კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№2 რატომ არ უყვარს ლევან წულაძეს ახალ წელს სტუმრების მისვლა და როდის ერიდებოდა მისთვის „მამას” დაძახება თინათინ წულაძეს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ლევან (ჭოლა) წულაძისა და მანანა კოზაკოვას შვილს, თინათინ წულაძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. თინათინი თითქმის ორი წელია, რაც ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების” სოლისტია და სცენას, ქართულ ცეკვებს განსაკუთრებულად უხდება. თინათინმა რამდენიმე სპექტაკლზეც იმუშავა, მათ შორის, მამასთან ერთად და ამ მხრივაც აქვს საინტერესო გეგმები.
თინათინ წულაძე:
2017 წელი, უპირველეს ყოვლისა, „სუხიშვილებთან” იყო დაკავშირებული. ძალიან დატვირთული წელი გვქონდა – გასტროლები, კონცერტები. ახალი ცეკვები დავდგით, რაც ახალი მიმდინარეობის დასაწყისია და ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა, რადგან თავიდანვე ვიყავი ჩართული პროცესში.
– როგორია ილიკოსთან და ნინოსთან მუშაობა?
– ილიკოსთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. მას აქვს ცეკვების დადგმის საინტერესო მეთოდი. ილიკოს აქვს საოცარი პლასტიკა, განსხვავებული, თავისი და ვერაფრით ვერ მიბაძავ. ამიტომაც გვაძლევს თავისუფლებას, გვაჩვენებს და გვეუბნება: მინდა, ვნახო, თქვენ როგორ მოირგებთ. მინდა, თქვენი ინდივიდუალიზმი ჩანდესო. მერე შეაქვს კორექტივები: ეს ასე მინდა, ეს ასე არ მინდა და საბოლოო ჯამში, გამოდის ძალიან კარგი. ილიკოსთან მუშაობა ამიტომაც განსაკუთრებული და სასიამოვნოა. ქალბატონი ნინო ჩვენი წესრიგში მომყვანია. კოსტიუმები მას ეკუთვნის, საოცარი ფერებია და ძალიან უხდება ახალ ცეკვებს.
– რომელმა უფრო მეტად იცის შენიშვნების მიცემა ან შექება?
–  ყოველთვის გვეუბნებიან: კარგი კონცერტი იყოო, მაგრამ ინდივიდუალურად არ გვაქებენ და სწორიც არის. როცა კმაყოფილები არიან, ამას ისედაც ვხვდებით და ისიც ზუსტად ვიცით: ვინ რა დავაკელით. თუ შენიშვნა არ მოგვცეს, ესე იგი, კარგი იყო.
– მახსოვს, ჯერ პრაღაში სწავლობდი, შემდეგ ნიუ-იორკში.
– კი. ჩემი სწავლა ეხებოდა თეატრის ქორეოგრაფიას და ახლა პირველ ნაბიჯებს ვდგამ ამ მიმართულებით. ამიტომაც წავედი და პლუს ამას, გავიზარდე როგორც მოცეკვავე. მარჯანიშვილის თეატრში სამ სპექტაკლზე ვიმუშავე: ანუკი ხიდაშელთან, სანდრო ელოშვილთან და მამასთან.
– ალბათ, ეს ყველაფერი გარკვეულ ემოციებს უკავშირდებოდა, რადგან იმ თეატრში, იმ ხალხთან მოგიწია  მუშაობა, სადაც ბევრი წელი გაქვს გატარებული?
– უცნაური იყო, რადგან ამ ხალხთან ერთად ვიზრდებოდი. ოჯახის წევრები არიან, მთელი ბავშვობა მათ გვერდით მაქვს გატარებული და უცებ: საქმიანი ურთიერთობა დამყარდა. ცოტა მერიდებოდა, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო.
– როგორი იყო მამასთან მუშაობა?
– მთავარია, რომ უკმაყოფილო არ იყო. მამასთან მუშაობა არ მეგონა, თუ ასეთი კარგი იქნებოდა. როგორც ილიკო, მამაც თავისუფლებას მაძლევდა, თუმცა პირდაპირაც მეუბნებოდა: ეს არ მინდა, ეს არ მომწონსო. ბევრჯერ ამოუღია ის, რაზეც მე ბევრი ვიფიქრე. ძალიან მეხმარებოდა, ცდილობდა, გავერკვიე, რადგან ჩემთვის ახალი იყო. თან, მამა ძალიან მკაცრია მე და დედას მიმართ, აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში. ვამბობდი: ახლა თუ გამომლანძღა-მეთქი. მაგრამ, პირიქით იყო, თან ისე მესაუბრებოდა – როგორც შვილს კი არა. იმდენად სამუშაო გარემო შექმნა, ზოგჯერ რომ მამას დავუძახებდი, ცოტა მერიდებოდა, მინდოდა, მიმემართა: ბატონო, ლევან.
– სხვანაირი მამა დაინახე?
– არა, რადგან მთელი ბავშვობა რეპეტიციებზე ვიყავი და ვიცოდი, როგორ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რას, როგორ აკეთებს, უფრო კარგად გავიგე, როგორ მუშაობს და უფრო მეტად დავაფასე.
– როგორი იყო დედას ემოციები?
