კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ გახდა მაია ჯუმუტია საბერძნეთში საუკეთესო მზარეული და რისი მომზადებით აოცებს ის წამყვან მზარეულებს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 ქართველი ემიგრანტი ქალბატონი, მაია ჯუმუტია საბერძნეთის Masterchef-ის 22 საუკეთესო მზარეულთა შორის მოხვდა. მან, ჟიურის წევრები, პირველად, ქართულად მომზადებული ფხლის ნაირსახეობით მოხიბლა, რომელიც მჭადზე განათავსა. შემდეგ კი, ქართველმა კონკურსანტმა, ბერძნულ შოუში, თავისი ეროვნული სამზარეულოს სიამაყე და სავიზიტო ბარათად აღიარებული – ხინკალი მოამზადა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ამბობს, რომ იღბლიანია,  ოცნებები უსრულდება და Masterchef-ის კონკურსი კი, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინოებაა. მაიას საბერძნეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.
მაია ჯუმუტია:
24 წლის ვიყავი, უცხოეთში რომ გადავწყვიტე სამუშაოდ წასვლა. ვიფიქრე, ვიმუშავებ, გარკვეულ თანხას დავაგროვებ-მეთქი და აგერ უკვე,  25 წელია, საბერძნეთში ვცხოვრობ. ქმარს გავშორდი, შვილი მყავდა გასაზრდელი და მისთვის რომ უზურნველი ცხოვრება შემექმნა, უცხოეთში წასვლა გახდა საჭირო. ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, თავიდან ძალიან გამიჭირდა, არცერთ სამსახურს არ ვთაკილობდი, თავდაუზოგავად ვშრომობდი. ჩემი ბიჭი, გიორგი, ტკივილამდე მენატრებოდა და ყველაფერი გავაკეთე ჩემთან რომ ჩამომეყვანა, გვერდით მყოლოდა. მოკლედ, მივეჩვიე უცხო მხარეს და შვილის უკეთესი მომავლისთვის ყველა ბარიერი გადავლახე. დღეს, კმაყოფილი ვარ იმით, რაც შევძელი. გიორგიმ აქ, წარჩინებით დაამთავრა სკოლა და ახლა, რუმინეთის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში  წარჩინებული სტუდენტია. ჩემი შვილი რომ გაიზარდა და თავისი გზა ნახა, გადავწყვიტე, მოდი, ჩემი თავისთვისაც მოვიცლი-მეთქი (იცინის).  პროფესიით ბიოქიმიკოსი ვარ, მაგრამ საბერძნეთში დავამთავრე ფილოსოფიის ფაკულტეტი და შემდეგ კულინარიის კურსებზე ჩავირიცხე.  ძალიან მიყვარს კულინარია, წარჩინებით დავამთავრე და დიპლომიც ავიღე. ბავშვობიდან მიყვარდა ტორტებისა და საჭმელების კეთება. თან, გენეტიკაც მშველის ამ მხრივ, ხომ იცით, მეგრელებს რა ხელი გვაქვს (იცინის).
– ამიტომ, გადაწყვიტე, ბერძნულ კულინარიულ შოუ Masterchef-ში მონაწილეობის მიღება?
