კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ უნდა შევურჩიოთ ბავშვს თამაშები განვითარებისა და ასაკის მიხედვით და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილებთან თამაშისას

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 თამაში ბავშვის ცხოვრების უმეტეს ნაწილს შეადგენს, შესაბამისად, დიდი გავლენა აქვს მის როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებაზე. ბავშვები თამაშის საშუალებით სწავლობენ, ხარჯავენ ენერგიას, იკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობას, იკვლევენ გარემოს. რადგან თამაში ბავშვის „ყოველდღიური სამუშაოა”, მნიშვნელოვანია მისი სწორი ფორმით წარმართვა. როგორ შევურჩიოთ ბავშვს შესაბამისი თამაშები და როგორ დავეხმაროთ მას თამაშით სწორად განვითარებაში, გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი თათია გურგენიძე: თამაშის საშუალებით ბავშვი იგებს თავისი შესაძლებლობების შესახებ, ცდის ახალ იდეებს, უვითარდება წარმოსახვა. სწავლობს ფიქრს, დამახსოვრებას, პრობლემების გადაჭრას, თავისი აზრების, ემოციების გამოხატვას და მათთან გამკლავებას. უვითარდება თვითკონტროლის, პასუხისმგებლობის უნარი, სწავლობს თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობის წესებს, უვითარდება რიგის დაცვისა და გაზიარების ჩვევა. აუცილებელია, მშობელმა დღის განმავლობაში გარკვეული დრო დაუთმოს ბავშვთან თამაშს, 30-40 წუთი მაინც. ეს უნდა იყოს ოჯახის რეჟიმის, რუტინის აუცილებელი ნაწილი.
– მნიშვნელოვანია თუ არა თამაშების შერჩევისას, ბავშვის განვითრების დონე და ასაკი?
– რა თქმა უნდა, ბავშვს უნდა მოვთხოვოთ ის, რაც მის ასაკს შეესაბამება. ასაკობრივი მახასიათებლების გარდა, ასევე, გასათვალისწინებელია ბავშვის ინდივიდუალური განვითარებაც. ზედმეტად რთულმა დავალებამ შესაძლოა, ბავშვში იმედგაცრუება გამოიწვიოს და არასასურველი გავლენა მოახდინოს მის თვითშეფასებაზე.  შეგვიძლია, თამაშისას პერიოდულად შევთავაზოთ შედარებით რთული და განსხვავებული თამაშები, მაგრამ არ დავაძალოთ, თუ ბავშვი უარს იტყვის. როცა ბავშვი გამოავლენს ინტერესს ახალი თამაშისადმი, შეგვიძლია, წავახალისოთ და მასთან ერთად ვითამაშოთ.  უამრავი თამაში არსებობს, რაც სიამოვნების მიღებასთან ერთად, ასევე ბავშვის კონკრეტული უნარების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
– როგორ შევარჩიოთ თამაშები ბავშვის ასაკის მიხედვით?
– შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ასაკობრივი პერიოდი. დაბადებიდან 18 თვემდე ბავშვი გარემოს შეიცნობს ყნოსვით, ხედვით, გემოთი, შეხებით. ბავშვს შეგვიძლია, შევთავაზოთ ფერადი, ხმოვანი სათამაშოები. შეიძლება, გამოვიყენოთ მუსიკალური სათამაშოებიც, დავუკრათ, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ ბავშვთან ერთად. სახალისოა სარკესთან თამაში, ბავშვთან ერთად ჩაიხედეთ, დაუქნიეთ ხელი მისალმების ნიშნად, დაასახელეთ და მიანიშნეთ სხეულის ნაწილებზე. 18 თვე – 3 წლამდე დრო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ამ პერიოდის მთავარი მახასიათებელი აქტიური მოქმედებაა. შეგიძლიათ, წაახალისოთ ბავშვი ირბინოს, იხტუნაოს, ისწავლოს ასაკის შესაბამისი ზომის ველოსიპედის გამოყენება. გამოიყენეთ ასაკის შესაბამისი წიგნები და ბავშვთან ერთად დაათვალიერეთ. დააინტერესეთ, მიაჩვიეთ წიგნთან ურთიერთობას. ეთამაშეთ კუბიკებით, ააწყვეთ სახლი, მატარებელი. პლასტელინით გამოძერწეთ მარტივი ფორმები. ეთამაშეთ სხვადასხვა წარმოსახვითი თამაშები. თამაშისას, სეირნობისას ბავშვთან ერთად დაათვალიერეთ გარემო, ასწავლეთ საგნებზე დაკვირვება, სხვადასხვა მარტივი ფორმები,  ერთნაირი და განსხვავებული საგნები. 3-დან 6 წლამდე პერიოდში უამრავი სახალისო და სასარგებლო თამაში შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს. ეთამაშეთ სხვადასხვა სამაგიდო თამაში, ფაზლები, ლოტო, დომინო და ასე შემდეგ. გააცანით რიცხვები, ასოები. შესთავაზეთ ზღაპრები, წაუკითხეთ, დაუსვით კითხვები, სთხოვეთ, თავადაც მოგიყვეთ.
– რა შეცდომები შეიძლება, დაუშვას უფროსმა ბავშვთან თამაშისას?
