კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 მოპარული ბედნიერება

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹1-3(890)



ყველანაირად ცდილობდა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა. გრძნობდა, მარტივად არ გამოუვიდოდა საკუთარ თავთან ბრძოლა. სარკეში რომ იხედებოდა, სხვანაირ ქალს ხედავდა, სხვას კი არა, სხვანაირს – თვალებში უცნაური სხივითა და ტუჩის კუთხეებში შერჩენილი ღიმილით. ეგონა, მარტო თვითონ ამჩნევდა ამ ცვლილებებს, მაგრამ...
თიკომ ყავით სავსე, ოხშივარავარდნილი ფინჯანი წინ დაუდგა და თვითონაც იქვე, სავარძელში მოირთხა ფეხი.
– აბა, მოყევი!
– თიკო, რა უნდა მოვყვე? ცხოვრება გრძელდება. რადგან ვაპატიე, არც უნდა შევიმჩნიო, რომ მიღალატა.
– სამი დღეა, გაკვირდები და ვგრძნობ, რომ რაღაცას მიმალავ. ჩამოხვედი, მაგრამ თითქოს აქ არ ხარ, ძალიან უცნაურად გამოიყურები.
– საიდან მოიგონე? ხომ იცი, რამდენი საქმე მაქვს, თან წასულიც ვიყავი. სამსახურში ჩემი ასეთი უპასუხისმგებლობა სხვებზეც ახდენს გავლენას. ისევ უნდა იგრძნონ მკაცრი ხელი....
– ნათი... – თვალები მოწკურა თიკომ და ორაზროვნად ჩაიცინა, – მითხარი, რას აკეთებდი იქ?
– რა უნდა მეკეთებინა, გოგო, სტამბოლის ქუჩებში დავხეტიალობდი. შევდიოდი მაღაზიებში, გამოვდიოდი, მერე ისევ შევდიოდი. ისე, ცუდი იდეა არ იყო, რომ გავემგზავრე. შენი მადლობელი ვარ. რომ არ წავსულიყავი, არ ვიცი, მაკო როგორ გადამირჩებოდა.
– დაშორდნენ, იცი?
ქალმა ყავა მოსვა და მხრები აიჩეჩა. თიკომ გაოცებით დაახამხამა წამწამები.
– ანუ, შენთვის სულერთია? იცი, რომ მოსული იყო?
– მართლა? ვინ, მაკო იყო მოსული? მერე, მამაშენი სად ბრძანდებოდა.
– სახლში ბრძანდებოდა და მოვიდა. ზუსტად არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, მაგრამ აცრემლებული რომ გავარდა, მაგის მოწმე ნამდვილად ვარ. უყვიროდა, ამას აღარ გაპატიებო.
– საერთოდ არ მანაღვლებს, აპატიებს თუ არ აპატიებს. არც მამაშენი მიღირს არაფრად და მაკო – მით უმეტეს.
– ანუ, დაშორდებით?
– არა. შეგიძლია, არ ინერვიულო. წავედი, ემოციებისგან დავიცალე და გაიარა.
ნათია ტყუოდა. დიდი ხანია, არ ყოფილა ისეთი სავსე, როგორც ახლა. მართალია, ეს ემოცია მასში „დუღდა“ და ყველანაირად ცდილობდა, გარეთ არ გამოეშვა, მაგრამ ხმამაღლა ამას ვერ იტყოდა. ვერავის გაუმხელდა, შვილსაც კი.
– გუშინ მირიანი ძალიან გააკვირვე და დააფიქრე.
– შვილის ხმამ ისევ რეალობაში დააბრუნა.
– ჰო? ჩემი ბრალი არ არის.
– მგონი, ნერვიულობს, რომ არ ეჩხუბები.
– რატომ უნდა ვეჩხუბო, თუკი მასზე გაბრაზებული არ ვარ. წავალ, შხაპს მივიღებ.
