომ ვერ შეასრულებს? დამეთანხმებით, რომ გასაიდუმლოებული, საუცხოოდ მომზადებული ადამიანის ლიკვიდაცია გაცილებით ძნელია, ვიდრე ფართომასშტაბიანი აფეთქების მოწყობა ხალხმრავალ ადგილზე. აი, სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებულები და დახმარებისთვისაც იმიტომ მოგმართეთ, ეს მონსტრი შევაჩეროთ. ჩვენს პარტნიორებს მომავალი ოპერაცია უკვე შემუშავებული აქვთ. მხოლოდ თქვენი თანხმობა იყო საჭირო და დღესვე შეგახვედრებთ მათ და დეტალებს უკვე მათი თანდასწრების განვიხილავთ. ასე რომ, გაემზადეთ და წავიდეთ. ისინი ჩვენს ოფისში გველოდებიან.
– სანამ მათ შევხვდებით, თქვენთან შეკითხვები მაქვს და ამომწურავად, დაუფარავად უნდა მიპასუხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი თანამშრომლობა სასურველ ნაყოფს ვერ გამოიღებს.
– ბრძანეთ. გისმენთ.
– ამერიკელები რატომ დევნიან ბუზოღლის ასე გულმოდგინედ, მათ ქვეყანაში ტერორისტული აქტი მოაწყო?
– შტატების ტერიტორიაზე არა.
– აბა, სად?
– ავღანეთში. ჯავად ახმად-შეიხის დავალებით, მისმა შაჰიდმა ხელქვეითებმა ამერიკულ სამხედრო ოფისში შეაღწიეს, თავი აიფეთქეს და სამოცდასამი სამხედრო ადგილზევე დაიღუპა, თოთხმეტი კი მძიმედ დაიჭრა.
– გასაგებია. ეს აქცია მისი ახლობლების ამოწყვეტამდე მოხდა.
– დიახ. ოთხი დღით ადრე.
– და, ამის მერე გთხოვეს ტყუპებზე ინფორმაციის მოპოვება?
– დიახ.
– თუ ტყუპები ტერორისტები იყვნენ, თქვენ ამის შესახებ მანამდე არაფერი იცოდით?
– სამწუხაროდ, არა. ამის შესახებ პირველად ამერიკელებისგან შევიტყვეთ.
– გასაგებია. ახლა, თავად ამ ოპერაციის შესახებ მიამბეთ. რა ვითარებაში მოხდა ეს საშინელება?
– ჯავად ახმად-შეიხის ტყუპი ძმები ქობულეთში გვერდიგვერდ, კერძო სახლებში ცხოვრობდნენ. ამერიკის ანტიტერორისტული ჯგუფები იქ ერთდროულად შეიჭრნენ და მოხდა ის, რაც მოხდა.
– გამოდის, რომ თქვენ მიაწოდეთ მათ არასწორი ინფორმაცია, რადგან ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.
– ჩვენ სწორი ინფორმაცია მივაწოდეთ. ოპერაცია ღამის სამ საათზე ჩატარდა. ამ დროს კი ტყუპების ცოლ-შვილს მეორე სართულზე, საძინებლებში უნდა სძინებოდათ. ტყუპები კი – პირველ სართულზე ლოცულობდნენ. ორივე ძმას სპეციალური ოთახი ჰქონდა, სადაც ხატები ეკიდა და ეს ზუსტი ცნობებია.
– ხატები? მუსლიმანები ხომ ხატებზე არ ლოცულობენ?
– ტყუპები მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ.
– რა ბრძანეთ? – თვალები გაუფართოვდა ჯაბა მენაბდეს.
– დიახ. ისინი ქრისტიანები იყვნენ, მართლმადიდებლები. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ტერორისტებთან იყვნენ დაკავშირებულები.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3