კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2018 (98)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)

№5 როგორ ამოგზაურებდა ოთო აბესაძე დეა აფციაურს საოცრებათა სამყაროში და რატომ დაქორწინდნენ ისინი ციხეში

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

თბილისის მერიის მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს... მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო, ის გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. დაცვის მხარემ სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა, სადაც მისი ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზეა ლაპარაკი. პატიმრობის პერიოდში ის არაერთხელ გადაიყვანეს საავადმყოფოში გულის შეტევით. ოთო ციხეში დაქორწინდა დეა აფციაურზე, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია.
დეა აფციაური
: სამედიცინო დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ, ერთს გეტყვით, რომ ოთოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ძალიან მნიშვნელოვან ჩარევებს საჭიროებს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ხანგრძლივი სამკურნალო და სარეაბილიტაციო პერიოდი გველის წინ. ძალიან დიდი გეგმები გვქონდა 2017 წლის 11 ივლისამდე. რა თქმა უნდა, ვგეგმავდით დაოჯახებას, კარიერაში წინსვლას. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარია ოთოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. აქვე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და  ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ოთოს ადვოკატებს: ქალბატონებს – ირმა ჭკადუას, ლილი გელაშვილსა და ნონა ფილაურს. იმ 10 000 ადამიანს, რომლებმაც პეტიციას მოაწერეს ხელი. მინდა, ასევე, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და დავუდასტურო ჩემი უდიდესი პატივისცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, რომლებმაც ოთოს თავდებში ჩადგომის მზაობა გამოთქვეს. ოთოს სტუდენტებს, რომლებმაც ენით აუწერელი მხარდაჭერა გამოიჩინეს მათი ლექტორისადმი.  მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს აღნიშნული მდგომარეობა და მზად იყვნენ, თავდებში ჩადგომოდნენ ოთოს, რაც ხელმოწერებით დაადასტურეს. მინდა, აბსოლუტურად ყველას გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. უბრალოდ, ერთს გეტყვით, თქვენ ძალიან კარგ ადამიანს დაუდექით გვერდში.
– თქვენს შესახებ გვიამბეთ...
– ამ ეტაპზე რამდენიმე კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ვარ. ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურის მიმართულებით. მინდა გავყვე მეუღლის კვალს, ვიმუშაო სამეცნიერო ხარისხზე და მეც განვიცადო ის ძალიან მაგარი ადრენალინი, რასაც ლექციის ჩატარება ჰქვია და რაზეც ასეთი აღფრთოვანებით ლაპარაკობს ოთო.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?  
–  როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ერთმანეთის მეგობრები ვიყავით „ფეისბუქზე”. საერთო მეგობრებიც გვყავდა. ერთ ძალიან მაგარ დღეს, 2016 წლის 9 ივლისს, ერთმანეთს „ჯინო ფერედაისში“ შევხვდით.  მე მეგობრებთან ერთად ვიყავი და ოთო, შვილთან ერთად. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ და იქიდან დაიწყო „საოცრებათა სამყაროში მოგზაურობა.“ როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით, მაჩუქა თავისი წიგნი – „ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის სტატისტიკური ანალიზი“ და ბევრი ლაპარაკის შემდეგ, ბოლოს მკითხა: „მზად ხარ, იმოგზაურო საოცრებათა სამყაროში?“ ამ დღის შემდეგ, პრაქტიკულად, ყოველდღე 24 სათიდან 25 საათი ერთად ვიყავით.
ერთად შევქმენით ეს ჩვენი საოცრებათა სამყარო. ჩვენი ინტერესები 99 პროცენტით ემთხვევა, ამიტომ ძალიან მარტივად გავუგეთ  ერთმანეთს.
– როგორი იყო თქვენი „საოცრებათა სამყარო“?
