კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ იგვარებს საკუთარ პრობლემებს რუსეთი თურქეთის ხელით და რა საფრთხეს მოუტანს ეს საქართველოს, რომელიც ევროპას თურქული სახმელეთო გზით უკავშირდება

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

თურქეთმა, რომელიც აქამდე უცერემონიოდ ბომბავდა ერაყის ქურთებით დასახლებულ ტერიტორიას, აწ უკვე აშკარად მიიტანა იერიში სირიელ ქურთებზე. გასაგები მიზეზის გამო, აშშ, ფაქტობრივად, უკვე აღარ მალავს, რომ მხარს უჭერს ქურთების დამოუკიდებლობას (შეგახსენებთ, რომ ქურთები ცხოვრობენ ერაყში, სირიაში, ირანსა და თურქეთში. ამასთან, ერაყელმა ქურთებმა უკვე ჩაატარეს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომლის შედეგიც ჯერჯერობით არავის უცვნია, თუმცა ყველასთვისაა ცნობილი, რომ ჩვენი  სტრატეგიული პარტნიორი აშშ მათ არა მხოლოდ თანაუგრძნობს, არამედ ქურთები ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენადაც მიაჩნიათ ახლო აღმოსავლეთში). ამდენად, თურქეთის მოტივიც გასაგებია: ადრე თუ გვიან, ქურთების დამოუკიდებლობის იდეა თურქეთის საზღვრებსაც მიუკაკუნებს (მით უფრო, რომ ქურთული ექსტრემისტული დაჯგუფებები ისედაც უშრობს სისხლს ანკარას), რაც თურქეთის დაშლის დასაწყისია. მეორე მხრივ, თურქეთი კვლავაც „ნატოს“ წევრია, თუმცა ამ ეტაპზე „ნატოს“ უპირისპირდება და, მეტიც, „ნატოს“ მოწინააღმდეგეებთან, რუსეთთან და ირანთან, შეკრა ალიანსი. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი ჩვენი უშუალო მეზობელია და ერთ დროს „ნატოში“ ჩვენს გზამკვლევად მიიჩნეოდა, იმას გარდა, რომ სწორედ თურქეთზე გადის საქართველოდან ევროპისკენ მიმავალი სახმელეთო გზა, პროცესები, გვინდა თუ არა, მაინც შეგვეხება. ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ექსპერტ ვასილ პაპავასთან ერთად ვისაუბრებთ ახლო აღმოსავლეთიდან მომავალ ახალ საფრთხეზე.
– თურქეთმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ სირიაში ქურთების წინააღმდეგ თუ იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც წლებია, ატარებს ერაყელ ქურთებთან მიმართებაში, როდესაც ბომბავდა მათ პოზიციებს ერაყის ტერიტორიაზევე?
– სირიის კრიზისმა უკიდურესად გაამწვავა ქურთული საკითხი. მანამდე, ფაქტობრივად, დე-ფაქტო სახელმწიფო შექმნეს ერაყში. ერაყელ ქურთებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა ატრიბუტი აქვთ: დაწყებული არმიითა და სპეცსამსახურით და დამთავრებული დროშითა და ჰიმნით. მაგრამ თურქეთმა მოახერხა ერაყელ ქურთებთან, უხეშად რომ ვთქვათ, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ეკონომიკურად თანამშრომლობს. რამდენიმე მილიარდს აღწევს მათ შორის სავაჭრო ბრუნვა.
– ნავთობს ყიდულობს თურქეთი ერაყელი ქურთებისგან?
– არა მხოლოდ, ათობით თურქული ფირმაა ერაყის ქურთისტანში. ეს თავისთავად ერთგვარი ვალდებულებაა ერაყის ქურთისტანის მმართველებისთვის, რომ თავიანთ ტერიტორიაზე არ დაუშვან თურქეთის ქურთთა მუშათა პარტიის მოქმედება, რომ თურქეთს პრობლემა არ შეექმნას.
– თუმცა სახალიფოს არსებობის პირობებში თურქეთი ბომბავდა ქურთების პოზიციებს.
