კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ ჰქონდა მიშიკო რამიშვილს სამჯერ კლინიკური სიკვდილი და რა სიგიჟეები ჩაუდენია მას ქალის გამო

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ციანიდის გახმაურებული საქმის ადვოკატი – მიშიკო რამიშვილი, გამომდინარე იქიდან, რომ სამართლიანობით გამოირჩევა, მუსიკოსის, მევიოლინის პროფესიიდან ადვოკატის პროფესიაზე გადავიდა და ხშირად ეხვევა შარში. ამის გამოც არაერთხელ ყოფილა მომაკვდავის სარეცელზე და სამჯერ გაიარა კლინიკური სიკვდილი... რა იხილა მან კლინიკური სიკვდილის დროს, როგორ იხსენებს მამასთან ურთიერთობას და როდის მიჰქონდა მასთან შორენა თეთრუაშვილს საჩუქრები, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მიშიკო რამიშვილი:
სამი ძმა ვართ. მამამ გიტარაზე დაკვრის სწავლება სამი წლის ასაკში დამაწყებინა. გიტარაზე რომ უკრავ, ზედ ხელის მტევანს დებ და აღარ გეღლება. ამის გამო, მამამ ზედ ხე გაუკეთა, რომელშიც ნემსები იყო. ხელს აღარ ვდებდი და სწორად დაკვრას მივეჩვიე. იმდენად მკაცრი არ იყო, რამდენადაც – მომთხოვნი. მთლიანად ორიენტირებული იყო, რომ ჩვენ მუსიკალური განათლება მიგვეღო. იმავდროულად, გვიხსნიდა: რა არის ურთიერთობები, რას უნდა სცემდე პატივს. ზღაპარს თუ მოყვებოდა, ამ ზღაპარს რეალური ცხოვრების ამბებს აყოლებდა. ოთარი ჩემთვის იყო არა მარტო მამა, არამედ საუკეთესო მეგობარი, ბრძენი და გონიერი ადამიანი. ხალხს ჰგონია, რომ ოთარი მოქეიფე, მსმელი ტიპი იყო. ბევრჯერ მინახავს, მამაჩემს ქეიფის დროს წვეთი არ დაულევია და ამ დროს ისეთ გარემოს ქმნიდა, რომ კარგი განწყობა ყოფილიყო ირგვლივ.
–  ბიჭი რომ გიტარაზე უკრავდა და თან, მღეროდა, მაშინ ძალიან მოდური იყო. ალბათ, ბევრ გოგოს ხიბლავდით...
– მამაკაცებს სჩვევიათ ასეთი რაღაცის თქმა – ქალს თავი შევაყვარეო. ყოველთვის მიმაჩნია, რომ მამაკაცს არ შეუძლია ქალის გული მოიგოს, თუ თავად მან არ შეგიყვარა. ყოფილა ასეთი რამ, რომ სიყვარული ამიხსნია არა ლაპარაკით, არამედ მივსულვარ და ფანჯარასთან მიმღერია. მისთვის ლექსები გამიგზავნია და მიმიწერია, რომ  მე ეს ვარ და სიყვარულს ამით გიხსნი-მეთქი. სულ შეყვარებული ვარ, უამრავი სიგიჟე ჩამიდენია ქალის გამო. ყოფილა შემთხვევა, ისე მიდიოდა გოგო დასასვენებლად, არავინ არ იცოდა სად. მე გავიგებდი, ჩავიდოდი და იქ ვხვდებოდი.  ვინც მიყვარდა, უპირველესად, ოჯახს ვაცნობდი და მამა მეუბნებოდა: აბა, შენ იცი, შვილოო. შედარება და შეფასება რომ გავაკეთო, ვიტყოდი, ისინი, ვინც კი მყვარებია, დღესაც მიყვარს და ეს არ იყო ჩემთვის უბრალო გართობა. დღესაც შეყვარებული ვარ ჩემს მეუღლეზე. გაცნობიდან ორ კვირაში მოვიყვანე ცოლად  და მივყვებით ასე, უკვე 22 წელია. დღესაც არ უარვყოფ, რომ ბევრი მანდილოსანი და საერთოდ, ადამიანი მიყვარს.
– ქუჩის პერიოდი იყო თქვენს ცხოვრებაში?
