კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორი ქრისტიანი განაგებს მუდამ სხვის ყურადღებას, დროსა და ენერგიას და რა შემთხვევაში მიეტევება ადამიანს ღმერთის გმობა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

უნდა გვახსოვდეს მუდმივად, რომ ლოცვა მომდინარეობს სიყვარულისგან, სიყვარული – სიხარულისგან, სიხარული – სიმშვიდისგან, სიმშვიდე – სიმდაბლისგან, სიმდაბლე – მსახურებისგან, მსახურება – სასოებისგან, სასოება – რწმენისგან, რწმენა – მორჩილებისგან, ხოლო მორჩილება – უბრალოებისგან. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):


–  ყოველ დილას მადლობა უნდა შესწიროთ უფალს, რომ მან დაგიფარათ განვლილ ღამეს, რომ ჯერ ისევ ცოცხალი ხართ და არ მომწყდარხართ საკუთარ ცოდვებში. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი წარდგა იმ ღამეს ღვთის სამსჯავროს წინაშე და თქვენთვის ეს დღე ჯერ არ დამდგარა. ყოველდღე უნდა ფიქრობდეთ იმაზე, ცხოვრება მხოლოდ ახლა იწყება და გსურს, რომ იყო ქრისტიანი და წარსული დრო ტყუილად დაკარგე... ცოდვა ხშირად სწორედ ფიქრის დროს იბადება, ეს კი განსაკუთრებით ლოცვის დროს ხდება. ხშირად ადამიანს სწორედ ასეთ დროს მოსდის მაცდური ფიქრები, რომელთაგან გაშორებაც ძალიან უჭირს და შემდეგ მათ ხშირად ქმედებაში ახორციელებს. პირველი მომენტი ცოდვისა არის ნდომა, როცა ადამიანის ცნობიერებაში მხოლოდ გამოისახება ესა თუ ის საცდური. თუკი პირველ მომენტშივე ის მტკიცედ და დაუყოვნებლად უარყოფს ცოდვას – კი არ შესცოდავს, არამედ დაამარცხებს ცოდვას და ამ დროს ყველაზე ადვილია საცდურის დაძლევა. თუ ნდომა უარყოფილი და დაძლეული არ იქნება, ის გადადის გაურკვეველ მისწრაფებაში, შემდეგ კი – ცოდვის ჩადენის მკაფიო სურვილში. ამ დროს ადამიანი ცოდვისკენ მიდრეკას იწყებს. თუმცა, ამ შემთხვევაში, მას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეუძლია, არ აჰყვეს ცოდვის საცდურს და არ შესცოდოს. ამაში კი, მას საკუთარი სინდისი და ღმერთი დაეხმარება, თუ მას მიმართავს. გაცილებით ძნელია ცოდვასთან ბრძოლა მაშინ, როცა ის, ხშირი გამეორების გამო, ჩვევად იქცევა. საერთოდ, ადამიანი ნებისმიერ ჩვევად გადაქცეულ ქმედებას იოლად სჩადის, თითქოს შეუმჩნევლად, თავისთავად. ამიტომაცაა, რომ ჩვევად ქცეული ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლა უჭირს. მისთვის უკვე ძნელია არა მხოლოდ საკუთარი თავის დაძლევა, არამედ, მოახლოებული ცოდვის შემჩნევაც კი უმაღლესი ხარისხის ცოდვაა, როცა ის უკვე სრულებით იმონებს ადამიანს. არის ვნება ამა თუ იმ ცოდვისმიერი ტიპისა. ამ მდგომარეობაში ადამიანს უკვე აღარ შეუძლია, ეზიზღებოდეს საკუთარი თავი როგორც მანკიერება და მთლიანად ემორჩილება მას თავის განცდაში, მოქმედებასა თუ განწყობაში.
– რა ცოდვისთვის თავის დაღწევვა არ შეუძლია ადამიანს?