– რაც კონფლიქტი დაიწყო და ქურთები შეიარაღდნენ, რამდენიმე ინციდენტი მოხდა, მაგრამ საქმე ფართომასშტაბიან კამპანიამდე არ მისულა. თურქეთი შემოიფარგლებოდა განცხადებებით და საარტილერიო ცეცხლით თავისი ტერიტორიიდან; ახლა კი სამხედრო კამპანია დაიწყო, რომელშიც თურქეთის რეგულარული საჯარისო ნაწილები იღებენ მონაწილეობას და მათ ეხმარებიან პროთურქული შეირაღებული ფორმირებები, რომლებიც მოქმედებენ ჩრდილო სირიაში. პარადოქსია, რომ სწორედ თურქეთის მიერ წახალისებული „ბოევიკების“, რომლებიც ებრძოდნენ ასადის რეჟიმს, გააქტიურებამ აიძულა სირიელი ქურთები, ხელში აეღოთ იარაღი და რეგიონშიც გამოჩნდნენ მოთამაშეები, რომლებმაც ქურთებს მიაწოდეს იარაღი: აშშ და ისრაელი. თურქეთის ეს სამხედრო რეაქცია მოჰყვა აშშ-ის განცხადებას, რომ სირიის ქურთისტანში ჩამოაყალიბებენ სასაზღვრო ძალებს. თუმცა სირიელ ქურთებს უკვე ჰყავთ 50 000-იანი სახალხო თავდაცვითი რაზმები. სახალიფოს დედაქალაქი რაკა, ფაქტობრივად, სირიელმა ქურთებმა აიღეს აშშ-ის ავიაციის დახმარებით.
– თურქეთი აშკარად დაუპირისპირდა აშშ-ს, სადამდე შეიძლება, მივიდეს ეს დაპირისპირება?
– თურქეთის გენშტაბის უფროსმაც, პრეზიდენტმა ერდოღანმაც არაერთი მკვეთრი განცხადება გააკეთეს აშშ-ის მისამართით, რომ ისინი დგანან ტერორისტების და არა თავიანთი მოკავშირე თურქეთის გვერდით. თითქოს პენტაგონიდან იყო გზავნილი, რომ ქურთებს ჩამოართვეს მძიმე შეიარაღება, მაგრამ სამხედრო მრჩევლების გაყვანას არ აპირებდნენ, მაგრამ პოლიტიკაში ყველაფერი ხდება. შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ გარიგება სხვა საკითხზე შედგა. ისევე, როგორც რუსეთის შემთხვევაში: რუსეთმა თავისი ჯარები გაიყვანა აფრინიდან მას შემდეგ, რაც თურქუთის გენშტაბის უფროსი  და უშიშროების მინისტრი ეწვივნენ მოსკოვს. ამის შემდეგ თურქეთმა ნება დართო რუსეთს, განეხორციელებინა თურქული ნაკადის მეორე პროექტი, რომლის დაწყების ვადები წინასწარ არ იყო შეთანხმებული.
აქ სხვა დილემაა: მოგებული რჩება რუსეთი, რომელიც განაგრძობს სირიელ ქურთებთან კონტაქტს და არ იღებს მონაწილეობას სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში. მაგრამ თავისი საჯარისო ნაწილების გაყვანით, ფაქტობრივად, წაახალისა თურქეთი, რომელიც ებრძვის რა სირიელ ქურთებს, ამით ებრძვის აშშ-ის ინტერესებს. მეორე მხრივ, არ გამოვა ქურთების იმ ტერიტორიიდან აყრა და მთელი მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება. ბოლოს და ბოლოს, ყველამ რომ მიატოვოს კიდეც სირიელი ქურთები, ყველას აქვს სახლში შეიარაღება და, ამდენად, წინააღმდეგობას გააგრძელებენ. რუსეთი კი, სავარაუდოდ, შეეცდება, სირიელი ქურთები დაიყოლიოს მოლაპარაკებაზე დამასკოსთან და არა –  უშუალოდ მოსკოვთან.
– სქემა საკმაოდ ჩახლართულია: ასადი რუსეთის მოკავშირეა, ასადი მიუღებელია თურქეთისთვის, მაგრამ მისი პრობლემაა სირიელი ქურთები, ისევე, როგორც ასადის, ქურთებს მხარს უჭერს აშშ; თურქეთი, ფორმალურად, აშშ-ის მოკავშირე, უზავდება რუსეთს, რომელიც თურქეთის ხელით, ებრძვის აშშ-ის მეორე მოკავშირე ქურთებს და ასუსტებს აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში. საბოლოოდ, ძლიერდება ასადი, ეს არის თურქეთის ინტერესი?
