კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როდის აპირებენ ორი ქორწილის გადახდას ამერიკაში ირაკლი მიქიაშვილი და მარიამ პავლიაშვილი და როგორ გახდა ის ჩრდილოეთ კალიფორნიის ერთ-ერთი, ყველაზე დიდი კომპანიის გენერალური დირექტორი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ირაკლი მიქიაშვილი, იგივე მაიკ ვილი (Mikey Villy) 4 წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და საკმაოდ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. თუმცა, ამისთვის მას გარკვეული სირთულეების გავლა მოუწია. ირაკლი ნიჭიერი მომღერლის, მარიამ პავლიაშვილის საქმროა: წყვილი ცოტა ხნის წინ დაინიშნა და გაზაფხულზე დაქორწინებას გეგმავენ.
ირაკლი მიქიაშვილი: დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტი. ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიებში იურისტად. შემდეგ 4Finance-ში იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ვიყავი გახსნის დღიდან. შემდეგ წამოვედი ამ კომპანიიდან და გადავწყვიტე, ამერიკაში წამოვსულიყავი. მანამდე ვსწავლობდი ინგლისში, უკრაინაში, ანუ ამერიკაში ჩამოსვლამდე, საკმაოდ დიდი პერიოდი გავიარე. საკუთარ თავს ვუზრუნველყოფდი. დედა არ მყავს, მამაზე ფინანსურად არასდროს ვყოფილვარ დამოკიდებული. როცა საქართველოში ვცხოვრობდი, ფინანსური პრობლემები არ მქონია: საშუალოზე ბევრად მაღალი შემოსავალი მქონდა ყოველთვის.

– დედა გარდაგეცვალათ?
– დედა გარდაიცვალა, როცა 15 წლის ვიყავი. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი. გარდაიცვალა ადამიანი, რომელმაც გაგზარდა, შენთვის ყველაფერს აკეთებდა და შემდეგ დგები ამ რეალობის წინაშე – არ იცი, რა გააკეთო. ჩემი და მაშინ 17 წლის იყო. გაურკვევლობაში ვიყავით, არ ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა. დავიწყე მუშაობა და გამიჩნდა ჩემი შემოსავალი. სხვა გზა არ მქონდა, რაღაც უნდა მეკეთებინა. ბებია და ბაბუა ძალიან გვეხმარებოდნენ. მათთან ვცხოვრობდით, ფინანსურადაც გვეხმარებოდნენ, მაგრამ მათ რამდენი უნდა გაეკეთებინათ, რომ ჩვენი ოცნებები აგვეხდინა. ეს თვითონ უნდა გაგვეკეთებინა. ჩემი და საკმაოდ წარმატებული რეჟისორი იყო. შემდეგ გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, გათხოვდა და დღესაც მიუნჰენში ცხოვრობს. მე კი გადავწყვიტე, ამერიკაში წამოვსულიყავი. მიმეტოვებინა ყველაფერი და ცხოვრება თავიდან დამეწყო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მარტივი – გაქვს წარმატებული კარიერა, რომელზეც მთელი ცხოვრება მუშაობ, გყავს წარმატებული მეგობრები, ირგვლივ კარგი გარემოა და ამ დროს, ყველაფერს ტოვებ და ნულიდან იწყებ ცხოვრებას, არ იცი, რა გელის წინ. თავიდან რა თქმა უნდა, ჩემთვის რთული გარემო იყო, მაგრამ მაინც ვცდილობდი, დამენახვებინა ყველასთვის, რომ ეს არაფერია, ყველაფერი კარგადაა, სინამდვილეში კი არაფერიც არ იყო კარგად. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში სულ მქონდა თავში: მე საქართველოში არ უნდა ვიცხოვრო, ჩემი კარიერა საქართველოში არ უნდა ავაწყო-მეთქი და როგორც კი პირველივე შესაძლებლობა გამოჩნდა, მაშინვე ამერიკაში წავედი.
– პირველი პერიოდი მაინც, ალბათ, განსაკუთრებულად რთულია. თან, როგორც ვიცი, არც თუ ისე კარგი ფინანსური მდგომარეობით წახვედით.
