კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 მოპარული ბედნიერება

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹1-4(891)


გული ისე უცემდა, როგორც ბავშვობაში, როცა ბევრს ირბენდა და მერე სულის მოთქმა უჭირდა: ცდილობდა, არ გაეხედა დარბაზის იმ მხარეს, საიდანაც „წამოსული” ცეცხლივით მწველი მზერა მთელ სხეულში მხურვალე ტალღებად უვლიდა. ათრთოლებული თითებისთვის რამე რომ მოეხერხებინა და ამ უხერხული, დამთრგუნველი სიტუაციისთვისაც დაეღწია თავი, ქმარს მკლავზე მოებღაუჭა და ჩაულაპარაკა:
– აივანზე გავიდეთ. აქ ძალიან დაიხუთა ჰაერი. სუნთქვა მიჭირს.
– ჰო, მეც შევნიშნე. სახეზე ფერი არ გადევს. თუ გინდა, წავიდეთ. ოფიციალური ნაწილი უკვე დასრულდა.
ქალი შეყოყმანდა. წუთით თითქოს მადლიერიც კი დარჩა ქმრის, მაგრამ მაშინვე გაახსენდა, ვინ იყო ამ ყველაფრის მიზეზი და მოღონიერებელმა უკმაყოფილოდ შეუბღვირა.
– შენთვის სულერთია ხომ?
– ნათია, რატომ მეჩხუბები? ასეთი რა გითხარი?! წავიდეთ-მეთქი, მართლა ბევრი ხალხია და ცოტა მეც დავიღალე. ჰაერზე ცოტა ფეხით გავისეირნოთ, ჩაი დავლიოთ.
ნათიამ ამოიოხრა. გაიფიქრა, ნეტავი, თუ ხვდება სისულელეებს რომ ლაპარაკობსო და უცებ დაინახა, რომ მისი მღელვარების „ობიექტი” მოქმედებაზე გადავიდა – კერძოდ, ნელა დაიძრა ქალის მიმართულებით. თან, თვალს არ აშორებდა.
– ნათია, არ მისმენ?
– გისმენ და მგონი, ჩაი კარგი აზრია. იქნებ მომიტანო, უშაქრო ჩაი ლიმონით. ვერანდაზე გავალ, იქ დაგელოდები.
მირიანმა მორჩილად დააქნია თავი და ცოლის დავალების შესასრულებლად დიდი ენთუზიაზმით გაეშურა.
ერთმანეთს თითქმის თვალებით ელაპარაკებოდნენ. კაცის გამოხედვაში ისეთი გრძნობა მოჩანდა, ისეთი სითბო იღვრებოდა, რომ ქალს რაღაცნაირად გული „გაულღვა” და სხეულში სასიამოვნო ნაკადად ჩაეღვარა.
– რატომ არ მითხარი, – ძლივს გასაგონი ხმით ჩაილაპარაკა ნათიამ და ისე შეხედა, თითქოს ანიშნებდა, პასუხი არც ისე მნიშვნელოვანიაო.
– არაფერი გიკითხავს. მე ვცდილობდი, მომეძებნე, ძალიან ვეცადე.
– არ გინდა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, ეს... ეს...
– ბედისწერის გჯერა?
– არ ვიცი, – ქალმა დაფიქრებით გააქნია თავი, – უკვე აღარაფერი ვიცი. ძალიან დავიბენი. ცხოვრებაში პირველად ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ არ ვიცი, რა გავაკეთო.
– ახლა ვეღარსად გამექცევი და ვერც დამემალები. როგორ მიხარია, რომ ბედმა ჩემთან საკუთარი ფეხით მოგიყვანა.
– გთხოვ, მსგავსი არაფერი თქვა და ისე მოიქეცი, რომ ყველამ იფიქროს, თითქოს  დღეს პირველად გნახე. მე გათხოვილი ქალი ვარ.
კაცმა ფრთხილად შეახო ხელზე თითები, თითქოს მოეფერა. ქალი შეკრთა.
– ხომ გთხოვე, – საყვედური გამოერია ხმაში ნათიას – ნუ მოიქცევი ისე, რომ ვინანო, საერთოდ რომ შეგხვდი. ძალიან არ მინდა...
