კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ იყენებენ რუსეთი და თურქეთი პანკისის ხეობას ერთმანეთთან ბრძოლის პლაცდარმად და როგორ ცდილობს რუსეთი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

 პანკისის ხეობას კარგა ხანია, თვალი დაადგა რუსეთის ფედერაციამ: ისლამური სახელმწიფოს განადგურების დაწყებამდე პანკისს ჯიჰადისტების სამჭედლოდ წარმოაჩენდნენ (რუსული მედია აქტიურად ამზადებდა რუსეთის საზოგადოებრივ აზრს საამისოდ), ახლა კი პანკისს რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების მოხვედრის მთავარ არტერიად ასახელებენ (უკვე რამზან კადიროვმაც გააკეთა მსგავსი განცხადება, ადგილზევე გავანადგურებთო). წყალი არ გაუვა, რომ რუსეთი დაინტერესებულია პანკისის ხეობის კონტროლით და არა მხოლოდ ტერორისტების ალაგმვის მიზნით; მეორე მხრივ, არა მხოლოდ რუსეთის, პანკისის ხეობაში ვითარების არევა სხვა სახელმწიფოების ინტერესიცაა. მით უფრო, ისიც ფაქტია, რომ პანკისის ხეობიდან სამ ათეულამდე ჩვენი თანამოქალაქე მართლაც იბრძოდა ისლამური სახალიფოს რიგებში (ოღონდ რუსეთიდან –  რამდენიმე ათასი რუსეთის მოქალაქე) და ისიც, რომ საქართველო ტერორისტების სატრანზიტო გზაზე მდებარეობს გეოგრაფიულად. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკ ბესო ალადაშვილთან ერთად ვისაუბრებთ თემაზე, თუ ვის აძლევს ხელს და ვის შეუძლია პანკისის ხეობის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენება.
– პანკისის ხეობა მართლაც ჩვენი აქილევსის ქუსლია თუ ვიღაც ცდილობს, მის ჩვენს აქილევსის ქუსლად ქცევას?
– ისტორიულად, ჩრდილოეთ მიმართულება შუა საუკუნეებიდან მოყოლებული,  ყოველთვის სუსტი წერტილი და ხიფათის შემცველი იყო და იმდროინდელ ქართველ მეფეებს, ერეკლესაც, უწევდათ ჩრდილოეთიდან წამოსული მცირე შეიარაღებული ბანდების მოგერიება. ჩრდილო კავკასია ძალიან ჭრელია ეთნიკურად და ეს ისტორიული პრობლემაა. ზოგადად, მთის ხალხი მეომარია. გახსოვთ, რომ რუსეთის იმპერიას, სანამ ჩრდილოეთ კავკასიაში არ დამკვიდრდა და შამილი არ გაანეიტრალა, თუმცა აკონტროლებდა სამხერთ კავკასიას, ზურგში ჰქონდა  ჩრდილოკავკასიის თურქულენოვანი, მაჰმადიანური პრობლემური რეგიონი, რომლებიც მუდმივად იბრძოდნენ იმპერიის წინააღმდეგ. ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხია. თუმცა, განსაკუთრებით, საქარველოს პირველი რესპუბლიკის დროს ჩვენ და ჩრდილოკავკასიელებმა საერთო ენა გამოვნახეთ, მაშინდელი ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლისას. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ და იკრიბებოდნენ ჩრდილოკავკასიელი ლიდერები, რომლებთან ერთად, იგეგმებოდა ბრძოლა როგორც წითელი, ისე თეთრი რუსების წინააღმდეგ, რომლებიც რეალურად, ისევ რუსეთის იმპერიის აღდგენისთვის იბრძოდნენ.
– ბოლო მოვლენების დროს ძალიან უსიამოვნო ტექსტები მოვისმინეთ ჩვენი პანკისელებისგან: რომ დახმარებას სთხოვენ ჩეჩნეთს, არ უნდათ, წავიდნენ ქართველი დებისა და ძმების წინააღმდეგ, მაგრამ… მათმა ნაწილმა ვითომ ვერ გააცნობიერა, რომ ქართული სახელმწიფოს შვილები არიან და ბოლომდე ვერ აღიქვამენ თავს საქართველოს მოქალაქეებად?
– ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ მათ სპეციფიკური რელიგიური და ეთნიკური შეხედულებები აქვთ და ეს გასაკვირი არ არის. ამ რეგიონისადმი საქართველოს ხელისუფლების მართვის ფორმა დიპლომატიურია და, ზოგადად, განსაკუთრებით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ, ეს ურთულესი პრობლემაა. პირველი იყო სამაჩაბლოს კონფლიქტი, შემდეგ –  აფხაზეთის და იქიდან მოყოლებული ეს რეგიონი რუსეთის ხელისუფლების ხელში, გახდა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. ჩრდილო ოსეთიდან და, ზოგადად, ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკის წარმომადგენლები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სეპარატისტების მხარეს ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლაში.
