კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რა პროდუქტები გადის საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე, რამდენით შემცირდა ღვინის წილი და რატომ შემოაქვთ საქართველოში ხორბლის 100-ვე პროცენტი რუსეთიდან

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2017 წელს მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რაკი ფულს სუნი არ აქვს, ცხადია, ეს ურიგო მონაცემი არ არის, თუ საკითხს სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით განვიხილავთ. მაგრამ, რაკი ეკონომიკაც პოლიტიკაა, რუსული ეკონომიკა კი უფრო პოლიტიკა, ვიდრე ეკონომიკა, როდესაც საქართველოს ნაწილი სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული, ბუნებრივია, არც ისე სასიამოვნოა, თუკი  მასზე ეკონომიკურადაც ვართ დამოკიდებული. არც ისე სასიამოვნოა, ვინაიდან ნებისმიერ მომენტში შეუძლია ამ ეკონომიკური დამოკიდებულების ზეწოლის საშუალებად გამოყენება და ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შექმნა. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ასეთ მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას ოკუპანტსა და ოკუპირებულს შორის, –  ამ თემას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– დავიწყოთ იმით, ჩვენ რა შეგვაქვს რუსეთის ბაზარზე და მათგან რა მოგვაქვს? ანუ რამდენად ვართ დამოკიდებულები მათ პროდუქციაზე?

– აბსოლუტურად დამოუკიდებელი მეურნეობის მქონე არცერთი ქვეყანა არ არსებობს მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა საკუთარი რესურსებით ქვეყნისა და ეკონომიკის უზრუნველყოფა. აშშ-ს, რუსეთს, ყაზახეთს, ბრაზილიას და ავსტრალიას თავიანთი რესურსებით შეუძლიათ აბსოლუტურად ყველა სახის ნედლეულისა და პროდუქციის წარმოება, მაგრამ ისინიც კი დამოკიდებულები არიან და მათ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს იმპორტს. მაგალითად, ჩინეთში, რომელსაც მსოფლიო ფაბრიკას უწოდებენ, იმპორტის თანაფარდობა მთლიან შიგა პროდუქტთან, 15 პროცენტს აღემატება. საქართველოზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, 50 პროცენტზე მეტია იმპორტდამოკიდებულება და 140 ქვეყანასთან გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობა. ანუ წარმოუდგენელია, ქვეყანა არსებობდეს ექსპორტისა და იმპორტის გარეშე, მაგრამ გააჩნია დამოკიდებულების ხარისხს. როგორც ინგლისური ანდაზა ამბობს, ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩააწყო. იმპორტ-ექსპორტთან მიმართებაში არსებობს ასეთი კრიტერიუმი: ამა თუ იმ ქვეყანასთან ვაჭრობის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის მთლიანი მოცულობის მესამედს: ექსპორტი იქნება, იმპორტი, ბრუნვა თუ პროდუქციის რომელიმე ცალკეული სახეობა. ამას წინათ გამოქვეყნდა ერთ-ერთი აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის განცხადება, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მხოლოდ 30 პროცენტია შეთანხმებული და ითხოვენ დავით გარეჯთან მიმართებაში დათმობებს, თუ გვინდა, რომ კვლავ შეღავათიან ფასად მოგვაწოდონ გაზი. ცხადია, ეს არ არის აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადება, მაგრამ ხშირად იმას, რასაც არ ამბობს ხელისუფლება, ამბობს მის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი.
– კარგა ხანია, დაიწყეს ეს მუქარა. თავდაპირველად, იმ საკაზმით, რომ საქართვველოში, თურმე, ისტორიულ თურქულ ტოპონიმებს ვცვლით ქართულით, რაც აზერბაიჯანული მოსახლეობის უფლებების დარღვევა ყოფილა და ამიტომ არ ვიმსახურებთ გაზს, რადგან უმადურები ვყოფილვართ. ახლა დავით გარეჯიც მიუმატებიათ.
– სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პრეტენზია განაცხადა ერევანზე, იქ ლაპარაკიც უკვე ზედმეტია. ამით მათ დაუშვეს ის ჰიპოთეტური ვარიანტი, რომ ოდესმე შეიძლება, სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო აიღონ. შენ თუ აყენებ საკითხს, რომ შეიძლება, ისტორიულ პერსპექტივაში ერევანი გახდეს აზერბაიჯანის, სომხეთსაც უჩნდება კანონიერი განზრახვა, რომ მათაც შეუძლიათ ბაქოს აღება. ჰიპოთეტურად ვლაპარაკობ. ერთი სიტყვით, ატიპური მოვლენები ხდება ამ ბოლო პერიოდში მსოფლიოში. ჩვენ ერთი დაუძინებელი მეზობელი გვყავს, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვებს თუ თვალში ჩავუვარდით, ხელს ამოისვამენ.
– მეც იმიტომ მივაქციე ამას ყურადღება, რომ გაზით შანტაჟი რუსული პოლიტიკის სავიზიტო ბარათია და უსიამოვნოდ მენიშნა, რომ ბაქოდანაც იგივე აზრი წამოვიდა. იმდენად ხშირად ხვდება ბ-ნი ალიევი პუტინს, რომ, ალბათ, ამის გავლენაა-მეთქი, ვიფიქრე. რუსეთს როგორ შეუძლია ამ ეკონომიკური დამოკიდებულების გამოყენება ჩვენ წინააღმდეგ?
– ჩვენს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში რუსეთის წილი საკმაოდ მაღალია, 11 პროცენტზე ოდნავ მეტი. ეს დიდი ციფრი არ არის, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ვვაჭრობთ 140 ქვეყანასთან და ამ ფონზე ერთ ქვეყანაზე მოდის 11 პროცენტი და, თან, ის მეორე ადგილზეა თურქეთის შემდეგ: თურქეთის წილი, დაახლოებით, 15 პროცენტია, ზედაც, რუსეთის წილი იზრდება, დასაფიქრებელია. ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა ექსპორტმაც რუსეთის მიმართულებით: დაახლოებით, 50 პროცენტით გაიზარდა 2017-ში, მაშინ, როდესაც თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ იმატა 16 პროცენტით. ჩვენ სტერეოტიპული წარმოდგენა გვაქვს, რომ რუსეთში გაგვაქვს მხოლოდ ღვინო და მინერალური წყალი. არადა ჩვენი ღვინის ექსპორტის მხოლოდ სამი მეხუთედი მოდის რუსეთზე. შედარებისთვის გავიხსენებ 2005 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ანუ რუსეთის მიერ ემბარგოს გამოცხადებამდე პერიოდში, ჩვენი ღვინის ექსპორტის 87 პროცენტი მოდიოდა რუსეთის ფედერაციაზე, ახლა შემცირდა 60 პროცენტამდე. პროგრესი აშკარაა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დავიყვანეთ უფრო დაბალ ნიშნულზე, თუმცა ისიც ცხადია, რომ დივერსიფიცირება მაინც მოხდა. 16-დან 55-მდე გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებშიც ღვინო შეგვაქვს და ეს კარგი მაჩვენებელია. რუსეთის ექსპორტში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, შემდეგ მოდის ფეროშენადნობები და ღვინოს უჭირავს გაცილებით ნაკლები წილი. ორნახევარჯერ მეტია ფეროშენადნობების ექსპორტი რუსეთში, ვიდრე ღვინისა. ამდენად, აღსანიშანვია, რომ რუსეთში მოთხოვნაა არა მარტო ტრადიციულ ქართულ პროდუქციაზე, არამედ რეალური სექტორის პროდუქციაზე. ასევე, არცთუ ისე დიდი რაოდენობით მიაქვთ მსუბუქი ავტომობილებიც.
– მეორადები.
– ჩვენ რეექსპორტის ქვეყანა ვართ და ავტომობილების ექსპორტის 6 პროცენტი მოდის რუსეთის ფედერაციაზე. 2017 წელს 2 700 ცალი ავტომობილი რუსეთშიც გავიტანეთ. მაგრამ ჩვენი ნავთობპროდუქტების იმპორტის მეხუთედი შემოდის რუსეთიდან, მზესუმზირის ზეთის 80 პროცენტი და ხორბლის თითქმის ასი პროცენტი. ეს გამოწვეულია რუბლის კურსის დაცემით დოლართან მიმართებაში, რის გამოც დოლარში ხორბალი უფრო იაფი გამოდის. მაგრამ მეტისმეტი დამოკიდებულება არ არის კარგი და უნდა გვქონდეს სათადარიგო მიმართულებებიც.
– ყოველთვის ასე იყო, თუ 2017 წელი გამონაკლისია რუბლის დაცემის გამო?