– მამაჩემს ძალიან კარგი ლექსი აქვს, რომელსაც ჩემი ცხოვრების წესად ვიყენებ: „ყველა თავის საფიქრალით მიუყვება ნაცნობ ქუჩებს, ეს ქუჩაა ჩვენი ბედი, ზოგს კაცს ხდის და ზოგს აფუჭებს.” ქუჩის აკადემია იცი, როგორი რაღაცაა, ყველაფერი მოდის ოჯახიდან. როგორ ოჯახშიც ცხოვრობ, ისეთია ქუჩა, სკოლა, უნივერსიტეტი. რასაც სწავლობ სახლში, იმ სწავლებას გასცემ ქუჩაშიც. როგორც ამბობენ, ცოტა უცნაური ბავშვი ვიყავი. მე არ მიმაჩნია ეს უცნაურობად. რომ დავინახავდი, ქუჩაში ვიღაცა ვიღაცას ურტყამდა, მივიდოდი და დაჩაგრულს ვიცავდი.  მეც მიჩხუბია, არ ვმალავ, მაგრამ უსამართლოდ არა, პირიქით, ყოველთვის ვიცავდი დაჩაგრულს.
– ამ თვისებამ განაპირობა თქვენი პროფესიაც?
– დიახ, ამ თვისებამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი და კონსერვატორია მაქვს დამთავრებული. თუმცა, სულ არ ვფიქრობ, რომ შეუსაბამო პროფესიაა ადვოკატობასთან. ადვოკატის პროფესიაც შემოქმედებითია რაღაც თვალსაზრისით. ის, რაც ადამიანის ბედთანაა დაკავშირებული, ისე უნდა გადმოსცე, მოსამართლე დაარწმუნო, რომ ეს კაცი უდანაშაულოა. ამას ასე, სწორხაზოვნად ვერ გააკეთებ – ინტონაციური მეტყველება, ჟესტიკულაციაა საჭირო. უნდა დაარწმუნო მოსამართლე. რაც უნდა დაამტკიცო, ის ემოციურად უნდა გამოხატო – ესეც შემოქმედებაა. თუმცა, მუსიკას არასდროს დავშორებივარ. როდესაც გადავიღლები, ოფისში გიტარა მაქვს და ჩემთვის ვუკრავ. სიმღერებს, ლექსებსაც ვწერდი. ეს გენეტიკურად, ოჯახს მოჰყვება.
– თქვენი სამართლიანი ხასიათიდან გამომდინარე, ხშირად არ ეხვეოდით ხიფათსა და შარში?
– შარიანს მეძახიან, მაგრამ შარს არ ვეძებ, შარი მეძებს მე. ალბათ, იმიტომ რომ, უპასუხოდ არაფერს ვტოვებ. ბევრი ტრავმა მაქვს ცხოვრებაში გადატანილი. ბევრჯერ ვიყავი მომაკვდავი სარეცელზე. 90-იან წლებში სერიოზულად დაჭრილი მოსკოვში გადამაფრინეს. რომ დავბრუნდი, მერე კიდევ შემემთხვა რაღაც. ხშირად მიწევდა საავადმყოფოში დაწოლა. თირკმლის ინფარქტიც მივიღე და ამომაჭრეს. თავის ტრავმაც მაქვს და ტრეპანაცია დამჭირდა სამჯერ.  სამჯერ გავიარე კლინიკური სიკვდილი. პირველად, მაშინ, როდესაც მუცლის არეში და თავში ვიყავი დაჭრილი. მოსკოვში რომ გადამაფრინეს, წესით, მე არ უნდა მცოდნოდა, რადგან აპარატზე ვიყავი შეერთებული. მე კი ვიცოდი, ვუყურებდი, ჩემი ტრანსპორტირება როგორ ხორციელდებოდა. ეს ყველაფერი  რომ მოვყევი, შოკირებულები იყვნენ. დედაჩემს ვეუბნებოდი, ნუ ტირი, მე გხედავ-მეთქი. ვხედავდი თეთრწვერიან ადამიანს, რომლის გამოცხადება შემდეგაც ბევრჯერ მქონია. მეუბნებოდა, ისინი ვერ გხედავენ, მიყევი და ყოველთვის გვერდით გეყოლებიო.
