კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (107)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№5 რატომ იყო ფიქრია მამფორიასთვის გათხოვება ტაბუდადებული და ვინ არის მისი მომავალი მეუღლე, რომელმაც გათხოვების გადაწყვეტილება მიაღებინა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 მომღერალი ფიქრია მამფორია საზოგადოებამ გაიცნო სიმღერით – „მაფშალია“,  კლიპის გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა, ფიქრიას მანამდეც საკმაოდ წარმატებული მუსიკალური კარიერა ჰქონდა და დღესაც აგრძელებს ახალი სიმღერების ჩაწერას. მომღერლის პირად ცხოვრებაში ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება: ის საყვარელ ადამიანზე, დავით ქობალიაზე  თხოვდება.
ფიქრია მამფორია:
მამის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე, მოსკოვში წავსულიყავი სასწვლებლად და საცხოვრებლად. ძალიან მჭირდებოდა გარემოს შეცვლა. ნელ-ნელა ავეწყვე, ვმუშაობდი.
– პირად საუბარში მითხარი, გათხოვება ჩემთვის ტაბუდადებული თემა იყოო.
– ცოტა უნდობლობა მქონდა სხვების მიმართ. ვერ წარმომედგინა, ვიღაცასთან როგორ უნდა გამეტარებინა მთელი ცხოვრება. მაგრამ ეს შესაძლებელი ყოფილა. ისე შემიყვარდა, ვერც კი გავაცნობიერე.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ადრე ვიცნობდი, ანუ ვიცოდი, – ეს ბიჭი დავითია, ამ და ამ ოჯახის შვილი და მეტი არაფერი. დავითის მამა სოხუმიდანაა. მამაჩემთან ურთიერთობა ჰქონდა მის ოჯახს. მოსკოვში ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ. თავიდან, მამა რომ დაიღუპა, ყურადღების, პატივისცემის ნიშნად, მწერდა ხოლმე. ერთხელ მომწერა: რაღაც სევდიანი თვალები გაქვსო. ფოტოზე თვალებს ვინ აკვირდება? – არავინ. ამან ჩემზე იმოქმედა. შემდეგ მომწერა: მოსკოვში რომ ჩამოხვალ, შემეხმიანეო. შევეხმიანე და ზედიზედ ორჯერ ისე მოგვიწია შეხვედრა, არც დავფიქრებულვარ. ასე განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, ვმეგობრობდით, თუმცა, თან ვაცნობიერებდი, რომ ეს უკვე აღარ იყო მეგობრობა. თვითონაც ძალიან ფრთხილად, თავაზიანად მექცეოდა, საოცარ სიურპრიზებს მიწყობდა.
–  რას აკეთებდა?
– ეიჩარის კურსებს გავდივარ მოსკოვში და პლუს, ვმუშაობ. ხან ყვავილები გამომიგზავნა სამსახურში, ხან, თუ ვერ მომისწრებდა, სამსახურიდან რომ გამოვიდოდი, მეუბნებოდა: მეტროდან რომ ამოხვალ, იცოდე, მანქანა, ტაქსი გელოდებაო. იმხელა ყურადღებას, მზრუნველობას იჩენდა, ცოტა მიკვირდა: ნუთუ არსებობს ისეთი ადამიანი, მეორის სული რომ აინტერესებს და ფიქრობს: როგორ არის ის, რას აკეთებს-მეთქი. მარტო არასდროს მიგრძნია მოსკოვში თავი, რადგან მუდმივად ჩემ გვერდით იყო. დავითმა მთელი ჩემი ცხოვრება შეავსო, შემოაბრუნა. გარდა იმისა, რომ საქმიანი, შემდგარი ადამიანია, ძალიან მზრუნველია.
–  რას საქმიანობს?
– მუშაობს ლატვიურ ბანკში. თავისი შემოსავალი აქვს, არ არის დამოკიდებული მშობლებზე. საქმიანია, ძალიან დაკავებული და მგრძნობიარე. კარგი და საინტერესო მოსაუბრეა. თუმცა, ქართული არ იცის და არც მეგრული. დედა გერმანელი ჰყავს და რუსეთშია გაზრდილი. ნიჭიერია – ვასწავლი ქართულს.
