კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ არის მუსლიმანებისთვის თბილისი წმიდა ქალაქი და რატომ მიიჩნევს აზერბაიჯანელთა ნაწილი საქართველოს ტერიტორიას ისტორიულ თურქეთად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ბოლო რამდენიმე კვირაა, აზერბაიჯანულ მედიაში აქტიურად განიხილება პრობლემა, რომ საქართველოში ისტორიულ თურქულ ტოპონიმებს ქართული სახელწოდებებით ცვლიან, რაც, თურმე, წარმოუდგენელი დარღვევაა, ზოგადად, ადამიანის და, სახელდობრ, საქართველოს ავტოქტონური, ანუ აზერბაიჯანელი მოსახლეობის უფლებების. უდავოა, რომ ქართული დასახლებებისთვის სახელწოდებების დარქმევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეა და მსგავსი გამოხდომები სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა მცდელობა და არამეგობრული ნაბიჯია. მით უმეტეს, როდესაც ყველასთვის ცნობილია, რომ ინგილო ქართველებს აზერბაიჯანში ქართული სახელების დარქმევის უფლება არ აქვთ და არც თავიანთი ქართული გვარების, გაქრისტიანებაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. მართალია, აზერბაიჯანულ პრესაში ამტყდარ აჟიოტაჟს (რომელსაც აზერბაიჯანის მოსახლეობის ნაწილში ის რეაქციაც კი მოჰყვა, რომ უმადურ ქართველებს გაზის მიწოდება უნდა შეუწყვიტონ და ბაქომ თბილისს საკადრისი ადგილი უნდა მიუჩინოს, რაკი ასე გავთავხედებულვართ) ოფიციალური ბაქო არ გამოხმაურებია, თუმცა აზერბაიჯანში არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, იქაურ პრესაში ამგვარი მასალები ხელისუფლების თანხმობის გარეშე ვერ გამოჩნდებოდა.
ამ პროცესში მეტად საინტერესო ამბავიც გამოიკვეთა (ყოველ შემთხვევაში, პირადად ჩემთვის). სახელდობრ, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში მეტად უცნაური  წარმოდგენა ჰქონიათ საქართველოს ისტორიაზე, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიას ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდიდან თურქმენული ტომების დასახლებულ ადგილად განიხილავენ, თბილისს –  მუსლიმანურ ქალაქად, რომელიც მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში, კავკასიაში რუსეთის შემოსვლის შემდეგ, გამხდარა ქართული.
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, უდიდესი ალბათობით, აზერბაიჯან-საქართველოს დაპირისპირება ეჭვქვეშ დააყენებს ენერგოდერეფანს და როგორც აზერბაიჯანს, ისე საქართველოს რუსეთდამოკიდებულს გახდის.
რატომ ამწვავებს ურთიერთობას აზერბაიჯანი საქართველოსთან (თუნდაც, მედიისა და საზოგადოებრივი აზრის დონეზე) და რა სამოქმედო გეგმა აქვს საქართველოს მსგავსი გაუგებრობების  პრევენციისთვის, –  ამ თემას ექსპერტთან კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.

– არ ვიცი, ყველა აზერბაიჯანელი ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოს ტერიტორია ისტორიული თურქული ტერიტორიაა და თურქული ტოპონიმები არის ისტორიული საქართველოსთვის, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი ადამიანები იქ არიან და არც თუ ცოტანი. პირადად მე ამ თემის გააქტიურებას ვუკავშირებ საქართველოს აქტივობას ირანისა და ირანული ენერგომატარებლების მიმართულებით. თქვენი ინფორმაციით, ასეთი იყო ყოველთვის მათი დამოკიდებულება თუ რამ გამოიწვია ასეთი აგრესია?
– გასული საუკუნის 90-იანი წლების შუიდან, ყარაბაღში დამარცხების შემდეგ, აზერბაიჯანში დაიწყო ახალი ეროვნული იდეის ჩამოყალიბების პროცესი. როდესაც მძიმე დეპრესიაში აღმოჩნდა აზერბაიჯანელი საზოგადოება და ხელისუფლებაც და მათ ახალი იდეოლოგიის ჩამოყალიბება დაიწყეს: თუ ვინ ვართ და რა როლი გვაქვს კავკასიაში, რომელიც აზერაბიჯანული მიწების შეგროვების იდეას ეფუძნებოდა, ანუ ყველა აზერბაიჯანელი ერთი ქოლგის ქვეშ. უპირველესად, იგულისხმებოდა არა საქართველოში, არამედ ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელები. ამან გამოიწვია აზერბაიჯანელ მეცნიერთა გააქტიურება და ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კეთდებდა იმაზე, რომ ყველა ქრისტიანული ძეგლი, რომლებიც აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა, იყო ალბანური კულტურული მემკვიდრეობა. მაინც შევახსენოთ მკითხველს, რომ მეცხრე საუკუნემდე დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობდა ალბანური ქრისტიანული სახელმწიფო. აზერბაიჯანელ მეცნიერთა ეს მიდგომა ეხებოდა ყარაბაღის ავტონომიას და საინგილოსაც.
– დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსაც ამ მოტივით იჩემებენ, როგორც ალბანური, ანუ აზერბაიჯანული კულტურის ძეგლს.
– დიახ, ამ მოტივით ცდილობენ, მიითვისონ. მაგრამ ობიექტურები უნდა ვიყოთ. მესმის, რომ სახელმწიფოს შეიძლება, ასეთი იდეოლოგია ჰქონდეს, მაგრამ არა სხვების შევიწროების ხარჯზე. საინგილოში ქართველების ბედი ძალიან რთულია. ქართველი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. მართალია, ეს პროცესი მიმდინარეობდა საბჭოთა პერიოდში, მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში დასრულდა მუსლიმან ქართველთა გააზერბაიჯანელება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ანუ საინგილოში და დღეს იქ დარჩა თითო-ოროლა ქართული ორიენტაციის მუსლიმანი ქართველი. მიაქციეთ ყურადღება, მხოლოდ კახის რაიონში, სადაც ცხოვრობს 8 000-მდე ქართველი ქრისტიანი, არის შედარებით ტოლერანტული რეჟიმი. ერთი ეკლესია ფუნქციონირებს, ქურმუხის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში კი მხოლოდ გიორგობის დღესასწაულზე შეუძლიათ ქართველებს შესვლა. მაგრამ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ქურმუხის ეკლესია არის ალბანური კულტურის ძეგლი. მეორე ეკლესიაზე ვერ ამბობენ, იმიტომ რომ, მეცხრამეტე საუკუნეშია აშენებული და ალბანური კულტურის ძეგლი ვერ იქნება. როდესაც ასეთი ვითარებაა იქ, ცხადია, ისეთმა ფურმა უნდა დამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველისო.
– ეს იქით ხდება, აზერბაიჯანის ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მაგრამ აქეთ რას გვედავებიან?
– პროცესი, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, აქ მიმდინარეობს, ოღონდ ამის მოტივაცია სხვაა. სხვათა შორის, ისეთ აზერბაიჯანულ სოფელს დაარქვეს ახალსოფელი ან სხვა ქართული სახელი, რომ ეს სიტუაციას არ ცვლის, რა მნიშვნელობა აქვს, რა ერქმევა?!
– მაგრამ რა უფლება აქვთ, როდესაც ერევიან სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეში, თუ რას დავარქმევ მე ჩემს ტერიტორიაზე ჩემს სოფელს? იქნებ ჩემი სახელი ნინოც არ მოსწონს რომელიმე ჩვენს მეზობელს?
–  სხვა სახელმწიფო კი არ ერევა, სხვა სახელმწიფოს საზოგადოების წარმომადგენლები ერევიან. რასაკვირველია, ის საზოგადოება სახელმწიფოს თანხმობით რომ არ მოქმედებდეს, ვერაფერს გააკეთებდნენ. ეს მათი იდეოლოგიის ნაწილია, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ჩვენგან არ ჩანს არც ჟურნალისტი, არც მეცნიერი და არც არავინ, რომელიც ამას პასუხს გასცემს. აი, ამას უნდა მივხედოთ. სოფლებს სახელები მართლაც ეცვლება და ხშირად მე ამის მიზეზს ვერ ვხედავ. რა მნიშვნელობა აქვს, მარნეულის რაიონის ამა თუ იმ ღვთისგან დავიწყებულ სოფელს რა ერქმევა?! საჭიროა ისეთი ტიპის სამოქმედო გეგმის შექმნა, რომელიც, უპირველესად, ეთნიკურ ქართველებს დაიცავს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და შექმნის მყარ დოკუმენტურ საფუძველს, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ საინგილოს ტერიტორიაზე, არის ტყუილი. უნდა ითქვას კიდევ ერთი რამ: თურქმენული ტომები კავკასიაში მეშვიდე-მეცხრე საუკუნეებში მოვიდნენ  და ამავე პერიოდში მოვიდნენ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეც. ეს არის ციმბირის სტეპებიდან მოსული ხალხი მონღოლების ლაშქრობებამდე, თუმცა მონღოლების შემოსევის შემდეგ, ამან მასობრივი სახე მიიღო. არსებობს უამრავი დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 1601 წელს კონკრეტულმა