– გახსოვთ, რა ნახეთ კლინიკური სიკვდილის დროს?
– ძალიან კარგად მახსოვს. დღემდე დამრჩა ის შეგრძნება: ნეტავ, რატომ დავბრუნდი-მეთქი. მთაზე ვიდექი, დაბლა იყო შავი უფსკრული, სიბნელე და მთის მეორე მხარეს კი – პატარა ჩარჩო, რომლის იქით სინათლე ჩანდა. გადავხტი და ამ ჩარჩოში რომ ვერ ვეტეოდი, ვგრძნობდი, უფსკრულისკენ მივდიოდი სადღაც. იქ შეველეწე და დამხვდა თეთრწვერა კაცი, რომელიც ხელს მიქნევდა. იქ ისეთი სილამაზე და ფერები იყო, ვერც აღვწერ და ვერც გადმოგცემთ.  იქიდან ვუყურებდი საკუთარ თავს. ისეთი ადამიანები ვნახე, რომლებიც ცოცხლები არ იყვნენ. კონტაქტი გვქონდა, ოღონდ არა სიტყვიერი და ფიზიკური. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა იყო ეს. თითქოს დავფრინავდი, მე მაგდაგვარი სიამოვნება არ განმიცდია. სამჯერ მქონდა კლინიკური სიკვდილი და სამჯერ ერთი და იგივე ვნახე. სულ რაღაცის განგრევა მიწევს და ბარიერის გადალახვა. მერე მოსკოვიდან რომ ჩამოვედი, პატრიარქთან მქონდა შეხვედრა. ჩემი გადარჩენისთვის გაძლიერებული ლოცვები ტარდებოდა საპატრიარქოში.
– პატრიარქმა რა გითხრათ?
– პატრიარქს ვკითხე, რატომ დავბრუნდი-მეთქი? მან კი მითხრა: საჭირო იყო და იმიტომ დაბრუნდი, შენ კიდევ ბევრ რამეს ნახავ ცხოვრებაშიო. იმ პერიოდში წელიწადში ორჯერ ძალიან ინტენსიური ურთიერთობები გვქონდა. ეს არის 24 ოქტომბერი – მამაჩემის დაბადების დღე და 11 აპრილი – ჩემი დაბადების დღე. პატრიარქი გვიგზავნიდა საჩუქრებს –  ტორტს, სანთლებსა და წიგნს და რაოდენ სასწაულიც უნდა იყოს, ეს საჩუქრები მოჰქონდა შორენა თეთრუაშვილს ჩემთან სახლში... მანამდე ყველას ვიცნობდი და ყველა მიცნობდა, მაგრამ ჩემთვის ერთი პრინციპი არსებობს: როდესაც არის უსამართლობა, საკუთარ ძმასაც არ ვაპატიებ.
– რას იტყვით იმაზე, რომ მეუფე იაკობმა სანდრო გირგვლიანის საქმეში, ახალაიების აგენტობაში დაგდოთ ბრალი?
– მეუფე იაკობი – ამხელა სასულიერო პირი გამოდის და ამბობს: ხომ არ ავიწყდება რამიშვილს, რომ გირგვლიანის საქმეში ახალაიების აგენტი იყოო. რაც არ ყოფილა, ის როგორ უნდა მახსოვდეს. მერე რა, რომ სასულიერო პირია, რაც მაგან იკადრა ჩემი მისამართით: თურმე ახალაიების აგენტი ვყოფილვარ გირგვლიანის საქმეში, ამის მერე ის პატივისცემას კი არა, უპატივცემულობას იმსახურებს ჩემი მხრიდან. არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერი პირი იქნება, პედაგოგი თუ პროფესორი, ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი, საკუთარი სიტყვის ფასი. სამწუხაროდ, მოუწევს პასუხი აგოს თავის სიტყვებზე. ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, სასულიერო პირს პასუხს სთხოვდეს საერო პირი, მაგრამ ამ პრეცედენტსაც დავუშვებ. სასულიერო პირმა უნდა იცოდეს, რომ თვითონაც ჩვეულებრივი ადამიანია და სამსჯავროზე ყველა ერთ რიგში ვიდგებით – იქ მოგვიწევს პასუხის გაცემა.
скачать dle 11.3