– როგორ გთხოვა ხელი?
– ძალიან რომანტიკულად. რა თქმა უნდა, მანამდე მივედით იმ აზრამდე, რომ ერთად გვეცხოვრა. თავიდან, რომ მითხრა, მიყვარხარო, ცოტა შემრცხვა. მაგრამ, დასტურის ნიშნად, თავი დავუქნიე. ახალ წელს ანაპაში, ზღვაზე  წავედით, მის მშობლებთან ერთად. 31 დეკემბერს აიჩემა, სანაპიროზე გავიდეთო. თავიდან წასვლა არ გვინოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაგვითანხმა. ვსეირნობდით და უცებ მეუბნება: შემოტრიალდიო. მეც შევტრიალდი და გახდები ჩემი ცოლიო? ერთი, 5 წუთი ვერაფერი ვუთხარი, მეუბნება: ან კი მითხარი, ან არაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და გამიკეთა ნიშნობის ბეჭედი. დედამისს ისეთი ემოციები ჰქონდა, ტიროდა – შვილის ქცევით აღფრთოვანდა.
– როგორი ურთიერთობა გაქვს მის მშობლებთან?
– საოცარი ხალხია. ჩვენ ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს. გერმანული ხასიათით – ცოტა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მომეჩვენა. თურმე, დედამისს ჯერ კიდევ 4 წლის წინ მოვწონებივარ. დავითისთვის უთქვამს: ფიქრია რომ იყოს ჩემი რძალი, თანახმა ვიქნებოდიო. მაშინ არც ვიცნობდით, უბრალოდ, მერე ვიპოვეთ ერთმანეთი. მამამისს უხარია, რომ ქართველი ვარ. დედამისს გერმანელი უნდოდა, მაგრამ ახლა მეუბნება: შენ რომ გაგიცანი, ძალიან ბედნიერი ვარო. დედაჩემს ისიც უთხრა: ფიქრიას სახით, ჯეკპოტი მოვიგეო.
– ალბათ, იმაზე ფიქრობ, როგორ მიიღებდა მამა შენს ამბავს.
– სულ ამაზე ვფიქრობ. მამა დავითს კარგად იცნობდა და სულ ამბობდა: მაგარი ბიჭიაო. თუმცა, არ მიეკუთვნებოდა მამების იმ  კატეგორიას, გოგოს გათხოვება პრიორიტეტი რომ არის. სულ მეუბნებოდა: ჯერ საკუთარი თავი იპოვე, კარიერას მიხედე და მერე ყველაფერი გამოვაო. როცა ცოცხალი იყო, მაშინ ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა. ახლა ნამდვილად მოეწონებოდა ჩემი არჩევანი.
– ორი ქორწილის გადახდა გადაწყვიტეთ.
– კი. ყოველთვის მომწონდა ხელის თხოვნის ტრადიცია. დავითის მშობლები თბილისში ჩამოვიდნენ და დედას ოფიციალურად სთხოვეს ხელი. ძალიან ლამაზი რიტუალია და დიდი პატივისცემაც ჩემი და ჩემი ოჯახის. მოსკოვში ახლა მოვაწერთ ხელს, პატარა ქორწილს გავაკეთებთ და შემდეგ, ივნისში, საქართველოში დავიწერთ ჯვარს. ასევე გადავიხდით ქორწილს. მიხარია, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც წარმოდგენილი მქონდა. რომ ვამბობდი: მე ხელი უნდა მთხოვონ-მეთქი, – კარგი რა, ვინ აკეთებს ახლა მაგასო. მამასაც სულ ვეუბნებოდი: შენ გთხოვენ ჩემს ხელს-მეთქი. მამა არ დახვდათ, მაგრამ დედას სთხოვეს ჩემი ხელი. მამა არ არის ჩემ გვერდით, დანარჩენი, ყველაფერი, ღვთის წყალობით, კარგად მიდის.
– ორივე რომანტიკულები ხართ?
