კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რატომ ვერ ხვდებოდა სახლში ახალი წლის დღესასწაულს ბარბარა სამხარაძე და რატომ ეშინია მას პატრულის დანახვის

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ბარბარა სამხარაძე ნამდვილად ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა და ერთმა დღემ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ეს მოხდა მაშინ, როცა გარისკა და სცენაზე დადგა – „ნიჭიერის“ ჟიურის წევრები შოკში ჩააგდო, მაყურებელი გააოცა და ამ ერთი გამოჩენით, მთელმა საქართველომ გაიცნო. ეს წელიწადი კი, მისთვის ერთგვარი გარდამტეხია, რადგან ცხოვრებას ახლიდან იწყებს – სოფლიდან დედაქალაქში გადმოდის და სტუდენტობისთვის ემზადება.
ბარბარა სამხარაძე:
სამი წელი „ნიჭიერის“ გამო ვერ ვხვდებოდი სახლში ახალ წელს. მას შემდეგ, წელს პირველად შევხვდი, ახალ წელს  სოფელში, ჩემებთან ერთად. თან, ასეთი ტრადიცია გვაქვს: როცა 12 საათი გახდება, ოჯახის უფროსი წევრი ყველას გოზინაყს და შოკოლადს აჭმევს და ეუბნება: ასე ტკბილად დამიბერდიო. ეს ტრადიცია არც წელს დარღვეულა. ადრე, ბებია აკეთებდა ამას და რაც გარდაიცვალა, ამ ტრადიციას მამა აგრძელებს. სხვათა შორის, ძაღლის წელში მინდოდა, ძაღლი ეჩუქებინათ ოჯახის წევრებს, მაგრამ ეს ოცნება არ ამიხდინეს, სად გცალია, ვერ მოუვლიო (იცინის).
– გოზინაყის გარდა, გემრიელად მომზადებული ტრადიციული კერძებიც: საცივი, გოჭი, ხაჭაპური და ინდაურიც გექნებოდათ საახალწლო მაგიდაზე...
– ყველა ქალაქელს ჰგონია, თუ სოფელში ცხოვრობ, თავქვეშ გაქვს ამოდებული გოჭი, ინდაური, ხაჭაპური და საცივი (იცინის). რაც თავი მახსოვს, ჩვენს ოჯახში საახალწლო მაგიდაზე გოჭი და ინდაური არ ყოფილა. ყველანაირ სტერეოტიპს ვარღვევთ (იცინის). არ მიმაჩნია, რომ ვისაც გოჭი აქვს მაგიდაზე, იმისთვის განსაკუთრებული ახალი წელი მოვა და მე თუ სოფლის ქათამს მივირთმევ, ცუდი ახალი წელი დამიდგება. ბევრ ხარჯს, მირჩევნია, ბედნიერად, სახლში შევხვდე ახალ წელს და რაც მაქვს, ის მედოს მაგიდაზე. ახალ წლამდე დედა ამბობდა, მოვამზადოთ ტრადიციული კერძებიო. მე და ჩემმა დამ არ დავანებეთ. ამზადებს, ამზადებს და მერე, სანამ ახალი წელი დგება, სკამზე ჯდება და გადაქანცულს ეძინება. ამიტომ, წელს ავუკრძალეთ ბევრი შრომა და საცივისა და გოჭის მომზადება. დავადგინე, რომ ახალი წელი, ერთი ჩვეულებრივი დღეა და ჩვეულებრივად უნდა შეხვდე – უბრალოდ, ბევრი ტკბილეულით და კარგი განწყობით. სხვათა შორის, წინასაახალწლოდ, თელავში ვესტუმრე მეღვინეობა „მარანს“ და დამასაჩუქრეს ღვინის ნაირსახეობით. ჩამომართვეს პირობა, რომ ჩემს სუფრაზე მხოლოდ ეს ღვინოები იქნებოდა და მეც შევასრულე (იცინის).
– ისიც გავიგე, რომ პირობა დადეს, შენს ქორწილშიც მხოლოდ ამ მარნის ღვინოები იქნება მაგიდაზე. ასეა?
– ჯერ 17 წლის ვარ, ქორწილს არ ვაპირებ. მაგრამ, კი ბატონო, „მარნის“ ღვინოები წინასწარ დავიბევოთ (იცინის).
– წელს სკოლას ამთავრებ. სად აპირებ სწავლის გაგრძელებას?
– სურვილი მაქვს ჩავაბარო კოლეჯში. კომპიუტერული გრაფიკოსი მინდა, გამოვიდე.
– მე ვფიქრობდი, მუსიკალური კუთხით გააგრძელებდი სწავლას...
ეს ისეთი პროფესიაა, მუსიკასაც ხელს უწყობს და სიმღერების დამონტაჟებასაც. ანუ, რაც ჩემს მუსიკალურ განვითარებას სჭირდება, ყველაფერს მოიცავს.  ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი წელი დაიწყო ჩემთვის. სტუდენტი უნდა გავხდე და ახალი ნაბიჯები გადავდგა ცხოვრებაში – წინ წავიწიო.
– პროექტ „ნიჭიერში“ მოგებული მანქანა ისევ გყავს თუ გაყიდე?
– მანქანა კი მყავს და ვატარებ კიდეც, მაგრამ მართვის მოწმობა არ მაქვს. ჯერ არ მინდა, გამოცდაზე გავიდე, თორემ ჩემი მონდომების ამბავი რომ ვიცი, არ გამიჭირდება მართვის მოწმობის აღება. სოფელში, სადაც მოძრაობა არ არის, იქ დავდივარ და თუ პატრულის მანქანა დავინახე, შიშები მეწყება (იცინის). ისინი კი,  მესალმებიან და მეკითხებიან, როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება „ნიჭიერის“ მოგების მერეო. წესებს არ ვარღვევ, მოწესრიგებული მძღოლი ვარ.