– მაშინ ერთი უსამართლობა მაინც გამოვასწოროთ, – კაცს თვალები აუციმციმდა, – შევხვდეთ და ჩვენს უცნაურ ურთიერთობაზე ვილაპარაკოთ. დარწმუნებული ვარ, შენც ბევრი რამ გაინტერესებს.
ნათიას ტუჩები აუთრთოლდა.
– მე მარტო ერთი რამ მაინტერესებს, როგორ მოვედი აქამდე. თუმცა, ამას შენთვის არა აქვს მნიშვნელობა. ეს უფრო ჩემი პრობლემაა. გთხოვ, გახსოვდეს, რომ მე გათხოვილი ვარ.
– ჰო, ამის დავიწყება არ არის ადვილი, მაგრამ ყველას აქვს ბედნიერების უფლება. მე თავისუფალი კაცი ვარ და შეიძლება, არ მესმოდეს ვალდებულებების სიმძიმე, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ არჩევნის თავისუფლებას ვერავინ, ვერასდროს წამართმევს.
– კონსულო, ტყუილად გგონია, რომ ვალდებულებების სიმძიმეს არ ვგრძნობ საკუთარ მხრებზე. მარტო ოჯახი არ დაგვაწვება ხოლმე ტვირთად, შენ გაცილებით მძიმე ტვირთი გაქვს. დაგემშვიდობები.
– კიდევ უნდა გნახო, უარი არ მითხრა. მაინც არ მივიღებ.
– არა.
ნათია შეტრიალდა და შეეცადა, იქაურობას გაცლოდა. დაინახა, როგორ ეძებდა ქმარი. ერთმანეთს ვერანდისა და დარბაზის კართან შეხვდნენ. მირიანმა ეჭვით შეათვალიერა ცოლი.
– სად იყავი, გეძებდი, ჩაი უკვე გაცივდა.
– ჰაერზე ყოფნა მომეწონა. თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. ჩაი კი აღარ მინდა.
– ვერ გავიგე, ანუ სახლში წასვლა გადაიფიქრე?
– ჰო, დავრჩეთ კიდევ ცოტა ხანს, მომიყევი რა იცი ახალ კონსულზე.
მირიანმა ცოლს გაოცებით შეხედა.
– ასე დაინტერესდი მისით? მომეჩვენა, რომ ვერანდაზე ერთად იდექით... და რაზე ლაპარაკობდით?
– არაფერზე, – მხრები მოჩვენებითი გულგრილობით აიჩეჩა ნათიამ.
– საერთოდ არაფერზე?
–  მირიან, ხომ იცი, ვერ ვიტან, როცა ზედმეტ ცნობისმოყვარეობას იჩენ. არც იმას ვფიქრობ, რომ კითხვების დასმის ლეგიტიმური უფლება გაქვს, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მოხდა.
– ყოველთვის უნდა შემახსენო? არასდროს მაპატიებ?
– პატიება-არპატიება... ძალიან სასაცილოა. ბავშვურად სასაცილო. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, გამოგყევი და აქ შენთან ერთად ვარ – ამით ყველაფერია ნათქვამი. მოახერხე და ნერვები მომიშალე. მეგონა, პირიქით, ეს საღამო შენთვის ჩვენი ურთიერთობის შანსი იქნებოდა.
– ნათია, მე ვცდილობ, ძალიან ვცდილობ.
– ჰო? რაღაც ვერ ვამჩნევ, მაგრამ ჩხუბს არ ვაპირებ. მუსიკას მოვუსმენ და წავიდეთ.
– ნათია, ჩემი შემოთავაზება ძალაშია. გავემგზავროთ სადმე. მე მართლა მინდა. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს ურთიერთობას მხოლოდ წაადგება.
– მე კი არ ვარ დარწმუნებული. არსად გამგზავრება არ მინდა. ბევრი საქმე მაქვს. სასეირნოდ და რელაქსაციისთვის არ მცალია. მით უმეტეს, შენ მარტივად უყურებ ამ ყველაფერს. რეალურად საქმე გაცილებით რთულადაა.
მირიანმა ცოლს მკლავზე მოჰკიდა ხელი.