– ორივეს გვიყვარს მოგზაურობა და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ვათვალიერებდით საქართველოს ძალიან ლამაზ მხარეებსა და ადგილებს. მომწონს მისი სპონტანურობა. დილას, უბრალოდ, ყავის დასალევად რომ დავაპირებდით წასვლას, შუა დღეს ხან ყაზბეგში აღმოვჩნდებოდით, ხან – სიღნაღში. გზაზე გვირილების გვირგვინებს მიწნიდა. მეგობრები ხუმრობით მირჩევდნენ, ზურგჩანთით ტანსაცმელი მეტარებინა, რადგან არავინ იცოდა, რომელ გეოგრაფიულ კლიმატურ სარტყელში აღმოვჩნდებოდით იმ დღეს.
– როგორც ჩანს, ძალიან რომანტიკული სიყვარული გაქვთ?
– როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ ვგავართ ერთმანეთს ხასიათით.  ამ მხრივ ოთომ,  თითქოს ყოველთვის ზუსტად იცოდა, იმ კონკრეტულ მომენტში, რა გამახარებდა და ასეც იყო მთელი ჩვენი შეყვარებულობის პერიოდში... შემაყვარა ფეხბურთი, „მანჩესტერ იუნაიტედი”. ახლა უკვე ვიცი, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ფეხბურთელები ლუკაკუ და პოგბა არიან.  ყველაზე ძალიან მისი ვარდების ბაღი მომწონს საგურამოში, სადაც თავისი მოშენებული ვარდების ფერად თაიგულს დამიკრეფდა, გაზეთში ლამაზად  გამიხვევდა და სამსახურში მომიტანდა ხოლმე.  მახსოვს, ერთ საღამოს, საკმაოდ გვიან, უბრალოდ ვახსენე, რომ ძალიან მიყვარს ფიჭა. ზუსტად 15 წუთში, არ ვიცი საიდან, მომიტანა თაფლი ბევრი ფიჭით. ამისრულა ბავშვობის ოცნება და მომიყვანა ლეკვი – ჯეკ-რასელ ტერიერი. ასეთი ძალიან ბევრი შემიძლია, გავიხსენო. ასე რომ, ჩვეულებრივი დღეები ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში თითქმის არ ყოფილა. ყოველდღე რაღაც ახალი, საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ეს უფრო რომანტიკული ნაწილია, მაგრამ ოთომ განსაკუთრებით იმით შემაყვარა თავი, რომ ძალიან ღირსეული, მართალი და კეთილი ადამიანია. ამას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მხოლოდ ჩემთან მიმართებაში.
– როგორ გაიგეთ ოთოს დაკავების ამბავი?
– ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი გავიარე. არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი. იმ საღამოს, როცა ეს ამბავი გავიგე, ოთოს ველოდებოდი, ჩემთვის უნდა მოეკითხა...
– როგორ ცხოვრობდით ოთოს გარეშე?
– ყველაზე მეტად, ალბათ, პატიმრის ცოლები გამიგებენ, ვისაც ეს საკუთარ თავზე გამოუცდია. ეს არის მოლოდინი, აბსოლუტური მხარდაჭერა და იმ ადამიანის ცხოვრების გათავისება, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვარს. ოთოს დაკავებიდან 6 თვის განმავლობაში, როგორც შეგვეძლო, მაქსიმალურად ბევრს ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. თვეში ერთხელ პაემანზე ვნახულობდით ერთმანეთს და ასევე, პროცესებზე. წერილებსა და ჩანახატებს სულ ვუგზავნიდით ერთმანეთს. შენახული გვაქვს ეს წერილები და  რა თქმა უნდა, ვთქვით, როცა ერთმანეთს გავაბრაზებთ, ამ წერილებს წავიკითხავთ ხოლმეო.
– რატომ გადაწყვიტეთ ციხეში დაქორწინება?
– ოთო პირველ სექტემბერს, ჩემს დაბადების დღეს აპირებდა ჩემთვის ხელის თხოვნას, ადგილიც შერჩეული ჰქონდა. გაფრთხილებული ჰყავდა ჩემი მეგობრები და  განსაკუთრებულად აპირებდა ამის გაკეთებას. მაგრამ, საბოლოოდ, გამოვიდა ისე, რომ პირველ სასამართლო სხდომაზე მის ადვოკატს, ქალბატონ ირმა ჭკადუას დაუწერა ფურცელზე:  „დეა, მე შენ მიყვარხარ. გამომყვები ცოლად?“ და 2017 წლის 17 აგვისტოს მოვაწერეთ ხელი. ზუსტად იმ დღის, წლის თავზე, როცა 2016 წლის 17 აგვისტოს, ყაზბეგში, „რუმსში“ ხელი ჩამკიდა და მითხრა, რომ არასდროს გამიშვებდა. ციხიდანაც გამომიგზავნა ეს ჩანახატი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვამაყობ ჩემი მეუღლით. არ ვაპირებ არანაირ იურიდიულ დეტალებში შესვლას, გამოძიებას. რა და როგორ იყო, ამას სასამართლო დაადგენს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მან ბოდიში მოუხადა ოჯახს და საზოგადოებას, შექმნილი გაუგებრობის გამო. გულწრფელად განიცდის ამ მდგომარეობას და  ნანობს. ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის.  
скачать dle 11.3