სინამდვილეში, უნდოდა, უსიამოვნო საუბარს დასხლტომოდა. ცხელი წყლის ნაკადს სახე შეუშვირა და ნეტარებისგან დაიკვნესა. სხეულზე ისევ გრძნობდა თბილ, მგრძნობიარე ხელების შეხებას. ცხელი ტუჩების კვალიც ისევ უფორიაქებდა ფიქრებს... მან ეს გააკეთა, გააკეთა ის, რაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდა და მიაჩნდა, რომ უფრო საკუთარი თავის ღალატი იყო, ვიდრე პარტნიორის. ამიტომაც აღარ ბრაზობდა ქმარზე, რომელსაც, ალბათ, ღალატის სულ სხვა მოტივი ჰქონდა, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ცოლ-ქმარს შორის დამაკავშირებელი ძაფი გაწყდა ან ადრე იყო გაწყვეტილი და ახლა გაებლანდათ ფეხებში. ეღიმებოდა მირიანის დაძაბულ, ეჭვით სავსე გამოხედვაზე, გამომცდელ მზერასა და მცდელობაზე, როგორმე გულითადი საუბარი გაება ქალთან. ძალიან სასაცილო იყო ეს ყველაფერი და იმავდროულად, მტკივნეულიც.
პირსახოცის ღუნღულა ხალათში გახვეულმა სავარძელი ფანჯარასთან მიაჩოჩა და სიგარეტს მოუკიდა.
– ნათია... – მირიანი გაკვირვებული უყურებდა ცოლს. საუბრის დაწყებისთვის კი, გამბედაობა არ ჰყოფნიდა.
ქალმა ოდნავ მიაბრუნა მისკენ თავი.
– გისმენ. რის თქმა გინდოდა?
– თიკოსთვის მანქანის ყიდვას ვფიქრობ და შენ რას იტყვი? – მირიანს გაუხარდა, რომ დროულად გაახსენდა შვილი და რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა.
ნათიას გაეღიმა.
– მოდელიც შერჩეული გექნება.
მირიანმა არ შეიმჩნია მისი მსუბუქი ირონია.
– ერთად გადავწყვიტოთ. რამე პატარა და ქალური... მთავარია, ახალი იყოს, რომ ბავშვმა არ იწვალოს.
– საინტერესო ტაქტიკა შეგირჩევია. პრინციპში, ასეთი მიდგომა ამართლებს. თუმცა, ბანალურია, გაცვეთილი, მაგრამ შენგან ორიგინალურს დიდი ხანია, არაფერს ველოდები.
– ვიცი, რომ იმედი გაგიცრუე, გული გატკინე, – კაცმა იფიქრა, ახლა შესაფერისი მომენტია, ურთიერთობა როგორმე რომ დავალაგოთო და გადაწყვიტა, შანსი ხელიდან არ გაეშვა, – ნათია, მეც არ ვიცი, ეს როგორ დამემართა. ძალიან განვიცდი... უცებ რომ წახვედი, ვიფიქრე, რომ...
– აღარ დავბრუნდებოდი? – ქალმა ხმამაღლა გაიცინა, – ალბათ, ეს გერჩივნა.
– არა, არა, რა სისულელეა! პირიქით, ეგ რომ წარმოვიდგინე, ლამის გავგიჟდი.
– რატომ, მაკომ შენი მოლოდინი ვერ დააკმაყოფილა?
– ოჰ, მაკო... ვიცი, ვიცი, რაც იგულისხმე. სულელი ვარ, წინ არ გავიხედე, რაღაცები ვერ გავთვალე.
– მირიან, იქნებ თვითგვემას თავი დაანებო, რაღაც ძალიან კომიკურად ჟღერს. უბრალოდ, გაჩუმდი. ისარგებლე იმით, რომ არაფერს გეკითხები. არც არაფერს გთხოვ, ხომ ხედავ, როგორ გაგიმართლა.
მირიანმა  ეჭვით და შიშით შეხედა ცოლს.
– რაღაცნაირი ხარ, სხვანაირი... ვეღარ გცნობ.
– ადრე სხვანაირი ვიყავი, მირიან? – გაიცინა ქალმა, – როგორი, შეგიძლია, მითხრა?