– უამრავი სახის თამაში არსებობს, ნებისმიერი შეიძლება, აქციოთ სასარგებლო და სახალისო აქტივობად, მთავარია, სწორად წარმართოთ პროცესი. აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის განვითარების დონეს და  იყოს ბავშვისთვის საინტერესო. ზოგჯერ მშობლებს თავიანთი წესები შემოაქვთ. ცდილობენ, ბავშვმა მათი სურვილები გაითვალისწინოს, კარნახობენ რა, როგორ და როდის გააკეთონ. რეალურად ამით ბავშვს ვაჩვენებთ, რომ მისი სურვილები ნაკლებად მნიშვნელოვანია. არ ვითვალისწინებთ მის აზრებს, ემოციებს. ვართმევთ საშუალებას, შეეჩვიოს დამოუკიდებლობას და გახდეს თავდაჯერებული. რაც უნდა არარეალური, უცნაური და ჩვენთვის უინტერესო იყოს, უმჯობესია, მივყვეთ მის სურვილებს, დავეთანხმოთ, შევაქოთ. ამით წავახალისებთ მის ფანტაზიის უნარს. შეძლებს, გამოხატოს თავისი ინტერესები, ემოციები. ჩვენ კი ვაგრძნობინებთ, რომ მხარს ვუჭერთ. უმჯობესია, თავი ავარიდოთ ბავშვის გაკრიტიკებას. აუცილებელი არ არის ყველაფერი წესების მიხედვით ხდებოდეს. შენიშვნებით ბავშვს ვასწავლით: რომ ის არ არის კარგი, არ შეუძლია რაიმეს კარგად შესრულება, არ მოსწონს მშობლებს. მაგალითად, თუ ბავშვი მზეს დახატავს მწვანედ, ან ვერ ააწყობს კოშკს, ფაზლს, არ არის აუცილებელი, გავაკრიტიკოთ, დავუწუნოთ ნამუშევარი. მთავარია, შევაქოთ და დავაფასოთ ბავშვის მცდელობა. აუცილებელი არ არის, ყველაფერი სრულყოფილად და დადგენილი წესების მიხედვით შეასრულოს. ჩავთვალოთ რომ, ეს უბრალოდ, სწავლის პროცესია, წავახალისოთ, შევაქოთ მცდელობისთვის და დავეხმაროთ ახალი უნარების შეძენაში.
– სწორად იქცევა თუ არა მშობელი, როცა თამაშისას ყველაფერს თვითონ ასრულებს?
– ზოგჯერ უფროსები თამაშისას ყველაფერს თვითონ აკეთებენ. ამით ხელს ვუშლით დამოუკიდებლობის უნარის განვითარებას. მაგალითად: ბავშვი თამაშობს კუბიკებით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ავუწყოთ კოშკი, შეიძლება, დახმარება შევთავაზოთ: „მოდი, ეს კუბიკი სცადე”, „გინდა, მე დაგიჭირო კოშკი, სანამ სხვა კუბიკს იპოვი?”, „იქნებ, ეს ნაწილი სცადო?”. ზოგჯერ ბავშვები მუდმივად ერთ თამაშს ან ზღაპარს ითხოვენ. ეს შეიძლება, მშობლისთვის მოსაბეზრებელი იყოს, ამიტომ უარი უთხრას ბავშვს და სხვა თამაში შესთავაზოს. რეალურად, თამაშის ხშირად გამეორება ბავშვს საშუალებას აძლევს, გაივარჯიშოს თავისი უნარები, იგრძნოს თავდაჯერებულობა. თუ მშობელი, მაგალითად, ფაზლის აწყობის ნაცვლად, ბავშვს ბურთით ახალ თამაშს შესთავაზებს, მან შესაძლოა, ჩათვალოს, რომ ფაზლის აწყობა არ გამოსდის, არ მოსწონს  დედას  და იმედგაცრუება იგრძნოს. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, მშობლები მიჰყვნენ ბავშვის ტემპს და მისცენ იმის კეთების საშუალება, რაც იმ მომენტში მისთვის საინტერესო და აქტუალურია.  
– ნორმალურია თუ არა, ბავშვს ხმაურიანი, მოძრავი თამაშები ავუკრძალოთ?
– ზოგჯერ მშობლები უკრძალავენ ბავშვებს ხმაურიან, მოძრავ თამაშებს, სადაც აგრესიის გამოვლენა და ჩხუბია მოსალოდნელი. ეს შეიძლება, იყოს დაჭერობანა, ომობანა, ან ნებისმიერი მსგავსი ტიპის თამაში, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება, წესებს არ ემორჩილებოდეს.  თუკი ბავშვი მისთვის უსაფრთხო გარემოშია, პირიქით, ასეთი თამაშები სასარგებლო და საინტერესოა. ბავშვი ხარჯავს ენერგიას, ფიზიკურად აქტიურია, ასევე, უვითარდება სოციალური უნარები. თუ  ბავშვები ერთმანეთს ურტყამენ, საშუალება გვეძლევა, მაშინვე ჩავერიოთ და ვასწავლოთ ემოციების სწორი ფორმით გამოხატვა. ვასწავლოთ, რომ შეიძლება, გაბრაზდეს, მაგრამ დარტყმის მაგივრად, თქვას სიტყვებით. ასევე, ვასწავლოთ თავდაცვა. თუ წაართმევენ სათამაშო პისტოლეტს სირბილისას, როგორ მოითხოვოს, თავისი ნივთი დარტყმის ან ტირილის მაგივრად.
скачать dle 11.3