– წარმომიდგენია, პროექტში გამარჯვების მერე, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება. პოპულარული გოგო გახდი, უამრავი პრიზი მოიგე და მათ შორის, ბინა თბილისში. ფაქტობრივად, ცხოვრება აიწყვე.
– მართალია, ძალიან ბევრი პრიზი მოვიგე და პოპულარულიც გავხდი, მაგრამ ხშირად ამის გამო, უხერხულადაც მიგრძნია თავი.  დისკომფორტს მიქმნის, როცა ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე, ყველა მე მიყურებს. ზოგი ვერ გამოხატავს იმ მოზღვავებულ ემოციას, რასაც ჩემი ნახვით იღებს. მე ამას ვგრძნობ და სულ გაღიმებული დავდივარ (იცინის). სოციალურ ქსელში მწერენ, თბილისში დაგინახეთ, სავაჭრო ცენტრში გნახეთ, ქუთაისში იყავიო. ამ დროს, სოფელ ჭაბუკიანს არ გავცილებივარ და ყველა პუტკუნა გოგო, ბარბარა ჰგონიათ (იცინის). ბევრი პუტკუჩა გოგო მწერს, ტაქსის მძღოლმა ფული არ გამომართვა, ბარბარა ვეგონეო.
– გასახდომი პროგრამის წყალობით, წონაში საგრძნობლად დაიკელი. თუმცა, შემდეგ, ისევ მოიმატე. რატომ ვერ შეძელი წონის შენარჩუნება?
– გასახდომ პროგრამაში ვიყავი და საირმეში, „ნანუკას შოუდან“ წავედით. კარგ რეჟიმში ვიყავი და გავხდი კიდეც – ათ დღეში ცხრა კილო დავიკელი. მაგრამ, ამ წონის შენარჩუნება სოფელში რთულია. აქ რომ ნატურალური საჭმელ-სასმელი, ხილი და ბოსტნეულია, ძნელია, წონაზე იფიქრო. მანამდეც, ოცი კილო მქონდა დაკლებული ორ თვეში. მერე დაიწყო კონცერტები, დავარღვიე დღის რეჟიმი და მოვიმატე. თუმცა, არ ვუჩივი – ენერგიაზე ვარ და არ მაწუხებს ჩემი წონა. სულაც არ მინდა, ტანწერწეტა ვიყო, მსხვილძვალა ვარ და არ მომიხდება. აი, 80 კილო რომ ვიყო და მოვიკლო რამდენიმე კილოგრამი, კმაყოფილი ვიქნები. თუმცა, როცა მოვინდომე, დავიკელი. თუ მოინდომე, ადამიანების წინააღმდეგაც წახვალ და გენეტიკისაც (იცინის).
– შეყვარებული არ ხარ?
– შეყვარებული არც ვყოფილვარ და არც ვარ, მაგრამ ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. მათი ასაკი შემოიფარგლება, ძირითადად, 3-დან 12 წლამდე და 30-დან ზემოთ. ანუ, ჩემს სტანდარტებში ვერ ჯდებიან (იცინის). სიყვარულზე სხვანაირი შეხედულება მაქვს. ვფიქრობ, როცა შემიყვარდება, ის ურთიერთობა უნდა იყოს მყარი და ბოლომდე მიყვარდეს. და არა ისე, რაღაცის გამო დავშორდე და ხვალ სხვა შევიყვარო. მოკლედ, ჩამოყალიბებული ურთიერთობა მინდა. 15 წლის ბავშვს რომ შეყვარებული ჰყავს იმის გამო, უბრალოდ, ასე უნდა და გატაცება აქვს, ანდა 22 წლისა რომ ოჯახის შექმნაზე ფიქრობს, არასწორად მიმაჩნია.
– მერე, გულს სიყვარულს რომ ვერ უბრძანებ და ეგ საქმე ზეცაში წყდება?
– ეგ, მართალია, მაგრამ ბევრი რამ შენზეცაა დამოკიდებული. მე იღბლიანი ვარ, მაგრამ ამის გამო, შენც უნდა იბრძოლო. არავისგან გამორჩეული არ ვარ, უბრალოდ, სხვაზე იღბლიანი აღმოვჩნდი. პირველად რომ სცენაზე გამოვედი და ვიმღერე, იმდენი თაყვანისმცემელი გამიჩნდა და ისეთი რეაქცია წამოვიდა, ვფიქრობ, არავისზე ყოფილა ასეთი. ამას წინათ, ერთმა ემიგრანტმა ქალმა, რომელსაც არც კი ვიცნობ, საბერძნეთიდან 50 ევრო გამომიგზავნა. იმ ფულით ყელსაბამი და სამაჯური ვიყიდე.
– კონცერტებზე არ ჩანხარ. არ გაქვს შემოთავაზებები? არ გიწვევენ?
– ბევრჯერ მიმიწვიეს, მაგრამ უარის თქმა მიწევს. 200 ლარი რომ გადამიხადონ, სულ ცოტა, 100 ლარი გზაში მინდა. ტრანსპორტში ცუდად ვხდები, ჩემი მანქანით კი დედაქალაქში ჩამოსვლა ძვირი ჯდება. ამიტომ, უარს ვამბობ კონცერტებზე გამოსვლაზე. აი, სკოლას რომ დავამთავრებ და თბილისში გადმოვალ საცხოვრებლად ჩემს მოგებულ ბინაში, მერე კი გამოვჩნდები სცენაზე. ფაქტობრივად,  დედაქალაქში, წელს ცხოვრებას ახლიდან ვიწყებ.
скачать dle 11.3