– წლებია, შოუს Masterchef-ს ვუყურებდი საბერძნეთის ტელევიზიით და ძალიან მომწონდა. ეს ამერიკული პროექტი. დამსახურებული მზარეულები და
ისინიც, ვისაც კარგი კეთება ეხერხება, ყველა მიდის ამ შოუში მონაწილეობის მისაღებად. ჟიური საკმაოდ მკაცრი და კომპეტენტურია. სულ მინდოდა მონაწილეობა და მიღება რომ გამოაცხადეს ვიფიქრე, მოდი, მეც ვცდი ბედს, შევავსებ ანკეტას-მეთქი. სიმართლე გითხრათ, არ მქონდა იმედი, რომ დამიძახებდნენ. არც რესტორანში მიმუშვია და არც კაფეტერიაში, უბრალოდ, ახლობლებისთვის ვაცხობ ტორტებს და ვაკეთებ საჭმელებს; მათ მოსწონთ. ამ პროექტში, საკმაოდ გამოცდილი მზარეულები მონაწილეობდნენ და პრაქტიკულად, დაბალი შანსი მქონდა. თან, ჩემს შვილს რომ გავუმხილე, მინდა, შოუში მონაწილეობის მიღება-მეთქი, მითხრა: არ გირჩევ, დედა, ხომ იცი, ემიგრანტებს არ სწყალობენ უცხოეთის შოუებში. თან, მსგავს პროექტებში ფეხის დადება ხდება და არ მინდა, გული გეტკინოსო. მოკლედ, არ დავუჯერე, შვილის წინააღმდეგ წავედი და არც ფეხის დადებებს მოვერიდე. ეს იყო ჩემი შანსი, ოცნება ამეხდინა. გავიარე ქასთინგი, გავაკეთე ქართული რეცეპტით სხვადასხვა ფხალეული და დავალაგე პატარა, ოვალურად გამომცხვარ ჭადებზე. არ იყო საჭირო ბევრის მომზადება, უბრალოდ, ვიზუალურად ლამაზი უნდა ყოფილიყო, გემრიელი და უცხო გემოსი. ისე მოეწონა სამივე „მასტერ შეფ” ჟიურის წევრს, რომ დააგემოვნეს, დაინტერესდნენ, რისგან მოამზადეო. აქ არ იციან მჭადის პურები და თან, ქართული მჭადის ფქვილით გამოვაცხვე. დედა სულ მიგზავნის. მოკლედ, უპრობლემოდ მიმიღეს შოუში კონკურსანტად. შემდეგ ტურში გადასვლას კი არა, ქასთინგს რომ გავივლიდი, ამისიც არ მჯეროდა. თავიდან, პირველ 15 კონკურსანტში, მეთხუთმეტე მე რომ ამომირჩიეს, კინაღამ გავგიჟდი სიხარულით. კარტოფილის გაფცქვნა და სხვადასხვა ფორმად დაჭრა დაგავავალეს. სისწრაფეში, ხელიც მივათალე კარტოფილის სათლელს. სასწრაფოდ ექთანს დაუძახეს. მახსოვს, ისე ვიყავი  საქმეში ჩართული, ვეხვეწებოდი, დრო გადის და რაც შეიძლება, ჩქარა გადამიხვიე, გავაგრძელო და დროში ჩავეტიო-მეთქი (იცინის).  სულ 50 კონკურსანტი იყო. იმ დღეს, 15 კონკურსანტიდან, 14 უკვე არჩეული ჰყავდა ჟიურის და ვლოცულობდი: ღმერთო, მეთხუთმეტე მე ვიყო-მეთქი. ჟიურის წევრი რომ მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო და მითხრა: მაი, შენ გადახვედი შემდეგ ტურში და საუკეთესო 22 კონკურსანტს შორის მოხვდიო, არ ველოდი ბერძნებისგან ასეთ დაფასებას. თუ გული არ წამივიდოდა სიხარულით, არ მეგონა. (იცინის). ზოგადად, იშვიათად სწყალობენ უცხოელ კონკურსანტებს და მე რომ დამიფასეს მონდომება და შრომა, ამისთვის მათი მადლიერი ვარ. მოკლედ, საკმაოდ ცნობილი და გამოცდილი მზარეულები ვერ გადავიდნენ შემდეგ ტურებში და მე კი, 22 საუკეთესოს შორის აღმოვჩნდი. წინსაფარი რომ მომცეს და სრულფასოვანი კონკურსის მონაწილე გავხდი, ეს ის გრძნობაა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ძალიან ბევრი ცდილობდა წელს ამ კონკურსზე მოხვედრას და მათ შორის, მხოლოდ ორი უცხოელი ვიყავით – მე და ერთი თურქი ბიჭი. ორივე მოვხვდით შოუში. სულ რომ ვერ გავიმარჯვო, მაინც დიდი წარმატებაა ეს ჩემთვის.