– ყოველთვის კარგი შემოსავალი მქონდა, მაგრამ, როგორც ქართული სტილია, ის თანხა იხარჯებოდა გართობაში. ანუ ფინანსური თვალსაზრისით, თბილისში არც თუ ისე სწორად ვცხოვრობდი – ამას ახლა, ამ გადმოსახედიდან ვხვდები. 1 200 დოლარი მქონდა დარჩენილი. ვიყიდე ბილეთი, დანარჩენი გარკვეული პერიოდი საჭმელში მეყო და ისეთ მანქანაში, ძლივს რომ დადიოდა. პირველი ორი კვირა აღფრთოვანებული ხარ, აღტაცებული, ბედნიერი. ამერიკა, თავისუფლება – ეს ყველაფერი გავიწყებს იმას, რომ ცხოვრება თავიდან უნდა დაიწყო და წარმატებას მიაღწიო.  მერე უკვე თავში გარტყამს ფიქრები, რომ აქ იმისთვის ხარ, რაღაც უნდა აკეთო. ხვდები, რომ არც სახლი გაქვს, არც მეგობრები გყავს, არც მანქანა, არა ფინანსები, საერთოდ არაფერი და რეალობას ეჯახები. რეალობას რომ ეჯახები, მერე იწყება დეპრესია. ფიქრები: სწორი არჩევანი გააკეთე თუ არა.. საშინელი დეპრესია მქონდა დაახლოებით 5-6 თვე. როცა განსაკუთრებული შემოსავალი არ მქონდა და ვიღაც „ელექტრიკის” იატაკს ვწმენდდი – ამ დროს ძალიან მძიმე განცდები მქონდა. ყოველდღე, რომ ვდგებოდი და ჭუჭყიან სამოსს ვიცვამდი, რადგან სამსახურში კიდევ უფრო მეტად უნდა გამეჭუჭყიანებინა – ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. თბილისში ყოველთვის შარვალს, პიჯაკს ვიცვამდი, ჰალსტუხს ვიკეთებდი და კარგი მანქანით მივდიოდი კარგ ოფისში. აქ კი გადმოდიხარ კალიფორნიაში, მიდიხარ მატარებლით, რომლის ფულიც არ გაქვს. გარბიხარ დაახლოებით 9 კილომეტრს დილის 5 საათზე იმისთვის, რომ ვიღაც ბორიას დაეხმარო რაღაცის აწყობაში თუ გაკეთებაში. ასე რომ, საკმაოდ დიდი დეპრესია მქონდა.

– სად ცხოვრობდით?
– რამდენიმე კვირა ოჯახის ახლობელთან ვცხოვრობდი, შემდეგ გადავედი სან-მატეოში, რომელიც სან-ფრანცისკოსთანაა ახლოს. თავიდან ჩემს მანქანაში ვცხოვრობდი. შემდეგ რამდენიმე ასეული დოლარი დავაგროვე და გადავედი ერთი ადამიანის ბინაში, რომელსაც შევპირდი, რომ ფულს აუცილებლად გადავუხდიდი. 200 დოლარი გადავუხადე და მითხრა, რომ დამაცდიდა. დავიწყე რესტორანშიც მუშაობა: საღამოს წყლები დამქონდა, დილით ელექტრობაზე ვმუშაობდი. შემდეგ შევაგროვე ფული და რა თქმა უნდა, გადავუხადე. საკმაოდ დიდხანს, წელიწადზე მეტ ხანს ძველ სავარძელზე მეძინა და ზოგადად, საკმაოდ რთულ გარემოში მიწევდა ცხოვრება.
– ვიღაც, ალბათ, დანებდებოდა, დაბრუნდებოდა საქართველოში.