– დედაჩემი ასეთ დროს ძალიან საყვარელია. ახლა, კონცერტი რომ გვქონდა, ახლოს იჯდა, მეც ვხედავდი მის ემოციებს და კონცერტის მსვლელობისას მოცეკვავეები შემოდიოდნენ ჩემთან: ასეთი მაყურებელი, როგორიც დედაშენია, არ გვყოლიაო. იქიდან გადასცემდა ყველას დიდ ემოციებს.. თვალშიმოსახვედრად გადაბრწყინებული სახით იჯდა, იცინოდა, ბედნიერი მიყურებდა. ძალიან ამაყობს ჩემით. მამაც ამაყობს, მაგრამ დედა უფრო ემოციურია. მეც რომ ვიცოდი, ჩემები ესწრებოდნენ, ძალიან მშვიდად ვიყავი.
– როგორც ვიცი, ბავშვობიდან ოცნებობდი „სუხიშვილებში” ცეკვაზე. როგორია ემოცია, როცა ბავშვობის ოცნებებს ისრულებ?
– კი, ბავშვობიდან ვოცნებობდი. 2 წელი გავიდა, რაც ანსამბლში ვცეკვავ და ახლაც, კონცერტი რომ იწყება, კულისებში ჩემთვის ვფიქრობ: ახლა აქ ვარ. რასაც დარბაზიდან ვუყურებდი და ვფიქრობდი, თუნდაც ერთი ცეკვა მეცეკვა, ახლა იმას ვცეკვავ.
– თან, ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი ხარ.
– ქალბატონი ნინო ამბობს, რომ ჩვენ ანსამბლში ყველა სოლისტია, რადგან ყველას ყველაფრის ცეკვა შეუძლია.
– გასტროლებზე დიდი ხნით რომ მიდიხარ, ამას უკვე შეეგუვნენ შენი მშობლები?
– კი. იციან, რომ მარტო არ ვარ და მშვიდად არიან.
– როგორია თქვენს ოჯახში საახალწლო ტრადიცია?
– ჩვენს ოჯახში ასეთი ტრადიცია გვაქვს: მიახლოებითაც არ ვეუბნებით, რას ვაჩუქებთ ერთმანეთს. ზუსტად 12 საათზე გამოგვაქვს, ვხსნით და ვარიგებთ. წინა საახალწლო პერიოდში იწყება სახლიდან ჩუმად გასვლები: დედამ არ გაიგოს, მამამ არ გაიგოს. მამა მეკითხება: დედას რა უნდა, დედა მეკითხება: მამას რა უნდა. ისინი ჩემზე ეკითხებიან ერთმანეთს და მოკლედ, დიდი ამბები გვაქვს. მერე მოდიან სტუმრები და ერთი ამბავია. ძალიან გვიყვარს ეს დღე, რომელსაც მთელი  წელი ველოდებით. სამზარეულო მთლიანად დედაჩემისაა. ამზადებს თავის ცნობილ საცივს, რომელზეც მამა გიჟდება. სულ ამბობს: ვერ ვიტან, სტუმრები რომ მოდიან, მიჭამენ ჩემს საცივსო. ამიტომ ნახევარი გადამალული აქვს.
– უკვე გაიზარდე, შენი საქმე გაქვს, ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ. მაგრამ, მაინც ვის ამსგავსებ საკუთარ თავს: დედას თუ მამას?
– დედა და მამა, ალბათ, იმიტომაც უგებენ ერთმანეთს, რომ ორივეს აქვს პროფესიისადმი თავგანწირული სიყვარული. მას არაფერს აკლებენ. მგონია, რომ ეს თვისება ორივესგან მაქვს: უპირველეს ყოვლისა, საქმე და მერე სხვა დანარჩენი.
– მამა თუ გაგიბრაზებია?
– რეპეტიციებზე ძალიან ბრაზობს და ისიც 10 წუთი გრძელდება. მერე აღარ ახსოვს. სახლშიც არასდროსაა გაბრაზებული, ძალიან იშვიათად. დედაც ისეთი პოზიტიურია. ყველანი ვცდილობთ, არ ვიკამათოთ.
– ოჯახს რომ შექმნი, რას გაითვალისწინებ?
– რაც უფრო ვიზრდები, უფრო მეტად ვმეგობრდებით მე და ჩემი მშობლები. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათთან დროის ტარებაც მიყვარს და ზოგადად, მათ გვერდით ყველაფრის კეთება მიყვარს. ამას აუცილებლად გავითვალისწინებ და ვეცდები, ჩემს შვილთან სწორედ ასეთი ურთიერთობა მქონდეს.
– ვიცი, შეყვარებული ხარ.
– კი, შეყვარებული ვარ. ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. ბედნიერები ვართ. ბავშვობიდან ვიცნობ, ყოველ წელს ოჯახებით გონიოში ვისვენებდით. უბრალოდ, ახლა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი.
– მამას როგორი რეაქცია აქვს, როცა საუბარი შენი გათხოვების თემას ეხება?
– ამ თემაზე არ სურს საუბარი და მიაჩნია, რომ სახლიდან მაინც არ წავალ, მის გვერდით ვიქნები. სიამოვნებით ვიქნებოდი, მაგრამ ჯერჯერობით, ამ საკითხზე საერთოდ არ ვფიქრობთ. ჯერ უნდა დავლაგდეთ. რაც შეეხება დედას, დედა ყველაფერში ჩემი გულშემატკივარია.
скачать dle 11.3