– ყოველთვის საკმაოდ მაღალი იყო ხორბლის იმპორტის მაჩვენებელი რუსეთიდან, მაგრამ რუბლის კურსის დაცემის გამო, ქვეყანამ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაზოგა რუსეთიდან ხორბლის შემოტანით. ასევე, მაღალია, რუსეთთან იმპორტით ექსპორტის გადაფარვის მაჩვენებელიც. თუ საქართველოს საშუალო მაჩვენებელი 34 პროცენტია, ანუ თითოეულ ას დოლარ იმპორტზე საშუალოდ მოდის 34 დოლარის ექსპორტი, რუსეთთან ეს მაჩვენებელი 50 პროცენტია, თურქეთთან – 16 პროცენტი, ჩინეთთან – 28 პროცენტი, აზერბაიჯანთან – 45 პროცენტი, სომხეთთან – 74 პროცენტი. თუმცა ეს მაჩვენებლები შესაძლოა, აღრიცხვის ბრალიც იყოს. ჩვენი საბაჟო ობიექტურად აღრიცხავს ინფორმაციას, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ქვეყნის საბაჟოებზეც. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან ყოველ 100 იმპორტულ დოლარზე მხოლოდ 50 დოლარის ექსპორტი გვაქვს.
– ორჯერ მეტი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. რა შემოგვაქვს კიდევ?
– ნავთობპროდუქტები, ხორბალი, ზეთი… რუსეთიდან ჩვენი იმპორტის ჩამონათვალი გაცილებით მცირე დასახელებისაა, მაგრამ დიდი რაოდენობისა. ამიტომ ამ ოთხი-ხუთი დასახელების პროდუქტის წილი მთლიან ექსპორტში გაცილებით მაღალია. იმის გამო, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ჩვენი ექსპორტი რუსეთში, თუ მთელი ექსპორტი 29 პროცენტით გაიზარდა, რფ-ში – 91 პროცენტით, 2017 წელი დასრულდა დსთ-ს გამარჯვებით. 2017 წელს დსთ-ში ექსპორტმა გაცილებით მაღალი წილი დაიკავა, ვიდრე ევროკავშირში. ევროკავშირის წილი სავაჭრო ბრუნვაში შემცირდა სამი პროცენტული პუნქტით, ხოლო დსთ-სთან გაიზარდა 4 პუნქტით, რუსეთის ფაქტორის გამო. იმედია, ეს დროებითი მოვლენაა და გვექნება საშუალება, ევროკავშირის მიმართულებით გავზარდოთ ექსპორტი. ერთ-ერთი მიზეზი არსებული ვითარების ისიცაა, რომ ფაროსანასა თუ სხვა მიზეზების გამო, 2017-ში 2016-თან შედარებით, თხილის თითქმის 100 მილიონით ნაკლები ექსპორტი მოვახდინეთ. ეს, უპირველესად, დააკლდა ევროპულ მიმართულებას და ამანაც მოახდინა გავლენა.
– განვიხილოთ ამ სავაჭრო ურთიერთობის პოლიტიკური მდგენელი: გადაიფიქრა ხორბლის მოწოდება ან არ მიიღო ჩვენი საექსპორტო პროდუქცია. რუსეთისთვის არ არის მთავარი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და არც საერთაშორისო იმიჯი აღელვებთ.
– იქ ეკონომიკა არათუ პოლიტიკის მძევალია, ხატოვნად რომ ვთქვათ, ეკონომიკა ტრეფიკინგის მსხვერპლიც კია. იმიტომ რომ, გადაწყვეტილებები ხშირად არათუ არ ითვალისწინებს ეკონომიკის, ბიზნესის ინტერესებს, ხშირად წინააღმდეგობაშიც კი მოდის მათთან, ამიტომ, სადაც საკუთარ ბიზნესს არ ინდობენ, მით უმეტეს, სხვა ქვეყნის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ. სახელმწიფოსგან, რომელიც არ ცნობს შენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ყველაფერია მოსალოდნელი. ასე რომ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, გვქონდეს ეკონომიკური ურთიერთობა, მაგრამ დავიცვათ გარკვეული კრიტერიუმები, როგორც გითხარით, მესამედზე მეტად არ ვიყოთ დამოკიდებულები რუსეთის იმპორტზე.