– თურქეთიც დილემის წინაშეა, მას უწევს ნაკლები ბოროტების არჩევა. დღეს ასადის დამხობა წარმოუდგენელია, მის უკან დგანან რუსეთი და ირანი. ამდენად, თურქეთი ვერ დაუშვებდა სირიის ქურთისტანის ავტონომიის შექმნას, რაც ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ჯერი მიდგება თურქეთზე. თუმცა ირანშიც პრობლემაა ქურთები, ირანის ხელისუფლება არ ატარებდა მასშტაბურ რეპრესიულ პოლიტიკას ქურთების მიმართ. ირანმა შეძლო მათი განეიტრალება. მართალია, ათობით ქურთი სეპარატისტი ჩამოახრჩვეს, მაგრამ ირანის ხელისუფლებამ გაატარა სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები ირანელი ქურთებისა და აზერბაიჯანელების ინტეგრაციისთვის და დღეს ისინი არიან მაღალ თანამდებობებზე არმიაშიც და ხელისუფლებაშიც. ირანში არ აუწიოკებიათ ქურთული დასახლებები, ისე, როგორც მოხდა ერაყში, სადაც, ფაქტობრივად, გენოციდი მოუწყო სადამ ჰუსეინმა ქურთებს და ვიცით, რომ დღეს ერაყი დაშლილია სამ ნაწილად: შიიტურ, სუნიტურ და ქურთულ ანკლავებად. სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებით თურქეთი ცდილობს, აირიდოს ისეთივე უარყოფითი შედეგი, რაც მოჰყვა ჰუსეინის დამხობას და სირიის სამოქალაქო ომს.
– მაგრამ ირანმა დაგმო თურქეთის ქმედებები.
– დიახ, ირანმა დაგმო ოფიციალურად თურქეთის ქმედებები. ერთი მხრივ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ აი, ამ ვითომ ტრიუმვირატს, ირანი-თურქეთი-რუსეთი, განსხვავებული ხედვები აქვთ სირიის კონფლიქტისადმი. გამომდინარე იქიდან, რომ ირანი ბაშარ ასადის ხელისუფლებას იცავს, თურქეთი –  საპირისპიროს, ანუ რაღაც თვალსაზრისით, მისთვის ასატანია ასადი, მაგრამ ქურთების შეიარაღება მიუღებელია, თუმცა ირანი თურქეთისგან განსხვავებული მეთოდებით ებრძვის ქურთულ ნაციონალიზმს. თურქეთში ქურთების მნიშვნელოვანი აჯანყებები მოხდა გასული საუკუნის 30-იან წლებში, რომლებიც ათა თურქმა სისხლში ჩაახშო. ირანი კი, როგორც გითხარით, დიპლომატიურად იქცევა და სალაპარაკოს იტოვებს, ირანში არ არსებობს ქურთებთან დაპირისპირების იდეოლოგიურ-პოლიტიკური ფონი, თურქეთში არსებობს. ირანმა დაგმო თურექთის ქმედებები სწორედ იმიტომ, რომ ის დიპლომატიურად უდგება ამ საკითხის მოგვარებას.
 – ფაქტია, რომ ამ მომენტში აშშ-ის პოზიცია სუსტდება ახლო აღმოსავლეთში. ეს როგორ აისახება ჩვენზე, როცა ჩვენდამი არც თუ კეთილი ზრახვების მქონე სახელმწიფოების გარემოცვაში ვართ?
– აშშ-სა და ზოგადად, დასავლეთის პოზიციას რომ გადავხედოთ სახალიფოსა და თალიბების დამხობის შემდეგ, აშკარაა, მათ მიერ წარმოებული  სამხედრო კამპანიები აღმოჩნდა წამგებიანი. ამას აღიარებენ აშშ-ის მაღალჩინოსნებიც. საკმაოდ რთულია დღეს იმის გათვლა, რას ფიქრობდნენ პენტაგონში, როდესაც ამხობდნენ თალიბანსა და ჰუსეინის რეჟიმს. ამით მათ ხელ-ფეხი გაუხსნეს ირანს, გაეფართოებინა თავისი რეგიონული გავლენა, რაც თალიბებისა და ჰუსეინის რეჟიმების დროს წარმოუდგენელი იყო. დღეს ირანის შეკავება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. სახალიფოს დამარცხება არის ირანის დამსახურება. მათ გარეშე ეს პროცესი დროში გაჭიანურდებოდა. ზოგადად, სირიაშიც სახალიფოს განადგურება და ასადის ხელისუფლების გადარჩენა არის რუსეთისა და ირანის დამსახურება. რუსეთი ცდილობს, შეკვეცოს სირიაში  თურქეთისა და ირანის ინტერესები და თვითონ გახდეს დომინანტი, რაც არ არის გასაკვირი, მაგრამ ისინი თანხმდებიან საერთო საკითხებში.
– რა ტიპის წარმატებას შეიძლება, მიაღწიოს თურქეთმა?
– ერდოღანი ამბობს, რომ ერაყის საზღვრებამდე განაგრძობს სამხედრო ოპერაციას. ეს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და რთული სათქმელია ახლა, თუ რაში შეიძლება, გადაიზარდოს. შესაძლოა, ეს იყოს ხაფანგი თურქებისთვის: რეგიონში არიან თურქეთის მოწინააღმდეგე ძალებიც, რომლებიც შეეცდებიან, თურქების დასუსტებას ქურთების ხელით. მაგრამ თურქეთს სხვა გზა არ აქვს: ის ჩიხშია, მას მოუწევს რეაგირება და იმ სამხედრო რესურსით, რაც აქვს, თამაშგარე ვერ დარჩებოდა, იმიტომ რომ მასაც აქვს რეგიონში ინტერესები.