– რა თქმა უნდა, მეც მქონდა ეს ფიქრები: სწორი იყო, რომ წამოვედი, ხომ არ დავბრუნებულიყავი-მეთქი, მით უმეტეს, როცა საქართველოს კვალობაზე, იმ დროს წარმატებული ვიყავი. მაგრამ, მეორე მომენტი იყო ჩემი სიამაყე: რა უნდა ვთქვა, რომ ჩავიჭერი ოცნებების ასრულებაში-მეთქი. საბოლოოდ, ამ გრძნობების შეუთავსებლობამ გადამაწყვეტინა, რომ ამერიკაში დავრჩენილიყავი. გარდა ამისა, ჩემი და სულ მამხნევებდა: ყველაფერი კარგად იქნებაო.
– შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?
– შემდეგ შევხვდი ადამიანს, რომელსაც ბროკერული კომპანია ჰქონდა. მითხრა, რომ მუშაობას დამაწყებინებდა და, თან მასწავლიდა. მასწავლა ვაჭრობა ბაზარზე და ვიყავი საკმაოდ წარმატებული ამ საქმეში. მაგრამ, პარალელურად, იყო ძალიან დიდი სტრესი: წაგებები, მოგებები და თან, მე მაშინ სწრაფი ფული მჭირდებოდა. ასეთ დროს ვაჭრობა არ არის სწორი. რაღაც თანხა ვიშოვე, ნორმალურ ბინაში გადავედი, ნორმალური მანქანა ვიყიდე. მერე ვაჭრობაში საკმაოდ დიდი თანხა წავაგე და მივხვდი, სხვა ეტაპზე უნდა გადავსულიყავი. შევედი ჩრდილოეთ კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ავტოცენტრში და ვითხოვე, მანქანების გამყიდველად ავეყვანე.
– როგორი იყო მათი პასუხი?
– გენერალურმა დირექტორმა, რომლის პოზიციასაც დღეს მე ვიკავებ, უარი მითხრა. დამიწუნეს: გამოცდილი ადამიანები გვჭირდება, დამწყებები არაო. შემდეგ შევედი მფლობელთან და ვუთხრი: თუ არ ამიყვანთ, უბრალოდ, ინანებთ, რადგან ძალიან მაგარი ვიქნები-მეთქი. დამთახმდა, რადგან მან თავის დროზე, კარიერა ამ კომპანიაში სწორედ მანქანების გაყიდვით დაიწყო. მომცა შანსი და მე მეორე თვიდან გავხდი  „კრაისლერ კორპორაციის” კალიფორნიის გაყიდვების საუკეთესო აგენტი. სწრაფად მოხდა ჩემი პოსტიდან პოსტზე გადასმა და დღეს უკვე კორპორაციის გენერალური დირექტორი ვარ, რომელიც სამ კომპანიას ფლობს.

– მიამბეთ ამ კომპანიისა და თქვენი სამსახურის შესახებ.
– ჩვენი კორპორაციის მფლობელობაშია „კრაისლერის,” „დოჯის,” „ჯიპის”, „შევროლეს” და „კადილაკის” ბრენდები. გვაქვს საკმაოდ ძლიერი კორპორაცია, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ჩრდილოეთ კალიფორნიაში, როგორც მანქანების გაყიდვით, ასევე სერვისით. მე ვარ ყველაზე ახალგაზრდა ტოპ-მენეჯერი – 27 წლის ახალგაზრდა არ არის ამ პოზიციაზე. ვცდილობ, დავასაქმო ადამიანები, მივცე მათ იგივე შანსი, რაც მე მომცეს. გარდა იმისა, რომ აქ ვმუშაობ, სამსახურის შემდეგ ვვაჭრობ აქციებით, ასევე კრიპტოვალუტით, რომელიც საქართველოში საკმაოდ პოპულარულია. ამ კუთხით გამოცდილი ვარ, რადგან რამდენიმე წელია, ამ მარკეტზე ვვაჭრობ და ვაპირებ, ქართულ ენაზე გადავიღო კრიპტოვალუტით ვაჭრობის ლექციების კურსი. ეს იქნება აბსოლუტურად უფასო და გასაგებ ენაზე და განხორციელდება რამდენიმე დღეში. თუ დაინტერესდებიან, გავაგრძელებ.
– ამ კომპანიაში პირველი ქართველი ხართ?