ეს რაც შეეხება ჩვენი საზღვრის მიღმა არსებულ სიტუაციას. საქართველოს საზღვართან მცხოვრებ ჩვენს მუსლიმან მოქალაქეებს საკმაოდ მჭიდრო ეთნიკურ-კულტურული და რელიგიური კავშირი აქვთ თავიანთ თანამოძმეებთან ჩრდილო კავკასიაში. იმავე რუსეთ-ჩეჩნეთის ომების დროს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იბრძოდა ჯერ დუდაევის, შემდეგ –  მასხადოვის მხარეს. შესაბამისად, ეს რეგიონი სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური კავკასიის გეოპოლიტიკური ინტერესების სფერო იყო, განსაკუთრებით თურქეთის. მათ მჭიდრო რელიგიური კავშირი აქვთ, სუნიტური და, ამდენად, თურქეთი ყოველთვის ცდილობდა, ეს რეგიონი ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, რუსეთის დასუსტების ფონზე, ბუნებრივია, თურქეთის სპეცსამსახურებიც და სხვა მოხალისეებიც, აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას იმავე ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ასე ლაგდებოდა ისტორიულადაც და საქართველო, როგორც სატრანზიტო გზა, სწორედ მაშინ გაიხსნა და, ძირითადად, თურქეთიდან მოხალისეებისა თუ შეიარაღებული დაჯგუფებების დიდი მოძრაობა იყო. გახსოვთ, რომ  მაშინ საქართველოს უამრავი პრობლემა ჰქონდა: სამოქალაქო ომი, ორი კონფლიქტი და საზღვრის გაკონტროლებაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. ასე რომ, პანკისის ხეობა, რომელიც დაქსელილია საუღელტეხილო გადასასვლელებით რუსეთის ტერიტორიაზე, მაშინაც გახდა მებრძოლების მომზადების ცენტრი, ერთგვარი ბაზა და დასვენების ადგილი. ეს ცნობილი ფაქტია და როცა უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი, 2000-იანი წლების დასაწყისში, მაშინაც გვქონდა მნიშვნელოვანი პრობლემა: ვერ კონტროლდებოდა ეს რეგიონი. გახსოვთ, იყო ნარკოტრანზიტი.
– მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, 1998 წლის ბოლოს პანკისის ხეობიდან მიმავალ გზაზე, გზის პირას როგორ იდგნენ მანქანები. იქვე მუქსათვალიანი და ავტომატიანი მამაკაცები, როგორც ქისტმა გამყოლებმა მაშინ ამიხსნეს, ქისტი გამყოლის გარეშე, პანკისში ვერ ახვიდოდი, მათი ნაწილი ნარკოტიკს ჰყიდდა და იქ, ზოგი მუშტარს ელოდებოდა, ზოგი კი –  ნარკოტიკს.
– დიახ, ნარკოტრანზიტის გზა იყო და ასევე, ხშირად ხდებოდა გატაცებებიც თავისი გამოსყიდვებით. რეალურად, მაშინ უკონტროლო ტერიტორია გახლდათ პანკისის ხეობა და აქტიური ბრძოლა ამის წინააღმდეგ 2001 წლიდან დაიწყო. საინტერესო ფაქტია, რომ მაშინ შეერთებული შტატები და რუსეთი ერთობლივად მოქმედებდნენ და საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა, ორივე მხარეს დახმარებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც პუტინი ახალი მოსულია რუსეთის ხელისუფლებაში და არ არის ჩამოყალიბებული, როგორც 2008 წლისა თუ დღევანდელი პუტინი. მაშინ ის თამაშობდა დემოკრატობანასა და პროდასავლურობას, იმიტომ რომ, რეალური ძალა ჯერ არ ჰქონდა და იძულებული იყო, ეს გეოპოლიტიკური დახმარება მიეღო შეერთებული შტატებისგან. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, რუსეთი საოცრად დასუსტებული იყო, რუსეთში რამდენიმე სეპარატისტულად განწყობილი რესპუბლიკა, ფაქტობრივად, არ ემორჩილებოდა მოსკოვს და ასეთ პირობებში შტატებთან შეხების საერთო წერტილი აღმოჩნდა პანკისის ხეობასა და ზოგადად, ჩრდილო კავკასიაში ერთობლივი ოპერაციების ჩატარება. რასაც აშშ-ის, რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურები ერთობლივად ატარებდნენ. რა თქმა უნდა, ბოლომდე მაშინაც არ ენდობოდნენ ერთმანეთს რუსეთი და ამერიკა, თითოეულს თავისი ინტერესი ჰქონდა საბოლოოდ, თუმცა იმ პერიოდში დაიწყო სიტუაციის დარეგულირება პანკისის ხეობაში. ოღონდ შემდეგ გვახსოვს, პანკისის ხეობის რამდენიმე დაბომბვა რუსეთის მიერ; მუდმივად ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო და პანკისი არის ტერორისტების მომზადების ცენტრი, მათი სატრანზიტო გზა. საქართველოს ხელისუფლებამაც იცოდა ეს და ცდილობდა, შეეცვალა ვითარება, ამერიკელებიც გვეხმარებოდნენ. რუსეთი ისევ სათავისოდ იყენებდა ამას. მას ჰქონდა იმის ოპერატიულ-აგენტურული შესაძლებლობა, ყველა იმ შეიარაღებულ დაჯგუფებაში ჰყოლოდა თავისი აგენტურა და მათი გადაადგილების მარშრუტები იცოდა წინასწარ. ხშირად შეტყუებით ოპერაციებსაც ატარებდა, რომ საზღვარზევე გაენადგურებინა შეიარაღებული მებრძოლები. მაშინ უკვე პუტინმა შესთავაზა საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაცია და იმთავითვე ჩანდა, რა იყო რუსეთის მიზანი. მაშინ უკვე გადაწყვეტილი იყო რუსული ბაზების გატანა თბილისიდან, ახალქალაქიდან და ბათუმიდან და უნდოდა, სანაცვლოდ, აქ შეექმნა ანტიტერორისტული ცენტრის იმიტაცია.
– ბათუმში უნდოდათ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა, წინა ხელსიუფლების გარიჟრაჟზე.
– გასაგებია, ეს იყო სიტუაციის აფეთქების მცდელობა. დიდი ექსკურსი გამომივიდა, მაგრამ ფაქტია, პრობლემა იყო, არის და მომავალშიც იარსებებს.
– მე ვადევნებ თვალს რუსულ მედიას, სადაც პერიოდულად აქტიურდება საქართველოდან ტერორისტების შეჭრის თემა. ახლაც იგივე მდგომარეობაა. მეორე მხრივ, აშშ-ის სახდეპარტამენტის ორ ანგარიშში იყო ნახსენები პანკისი, როგორც ტერორისტების ბუდე და კრიტნს არ ძლავდნენ არც აშშ და არც რფ თურქეთზე, თითქოს ტერორისტები პროპელერებით დაფრინავენ აქედან იქით ან პირიქით. ახლაც არავინ ახსენებს თურქეთს. მგონია, რომ მხოლოდ რუსეთის ინტერესი არ არის პანკისი. კიდევ ვისთვისაა ხელსაყრელი პანკისისგან საფრთხობელის შექმნა?
– ჩვენი რეგიონის სახელმწიფოებისთვის, უპირველესად, თურქეთისა და რუსეთისთვის და ნაკლებად, ირანისთვის. ირანი უფრო აზერბაიჯანში აქტიურობს. რუსეთი და თურქეთი ცდილობენ, პანკისის ხეობა გამოიყენონ პლაცდარმად. თურქეთი ცდილობს, პანკისი გახდეს რუსეთში შესაღწევი პლაცდარმი, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს რუსეთში, რადგან სხვა სახმელეთო გზა არ აქვს, მით უფრო, რომ ყირიმის ნახევარკუნძული ჩაეკეტა. რუსეთის ინტერესი კი ისაა პანკისში, რომ მან თავისი ტერიტორიიდან ჩვენს ტერიტორიაზე გადმოანაცვლოს საბრძოლო მოქმედებები. ამიტომ აქ ტერორისტებისა და „ბოევიკების“ არსებობა მუდმივი თემაა მათთვის.
– და შემოიყვანოს თავისი სამხედრო ნაწილები და გამაგრდეს, ჩემი ვარაუდით, ეს სურვილიცაა.
