კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როდის იწყება მშობელსა და შვილს შორის უთანხმოება და რა მიდგომებია საჭირო გარდატეხის ასაკში

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

მოზარდობა, ეს სერიოზული ცვლილებების პერიოდია, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვის შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა, არსებობს ამ ეტაპის ზოგადი მახასიათებლები. მოზარდი ბავშვი აღარ არის. თუმცა, ჯერ არც ზრდასრულია, ახასიათებს სიჯიუტე, კრიტიკის მიუღებლობა, იცვლება ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან ურთიერთობის ფორმა. მნიშვნელოვანი ხდება თანატოლთა წრე. უჩნდება დამოუკიდებლობის განცდა. იწყება სქესობრივი მომწიფება. როდის იწყება მშობელსა და შვილს შორის უთანხმოება და როგორ დავეხმაროთ მოზარდს გარდატეხის ასაკისგან გამოწვეული პრობლების გადალახვაში, გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოთერაპევტი თათია გურგენიძე: მოზარდი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება გარემოდან მომავალი შეფასებებისადმი. აქვს მძაფრი რეაქცია, როდესაც გარშემო მყოფები მის თავმოყვარეობას ლახავენ, დასცინიან. უფრო მეტად მგრძნობიარეები, ნაკლებად მდგრადები არიან გარემოდან მომავალი უარყოფითი შეფასებებისადმი, ვიდრე ზრდასრულები. მათთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ურთიერთსაწინააღმდეგო ქცევები, ემოციები. მაგალითად, ზოგჯერ ძალიან მგრძნობიარეა, ზოგჯერ კი პირიქით, ავლენს უკიდურეს გულგრილობას. არის ხან მორიდებული, ხან კი პირიქით, თამამი. მოითხოვს სხვებისგან დამოუკიდებლობას და ასევე, სურს, მათგან მიიღოს აღიარება, ყურადღება და მზრუნველობა. მაღალი თვითშეფასება შეიძლება, შეიცვალოს საკუთარ თავში დაურწმუნებლობით; ურთიერთობის მოთხოვნილება შეიცვალოს იზოლაციის სურვილით. სინაზე – უხეშობით. უჩნდება საინტერესო თემის შესახებ ინფორმაციის მიღების სურვილი და ამასთან, უჭირს მიღებული ინფორმაციისა და ინტერესების ორგანიზება. მოზარდებს ახასიათებთ ეგოცენტრიზმი, მძაფრად განიცდიან იმას, რომ სხვები გაიგებენ მათი ნაკლოვანებების შესახებ. მიაჩნიათ, რომ მათი პიროვნება და ქცევა ისეთივე საინტერესოა სხვებისთვის, როგორც მათთვის. ჰყავთ, ასე ვთქვათ, წარმოსახვითი აუდიტორია. მათი აზრით, სხვები მუდმივად აკვირდებიან და აფასებენ. ზოგჯერ ეს შეიძლება, სიმორცხვის მიზეზიც გახდეს, რადგან მოზარდს უჭირს გაუმკლავდეს იმ ფაქტს, რომ მუდმივად სხვის თვალწინაა და სხვისგან ელის შეფასებას.
– მოზარდებისთვის ხშირად უფრო მნიშვნელოვანი ხდება თუ არა, თანატოლების აზრი, ვიდრე მშობლის?
– მოზარდისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მიეკუთვნებოდეს თანატოლთა რომელიმე ჯგუფს. კონკრეტულ შემთხვევაში, მისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი შეიძლება, გახდეს მათი აზრი, ვიდრე მშობლების. თვითონ ის ფაქტი, რომ მოზარდი ერთ, რომელიმე ჯგუფს მიეკუთვნება, მას თავდაჯერებულობას მატებს. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა ტიპის ჯგუფს აკუთვნებს მოზარდი თავს და რა ღირებულებებს სცნობენ მისი მეგობრები. მოზარდების აზრით, ისინი საკმარისად დამოუკიდებლები არიან და მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობლები, მასწავლებლები, უფროსები ექცეოდნენ, როგორც თანასწორსა და ზრდასრულს. ითხოვენ ბევრ უფლებას, თუმცა, ამასთან ერთად, შეიძლება, გაუჭირდეთ პასუხისმგებლობის აღება და შესრულება. დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ვლინდება იმაში, რომ ხშირად უარს ამბობენ დახმარებაზე, „თავად ვიცი, მე გავაკეთებ”.  
– რა შედეგს ვიღებთ მაშინ, როცა მშობელი ყველაფერში ამართლებს შვილს, ან პირიქით, აკრიტიკებს?