მირიანმა ამოიოხრა.
– იცი, რა... მგონი, მერჩივნა, გეჩხუბა, ერთხელ გადავიტანდი და მორჩებოდა.
– მართლა? შენ ასე ფიქრობ? იქნებ, არ ვარ გაბრაზებული.
– როგორ თუ გაბრაზებული არ ხარ?! მე ხომ გიღალატე. შენს დაქალთან.
– ვიცი, გამეორება საჭირო არ არის, – ხმა გაუმკაცრდა ნათიას. მერე კი გაეღიმა, – როგორი სასაცილო ხარ, მირიან. მოდი, აღარ ვილაპარაკოთ ამაზე. ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება.
– არაჩვეულებრივი ქალი ხარ. როგორ ვერ დაგაფასე. მაგრამ, გპირდები, ახლა ყველაფერი შეიცვლება. შენ გარდა, არავინ მინდა.
– ჰო? შენ მაგივრად მიხარია. მაკოს რაღას უშვები. იმედი მაქვს, დაელაპარაკები და აქ არ მომივარდება პრეტენზიით, ჩვეს სიყვარულს ხელს ნუ უშლიო.
– მაკოსთან უკვე გავარკვიე ყველაფერი. ნათია, არ გინდა, სადმე გავემგზავროთ? მარტო მე და შენ...
– მერე სამინისტრო? ჩემი ფირმა? ხომ იცი, რომ არ გამოგვივა.
– თუ მოვინდომებთ, გამოგვივა, – დაჟინებით იმეორებდა კაცი და ამ თავისი ახირებით, ძალიან სასაცილო ჩანდა.
– კარგი. მერე ვილაპარაკოთ ამაზე. მინდა, მშვიდად დავლიო ჩაი, რომ მერე სამსახურში წავიდე.
– ხვალ რომ მიღებაზე მივდივართ, ხომ გახსოვს?
ნათიამ თავი დაუქნია.
– მოვემზადები.
– რვა საათზე იქ უნდა ვიყოთ. ხომ იცი, დაგვიანება ცუდ ტონად ჩაგვეთვლება. გამოგივლი სამსახურში და მივიდეთ.
– კარგი. შვიდ საათზე მოდი, – დაეთანხმა ქალი და წამოდგა. ამით კაცი მიახვედრა, საუბარი დასრულებულიაო. მირიანმა ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ცოლთან დაახლოების მცდელობამ დამაკმაყოფილებლად ჩაიარა. ნათიას გაუღიმა და თავის ოთახში გავიდა. ცოტა ხანში ქალმა ჩართული ტელევიზორის ხმა გაიგონა და გაიფიქრა: „კაცები მაინც ძალიან სულელები არიან. ახლა რომ ჰკითხო, იტყვის, რომ ყველაფერი გამოუვიდა. სინამდვილეში, წარმოდგენა არა აქვს, რამ განაპირობა ჩემი სიმშვიდე“, – ნათიამ კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა და თვალები დახუჭა. სარწეველა სავარძელი ნელა ქანაობდა და ოდნავ გასაგონად, ყრუდ ჭრიჭინებდა... თიკომ ვერც სამზარეულოში ნახა ვინმე, ვერც სასტუმრო ოთახში და დედის ოთახისკენ გაემართა. ნათია კარადის წინ იდგა და ტანსაცმელს იზომებდა.
– სადმე მიდიხარ? – ჰკითხა შვილმა და საწოლზე ფეხმორთხმით ჩამოჯდა.
– ხვალ მამაშენს მივყვები საელჩოში მიღებაზე და არ ვიცი, რა ჩავიცვა. ვერ გადავწყვიტე. ამ ყველაფრისგან რაღაც განსხვავებული მინდა. საერთოდ აღარაფერი მომწონს...