– ერთ-ერთ ტურზე ხინკალი მოამზადე,  ჟიურის წევრები კი მოხიბლე, მაგრამ ქართველებისგან შენიშვნა მიიღე. რატომ დაგიწუნა შენი ქვეყნის ხალხმა მომზადებული?
– ბევრი წერდა კომენტარებში, რატომ გააკეთა მეგრელმა ქალმა ხინკალი, გაეკეთებინა ღომი ან ელარჯიო.  ძალიან მინდოდა, მეგრული კერძის მომზადება, მაგრამ 30 წუთი მქონდა მხოლოდ მოსამზადებლად და ამ დროში რომ ჩავტეულიყავი, ხინკლის მომზადება გადავწყვიტე. 5 წუთი თეფშის გაფორმებაზე მოგვცეს. ზოგადად, აქ კერძის გაფორმებას დიდ ყურადღებას აქცევენ. რაც უნდა გემრიელი იყოს საჭმელი, თუ ის ვიზუალურად არ არის მიმზიდველი, ზედ არ უყურებენ, დაგემოვნებას რომ თავი დავანებოთ. რომ წერდნენ კომენტარებში, ეს რანაირი ხინკალი მოამზადა, რა იყო მწვანილით გაფორმებულიო, ყურადღებას არ ვაქცევდი.
– გამარჯვებულისთვის რა პრიზია დაწესებული?
– 50 ათასი ევროა პრიზი პირველ ადგილზე გასულისთვის.
– პროექტში რომ გაიმარჯვოთ, გარდა იმისა, რომ 50 ათას ევროს მოიგებ, რა შეიცვლება შენთვის?

– ახლა მოხუც ქალს ვუვლი და უპირველესად,  სამსახურს შევიცვლი და ის საქმე, რაც მიყვარს და რისთვისაც ვიბრძოლე, მას გავყვები. კერძო, პატარა კაფეტერიის გახსნასაც ვგეგმავდი, მაგრამ არ გამოვიდა. კერძო შეკვეთებს კი ვიღებ ტორტებზე და 30-50 ევროს მიხდიან. 80 ევრო საქორწინო ტორტშიც გადამიხადეს, რომელიც სულ ორქიდეებით მოვრთე. ზოგადად, ქართველი ემოგრანტების ქორწილებში სულ ჩემი გამომცხვარი ტორტებია (იცინის). ვცდილობ, მთელი ჩემი ემოცია, ენერგეტიკა, ხასიათი და განწყობა ჩავდო იმ ტორტსა თუ კერძში, რასაც ვამზადებ. ალბათ, ამიტომ გამომდის კარგი. ცუდ ხასიათზე თუ ვარ, არაფერს ვამზადებ, არ გამომდის. ვინც ჩემს ნახელავს აგემოვნებს, სახეზე ვუყურებ, როგორი რეაქცია აქვს და კითხვებით ვჭამ –მოგეწონა? როგორია? გემრიელია? (იცინის). მიყვარს, რომ მაქებენ (იცინის). ამ პროექტის მოგების შემდეგ კი, ზუსტად ვიცი, უკეთეს სამსახურს ვიშოვი და ოცნებებსაც ავიხდენ. ზოგადად, იღბლიანი ვარ და ოცნებები მისრულდება. ამ პროექტმა კი უპირველესად, ცხოვრების სტიმული მომცა და თავდაჯერებულება,  ცნობადობა შემმატა. ტელევიზიით გაკეთდა გადაცემები და ყველგან ითქვა, რომ მე ქართველი ვარ. ჩემმა მეგობარმა ბერძნებმა არ იცოდნენ, რომ კულინარიული ნიჭი მქონდა და სატელევიზიო შოუდან გაიგეს. ტელეფონი არ გაჩერებულა. მირეკავდნენ, მილოცავდნენ წარმატებას.
скачать dle 11.3