– ნათია, არ მინდა შენი დაკარგვა. ჩვენი ოჯახის გადარჩენისთვის და შენს შესანარჩუნებლად, ყველაფერს გავაკეთებ.
– ჰო, ოჯახი, ალბათ, მნიშვნელოვანია, ყველაფერზე მნიშვნელოვანი. ამდენი ხანი სწორედ ასე ვფიქრობდი. სანამ შენ გართობა არ მოგინდა და ყველაფერს აზრი არ დაუკარგე. ღირებულებები შემეცვალა. რაღაცებს ისეთ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ.
– იმის თქმა გინდა, რომ შენთვის უმნიშვნელო ადამიანად ვიქეცი?
– მირიან, ეს წვეულება შესაფერისი ადგილი არ არის ასეთი საუბრებისთვის. ყურადღებას ვიქცევთ. მგონი, აჯობებს, წავიდეთ.
ნათიამ ქმარს მსუბუქად უბიძგა მხარზე და ისე, რომ მისთვის სახეზე აღარ შეუხედავს, გასასვლელისკენ გაემართა.
          * * *
მესიჯი გვიან მივიდა. არ ეძინა. სამზარეულოში იჯდა, უკვე გაციებულ ყავას უგემურად წრუპავდა და სიგარეტს ეწეოდა. მირიანმა ვერ გაბედა დალაპარაკებოდა ცოლს. გადაწყვიტა, დღეისთვის საკმარისად ვინერვიულე, საკმარისად ვეცადე და უმჯობესია, ახლა, საკუთარ თავთან მარტო დავტოვოო. იფიქრებს და მიხვდება, მისთვის საუკეთესო ვარიანტი მაინც მე რომ ვარო.
ნათია კი ასე არ ფიქრობდა. ოსმანთან მოულოდნელმა შეხვედრამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მითი, რომ სტამბოლში მომხდარ რომანტიკულ თავგადასავალს გაგრძელება არ ექნებოდა, თოვლის გუნდასავით გადნა. თუმცა, იმედგაცრუებასთან ერთად, სიხარულის განცდაც დაეუფლა. საკუთარ თავს ვერ ცნობდა. იმაშიც ვეღარ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ხვალ ოსმანთან შეხვედრაზე უარს იტყოდა. მესიჯიც ამას ადასტურებდა. ბევრი არაფერი ეწერა მესიჯში, მაგრამ სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, ქალს სერიოზულად დაეწყო ფიქრი მის ცხოვრებაში მომხდარ მოულოდნელ ცვლილებებზე. იქნებ, ოსმანთან შეხვედრაც არ იყო უბრალო შემთხვევითობა. იქნებ საკუთარმა დაქალმაც არ უღალატა შემთხვევით. ერთბაშად აღმოაჩინა, რომ ძალიან ბევრი „იქნებ” დაუგროვდა. სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დასრისა და შუბლით ხელისგულს დაეყრდნო. ოსმანი შეხვედრას სთხოვდა. მხოლოდ ორი სიტყვით: „დაგელოდები, ლამაზი კაფეა, არ მოვიწყენ. აქ ვიქნები მთელი საღამო.”
კაბას რომ იცვამდა, სარკეში საკუთარ გამოსახულებას შეავლო თვალი. აფორიაქებული ჩანდა. ცოტათი დამფრთხალიც, მაგრამ სახეზე ბედნიერი გამომეტყველება აღბეჭდვოდა და თვალებიც უჩვეულოდ უბრწყინავდა.
თიკომ მამას აივანზე მიაგნო. მირიანი მოაჯირზე დაყრდნობილი იდგა და ცას შესცქეროდა. სევდიანი მოეჩვენა შვილს, უცნაურად ჩაფიქრებული.
– რამე გამოვტოვე? – ჰკითხა და მხარზე მიეხუტა.
– რაზე მეკითხები? – მირიანი შეკრთა, არ უნდოდა, შვილისთვის თავისი ეჭვები გაენდო. ჯერ თვითონაც არ იყო ჩამოყალიბებული იმ ფიქრებში, იმ წვეულების შემდეგ რომ არ ასვენებდა. ცოლს შეფარვით, თუმცა დიდი ყურადღებით აკვირდებოდა. ნათია აშკარად აღარ ჰგავდა იმ ქალს, რომლის გვერდით ყოფნასაც ბოლო ათი წლის განმავლობაში შეეჩვია.
