კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 უნდა სჯეროდეს თუ არა ქალს სიყვარულის, როცა მას ქმარი ღალატობს

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

სიყვარული ძალიან უცნაური ფენომენია. ის ყველა ინდივიდში განსხვავებულად ვლინდება. ამიტომ, ვერავინ ამბობს დანამდვილებით, რა არის სიყვარული. შეყვარებულები უცნაურად იქცევიან. ზოგჯერ მათი ქმედება არაადეკვატურადაც შეიძლება, მოეჩვენოს ვინმეს. მაგრამ, მხოლოდ კონკრეტულმა პიროვნებამ იცის, რა უნდა და რისკენ მიდის.


თაკო (31 წლის):
მთავარია, გესმოდეს, რომ საქმე შენშია და არა გარე ფაქტორებში. თუმცა, ვაღიარებ – ძნელი იყო ამ ყველაფრის გაცნობიერება. დღეს უკვე აღარ მესმის იმ ქალების, რომლებიც ამბობენ, რომ საყვარელი მამაკაცისთვის ღალატის პატიება არ შეუძლიათ.
– ანუ, იყო დრო, როცა გესმოდათ?
– დიახ. თუმცა, არა, არასწორად ვამბობ სათქმელს. როგორ შეიძლება იმას გაუგო, ვის მდგომარეობაშიც არ ყოფილხარ. სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცდი კონკრეტულ სიტუაციას, მეეჭვება, ბოლომდე მიხვდე, რას გრძნობდა და განიცდიდა. სანამ ქმარმა არ მიღალატა, ბუნებრივია, არ ვიცოდი, რას გრძნობს ქალი, რომელსაც ქმარი ღალატობს. ხომ დამეთანხმებით, რომ მხოლოდ წარმოდგენით რამეს ვერ იგრძნობ. რამდენიც გინდა, ილაპარაკე, წარმოსახვაში შექმენი სიტუაციები, მოიყვანე არგუმენტები და გაიაზრე... სრულიად სხვა რამეა, როცა მოსახდენი მოხდება. კიდევ იმის თქმა მინდა, რომ დღეს სულ სხვანაირად ვფიქრობ და ვაზროვნებ. ქმრის ღალატმა მთელი ჩემი სამყარო შეცვალა და ამოატრიალა.
– რას გულისხმობთ?
– გეტყვით. მე, როგორც ქალების უმრავლესობა, გათხოვებამდეც და მერეც, ვამტკიცებდი, რომ ქმარს ღალატი არ უნდა აპატიო. იცით, რომ ეს სტერეოტიპია, თანაც ძალიან ცუდი?
– ცუდი რატომ არის?
– იმიტომ რომ, იმას გაკეთებინებს, რისი გაკეთებაც არ გინდა. ახლავე აგიხსნით, კონკრეტულად რაშია საქმე, ანუ რა ხდება – გინდა თუ არ გინდა, ესე იგი, უნებლიეთ ექცევი ზეგავლენის ქვეშ და „თამაშობ“ იმ წესებით, რომელსაც სტერეოტიპები გკარნახობს. საშინელებაა, დამიჯერეთ. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რა პრობლემები ექმნება სტერეოტიპების ტყვეობაში მოქცეულ ქალს. ჯერ ერთი, მას უკვე აღარ აქვს საკუთარი აზრი. ებრძვის თავს და მიდის მის წინააღმდეგ.
– რისი თქმა გინდათ, რომ  ქალების უმრავლესობა ფიქრობს ერთს და აკეთებს მეორეს?
– სწორად მიხვდით. ქალს უყვარს და უნდა თავისი მოღალატე ქმარი, მაგრამ რცხვენია მასთან დარჩენის. იმიტომ, რომ თავადვე „დაიპროგრამა“ თავი. ჩემსავით ისიც ამტკიცებდა, რომ მოღალატე „სასტიკად უნდა დაისაჯოს“ და არ უნდა აპატიო.
მეც არაფრით განვსხვავდები იმ ქალებისგან. საჯაროდ ვირწმუნებოდი, ქმარი ვერ გამიბედავს ღალატს და თუ გამიბედავს, აუცილებლად გავაძევებ ჩემი ცხოვრებიდან-მეთქი. თან, ისეთი თავდაჯერებული ვიყავი იმ წლებში... რა სასაცილოდ მეჩვენება ახლა ეს ყველაფერი. თუმცა, უფრო ტრაგიკულია, ვიდრე კომიკური.
