კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№7 რატომ ნიშნავს რუსეთის ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საქართველოს დაშლა რუსეთის სიძლიერეს და როგორ გაიყოფენ რუსეთის, თურქეთისა და ირანის სპეცსამსახურები საქართველოს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

პანკისის თემა კვლავაც ინარჩუნებს აქტუალობას, ან კი როგორ არ შეინარჩუნებს, როდესაც იქით –  რუსეთია გამეცადინებული, რომ როგორმე გადმოვიდეს პანკისის ხეობაში (ტერორისტების დევნის მოტივით) და აქეთ –  ჩვენებური ქისტები გვემუქრებიან, რომ საქართველო, თურმე, პანკისს დაკარგავს (ვიდრე სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამას სატელევიზიო ეთერიდან გვეტყოდა, უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ გვაცნობა ერთ-ერთმა ხნოვანმა ქისტმა ქალბატონმა, რომ უპატრონოები არ არიან და დასახმარებლად, ჩეჩნეთის ან ინგუშეთის პრეზიდენტს, ან ორივეს ერთად მიმართავენ). მოგვიანებით, ბ-ნმა მაჩალიკაშვილმა წერილი გაავრცელა, რომ ქართველმა საზოგადოებამ მისი ნათქვამი არასწორად გაიგო (თუმცა იმდენად პირდაპირ იყო ნათქვამი, ამის არასწორად გაგება შეუძლებელი გახლდათ). ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სულზე მისწრებაა მსგავსი მოვლენები, ვინაიდან ეს მათ საკუთარი მიზნების უფრო თავისუფლად მიღწევის საშუალებას აძლევს. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკ ბესო ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ, თუ როგორ იყენებენ ეთნიკურ ფაქტორს უცხო სპეცსამსახურები და რამდენად ნოყიერი ნიადაგია საამისოდ საქართველოში.
– რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ საქართველოს პანკისის ხეობის დაკარგვის საფრთხე უდგას, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს კარგა ხანია, ამ ხეობისთვის თვალი აქვს დადგმული?
ჩვენ პანკისის ხეობა დაკარგული გვქონდა შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში. ყველას გვახსოვს და, ფაქტობრივად, ეს იყო ადგილი, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ მოქმედებდა. დღეს ეს საფრთხე ისევ რეალურია, მაშინ თუ რეალური იყო ტერორიზმის, დღეს –  გარე საფრთხეების გამო.
– თქვენც რეალური გგონიათ იმის საფრთხე, რომ რუსეთი შემოვიდეს?
– სხვა ქვეყანა ყოველთვის იყენებს ასეთ თემებს, იმდენად მგრძნობიარე და ფაქიზია და არა მარტო პანკისი. იგივე პრობლემაა აჭარაში, მარნეულში, ჯავახეთში. ეს საქართველოსთვის იმდენად სათუთი რეგიონებია, რომ ჩვენი ნებისმიერი ხელისუფლება, გვინდა თუ არა, უნდა ეფეროს მათ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ რეგიონებს ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ. მე მახსოვს და პირადად ვარ 1989 წელს მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის მოვლენების მომსწრე, როდესაც საქართველო უნდა აფეთქებულიყო და მაშინ ამას საბჭოთა კავშირის უშიშროება აკეთებდა. აფეთქების რამდენიმე წერტილი იყო მონიშნული: ერთი –  ქვემო ქართლი, მეორე –  ცხინვალის რეგიონი და მესამე –  აფხაზეთი. ოღონდ თავიდან უნდოდათ ბოლნისისა და მარნეულის აფეთქება.
– რატომ არ გამოვიდა, რამ გადააფიქრებინათ?
– როდესაც ნახეს, რომ დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტი და გაღვივდა ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მიხვდნენ, რომ მარნეულის აფეთქება აღარ იყო აუცილებელი გეოპოლიტიკურად. ძალიან ახლოს გამოვიდოდა ორი კონფლიქტი. უფრო მეტიც, ეს ნაღმები ჩადებული იყო ჯერ კიდევ „ენ კა ვე დეს“ მიერ, მაგრამ „კა გე ბემ“ გათვალა და მიხვდა, რომ ქვემო ქართლის აფეთქება აღარ სჭირდებოდა, იმიტომ რომ, მაშინ კონფლიქტი უფრო დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ამის შემდეგ გადაერთვნენ ცხივნალის რეგიონსა და აფხაზეთზე. რუსეთის მოქმედების ფორმულა 1920 წლიდან იყო ასეთი: რაც მეტად დაიშლება საქართველო, მეტად ძლიერები ვიქნებით ჩვენ.