მეფემ მათ მისცა საშუალება, დასახლებულიყვნენ დღევანდელი მარნეულის ტერიტორიაზე და ეს იყო ბორჩალოს ტომი. ამიტომ ჰქვია იმ ადგილს ბორჩალო: ტომის სახელწოდებაა. დღევანდელი აზერბაიჯანელები სხვადასხვა თურქმენულ ტომს ეკუთვნიან და საბჭოთა დროს გაერთიანდნენ, თორემ საქართველოსა თუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს 1917 წლამდე, რუსეთის იმპერიაში ერქვათ კავკასიელი თათრები. ცნება „აზერბაიჯანელი“ არ არსებობდა. საბჭოთა პერიოდში შეიქმნა და ამ აზერბაიჯანელმა შეითქვიფა უამრავი თურქმენული ტომი და არა მარტო: მათ შორისაა ბევრი ქურთი და სპარსელიც. თბილისშიც იგივე მოხდა. მაგალითად, გასახლებულ „თურქ მესხებს“ შორის, უმეტესობა იყო მუსლიმანი ქართველი, მაგრამ იყვნენ სხვებიც: ქურთები და თურქმენული ტომების  წარმომადგენლები. იგივე სიტუაციაა დანარჩენ საქართველოშიც: იურმუნღალოს მკვიდრი სხვა ტომის შვილია, მარნეულის მკვიდრი –  სხვა ტომის, ფონიჭალის –  სხვა ტომის. ისინი შემდეგ გახდნენ კრებითად აზერბაიჯანელები. ისინი იყვნენ მომთაბარე ტომები, რომლებსაც ციხესიმაგრეების, ქალაქებისა და სიწმიდეების მშენებლობის კულტურა არ ჰქონდათ. რასაკვირველია, ისინი შეერივნენ მათ მიერ დაპყრობილ ალბანურ ტომებს, მაგრამ ალბანური ტომები დაიპყრეს არა თურქმენებმა, არამედ არაბებმა, რომელთა ლაშქარშიც თურქმენებიც იმყოფებოდნენ.
– თბილისის, როგორც მუსლიმანთა დედაქალაქის, იდეა საიდან მოდის, რას ეფუძნება?
– რაც შეეხება თბილისს: თბილისი მუსლიმანებისთვის წმიდა ქალაქია. არაბული დაპყრობების პერიოდში, მერვე-მეათე საუკუნეებში, აქ იყო სუნიტი არაბების უზარმაზარი რელიგიური ცენტრი. ამ ცენტრში მოღვაწეობდნენ ადრეული შუა საუკუნეების ცნობილი არაბი მეცნიერები. 52 არაბი მეცნიერია ისტორიაში დარჩენილი, რომელთა გვარის დაბოლოებაა „თეფლის”, ანუ თბილისი. სხვათა შორის, დღეს გიდები, განსაკუთრებით, არაბ ტურისტებთან საუბრისას, როდესაც მთაწმინდაზე დგანან, ამ ფაქტზე ლაპარაკობენ. რომ თბილისი არის მუსლიმანური წმიდა ქალაქი და ის უნდა დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ფესვებს.
– ჩვენი, ქართველი გიდები ამბობენ ამას?!
– აქ მომუშავე გიდების ნაწილი ეთნიკურად არაბია. ხელისუფლებამ ახლა მიიღო რეგულაცია, რომ ახალი წლიდან არცერთ გიდს არ აქვს ამ საქმიანობის უფლება, თუ არ გაივლის შესაბამის მომზადებას საქართველოს ისტორიასა და კულტურაში, იმიტომ რომ, ამ სფეროში სრული განუკითხაობაა. ახლა გეტყვით, თუ რას ელაპარაკება ირანელ ტურისტებს ირანელი გიდი. საფლავი დაკარგულია, მაგრამ მთაწმინდაზე სადღაც არის მუსლიმანების წმიდანი შეიხი სანაანის საფლავი. ამიტომ შიიტისთვის მთაწმინდა დავით გარეჯელის სახელობის წმიდა მთა კი არ არის, არამედ შეიხ სანაანის აკლდამის მთა. ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსებია, რაც  ქართველმა საზოგადოებამაც კი არ იცის. და ამ დროს ვნერვიულობთ, რატომ წერენ აზერბაიჯანელები იმას, რასაც წერენ. იმიტომ წერენ, რომ აზერბაიჯანმა შეძლო, შეექმნა სახელმწიფო იდეოლოგია, ჩვენ ვერ შევძელით. ჩვენ ვართ სახელმწიფო იდეოლოგიისა და ეროვნული იდეის გარეშე. აზერბაიჯანის ეროვნული იდეაა, ყველა აზერბაიჯანელი ბაქოს გარშემო. აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია გვთავაზობს აზერბაიჯანის ისტორიას იმ ფორმით, როგორიც მათთვისაა ხელსაყრელი. მე ამ შემთხვევაში არ მაწუხებს მათი მიდგომა, მე მაწუხებს ჩვენი მიდგომა. სოფლის რაღაც უმნიშვნელო სახელის გამოა ლაპარაკი და უფრო მნიშვნელოვან საკითხზე არაფერს ვამბობთ.