– ხომ იცი, რაც მაინტერესებს. ძალიან ჩუმად ხართ ორივე, რაც არ მომწონს.
– ჰო, ეგ მეც არ მომწონს, მაგრამ დედაშენი მიახლოების საშუალებას არ მაძლევს. პირიქით – კიდევ უფრო ზრდის ჩვენს შორის დისტანციას.
– ჰმ, და შენ გიკვირს ეს? ჯერ ისევ ნაწყენია.
– არა, ნაწყენი ქალები ასე არ იქცევიან. ვერ ატყობ, როგორი ბედნიერია?
თიკო ჩაფიქრდა.
– მგონი, მართალი ხარ. ბოლო დროს სულ იღიმის და ხშირად საერთოდ არ ესმის, რას ველაპარაკები.
– სწორედ ეგ არის ის, რაც მაშფოთებს, – მირიანმა თავი გადააქნია, – ძალიან ვნერვიულობ, სამსახურშიც ვეღარაფერს ვაკეთებ. თიკო, მგონი, დედაშენი შეყვარებულია.
– რა? – თიკოს გაეცინა – რა სისულელეა, – თუმცა, ვინ იცის, იქნებ არც არის სისულელე. მამა, თუ ნათიას მართლა შეუყვარდა სხვა?
– გაგიჟდი? – მირიანი გაფითრდა, – რას ნიშნავს შეუყვარდა. სად არის მისი პასუხისმგებლობა. ჰო, მე დავაშავე, ვაღიარებ, ძალიან ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ეს არ იყო სიყვარული. დედაშენს უფლება არ ჰქონდა, უცხო კაცი შეეყვარებინა.
– ნუ ყვირი, გაიგონებს. კარის ხმა მომესმა წეღან, მგონი, მოვიდა.
– გაიგონოს მერე, მეტი აღარ შემიძლია. სიმართლე უნდა ვიცოდე. ასე ვეღარ გაგრძელდება, – მირიანმა კონტროლი დაკარგა. სახე წითელი ლაქებით დაეფარა და მთელი სხეულით აკანკალდა.
– რა ხდება აქ? რა გაყვირებთ? რისი პასუხი გაინტერესებს, მირიან და ვერ მიიღე? იქნებ პირდაპირ მითხრა სათქმელი და ცივილიზებულად, ჩხუბისა და აყალ-მაყალის გარეშე, გავარკვიოთ ჩვენი ურთიერთობა.
– ურთიერთობის გარკვევას დიდი ხანია, ვცდილობ, მაგრამ შენ არ მიკარებ. სულ სადღაც ხარ, სხვაგან, იქნებ... იქნებ სხვასთანაც... – მირიანს ხმა ჩაუწყდა და მკერდზე მიიდო ხელი. თიკომ შეჰყვირა და წყლის მოსატანად სამზარეულოში გაიქცა.
– კარგად ხარ? – ნათიას გაეღიმა. გულის სიღრმეში შეებრალა კიდეც ქმარი, რომელიც ისეთი უსუსური ჩანდა ამ ყველაფრის ფონზე...
– კარგად უნდა ვიყო? – მირიანმა ამოიოხრა და წყალი მოსვა, – შენ სასაცილოდ არ გყოფნის, მაგრამ სერიოზულად უნდა დავილაპარაკოთ.
– დავილაპარაკოთ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მეც ვხვდები, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. თიკო, კარგია შენც რომ ხარ აქ და მოისმენ, რასაც ვიტყვი.
– დედა, არ გამაგიჟო, რა უნდა თქვა?.. – თიკომ ჯერ ნათიას შეხედა, მერე მირიანს, ბოლოს ისევ დედაზე შეაჩერა მზერა, – შენ რა, მართლა შეყვარებული ხარ?
– შეიძლება, ასეც ითქვას. ყოველ შემთხვევაში, ამას გრძნობას დავარქმევდი.
– რა? ქალო, შენ ნორმალური ხარ? აზრზე მოდი, რას ლაპარაკობ, – მირიანი უკვე მთელი ხმით ყვიროდა. სამაგიეროდ, ნათია იყო მშვიდად და რაღაცნაირი, უცნაური ღიმილით ჰქონდა განათებული სახე.