– ამ შედეგს ნაწილობრივ უკვე მიაღწიეს ასი წლის თავზე.
– დიახ და უფრო დაქუცმაცებისკენ მიდიან. ასე რომ, პანკისთან დაკავშირებული საფრთხეც რეალურია. 1920 წლის მაისის ბოლოს საქართველოში ჩამოვიდნენ რუსეთის ელჩი სერგეი კიროვი და რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი პავლე სიტინი, რუსეთის იმპერიის ყოფილი გენერალი და ეს ფორმულა, რაც გითხარით, იმ პერიოდიდან მოდის. მიუხედავად იმისა, რუსეთი იმპერია იქნება, დემოკრატიული სახელმწიფო თუ პუტინის მმართველობის ქვეშ, ისინი ამ ფორმულაზე უარს არ იტყვიან. მათთვის მთავარია, საქართველო იყოს დანაწევრებული. საქართველოს დანაწევრება მათთვის ასოცირდება რუსეთის სიძლიერესთან.
– არადა თითქოს საქართველოს მოკავშირეობა რუსეთს უფრო გამოადგება: უპრობლემოდ შეინარჩუნებს ჩრდილო კავკასიას, თუ ეყოლება ზურგში მეგობრული საქართველო და გარანტირებული ექნება კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე. ეს უკეთესი ფორმულა არაა და უფრო იაფი და ნაკლებად სისხლიანი?
– წლების განმავლობაში რუს ექსპერტებთან თუ ანალიტიკოსებთან პირადი შეხვედრებისას, მათ სულ ამას ვუმტკიცებდი. მერე მივხვდი, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის საქართველოს აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის ჭადრაკის დაფაზე პაიკიც არ ვართ უკვე. რუსეთის ხელისუფლება იმდენად მასშტაბურ გეოპოლიტიკურ თამაშებს ატარებს, რომ აშშ-სა და ევროპის ინტერესებსაც კი არაფრად აგდებს. მათი დევიზია, ან ყველაფერი, ან არაფერი. უფრო მაღალ მწვერვალებს ეთამაშება რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება, სადაც საქართველო არის ძალიან უმნიშვნელო ფაქტორი, თურქეთიც კი აღარაფერია მათთვის და, მით უმეტეს, საქართველო. თავი რომ რაღაც ეგონა ერდოღანს, პუტინმა რამდენიმე სვლაში ისეთ მდგომარებაში ჩააგდო, რომ ერდოღანი თავად ეახლა პუტინს მოსკოვსა და სოჭში. ამ მოვლენას ღრმა ანალიზი სჭირდება: ეს გამოიწვია ევროპის, აშშ-ის სისუსტემ, ობამას ხელისუფლების სისუსტემ, მათ შორის, 2008 წლის ომზე თვალების დახუჭვამ… ამდენად, ჩვენ კი გვინდა, რომ თავი მსოფლიოს ჭიპად წარმოვიდგინოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე სულ სხვაგან ვართ. უკრაინაც კი აღარ არის უკვე ევროპის ჭიპი. საკითხები უფრო მაღალ გეოპოლიტიკურ დონეზე წყდება. მსოფლიოს აინტერესებს, რა მოხდება „ბრექსითის“ შემდეგ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს შოტლანდია, მერე კატალონია. პანკისის პრობლემა კი ისეთია, როდესაც მოუნდებათ, მაშინ აამოქმედებენ.
– როგორ ფიქრობთ, რაც დღეს პანკისში ხდება, უკვე ურევია ამაში რუსეთის ხელი თუ უბრალოდ, რუსეთი ელის სიტუაციის არევას და გამოიყენებს მაშინვე, როცა საჭიროდ ჩათვლის?