– ამ ეტაპზე სამი ქართველი ავიყვანე. მე ვიყავი პირველი და ახლა ისინიც დავასაქმე. არ მაქვს ის მომენტი, რომ, რადგან ქართველია ამიტომ უნდა დავასაქმო. თუ კარგი ადამიანია და თან, ქართველი, ეს პლუსია, უფრო მეტ უპირატესობას ვანიჭებ. მუშაობის გარდა, ვაპირებ გაზაფხულზე ცოლი მოვიყვანო.
– ვინ არის თქვენი შეყვარებული, ქართველია?
– ქართველია, მარიამ პავლიაშვილი, მომღერალი, რომელიც ნიუ-იორკში გავიცანი. შემდეგ ჩემთან გადმოვიდა და ერთად დავიწყეთ ცხოვრება. აპრილში დაქორწინებას ვაპირებთ.
– რას საქმიანობს ამჟამად მარიამი, აღარ მღერის?
– მარიამი ამჟამად არის საკმაოდ დიდი სადაზღვევო კომპანიის სიცოცხლისა და იპოთეკის დაზღვევის პროფესიონალი. წარმატებული კარიერა აქვს. სიმღერა შეაჩერა, მაგრამ აუცილებლად გააგრძელებს: ეს მეც მინდა და მასაც.
– ცოტა ხნის წინ მარიამმა დადო ნიშნობის ფოტო. როდის დანიშნეთ?
– 3-4 თვის წინ დავნიშნე. მარიამის დაბადების დღე იყო, სიურპრიზი გავუკეთე – ვეგასში წავედით მეგობრებთან და მარიამის დეიდაშვილთან ერთად. დაბადების დღის სადილზე, ერთ-ერთ რესტორანში ვთხოვე ხელი და დავრჩით იქ რამდენიმე დღე, მეგობრებთან ერთად. ქორწილს ვაპირებთ სან-ფრანცისკოში, რესტორანში და მეორე ქორწილი გვექნება ჰავაიზე.
– რა დაგეხმარათ ყველაზე მეტად წარმატების მიღწევაში?
– განსაკუთრებული ნიჭით არასდროს გამოვირჩეოდი. არ გამიგია, ვინმეს ეთქვა: ვაიმე, ღმერთო, ირაკლი რა ნიჭიერი ბიჭიაო. რაზეც არასდროს ვიხევ უკან, ის არის, რომ თავს ვაკლავ იმასა, რასაც მიზნად ვისახავ. ბედს, რომელსაც თავად ქმნი, მისთვის ძალიან ბევრს ვშრომობ. დღეს, როცა  სტაბილური ფინანსები გვაქვს, ბევრისთვის ძალიან მდიდარიც ვარ, მე და მარიამს ერთადერთი, რაზეც კამათი მოგვდის, ეს არის: ამდენს რატომ მუშაობო. კვირაში 7 დღე დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე ოფისში ვმუშაობ. შემდეგ მივდივარ სახლში და 9 საათიდან ღამის 2 საათამდე აქციებით ვვაჭრობ. მარიამი უკმაყოფილოა ხოლმე, მაგრამ არც თუ ისე ცუდი ცხოვრება აქვს და ძალიან უკამყოფილოც არ არის.
– ანებივრებთ ყურადღებით, სიურპრიზებით?
– არ ვიცი, რას გულისხმობთ განებივრებაში, მაგრამ ცოტა ხნის წინ მისი ოცნების მანქანა ვაჩუქე, რომელიც მაღაზიიდან გამოვუყვანე „მერსედესის” ცენტრიდან. არაფერი ხდებოდა, უბრალოდ, მინდოდა, საჩუქარი გამეკეთებინა მისთვის.
– რატომ შეიცვალეთ სახელი და გვარი?
– მე ამერიკაში იმისთვის არ ჩამოვსულვარ, თანხა დავაგროვო და უკან დავბრუნდე. მე აქ ცხოვრებას, მომავალს ვაწყობ. შესაბამისად, ჩემი სახელიც უნდა შეესაბამებოდეს იმ ადგილს, სადაც ვარ – როგორც უნდა გამკიცხონ და გამაკრიტიკონ.

скачать dle 11.3