– მართალი ხარ. მეც დიდი ხანია, ვფიქრობ, რომ სტილი უნდა შეიცვალო. მესმის, საქმიანი ქალის იმიჯი შენთვის უფრო მოსახერხებელია, მაგრამ საქმიანი ქალიც შეიძლება, იყოს ძალიან ქალური და სექსუალური. მოდი, წავიდეთ და სულ ახალი რაღაცები ვიყიდოთ. უკვე ვიცი, რა მოგიხდება. წავიდეთ რა, წავიდეთ...
– ნუ ხარ გადარეული, – გაეღიმა ნათიას, – მე მხოლოდ ერთი კაბა მჭირდება.
– არა, არა, ბევრი ტანსაცმელი გჭირდება. სულ უნდა შეგცვალო. ნახავ, მამაჩემმა პირი თუ არ დააღოს.
– ეგ რა შუაშია, ნუ ჩერჩეტობ, გოგო...
– ძალიანაც შუაშია და ისეა შეფუცხუნებული... დე, ბოდიში არ მოგიხადა?
– რად მინდა მაგის ბოდიში?! პატარა ბავშვები ხომ არ ვართ. კუთხეშიც ხომ არ დავაყენო?!
– რა ვიცი, მშვენივრად კი ჟღურტულებდით. დაგინახეთ. ისიც შევამჩნიე, როგორ გიყურებდა. იცი, რომ სხვანაირი ხარ? თანაც, შესამჩნევად სხვანაირი. თიკო უცებ ჩაფიქრდა და დედამისს ყურადღებით ჩააშტერდა, – თითქოს აქ ხარ და არც ხარ... და, სადაც ხარ, აშკარად, იქ უფრო მოგწონს.
– თიკო, – რაღაცის ახსნა სცადა შესამჩნევად სახეშეფაკლულმა ქალმა, მაგრამ შვილმა ხელის აქნევით გააჩუმა.
– არ გინდა, ჯობია, ისევ ტანსაცმელზე ვილაპარაკოთ, რადგან თქმას არ აპირებ, არც დაგაძალებ. ისე, თმასაც თუ მოუხერხებ რამეს, კარგი იქნება. არც შენს ვარცხნილობაზე ვგიჟდები მაინცდამაინც.
– ნუ გადაირევი შენ. მოდელობას კი არ ვაპირებ. ტანსაცმლის საყიდლად კი წავიდოდი.
* * *
მირიანმა გვერდზე გადადო აწკრიალებული მობილური და მოიღუშა. „ამ ქალს საერთოდ არ აქვს თავმოყვარეობა“, – გაიფიქრა გაგულისებულმა, მაგრამ ხვდებოდა, რომ მაკოსთან კიდევ ერთხელ მოუწევდა სერიოზული საუბარი. ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ მაკო ნათიამდე არ მიეშვა. თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, ეს როგორ უნდა მოეხერხებინა. ხომ არ ავიღო ბილეთი და ერთი-ორი კვირით საშობაოდ სადმე ხომ არ გავუშვა?! მაგალითად, ეგვიპტეში. კარგი აზრია. ერთი ჩემს მდივანს ვთხოვ, ტურისტულ სააგენტოებში დარეკოს. თუ ერთი საგზურით გადავრჩები, არა უშავს, – მირიანმა საათზე დაიხედა – წასვლის დრო იყო. კაბინეტიდან გასვლამდე სარკეში ჩაიხედა. შეამოწმა, როგორ ედგა ტანზე ახალი კოსტიუმი და უხდებოდა თუ არა მკვეთრი ფერის ჰალსტუხი. ბოლო დღეების ნერვიულობამ თავისი კვალი დაამჩნია. ან შეიძლება, მხოლოდ მოეჩვენა, რომ საფეთქლებთან ჭაღარა მოემატა. „მდა, ქალები გვიჩენენ ჭაღარასაც და ნაოჭებსაც“, – გაახსენდა ვიღაცის ნათქვამი, სადღაც გაგონილი ფრაზა. მდივანს დაურეკა, სთხოვა, მძღოლმა მანქანა მოიყვანოსო...