– ბევრჯერ მითქვამს, სამწუხაროდ, რუსეთის ძველ ხელისუფლებებსაც, პეტრედან მოყოლებული და დღევანდელსაც, უამრავი რესურსი აქვთ როგორც ფინანსური, ისე ადამიანური და ორგანიზაციული, რომ ამგვარად იმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ. არსებობს სტრუქტურები, რომლებშიც არის საქართველოზე მომუშავე სპეციალური დანაყოფები. იმ დანაყოფებში კი არის ქვედანაყოფები, რომლებიც მუშაობენ ცალკე პანკისზე, ცალკე –  მარნეულზე, ცალკე –  აჭარაზე, ცალკე –  ჯავახეთზე. ასეთი სტრუქტურებია რუსეთის სპეცსამსახურში,  რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში… ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა რესურსია მობილიზებული?! და ეს გრძელდება ასწლეულებია. რთული სათქმელია, კონკრეტულად რომელი ნაღმი ამოქმედდება, პანკისი თუ სხვა, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს ჩადებული.
– გარდა რუსეთისა, ფაქტია, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც მუშაობენ ჩვენს ქვეყანაში. მათი ინტერესები და მოქმედების ფორმულებიც განვიხილოთ.
– კონკრეტულად ვთქვათ, ინტერესი აქვთ: ირანს, თურქეთს, შეერთებულ შტატებს. არ მგონია, ჩრდილო კორეას ჰქონდეს აქ ინტერესი.
– მაგრამ ექნება ჩინეთს.
– მას სხვა ინტერესი აქვს. სპეცსამსახურის მოქმედების სპეციფიკაა ინფორმაციის შეგროვება და შემდეგ მოქმედება. ჩინეთის სპეცსამსახური უფრო ინფორმაციას აგროვებს, სხვა ქვეყნები კი ინფორმაციის შეგროვებასთან ერთად, ცდილობენ მოქმედებას. ეს სხვა თემაა.
– გეოგრაფიულად მოვხაზოთ, ვის, სად და რა ინტერესი აქვს?
– თურქეთის ინტერესები ისტორიულია და უკავშირდება ჩრდილო კავკასიას და პანკისსაც, რადგან პანკისია ჩრდილო კავკასიის გადმოსასვლელი საქართველოსკენ. ეს უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა ნებისმიერმა ხელისუფლებამ. ევროპას ნაკლები ინტერესი აქვს, შეერთებული შტატების ინტერესი გასაგებია, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი პასიურობენ. ვუდროფის 1993 წლის მკვლელობის საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული, საქართველოსთვის ფეთქებადსაშიშ რეგიონებში დღეს რა სტატუსკვოც გვაქვს, ეს ნიშნავს რუსეთის გამარჯვებას. არადა 1993 წელს, ვუდროფი რომ არ მოეკლათ, შეიძლებოდა, კავკასიის რუკა სხვანაირი ყოფილიყო.
– იმას მიანიშნებთ, რომ ვუდროფის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურის კვალი ურევია?
– რა თქმა უნდა. შორს წაგვიყვანს ამ თემაზე საუბარი. ვუდროფის მკვლელობამ დიდი უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია აშშ-ში და ამერიკის დაზვერვამ 1993 წლიდან ყველა ოპერაცია შეაჩერა საქართველოში. ისინი გაჩერდნენ და სწორედ ეს უნდოდა რუსეთს. მათ ერთი კაცის ლიკვიდაციით გადაჭრეს პრობლემა: ამასობაში რუსეთმა განდევნა აშშ-ის ინტერესები.
– რუსეთი და თურქეთი როგორ გაიყოფენ აჭარასა და პანკისს?
– 1921 წელს წითელმა რუსეთმა და ათა თურქმა ძალიან წარმატებით გაიყვეს საქართველოს ტერიტორია. საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას –  ნოე ჟორდანიასაც, საგარეო საქმეთა მინისტრ საბახქარაშვილსაც, გეგეჭკორსაც, ძალიან მიამიტური წარმოდგენები ჰქონდათ. იმხანად თურქეთი ორად იყო გაყოფილი. სტალინის დეპეშებია არქივში შემონახული და იქიდან ჩანს, როგორ იყენებდნენ ერთმანეთს რუსეთი და თურქეთი და როგორ თანხმდებოდნენ საქართველოს ხარჯზე.
– ტორტის ნაჭერივით გაიყვეს საქართველოს ტერიტორია ათა თურქმა და ლენინმა. ამიტომ ძალიან მიამიტური მგონია დღესაც ზოგიერთის დამოკიდებულება.