ტრადიციულად რუსეთს მაღალი წილი უჭირავს საქართველოს ფულად ტრანზაქციებში. მაგრამ წლიდან წლამდე რუსეთის წილი ამ მიმართულებითაც მცირდება და ისეთი მასშტაბის არ არის, როგორც მანამდე იყო. ერთ დროს რუსეთიდან შემოსული თანხის თანაფარდობა მთლიან ფულად გზავნილებში შეადგენდა 70 პროცენტზე მეტს. დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით მოკრძალებულია და შემცირებულია 33 პროცენტამდე.
– გამესამედდა, უკვე კარგია. რას უკავშირებთ ამ კლებას? მცირდება რუსეთში ქართველების რაოდენობა, მათ ცოტას უხდიან თუ უბრალოდ, სხვა ქვეყნებში უფრო ბევრი ქართველია გასული და ამიტომ რუსეთში მცხოვრებთა რაოდენობა დაჩრდილეს?
– მე კიდევ ერთ მიზეზსაც დავუმატებდი: რუსეთში გასული ჩვენი თანამემამულეების გარკვეული ნაწილი გადადის სხვა ქვეყნებში და ესეც ახდენს გავლენას. ასევე, რუსეთში რუბლის დევალვაცია დოლართან მიმართებაში, ქართველ შრომით მიგრანტთა გეოგრაფიული განფენილობის ზრდა… თუ ადრე, ძირითადად, რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცე იყო შრომითი მიგრაციის მიმართულება ქართველებისთვის, ამას არა მარტო ევროპული მიმართულება დაემატა, არამედ უფრო შორეულიც: ამერიკული, აზიური… ამიტომ ბუნებრივია, რუსეთის წილი მცირდება ფულად ტრანზაქციებში.
მაგალითად, გასულ წელს რუსეთიდან საქართველოში 455 მილიონი დოლარი გადმოაგზავნეს, მაგრამ, მეორე მხრივ, არა მარტო რუსეთიდან შემოდის თანხა, არამედ პირიქითა პროცესიცაა და გაცილებით ინტენსიური.
– საქართველოდანაც აგზავნიან თანხას რუსეთში?
– დიახ და, თანაც, საქართველოდან რუსეთში გადაგზავნილი თანხის წილი საქართველოდან გაგზავნილი თანხის საერთო მოცულობაში მნიშვნელოვნად აღემატება რუსეთის წილს საქართველოში გადმორიცხული თანხის საერთო მოცულობაში. გითხარით, რომ საერთო ტრანზაქციებში რუსეთის წილი ერთი მესამედია, საქართველოდან რუსეთში გადარიცხულ თანხებში კი –  45 პროცენტი. დაახლოებით, 90 მილიონი დოლარი ირიცხება საქართველოდან რუსეთში.
– რით ხსნით ამ ფაქტს?
– ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, მათ უგზავნიდნენ ფულს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთში თანხას აგზავნიდნენ რუსეთის რეზიდენტები, რომლებსაც საქართველოში აქვთ ბიზნესი. აი, ეს მომენტიც უნდა გავითვალისწინოთ.
– არც თუ ისე ბევრი, მაგრამ რუსეთში გადის სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მოსახლეობის ნაწილს აქვს შემოსავალი. რომ არ მიიღოს ის უცებ რუსეთმა იმ მიზნით, რომ ხელისუფლებას აუმხედროს მოსახლეობა და სოციალური უკმაყოფილება გამოიწვიოს, ამის ალბათობა როგორია?
– რა თქმა უნდა, შეუძლია, მაგრამ ექსპორტის მინავლება რუსეთის მიმართულებით ნიშნავს, რომ ბაზრის ჩაკეტვას ისეთი ეფექტი აღარ ექნება, როგორიც 15 თუ 20 წლის წინათ ჰქონდა. რუსეთმა გამოდევნა საქართველოს ინტერესები თავისი ბაზრიდან და ამიტომ ქართველმა გლეხებმა სხვა მიმართულებებით დაიწყეს ცქერა. და, მიუხედავად იმისა, ცალი თვალი მაინც რუსეთისკენ აქვთ, შეიძლება, თამამად ვთქვათ, რომ ინტერესი ინავლება და, რამე თუ მოხდა, ქართული პროდუქცია სხვა მიმართულებით ნახავს არანაკლებ პერსპექტიულ გზებს.
ნინო ხაჩიძეскачать dle 11.3