მიღებებსა და ოფიციალურ ვახშამ-სადილებზე სიარული ძალიან არ უყვარდა. „ფურშეტებს“ ხომ საერთოდ ვერ იტანდა. მაგრამ, ახლა ამ მიღებაზე წასვლა უხაროდა. ცოლთან დაახლოების საშუალებად მიიჩნია. ცოტას დავლევთ, გავმხიარულდებით, ხალხში გამოვჩნდებით... იცოდა, თიკო და ნათია ტანსაცმლის საყიდლად ჯერ კიდევ დილით რომ წავიდნენ. განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია ამ ფაქტისთვის. თუმცა, ცოლის მიმართ უკვე განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. ინტუიციით გრძნობდა, რომ ქალში რაღაც ხდებოდა, რაღაც უჩვეულო.
ფიქრებიდან მძღოლის ხმამ გამოარკვია.
– ბატონო მირიან, თქვენი მეუღლე გირეკავთ.
ტელეფონი აიღო.
– გისმენ, ნათია... რა თქმა უნდა, მოვედი და გელოდები. სად ხარ? რატომ ვერ გხედავ? უცებ მოხდა ის, რასაც მირიანი არც ელოდა და ვერც წარმოიდგენდა... მანქანას ეფექტური ქალი მიუახლოვდა... საკუთარი ცოლი ძლივს იცნო და გაოგნებული მიაშტერდა.
– ნათია, რა გააკეთე ასეთი? ვერ წარმოიდგენ, როგორ გამოიყურები. სრულიად შოკისმომგვრელი ხარ. ვერასდროს ვიფიქრებდი, ცოტათი თამამი ჩაცმულობა ასე თუ მოგიხდებოდა.
– გეყოფა კომპლიმენტები. საჭირო არ არის. ასე ნუ მომშტერებიხარ. წავიდეთ, არ გვაგვიანდება? დიპლომატიური პროტოკოლი დაგავიწყდა?
ნათია აშკარად ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რომ ქმარზე ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა. თვითონაც გრძნობდა საკუთარ თავში მომხდარ ცვლილებებს, რამაც სულ სხვანაირად დაანახვა ცხოვრება. ზუსტად იცოდა, ვინ იყო ამ ყველაფრის მიზეზი, მაგრამ მასზე ფიქრის უფლება არ ჰქონდა. შინაგანი ბერკეტი არ უშვებდა...
დარბაზში ძალიან ბევრი ადამიანი იყო. ძვირფასი სუნამოების მძაფრმა სურნელმა ცხვირის ნესტოებში შეუღიტინა და რამდენჯერმე მაგრად დააცემინა. თავი რომ ასწია, ნაცნობი სახე „დალანდა“ უამრავ სახეს შორის და გაშრა. ესმოდა, მირიანი ვიღაცებს აცნობდა. ისინი რაღაცას ეუბნებოდნენ და ისიც მექანიკურად უქნევდა თავს. მგონი, იღიმებოდა კიდეც, მაგრამ... ნათიას მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. მილურსმულივით იდგა ერთ ადგილას და მონუსხული უყურებდა შამპანურის ბოკალით ხელში მდგარ ძალიან სიმპათიურ მამაკაცს, რომლის უჩვეულოდ ღრმა, უძირო ზღვასავით ლურჯი თვალები, დანახვის დღიდან არ აძლევდა მოსვენებას და სტამბოლში გატარებული ღამეების დავიწყების საშუალებას...
– ნათია, წამოდი, ჩვენი ახალი კონსული უნდა გაგაცნო. ერთი კვირაც არ არის, რაც ჩამოვიდა. მე ერთი წლის წინ გავიცანი. წარმატებული ბიზნესმენია და რამდენიმე სერიოზული ინვესტიციაც განახორციელა საქართველოში. სხვათა შორის, ძალიან კარგად ლაპარაკობს ქართულად.
– ოსმუთ, გაიცანით, ჩემი მეუღლეა...
– ძალიან სასიამოვნოა, ქალბატონო, – მამაკაცი დაიხარა და ხელზე ტუჩებით შეეხო. ნათიას ხელი დაუწვა ამ ცხელმა მრავლისმთქმელმა კოცნამ და გაფითრდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3