რასაკვირველია, მშობლებს უყვართ შვილები. საინტერესოა, როგორ შეიძლება, სწორი ფორმით გამოვხატოთ ეს. ზოგჯერ მშობელი ყველაფერში ამართლებს შვილს, მისი ყველა ქცევა მოსწონს, ზოგჯერ კი, პირიქით, აკრიტიკებს მუდმივად, შენიშვნებს აძლევს. მის გამოსწორებას ცდილობს და მიაჩნია, რომ შექებით სხვამ უნდა შეაქოს მისი შვილი და არა მან. რეალურად, ეს ორი უკიდურესობაა. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მშობელს უყვარს, პატივს სცემს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შექებაც უნდა მიიღოს და პირიქით, შენიშვნაც, სწორი ფორმით. ასე, ბავშვს ეცოდინება, რომ ის მისაღები, სასურველია მშობლისთვის და ასევე, ისწავლის სწორი და არასწორი ქცევის გარჩევას. „როგორი ზარმაცი ხარ, საკუთარ ოთახსაც არ ალაგებ” – ასეთი მიდგომით, შესაძლებელია, ბავშვი შევიყვანოთ ცუდის, ზარმაცის როლში და ის შესაბამისად, მოიქცევა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკა და შეფასება ბავშვს აიძულებს, დამალოს თავისი ნამდვილი ემოციები, უჩნდება შიში, რომ მას მაინც ვერ გაუგებენ.
–  რა შეცდომას უშვებენ მშობლები და როდის იწყება მოზარდსა და მშობელს შორის უთანხმოება?
– ზოგჯერ მშობელი ცდილობს, იყოს „იდეალური მშობელი” და სრულად აიღოს პასუხსიმგებლობა შვილის ბედნიერებასა და წარმატებაზე. სინამდვილეში, ბავშვი ჩვენგან დამოუკიდებელი პიროვნებაა, თავისი ხასიათით, ჩვევებით. შეუძლებელია და არც არის სასურველი, მისგან შევქმნათ ის, როგორც ჩვენ გვინდა და  წარმოგვიდგენია მისაღებად.  მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს დამოუკიდებლობა. ბრძანების გაცემა, დირექტივაა, მაგალითად: ბავშვი ემზადება სკოლაში წასავლელად და უნდა ახალი ფეხსაცმლის ჩაცმა. დედა ამბობს: „არ მაინტერესებს, რა გინდა, გაიხადე ახლავე”. ამით მშობელი ბავშვს ატყობინებს, რომ მისი სურვილები და გრძნობები არ არის მნიშვნელოვანი, არ იღებს მას ისეთად, როგორიც არის. ამით ბავშვი განაწყენდება, ბრაზდება და უჩნდება წინააღმდეგობის სურვილი. უმჯობესია, ასეთ შემთხვევებში, მოზარდს არჩევნის საშუალება მივცეთ და თავად გადაწყვიტოს, რა ჩაიცვას. თუ აუცილებელია, მშვიდი ტონით ავუხსნათ მიზეზი, რატომ არ შეიძლება, ჩაიცვას კონკრეტული ფეხსაცმელი. „შეგიძლია, ჩაიცვა ეგ ფეხსაცმელი, თუმცა, ცუდი ამინდია და შეიძლება, დაგისველდეს. შენ რას ფიქრობ?“ მუქარაა - „იცოდე, თუ არ ადგები კომპიუტერიდან, გადაგიგდებ და შენც ზედ მიგაყოლებ”. ასეთმა მიდგომამ შეიძლება, ბავშვში შიში და დათრგუნვა გამოიწვიოს, ან პირიქით, აგრესია და წინააღმდეგობის სურვილი. ზოგჯერ ბავშვი ამბობს, რომ ვიღაცამ სცემა, დასცინა და ასე შემდეგ, მშობელმა შეიძლება, უთხრას: „არა უშავს, მოითმინე, დაგავიწყდება, კაცი არა ხარ, შენ თვითონ მოაგვარე...” ეს კომუნიკაციის ბლოკირებას იწვევს. ბავშვი ფიქრობს, რომ მისი არ ესმით, მისი სატკივარი გააუფერულეს. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, მხარი დავუჭიროთ. გავარკვიოთ, რა მოხდა, რას გრძნობს და მასთან ერთად ვისაუბროთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი პრობლემის მოსაგვარებლად.
– როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი მოზარდს ამ პერიოდის  გადალახვაში?
– უფრო პატარა ასაკიდანაც კი, მშობელი სასურველია, ესაუბრებოდეს ბავშვს, როგორც მეგობარს. უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ ემოციებს, მომხდარ ამბებს. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მშობელი მხოლოდ შენიშვნების მიმცემი არ არის და შეუძლია, მისი გაგება, სიტუაციის მეორე მხრიდანაც დანახვა. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდი დამოუკიდებლობას ითხოვს მშობლებისგან, რეალურად, მშობლების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეფექტურია, რომ მშობელი ბავშვს უყურებდეს როგორც თანასწორს, მეგობარს. კონფლიქტის გამომწვევია მომთხოვნი, მენტორული, პრეტენზიული საუბარი. ამით ბავშვი უფრო მეტად დაგვშორდება და დაკარგავს გულწრფელობის სურვილს. მშობლის ქცევას, ღირებეულებებს, დამოკიდებულებებს დიდი გავლენა აქვს ბავშვზე.
скачать dle 11.3