– არსებობს მომაკვდინებელი ცოდვა, როცა ადამიანი იმგვარ ცოდვილ მდგომარეობაში იმყოფება, ეკლესიური ლოცვაც ვერ უშველის. ამის შესახებ პირდაპირ ამბობს მოციქული იოანე ღვთისმეტყველი. უფალი, იესო ქრისტე, ამ ცოდვის თაობაზე ბრძანებს, რომ ის – გმობაა სულიწმიდისა და არ მიეტევება ადამიანებს არც წუთისოფელში და არც მომავალში. ვინც მომაკვდინებელი ცოდვით სცოდავს, შეუპოვრად და შეგნებულად ეწინააღმდეგება უცილობელ ჭეშმარიტებას და ამიტომ გმობს ჭეშმარიტების სულს – უფლის წმიდა სულს. თავად უფალი იესო ქრისტეს გმობაც კი შეიძლება, მიეტევოს ადამიანს, თუ ეს გონების დროებითი დაბინდვისას ან უცოდინრობით იქნება ჩადენილი. ათანასე დიდის სწავლებით, სულიწმიდის გმობა იმ შემთხვევაში მიეტევება შემცოდეს, როცა ადამიანი შეწყვეტს ამ გმობას და მოინანიებს. ცოდვა სამი წყაროდან იღებს სათავეს: თავად ადამიანის სხეულისგან, წუთისოფლისგან და ეშმაკისგან. რაც შეეხება ადამიანის სხეულს, სავსებით ეჭვგარეშეა, რომ მრავალი მიმართებით ის წარმოადგენს წყაროს და საბუდარს ზნეობის საწინააღმდეგო მიდრეკილებისა და მისწრაფებისა. წინაპართა ცოდვა – ეს ჩვენი საერთო მიდრეკილებაა ცოდვისადმი, მემკვიდრეობითობა ჩვენს წინაპართა ცოდვებისგან და ჩვენი საკუთარი ცოდვები – ყველაფერი ეს რომ გროვდება, ერთმანეთს აძლიერებს და ქმნის ჩვენს სხეულში საცდურს. უფრო ხშირად ცოდვების წყაროდ კი წუთისოფელი გვევლინება – გარემო, გარშემო მყოფი ხალხი, კეთილდღეობანი და ასე შემდეგ. ძირითადი წყარო ცოდვისა კი ეშმაკია, რომელიც ებრძვის ადამიანებს და ცდილობს, დაღუპოს თიოეული ჩვენგანი.
– რატომ განიცდიან ადამიანები მუდმივად უკმაყოფილებას?
–  არ არის სასურველი გამოუცდელ ადამიანებთან გულახდილი საუბარი. არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ვინმე უცხოსავით დაგიწყებთ ყურებას, როდესაც მათ რაღაცას ვერ ეუბნებით, რადგან, ისინი სხვანაირად აზროვნებენ. როცა უკმაყოფილო ხარ ყველაფრითა და ყველასი: ცოლის, შვილის, მეზობლის, მეგობრის – აი, ეს არის უკმაყოფილების განცდა. ამას კი ხშირად იმით ნიღბავენ, რომ – „მე ვარ ძალიან წმიდა, პატიოსანი; არ შემიძლია, ეს მოვითმინო“... აღშფოთებულები, გაკვირვებულები არიან და თავიანთ გარშემო არაფერი მოსწონთ, არიან მუდმივად განკითხვაში. აი, აქედან მოდის მუდმივად განკითხვა: როცა არავინ და არაფერი მოგწონს. უკმაყოფილო ხარ შენ და ნიღბავ იმით, თითქოსდა იმხელა სულიერების მქონე ხარ, რომ გარშემო არაფერი აღარ მოგწონს. სანამ საუბარს დაიწყებთ, ან რამის აღსრულებას დააპირებთ, დაფიქრდით, სულიერი განსჯით მოიფიქრეთ, რადგან, შეიძლება, თქვენი განსჯით, სიტყვით, უკმაყოფილებით სხვა ადამიანი დაიღუპოს. ნურასდროს იკამათებთ და ნუ მოჰყვებით