– რუსეთის მოქმედებებს ვუყურებთ სირიაში, უკრაინასა და ყირიმის პრეცედენტსაც თუ დავამატებთ, ცხადია, დღეს მსოფლიო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, თუ რუსეთმა მოინდომა, რომ დაიკავოს პანკისი, ისევე, როგორც სამაჩაბლო დაიკავა. დასავლეთის პოლიტიკოსები და თვითონ დასავლური დემოკრატია მაინც სხვა გარემოში ცხოვრებასაა მიჩვეული: უკონფლიქტობა, სიმშვიდე უყვართ და აქვთ კიდეც ამის საშუალება. ამიტომ თვალს ხუჭავდნენ რუსეთის მოქმედებებზე საქართვეელოში, სანამ უშუალოდ, მათ საზღვრებამდე არ მივიდა კონფლიქტი. სანამ ყირიმის ანექსია არ მოხდა და ტერიტორიით ევროპის უდიდეს სახელმწიფოში –  უკრაინაში არ დაიწყო კონფლიქტი, მანამდე ყური არ შეიბერტყეს. თუმცა ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს არც კი ახსენებდნენ, რომ პირველი პრეცედენტი, როდესაც რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, იყო აფხაზეთის ოკუპაცია, შემდეგ –  სამაჩაბლოს ოკუპაცია და ბოლოს ორივეს ანექსია. მაშინ დასავლეთი, სამწუხაროდ, ჩუმად იყო და დღეს პანკისის ხეობა ისევ რჩება თვალშისაცემ პრობლემად.
– ამ სიტუაციაში, ამ რუსული სურვილების ფონზე, ჩვენ როგორ გამოვიყურებით: საკმარისი საბუთები გვაქვს, რომ წარმატებით ვებრძვით ტერორიზმს და რუსეთს საფრთხე არ ემუქრება საქართველოდან? ატყობთ, რომ შესაძლოა, სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს ჩვენს ტერიტორიაზე?
– პანკისის ამ პრობლემის გამოყენებას ბევრი სახელმწიფო ცდილობს. თუმცა ობიექტურად, პანკისში იგივე პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოში, უბრალოდ, იქ უფრო გამწვავებულია, ვიდრე სხვა რეგიონებში. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, გართობისა თუ კულტურული ცენტრების არარსებობა და, ამდენად, მათი ალტერნატივა იყო და არის ისლამური სახელმწიფო და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები. ბუნებრივია, ამან ძალიან ბევრი აცდუნა და არა მარტო ახალგაზრდები. ისლამურ სახალიფოსა და ზოგადად, ტერორისტულ ორგანიზაციებს იდეოლოგიური მუშაობა უმაღლეს დონეზე აქვთ და შორს წავალთ, ეს რომ გავშიფროთ. აქ მეორე მომენტია: ჩვენი ხელისუფლებისა და ამ შემთხვევაში, მხედველობაში მყავს ჩვენი სპეცსამსახური, მუშაობის ეფექტიანობაზეა, მოზომილ და ძალიან ფაქიზ მიდგომებზეა დამოკიდებული, რომ პანკისის ხეობა კვლავ არ გვექცეს სერიოზულ პრობლემად. რეალურად, უკვე ვართ რაღაც ზღვართან, ამიტომ ჩვენი სპეცსამსახურების პროფესიონალიზმთან ერთად, ეს მოითხოვს ძალიან მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და თურქეთთან, რათა მუდმივად შევქმნათ დაზღვევითი მექნიზმები მოსალოდნელი რუსული აგრესიის პრევენციისთვის. ამის მაგალითია ბოლო ანტიტერორისტული ოპერაცია თბილისში: მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა პანკისთან. იმიტომ რომ, დაღუპულები და ერთი დაკავებულიც, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და მათი ძირითადი ბაზა მაინც პანკისის ხეობა იყო. მართალი ბრძანეთ: ციდან ხომ არ ჩამოფრინდნენ?! თურქეთის ამხელა ტერიტორია უპრობლემოდ გადმოლახეს და, ამდენად, ჯერ ხომ თურქეთის ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს პასუხი?!
– ცხადია, ოღონდ ისევ არავინ იღებს ხმას თურქეთზე.
– იმავე ახმედ ჩატაევზე თურქეთში უამრავი საქმე იყო აღძრული. თუმცა, როდესაც ჩვენი ტერიტორია გადმოკვეთეს, უკვე ჩვენი პრობლემები დაიწყო. სასაზღვრო კონტროლი ურთულესი საქმეა, თუ, რა თქმა უნდა, ტერორისტებს აქ არ ჰყავდათ ხელშემწყობები და ისე არ შემოვიდნენ საქართველოში და ეს ვარაუდიც პანკისს უკავშირდება. ამ პროცესმა გამოაჩინა საკანონმდებლო ხარვეზებიც: ჩვენ არ ვიცით, ასეთ დროს რა უნდა გაშუქდეს, რა უნდა დარჩეს საიდუმლოდ. რა არის ეროვნული უშიშროების საკითხი და რა არის საზოგადოების აუცილებელი ინფორმირებისთვის. აი, ეს საკითხებიც გადასაწყვეტია.

скачать dle 11.3