– რა დამოკიდებულება აქვს სიყვარულთან ქალს, რომელსაც ქმარი ღალატობს?
– ჩვეულებრივი. სიყვარული ხომ არსად მიდის? ის ჩვენშია. ჩვენში რჩება და ცხოვრებას აგრძელებს. თუ არ გიყვარს, მაშინ სხვა საქმეა. მაშინ კიდეც დაშორდები და გულიდანაც ამოიღებ. მაგრამ, რა ხდება, როცა გვიყვარს? ინგრევი, არ უნდა აპატიო? ასე ხომ პრინციპებს უღალატებ?!  სინამდვილეში, ვის სჭირდება შენი პრინციპები ან ნერვიულობა? ბოლოს მაინც მარტო რჩები საკუთარ თავთან და შენს სიყვარულთან.
– მოღალატე ქმარი მაინც გიყვართ?
– მიყვარს და მეყვარება კიდეც. ხომ გითხარით, თუ გიყვარს – გიყვარს და მორჩა. კი, გავბრაზდი, გავმწარდი, ვიტირე, ვინერვიულე... ბუნებრივი იყო ყველაფერი – ჩემი ემოცია, განცდები. როგორც სხვა ქალების შემთხვევაში, პირობაც მივეცი საკუთარ თავს, არ ვაპატიებ-მეთქი. მაგრამ... წესით, არ უნდა მიყვარდეს, აღარ უნდა მიყვარდეს, თუმცა, ვინ დაადგინა ეს „წესი“? ხომ სისულელეა. რამდენიც უნდა ვიძახო, სიყვარულის არ მჯერა-მეთქი, მაინც არაფერი გამომივა. სიყვარული ჩემშია. დიახ, მოღალატეა, ამას ვერ შევცვლი. მაგრამ, როგორც კი ფაქტს ვაღიარებ, ეგრევე მეშვება. ღალატი ძალიან ცუდი რამეა, საშინელებაა, თუმცა უფრო საშინელი რამეც არსებობს.
– რა?
– საყვარელ ადამიანთან დაშორება. ასეთ მდგომარეობას ვერც გათხოვებამდე წარმოვიდგენდი, ვერც მერე, როცა დარწმუნებული ვიყავი ჩემი ქმრის გრძნობაში. როგორ უნდა გამეანალიზებინა და აღმექვა ღალატის ფენომენი?! როცა ის ხელშესახები გახდა, როცა სულ ახლოს მოვიდა ჩემთან და „ხელები შემომხვია“, ეგრევე მივხვდი, ცუდად იყო საქმე და არა ისე, როგორც წარმომედგინა. აღმოვჩნდი იმ რეალობის პირისპირ, როცა ორი ცუდიდან ერთი უნდა ამერჩია. ან გამეგდო, მოღალატე ქმარი ან როგორმე მეპატიებინა და გადამეყლაპა ეს შეურაცხყოფა.
– ანუ, ღალატი არის შეურაცხყოფა?
– ერთმნიშვნელოვნად. რა თქმა უნდა, ღალატი შეურაცხყოფაა. ამაზე არავინ  დავობს, მაგრამ მოღალატე კონკრეტულ მომენტში ხომ არ ფიქრობს ამაზე?! ანუ, ეს არ არის გამიზნული ქმედება. მოხდება კონკრეტული ფაქტი – მერე მიდის „ჭიდაობა“ საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან. მე გავიარე ეს ყველაფერი და მივხვდი – არ ღირდა „თავმოყვარეობის დასაცავად“ ამხელა მსხვერპლის გაღება.
– მსხვერპლის, ანუ...
– დიახ, მსხვერპლს ვეძახი მე იმის გაკეთებას, რისი გაკეთებაც არ მინდა. ჩემი ქმარი ნანობდა თავის საქციელს, გულწრფელი იყო და მე ეს დავინახე. სიყვარულიც არსად წასულა, პირიქით,  ღალატის შემდეგ მე უფრო მძაფრი განცდა მქონდა სიყვარულისა. უფრო ხელშესახები გახდა ეს გრძნობა. შეიძლება, კარგად ვერ გადმოგცემთ, რისი თქმაც მინდა, მაგრამ ღალატი ურთიერთობის დასასრული არ არის. ახლა უკვე ზუსტად ვიცი ეს. ზოგჯერ, ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაჰყავს, გაცილებით უკეთეს ეტაპზე. მე მიხარია, სტერეოტიპმა რომ ვერ მაჯობა.
скачать dle 11.3