– ნუ ყვირი, მირიან, მე ხომ არ ვაფრქვევ აგრესიას და ორივეს ნერვებს ვუფრთხილდები. თანაც, შევთანხმდით, რომ ცივილიზებულად დავილაპარაკებდით, როგორც ნორმალური ადამიანები.
– ცოლი მეუბნება, სხვა კაცზე ვარ შეყვარებულიო და მშვიდად როგორ უნდა ვიყო?! ღმერთო, რას იტყვის ხალხი. მთელი სამინისტრო მასხრად ამიგდებს. ნათია, საერთოდ არ გრცხვენია?! საკუთარ შვილს მაინც როგორ უნდა შეხედო თვალებში.
– საკუთარი შვილი როგორმე გამიგებს. აი, შენ კი, ნამუსი სად გაქვს, ასეთ ისტერიკას რომ მიმართავ.
– მე? მოიცა, მაკოსთან ჩემს რომანს გულისხმობ? მე ის გითხარი, შემიყვარდა-მეთქი? „ვჭამე” და ახლა რქები უნდა დამადგა ამის გამო? ნათია, იცოდე, ჩემს შერცხვენას არ გაპატიებ.
– მირიან, თავს ძალიან ნუ გამოიდებ. შენზე კარგად ვიცი, რა არის სამარცხვინო საქციელი და სწორედ ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე.
– რა გადაწყვეტილება? – ახლა უკვე თიკო შეშფოთდა, – დედა, რას აპირებ?
– არაფერს. ანუ, არაფერს ისეთს, რაც მამაშენს ღირსებას შეულახავს, – ირონიულად ჩაიცინა ქალმა, – მაგრამ, ვეღარც ძველებურად ვიცხოვრებ. ტყუილს ვერ ვიტან, ამიტომ გეტყვით: არსებობს „სხვა” – დეტალებს ნუ ჩავეძიებით. მის მიმართ გრძნობაც გამიჩნდა და ისიც ვიცი, რომ თუ არჩევანს ამ კაცის სასარგებლოდ გავაკეთებ, ბედნიერი ვიქნები. მირიან, ასე ნუ მიყურებ. შენგან განსხვავებით, მე გულწრფელი ვარ. არ მივდივარ მასთან, ოჯახში ვრჩები, მაგრამ ვერ დაგპირდები, რომ ცოლობას ძველებურად გაგიწევ. ბედნიერებაზე ვლაპარაკობდი. ჰო, ვიქნებოდი მასთან ბედნიერი, მაგრამ ეს მოპარული ბედნიერებაა და არასრულიც. ვრჩები ოჯახში. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ არ მივხვდები, რომ წასვლა უკეთესი ვარიანტი იქნება ჩვენი ურთიერთობისთვის.
– მადლობა უნდა გითხრა? – მწარედ ჩაეცინა კაცს.
ქალმა მხრები აიჩეჩა.
– რა გითხრა, ამას ჩემთვის ვაკეთებ და არა შენთვის. თუ ჩემი პირობების მიღება არ შეგიძლია, ცალკე გადავალ.
– არა, არა, არსად გადახვალ, – მირიანმა ამოიოხრა. ხმა შესამჩნევად უთრთოდა, – იქნებ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა. ორივემ გამოვიყენოთ შანსი.
– ყველას თავისი შანსი აქვს. ვნახოთ, რა გამოგვივა.
– იმ კაცს, იმას კიდევ შეხვდები? – მირიანმა ცოლს მზერა მოარიდა.
ნათიას გაეღიმა, მაგრამ ეს გულდაწყვეტილი ქალის სევდიანი ღიმილი იყო.
– შემიძლია, ის გითხრა, რომ ტყუილად ნერვიულობ, მირიან. შეიძლება, შევხვდე კიდეც, მაგრამ ამ შეხვედრაში შენთვის შეურაცხმყოფელი არაფერი იქნება. უპირველესად, საკუთარ თავს ვცემ პატივს და იმიტომ. კიდევ ერთხელ გეტყვი, ყველას თავისი შანსი აქვს და ვნახოთ, რა გამოვა...
დასასრულიскачать dle 11.3