– კი. დავითი მაღალი, ათლეტური, სპორტულია. მკაცრი ვიზუალი აქვს, მაგრამ ძალიან გულჩვილი და რომანტიკულია. ერთი შეხედვით ვხვდებით, ერთმანეთის სურვილებსა და განწყობას. დათმობებზეც მივდივართ. მას უფრო მეტად უწევს დათმობა. „ვერძი“ ვარ, თვითონ „მშვილდოსანია“ – მშვიდი, წყნარი. სულ მეუბნება: ძალიან ძლიერი გოგო შემხვდა, თუმცა, სუსტი არასდროს მდომებიაო. მე კი ხანდახან ისეთი ბობოქარი, ქართული ხასიათი მაქვს, ის  კი მშვიდია და მეუბნება: დამშვიდდი და ახლა ხელმეორედ მითხარიო – მომიყვანს ხოლმე აზრზე. ძალიან მამშვიდებს. როგორც დედას აქვს ჩემზე გავლენა და მამშვიდებს, ასეა დავითიც. მამაჩემიც „ვერძი“ იყო, დედა „კირჩხიბია“. გვეუბნებოდა ხოლმე: მე თქვენს ცეცხლს წყალს ვასხამ, რომ მინელდესო.
– როგორ მიგიყვანა გათხოვების გადაწყვეტილებამდე?
– საქართველოში სულ გათხოვებას რომ მისურვებდნენ, ცოტა აგრესია მქონდა ამის გამო: არ შეიძლება, კარიერაში წინსვლა, სწავლა მისურვონ... რატომ გათხოვება-მეთქი. სულ პროტესტი მქონდა ამაზე. მაგრამ დავითმა დამარწმუნა, რომ სანდოა და მისაღები ყველა ასპექტში. მამაკაცური, ადამიანური თვისებებით გამოირჩევა, რაც კაცს, ოჯახის უფროსს უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ხასიათი მაქვს, მზად ვარ, მის გვერდით მოვდუნდე. არ მინდა, მის მაღლა ვიდგე. ისეთ პოზიციაზე დგას, რომ არ მიჩნდება სურვილი, ზემოდან ვუყურო. მის გვერდით მომავლის არ მეშინია.
– აგრძელებ მუსიკალურ კარიერას, შენს საქმროს მოსწონს შენი სიმღერა?
– ჩემს ვიდეოებს არ უყურებს. მეუბნება: იქ ყველასთვის სხვანაირი ფიქრია ხარ, ჩემთვის კი – სხვანაირიო. ძალიან მოსწონს ჩემი სიმღერები, მგულშემატკივრობს. სულ მეშინოდა, რომ გავთხოვდები, ვიღაც მეტყვის: დამთავრდაო. პირიქით კი მოხდა, სულ იმას ამბობს: შენ უნდა იბრძოლო, ყველაფერი გააკეთო, მე მხოლოდ დაგეხმარებიო. მინდა, ვიდეორგოლი გადავიღო, სიმღერები ჩავწერო და დავბრუნდე. „მაფშალიამ“ დიდი პოპულარობა მომიტანა. მოსკოვშიც დღემე ახსოვთ და მოსწონთ, უსმენენ. ვაპირებ, ქორწილში სიურპრიზი მოვუწყო: ვუმღერო. ძალიან მორიდებულია, ჩრდილში უყვარს ყოფნა. სულ მეუბნება: მე ჩრდილში ვიქნები, მაგრამ შენ მუდმივად წინ წაგწევო. ახლა ნერვიულობს: ვაიმე, შემრცხვება, ყველა რომ მე დამიწყებს ყურებასო. კი ამბობს, საჩუქარი არ მინდა, შენ ხარ ჩემი საჩუქარიო, მაგრამ მე  მინდა, ქორწილში საჩუქარი გავუკეთო. ორივე სკეპტიკოსები ვიყავით და ახლა უკვე სიყვარულის დავიჯერეთ. ვგეგმავთ თბილისშიც ვიცხოვროთ და მოსკოვშიც. პატარა, ჩვენი ბუდე გვინდა, მოვაწყოთ და ჩამოვიდეთ ხოლმე.

скачать dle 11.3