– სოფლის სახელი არა, ჩარევის ფორმაა და აგრესიულობა მიუღებელი. სხვათა შორის, გუბაზ სანიკიძემ მითხრა ერთ-ერთ ინტერვიუში, ქართველმა მეცნიერებმა დახოცეს ლამის აფხაზი მეცნიერები და ფაცხა არ აღიარეს აფხაზურად, არადა, როცა ამდენი ძეგლი გაქვს, ფაცხა დაუთმეო.
– არის რაღაცა, რაც არ უნდა დათმო, მაგალითად, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს საზღვრები მიყიდულია უცხოტომელებისთვის. გარდაბნის რაიონში გავყიდეთ საზღვარი და ჩვენ ამ დროს ვლაპარაკობთ უმნიშვნელო საკითხებზე.
– ძალიან საინტერესოა ჩვენი ლიბერალური ფრთის დამოკიდებულება, რომლებიც არ ცნობენ საზღვრისპირად მიწის გაყიდვის შეზღუდვას და აპროტესტებენ საზღვრის მიმდებარედ მიწების ეკლესიისთვის გადაცემას. არადა ეს თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა.
– ეკლესიაში, რასაკვირველია, ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანია, როგორც ნებისმიერ სოციალურ ინსტიტუტში, გადავხედოთ მსოფლიოს ეკლესიების ისტორიას. მაგრამ არიან ცალკეული პიროვნებები, რომლებიც მიწების ეკლესიისთვის მიბარებით საშვილიშვილო საქმეს აკეთებენ. იქ აშენებენ ვენახს და ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოს აღარ შეუძლია, რომ ზეწოლის გამო გაასხვისოს ის მიწა. აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლსა და კახეთში არის უმძიმესი ვითარება ამ მხრივ. სისულელეა იმის თქმა, მიწას თან ხომ არ წაიღებსო. წაიღებს. იმიტომ კი არა, რომ ზურგზე მოიკიდებს, არამედ იმით, რომ იმ მიწებზე ჩამოსახლდებიან სხვები, ისევე, როგორც წნორში და დაიწყებენ ადგილობრივი მოსახლეობის დაკაბალებას, რომლებსაც არ აქვთ სოფლის მეურნეობის წარმოების საშუალება. იმის თქმა მინდა, რომ, უპირველესად, ქართველ გლეხსა და მეურნეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი 70 პროცენტი ზარმაცი და ღატაკია და არაფრის გაკეთება არ უნდა, იმ 30 პროცენტს მაინც უნდა ჰქონდეს მაქსიმალური საშუალებები და პირველი რიგის უფლებები ქართული მიწის შესაძენად და საქართველოს შებამისი სტრუქტურებიდან დაფინანსების მისაღებად. აი, ეს აუცილებლადაა გასაკეთებელი. „აწარმოე საქართველოში“ უნდა ეძებდეს ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც მრავლად არიან თუშეთიდან მოყოლებული და აჭარის მთიანეთით დამთავრებული, რომლებიც შიშველი ხელებით ებრძვიან არა მარტო ბუნებას, არამედ ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოიწიონ მოსავალი ქართულ მიწაზე. თან, აბსოლუტურად ნოვატორულად მოაზროვნე ადამიანები არიან. ვიცი ეს თემა და იმიტომ ვლაპარაკობ გულისტკივილით. ამის ნაცვლად კი, ჩვენი მიწა იყიდება, ჩამოდის უცხოელი, ცოტა ხნის შემდეგ ჩამოჰყავს თავისი თანამემამულეები და როგორც წნორშია, ქირაობენ ადგილობრივებს თეთრებად და რაც ხდება, იცით. საქართველოს არ აქვს იდეოლოგია, არ აქვს ეროვნული იდეა და ის ადამიანები, რომლებსაც ქირაობენ უცხოტომელები, შენიანები იქნებიან?! რა თქმა უნდა, არა. ეროვნული იდეოლოგია, ეროვნული იდეა შეიძლება, ჰქონდეს თავისუფალ ადამიანს. ეროვნულ იდეას შეიძლება, მიჰყვეს თავისუფალი ხალხი და თუ არ გვექნა ეროვნული იდეა, არ გვექნება სახელმწიფო.
скачать dle 11.3