კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 ჭინჭარი – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ჭინჭარი ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მას იყენებენ ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ: სხვადასხვა სისხლდენისას, ჰემოროის, კენჭოვანი, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებისას, შეშუპების, ყაბზობის, გულის დაავადებების, ტუბერკულოზის, ბრონქული ასთმის, ბრონქიტების, ალერგიისა და სხვა დაავადებების დროს.
ჭინჭარი მნიშვნელოვანი პოლივიტამინური მცენარე და ვიტამინების თავისებური ბუნებრივი კონცენტრატია. ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) მასში ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარსა და ლიმონში; კაროტინის შემადგენლობა კი მეტია, ვიდრე – ქაცვში, სტაფილოსა და მჟაუნაში. მხოლოდ 20 გრამი ჭინჭრის ფოთოლი ჩვენს ორგანიზმს A ვიტამინის დღიური ნორმით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჭინჭარი მდიდარია K, E და B ვიტამინებით და მიკროელემენტებით, მათ შორისაა რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, კალციუმი და სხვა. ჭინჭრის ფოთლები ასევე, შეიცავს ფლავანოიდებს, თრიმლავ ნივთიერებებს, ტანინს, ფიტონციდებს, ორგანულ მჟავებს, ქლოროფილს, გლიკოზიდებსა და სხვა. სწორედ აქტიური ელემენტების ამგვარი მრავალფეროვნება ხსნის იმას, რომ ჭინჭარს უამრავი ორგანიზმის მომაგრებისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებები აქვს. ჭინჭარს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციების აღდგენა შეუძლია და, მთლიანობაში, ორგანიზმის მუშაობის მწყობრში ჩადგომას უწყობს ხელს.
ჭინჭარი ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებელი და გასახდომი საშუალებაა. ამისთვის – 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ ჭინჭარს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და გააცივეთ. მიიღეთ ყოველი ჭამის წინ.
ჭინჭრის წვენის ყოველდღიური გამოყენება ძალიან სასარგებლოა ძვლების გასამაგრებლად, ღვიძლის, შარდის ბუშტის, სასუნთქი გზების გასაწმენდად. ამის გარდა ის აუმჯობესებს ბუასილის მდგომარეობას, ეხმარება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, რევმატიზმი, პოდაგრა, დიაბეტი, პროსტატა, გასტრიტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები.
ცხვირიდან სისხლდენის ან მოჭარბებული მენსტრუაციის დროს სვამენ ახალგამოწურულ ჭინჭრის წვენს, 1 ჩაის კოვზი – 3-ჯერ დღეში. წვენით ასევე შეგიძლიათ მოიბანოთ ცხვირი.
ჭინჭარს გააჩნია ანტიკანცეროგენური თვისებები, ამიტომ ასეთი დაავადებების დროს, როგორიცაა კუჭის სიმსივნეები და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, რეკომენდებულია ჭინჭრის თაფლის გამოყენება, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: 1 ლიტრ ახლად დაწურულ ჭინჭრის წვენს დაამატეთ 200 გრამი თაფლი, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით. როცა გაცივდება, მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.
15-20 წვეთი ჭინჭრის წვენი ჩაასხით ერთ ყავის ჭიქა წყალში და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, დღეში ოთხჯერ. ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ ჭინჭრის ფოთლების ნახარშს აქვს შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო თვისება. ჭინჭარი, ასევე, აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. ის რეკომენდებულია რევმატიზმის, ათეროსკლეროზის, ეგზემის, კუჭის შეკრულობის დროს.
თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურად ამზადოთ ჭინჭრის ახალი წვენი, შეგიძლიათ, მოამზადოთ ჭინჭრის ექსტრაქტი. ამისთვის აპრილ-მაისში მოჭერით 20 სანტიმეტრი სიგრძის ჭინჭრის ქორფა ღეროები ფოთლებთან ერთად, კარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ 3-ლიტრიან ქილაში (მჭიდროდ არა) და დაასხით პირამდე ცივი, ანადუღარი წყალი. 10 საათის შემდეგ მიიღეთ 1 ჭიქა 2-ჯერ დღეში.

ქრისტესისხლა – კიბოს წინააღმდეგ
ქრისტესისხლას სამკურნალოდ ჯერ კიდევ ძველი ბერძნები იყენებდნენ. მას გამორჩეული სამკურნალო თვისებები აქვს. მის პრეპარატებს იყენებენ ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგოდ, ჭრილობების შესახორცებლად და მოსაწვავად, ანტიმიკრობული დანიშნულებით.
ახალგამოწურული წვენითა და დაქუცმაცებული ბალახით შეიძლება ხალების, კონდილომების, კოჟრებისა და ჭორფლის მოცილება, დახეთქილი მტევნებისა და ქუსლების მოშუშება. პროცედურას იტარებენ დღეში 3-4-ჯერ. სამკურნალოდ იყენებენ როგორც ფესვებში, ასევე ღეროსა და ფოთლებში არსებულ წვენს. ქრისტესისხლას, ძირითადად, სპაზმის მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული თვისებები აქვს.
ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირჩევა მცენარეში შემავალი ალკალოიდები. მაგალითად, ქელიდონინი ავლენს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ და
დამამშვიდებელ ეფექტს. გარდა ამისა, ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვი კუნთების შემცველ ორგანოებზე. შესაბამისად, აქვს წნევის დამაქვეითებელი და პულსის გამაიშვიათებელი ეფექტი. მეორე მნიშვნელოვანი ალკალოიდი, რომელსაც ქრისტესისხლა შეიცავს, ჰომოქელიდონინია. მას საპირისპირო მოქმედება ახასიათებს – აღმგზნები და კრუნჩხვის გამომწვევი. ახდენს, აგრეთვე, ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ალკალოიდი პროტოპინი ამცირებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის რეაქტიულობას და აძლიერებს გლუვი კუნთების ტონუსს. ქელერიტრინისთვის კი მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედებაა დამახასიათებელი. ქრისტესისხლას წვენით მკურნალობენ ცხვირ-ხახის პათოლოგიებს, ადენოიდებს, პოლიპებს, ნუშურებს, კოჟრებს, ხორცმეტებს, ნახეთქებს, სხვადასხვა წარმოშობის მუწუკს, ფურუნკულებს, ეგზემას, ღრძილებს, ჰერპესულ ინფექციას. აგრეთვე, -– ცეცხლის ალით, ორთქლით, ცხელი რძით, მზის სხივებით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით გამოწვეულ დამწვრობას. ქრისტესისხლას წარმატებით იყენებენ ჰიპერტონიის, ასთმის, ლეიკოზის, ათეროსკლეროზის, ფიბრომის, გრიპის, მსხვილი ნაწლავის პოლიპოზის, ბუასილის, გასტრიტის, ჩიყვის, პოდაგრის, რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, აგრეთვე თირკმელებისა და გულის დაავადებათა სამკურნალოდ.
ქრისტესისხლას ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასას დოლბანდში წურავენ და წვენს მჭიდროდ თავდაცულ ბოთლში ასხამენ. ბოთლიდან დროდადრო უშვებენ აირებს. 5-7 დღის შემდეგ წვენი საბოლოოდ დადუღდება და გამოსაყენებლად მზადაა.
 ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თორმეტგოჯა ნაწლავის, შარდის ბუშტის დაავადებებისას: 1 ჩაის კოვზ მშრალ ნედლეულს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი 5–7 დღეა.
ფსორიაზის სამკურნალოდ: თუ დაზიანების ადგილი მცირეა, უნდა წაისვათ ყოველდღე, დილითა და საღამოს ქრისტესისხლას ახალგამოწურული წვენი. მკურნალობის კურსი 10–14 დღეა. თუ ფსორიაზმა კანის დიდი მოცულობა დააზიანა, ამდენივე დღის განმავლობაში მიიღეთ აბაზანა: 3 ლიტრ მდუღარე წყალს დაასხით 25 გრამი დაჭრილი მცენარე, მოხარშეთ და შემდეგ დააცადეთ, შეგრილდეს კომფორტულ ტემპერატურამდე.
ფსორიაზისთვის ძლიერი საშუალებაა ქრისტესისხლას ფესვის ნახარში. მას ჯერ აჩერებენ ცხელ წყალში დარბილებამდე, შემდეგ ადუღებენ ნახევარი საათით, გაცივებისა და სტერილური დოლბანდში გაწურვის შემდეგ, მასში დასველებულ საფენებს 2–3 საათით იკეთებენ.
ქრისტესისხლას ნაყენი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ძილსა და მადას. 7 დღის განმავლობაში მისი რეგულარული გამოყენების შემდეგ, საჭიროა ორდღიანი შესვენება. ნაყენის სმის პერიოდში რეკომენდებულია, დღეში ერთი სადილის კოვზი გახეხილი სტაფილო მიიღოთ. ნაყენის მომზადება: ჩაყარეთ 500-გრამიან ქილაში ახალდაკრეფილი ბალახი იმდენი, რომ ქილა სანახევროდ გაივსოს; დაასხით მდუღარე წყალი და დაახურეთ თავსახური. თუ ნაყენის მოსამზადებლად გამხმარ ბალახს გამოიყენებთ, ნედლეულმა ქილა მეოთხედამდე უნდა შეავსოს. გაცივების შემდეგ ნაყენი მზადაა. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, 100 მილილიტრი ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. ნაყენს მუქი ფერი და მწარე გემო აქვს. ნაყენი შეიძლება, ზამთრისთვისაც შეინახოთ. ამისთვის ზემოთ აღწერილი მეთოდით გამოწურულ ერთ ლიტრ წვენს უნდა დაასხათ 500 მილილიტრი არაყი ან 250 მილილიტრი სპირტი. ქრისტესისხლას ნაყენის ჭინჭარსა და გულყვითელასთან კომბინაცია აფერხებს მეტასტაზების ზრდა-განვითარებას. ამ მიზნით, თანაბარი რაოდენობით აიღეთ სამივე ბალახი, დააქუცმაცეთ, ერთმანეთში აურიეთ და ერთი სადილის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში. დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 1-2 საათით გააჩერეთ. ნახევარი ჭიქა ნაყენი დილით, უზმოზე მიიღეთ, ნახევარი კი – ვახშმამდე ერთი საათით ადრე.
ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებებზე მისი ლათინური დასახელებაც მეტყველებს – Chelidonium, რაც ითარგმნება, როგორც „ზეციური საჩუქარი“. ამ ბალახის მრავალსაუკუნოვანი გამოყენება ადასტურებს, რომ მცენარე წმენდს ადამიანის ორგანიზმს არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც.
მეჭეჭებისა და პაპილომების მოსაშორებლად: მეჭეჭისა და პაპილომის მოშორება ქრისტესისხლას ახლად გამოწურული წვენისგან შეიძლება. წვენს ყოველ 2-3 საათში ერთხელ წაისვამთ. მეჭეჭების გარშემო კანი კი ბავშვის კრემით დაიცავით.
ეგზემისთვის: 20 გრამ მშრალ, დაქუცმაცებულ მცენარეს ემალის ქვაბში დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავსახური და დადგით წყლის აბაზანაზე, დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში, 45 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და გადაასხით მინის ჭურჭელში, რომელსაც კარგად ეხურება თავი. ნახარშის შენახვა ორ დღეზე მეტხანს არ შეიძლება. მიღებული ნახარში სხეულის დაავადებულ ნაწილებზე წაისვით.
პროსტატის ადენომა: მწვავე ანთებითი პროცესის დასაბლოკად, ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ ნახევარ ჭიქა წყალში გახსნილი ქრისტესისხლას ორი სადილის კოვზი წვენი. მიიღეთ ხშირად, როცა კი მოგიხერხდებათ.
ოსტეოქონდროზისა და რევმატიზმის დროს: აიღეთ ნახევარი ჭიქა ქრისტესისხლას წვენი, შეურიეთ ერთ ჭიქა სპირტს ან არაყს, გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. აიღეთ დოლბანდი და გაიკეთეთ კომპრესი, შეიხვიეთ თბილი შარფით. შეგიძლიათ, მთელი ღამე გაიჩეროთ.
ართრიტისა და ართროზის დროს: თუ სახსარში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, მკურნალობისთვის კატეგორიულად არ შეიძლება ცხელი სპირტიანი კომპრესების გამოყენება. მაგრამ, შესაძლებელია, 2–3-საათიანი საფენების დადება სპირტისა და ქრისტესისხლას წვენის ნარევით
კიბოს მკურნალობისთვის: აიღეთ 1 სადილის კოვზი მშრალი და დაქუცმაცებული ქრისტესისხლა, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი (თერმოსში), გააჩერეთ 1-1,5 საათი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ ორი სუფრის კოვზი, ჭამამდე 20–30 წუთით ადრე.
ქრისტესისხლას ნახარშს იყენებენ ცხვირსა და ყელში გამოსავლებად პოლიპების დროს.
ქრისტესისხლას ნაყენი რომ მიიღოთ, 1 სადილის კოვზ გამხმარ ბალახს დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი და დადგით 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ არყის ჭიქით 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
ქრისტესისხლას წვენით მკურნალობის პერიოდში სხვა მცენარეებისა და მედიკამენტების გამოყენება არ შეიძლება! ქრისტესისხლას წვენი შხამიანია, ამიტომ მის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. წვენის ზედოზირებით ანუ ჭარბი მიღებით, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოთ ჯანმრთელობას. ქრისტესისხლას წვენის გამოყენებისას საჭიროა დიდი სიფრთხილე – მისმა უკონტროლო და ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა, ნაწლავთა დისბაქტერიოზი გამოიწვიოს. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსის გამეორება რეკომენდებულია მეორე წელიწადს, მაისში, როდესაც მცენარე ყვავილობის ფაზაშია და მისი მაკურნებელი თვისებები პიკს აღწევს. სწორედ ამ პერიოდში ამზადებენ წვენს მთელი ზაფხულისთვის. ქრისტესისხლას პრეპარატები უკუნაჩვენებია ეპილეფსიის დროს. მათ დიდი სიფრთხილით იყენებენ სტენოკარდიის, ბრონქული ასთმისა და ნევროლოგიური პათოლოგიების დროს.скачать dle 11.3