თავის დაცვასა და მართლებას. უნდა იყოთ გულწრფელნი და გულით, სიყვარულით მიიღეთ დარიგება, შენიშვნები და მხილება სხვათაგან, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყოთ. არ უნდა იყოთ მოძულეები, შურიანები და ზედმეტად მკაცრები სიტყვასა და საქმეში. რაც თქვენთვის არ გსურთ, იმას სხვას ნუ გაუკეთებთ და, რაც გინდათ, რომ სხვებისგან მიიღოთ. ის თავად გაეცით. სიამაყე უკიდურესი თავდაჯერებულობაა, რომელიც უარყოფს ყველაფერს, რაც მისი არ არის. ის რისხვის, სისასტიკისა და ბოროტების წყაროა, ხშირად კი – ღმერთის შეწევნის უარყოფაც. ის თითოეული ცოდვის შემადგენელი ნაწილია. ამაყი, ჩვეულებრივ, ვერ ხედავს საკუთარ ცოდვას. თუკი ადამიანს უჭირს პატიების თხოვნა; ადვილად სწყინს, ეჭვიანია; თუ ბოროტება ახსოვს, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობს; სხვებს განსჯის, საკუთარ თავში კი, დირესაც ვერ ხედავს, ეს ყველაფერი უკვე სიამაყის უტყუარი ნიშანია. ამ დროს ადამიანში ჩნდება საკუთარი უპირატესობის გულწრფელი რწმენა. საკუთარ თავში ზედმეტი თავდაჯერებულობა ხშირად მკაცრი, სხვისთვის დამამცირებელი განკარგულებების გაცემაში ვლინდება – ამით ის სხვების თავისუფალ ნებას ესხმის თავს. თუმცა, ვერ იტანს, როდესაც ოდნავ მაინც ეხებიან მისას. განაგებს სხვის ყურადღებას, დროს, ძალებს, ენერგიას; ხდება კადნიერი და თავხედი; მისი საქმე მნიშვნელოვანია, სხვისი – უმნიშვნელო. ის ყველაფერს ჰკიდებს ხელს და ყველაფერში ერევა. როცა წინააღმდეგობას აწყდება, უკუქმედებებს იწვევს, ღიზიანდება, ჭირვეულობს, ჯიუტდება. დარწმუნებულია, რომ მისი არავის ესმის, ახლობლებსაც – კი. ხარბად ცდილობს, გახდეს ცნობილი, თუნდაც სკანდალურად და ამისთვის ყველანაირ გზას მიმართავს.
– რა ელოდება ამაყ ადამიანს?
– ამაყი საბოლოოდ მარცხდება ფსიქოლოგიურად: მას იპყრობს სევდა, სიბნელე, უარყოფა, სიბრაზე, მორალური მარტოობა, სულიერი სიკვდილი, რომელიც ხორციელ სიკვდილს უტოლდება. ამიტომ, საჭიროა, მას დავუპირისპიროთ თავმდაბლობა, ადამიანებისადმი უანგარო სიყვარული, სამართლიანობა, წყენის დათმენა, საკუთარი თავის უკანასკნელ ადგილზე დაყენება. სხვისი მდგომარეობის გათვალისწინება და მის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა, ზნეობრივი კანონების დაცვა ისევე, როგორც უფლის მცნებების. ზნეობრივი კანონები ითვალისწინებს ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიას – ის ხომ ადამიანისთვის ფარი და ჯავშანია, განამტკიცებს ადამიანებს შორის სიყვარულს, პატივისცემას და იცავს მათ ღირსებას. ზნეობრივ ქცევას ალტერნატივა არ აქვს, ის ყოველთვის თანამედროვეა, მოდაშია, რადგან, ადამიანის სასარგებლოდაა მიმართული.
скачать dle 11.3