–  ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, თუ როგორ იმოქმედებს ეს პროცესები ჩვენზე, თუ აშშ-ის გავლენა დასუსტდა რეგიონში და რუსეთის, ირანისა და თურქეთის გავლენა გაძლიერდა ახლო აღმოსავლეთში?
– რთულია ჩვენს როლზე საუბარი, როდესაც ასეთი გიგანტები ჭიდაობენ რეგიონში.
– საფრთხეებზე ვისაუბროთ.
– საფრთხეები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დინამიკით განვითარდება თურქულ-ქურთული დაპირისპირება. თუ თურქეთის ტერიტორიაზე გადმოვა და ეს სავსებით შესაძლებელია, ვინაიდან ქურთთა მუშათა პარტია ათობით წელია, ჩაბმულია თურქული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რთული სათქმელია, შეძლებს თუ არა თურქეთი ქურთების განიარაღებას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დასავლეთი და იგივე აშშ ხელს აიღებენ ქურთების მხარდაჭერაზე. შესაძლოა, სხვა მოთამაშეებიც გამოჩნდნენ რეგიონში, რომლებიც მხარს დაუჭერენ სირიელ ქურთებს. მაგრამ ქურთების მიტოვება დაარტყამს დასავლეთის ინტერესებს, რადგან სირიელი ქურთების მიტოვება, რომლებმაც ლომის წილი გაიღეს სახალიფოს განადგურებაში, სხვა მოთამაშეებისთვის იქნება გზავნილი, შეიძლება, თუ არა აშშ იყოს დამცველი ფაქტორი კონფლიქტის შემთხვევაში. თუ კონფლიქტი გაგრძელდა, ეს შეიძლება, აისახოს კავკასიაზეც. გავითვალიწინოთ, რომ თურქეთის მეშვეობით ვუკავშირდებით დასავლეთს და ის ჩვენი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. ამდენად, თურქეთის დესტაბილიზაცია ჩვენთვის ერთგვარი კატასტროფაა, იმიტომ რომ, ჩვენ არ ვართ თვითკმარი სახელმწიფო. არაერთხელ მითქვამს: რა გახდა სამმილიონიანი ქვეყნის დაპურება, რომ პროდუქტის ნახევარწლიანი მარაგი გვქონდეს?! არადა არ დაწყნარდება ვითარება ახლო აღმოსავლეთში, სანამ რამე კონფიგურაცია არ დალაგდება. არ ვიცით, ვინ დარჩება გამარჯვებული, მაგრამ ხომ ვხედავთ, რომ რუსეთი ძლიერდება?! და ჩვენ რას ვაკეთებთ ასეთ დროს?! ნარკოლიბერალიზაციისთვის ვიბრძვით. და აქ რომ მოგვადგება რუსული ჯარი, ნარკომომხმარებლები გვიშველიან?!
– როგორ აისახება ჩვენზე დასავლეთ-თურქეთის პოლიტიკური დაპირისპირება?
– თურქეთის „ნატოდან“ გაგიცხვა გადაჭარბებულია, იმიტომ რომ, ახლა დასავლეთს უფრო სჭირდება თურქეთი, ვიდრე თურქეთს დასავლეთი. თუმცა ვხედავთ, რომ თურქეთის ვექტორი იხრება ახლო აღმოსავლეთისკენ.  შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რეგიონში ყალიბდება ერთგვარი ტრიუმვირატი: თურქეთ-ირან-რუსეთის. რაღაც საკითხებში აშკარად თანამშრომლობენ და ეს თვალში საცემია. ჩვენთვის არ არის ხელსაყრელი თურქეთის ვექტორის მნიშვნელოვნად შეცვლა. თურქეთი დიდი სახელმწიფოა და აქვს რესურსი, თავისი სიტყვა თქვას ახლო აღმოსავლეთში, რომლითაც დაინტერესებულია და ბოლოს და ბოლოს, ოსმალეთის იმპერია ჯერ კიდევ ასი წლის წინათ არსებობდა. ჩვენთვის არ არის ხელსაყრელი დესტაბილიზაცია თურქეთში, მაგრამ მარტო სიტყვის იმედად არ უნდა ვიყოთ. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და ვეძებოთ ურთიერთობების სხვა არხები, რომ არ დავრჩეთ იზოლაციაში და ჩრდილოელი მეზობლის საჯიჯგნად.
скачать dle 11.3