– მომავალშიც, რაც უფრო ასცილდება თურქეთი ევროპულსა და დემოკრატიულ სტანდარტებს, უფრო დაუახლოვდება რუსეთს და ეს ცუდია საქართველოსთვის, იმიტომ რომ, ამ ტიპის პოლიტიკური ლიდერები იოლად პოულობენ საერთოს.
– ასეა თუ ისე, ორივე მაინც იმპერიაა არსით.
– მაგრამ თურქეთის  სპეციფიკა ის იყო, რომ ის წარმოადგენდა დასავლეთის ფორპოსტს მთელ მუსლიმანურ სამყაროში. მანამდე ირანი, შაჰის დროს და შემდეგ –  თურქეთი. ამით გარკვეული მოდელი იქმნებოდა და ეს, ჩემი აზრით, გამოსავალი  იყო, განსხვავებით იმისგან, რაც შემდეგ მოხდა: სახალიფოს შექმნა; თურქეთის მიერ განვითარების საერთო გზიდან გადახვევა, საქართველოსთვის არ არის სასარგებლო, იმიტომ რომ, ასეთ დროს რუსეთი და თურქეთი ახლოვდებიან.
– ირანსაც ექნება თავისი ტერიტორია მონიშნული.
– ირანის ხელისუფლება ცდილობს, დაფაროს თავისი პრობლემები, მაგრამ დიდხანს, ალბათ, ვერ დაფარავს. ჩემთვის ირანი დაახლოებით იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც იყო საბჭოთა კავშირი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, გორბაჩოვამდე, როდესაც ნავთობიდან მიღებული ფული ჰყოფნიდათ. შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა და ქვეყანაში შიდა აფეთქებები დაიწყო. ირანის ოფიციალური წარმომადგენლები ხანდახან მიბრაზდებიან ხოლმე, ჩემი შეფასებების გამო პუბლიკაციებში და ერთ ხანს, ირნაში შესვლაც შემიზღუდეს. ერთი სიტყვით, ირანის შიდა პრობლემები რეალურია. ვცდილობ, ფრთხილად ვილაპარაკო, ვინაიდან ეს მაინც უცხო ქვეყნის შიდა საქმეებია. როდესაც ქვეყანას აქვს ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ამ დროს საუკეთესო გამოსავალია, გარეშე მტრის ძებნა. ასეთი მტერი არსებობს ირანისთვის: ეს არის შეერთებული შტატები და ისრაელი. აქედან გამომდინარე, უკვე შეიძლება, ითქვას, რომ მთლიანად ირანის საზოგადოებაა მომართული ამ გარე მტრის წინააღმდეგ. ირანის მოკავშირეა რუსეთი, რომელთანაც არ აქვს პირდაპირი საზღვარი და აქვს ირიბი –  სომხეთის გავლით.
– და აქაც ჩვენ ვჭირდებით, ფაქტია.
– ირან-სომხეთის სასიყვარულო ინტრიგებით რუსეთს უნდა, შექმნას და გარკვეულწილად, ქმნის დაპირისპირების და აშშ-სთვისაც საფრთხის შემცველ სახელმწიფოთა თანამეგობრობას ირანი-სომხეთი-რუსეთის კავშირით. სომხეთი დღეს რეალურად არის რუსეთის სამხედრო ბაზა. მეეჭვება, ჩვენს ძმებ ჰაოსებს რამე უფლებები ჰქონდეთ. ირანი ამით სარგებლობს. ოღონდ გაცილებით ფრთხილად მოქმედებს, ვიდრე თურქეთი და, ჩემი აზრით, ირანის მთელი გეოპოლიტიკური პოტენციალი დამოკიდებულია ნავთობის ფასებზე და საკმაოდ შეზღუდულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ირანი ნავთობის სამყაროში კუთხეში ზის დასჯილის ადგილას, იმიტომ რომ, არაბული სამყარო ირანისადმი რელიგიური თუ სხვა მიზეზების გამო, დაპირისპირებულია; რთული ისტორიული და გეოპოლიტიკური დამოკიდებულებაა შიიტებსა და სუნიტებს შორის. თუმცა ირანის ინტერესი საქართველოსადმი ძალიან დიდია, იმიტომ რომ, საქართველო მისთვის არის პლაცდარმი მსოფლიოში გასასვლელად.
скачать dle 11.3