კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ უნდა მიიღოს საქართველომ თურქმენული გაზი ირანის გავლით და იმოქმედებს თუ არა ამ პროექტზე ირანში მიმდინარე მღელვარება

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

2011 წელს საქართველოს ხელისუფლება, აშშ-ს ზეწოლით, იძულებული გახდა, რომ ვეტო მოეხსნა და რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებისთვის მწვანე შუქი აენთო. საქართველოს უარი იმ მარტივ მიზეზს ეფუძნებოდა, რომ WTO და რუსეთი საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა საზღვრებში აღიარებდნენ. ეს უხერხულობა მაშინ შემდეგნაირად გადაწყდა: სადავო მონაკვეთებზე, ანუ ფსოუსა და როკის გვირაბთან (რაკი რფ უარზე იყო, ჩაეყენებინა ქართველი მებაჟე-მესაზღვრეები) შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები ჩადგებოდნენ და გააკონტროლებდნენ რუსეთიდან შემოსულ ტვირთს. ბოლო პერიოდამდე რუსეთი მხოლოდ ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტით სარგებლობდა, ისევე, როგორც სომხეთი. თუმცა იმავე ბოლო წლებში არაერთხელ მოითხოვდა სომხეთი, ხან –  შედარებით რბილად, ხან –  ზომაზე მეტად აგრესიულად, რომ მისთვის ცხინვალის გავლით გაგვეხსნა დერეფანი (რადგან საქართველოს სამხედრო გზა, ანუ ლარსის საბაჟო ზამთარში ხშირად იკეტება). გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა როკის გვირაბიდან ტვირთების ტრანზიტზე ისაუბრა, რამაც როგორც საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობის“, ისე მისი განაყარი „ევროპული საქართველოს“ აღშთოება გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებულ ხელშეკრულებას, ანუ როკისა და ფსოუს გავლით რუსული ტვირთის ტრანსპორტირებას, სწორედ „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ მოაწერა ხელი. მეორე მხრივ, რაკი საკითხი არსებითია და ისიც საინტერესო, თუ რატომ ახსენა პრემიერ-მინისტრმა ტრანზიტი ან რატომ ჩამოვიდა ასე მოულოდნელად საქართველოში სომხეთის პრეზიდენტი, შექმნილი ვითარების შესახებ ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს გავესაუბრეთ.
– რატომ გაახსენდა პრემიერ-მინისტრს როკის გვირაბით გზის გახსნა, რათა სომხეთს გაუადვილდეს ტვირთის მიღება რუსეთისგან?
– ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება იმ დოკუმენტს, რომელსაც 2011 წელს მოაწერა ხელი მაშინდელმა ხელისუფლებამ და რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ამერიკელების ზეწოლის მიუხედავად, იმ მომენტში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა, სახე შეენარჩუნებინა და ამიტომაც დაითანხმეს რუსული მხარე, რომ სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის სანაცვლოდ, მონიტორინგი დაეწესებინათ ტვირთებზე, რომელიც შემოვიდოდა ფსოუდან და ჩრდილო კავკასიიდან. უკვე რუსული მხარის მოთხოვნით, მესამე გზასაც დათანხმდა ქართული მხარე, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ლარსიც ჩასვა ამ მარშრუტში. მაშინ მოეწერა ხელი ამ დოკუმენტს და მეცინება, დღეს რომ ბევრს ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობა“, რატომ აამოქმედა ხელისუფლებამ ეს დოკუმენტიო. ადამიანურად მესმის, რომ მაშინ მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ამდენად, არ არის საჭირო დღეს პოზაში დგომა. ამ დოკუმენტის მთავარ ამმუშავებლად, თუ შეიძლება, ასე ითქვას, დანიშნა შვეიცარია, როგორც შუამავალი ქვეყანა. შვეიცარიელებმა ჩაატარეს კონკურსი, შეარჩიეს ფირმა, რომელმაც უნდა გააკონტროლოს რუსეთიდან ტვირთის ტრანზიტი. ტენდერში დახარჯეს ფული, დრო, ეს პროცესი კი გაიჭიმა: ხან რუსული მხარე იკავებდა თავს, ხან ქართული მხარე არ იყო მზად, მაგრამ, როგორც ხედავთ, ქართულმა მხარემ უკვე მოაწერა ხელი, რუსეთთანაც შეთანხმებულია კარასინ-აბაშიძის ფორმატში და წლის ბოლომდე რუსებმაც უნდა მოაწერონ ხელი.
– ეს არის რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობის დოკუმენტი. რა შუაშია სომხეთი?
– მივალთ სომხეთამდე. ვერ ვიტყვი, რომ დოკუმენტი დახვეწილი და მომგებიანია საქართველოსთვის, მაგრამ, ვიმეორებ, მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო. მაგალითად, დოკუმენტში არის ასეთი ხარვეზი: შვეიცარიულ ფირმას, რომელიც აკონტროლებს ტვითებს, არ აქვს უფლება, გააჩეროს ტვირთი, რომელიც მოძრაობს აფხაზეთის ტერიტორიაზე და შეამოწმოს. ის ამოწმებს მხოლოდ დოკუმენტაციას. და ისიც აქვს მხოლოდ საავტომობილო ტვირთის შემოწმების უფლება. თუ აფხაზეთში გემით ან რკინიგზით შევა რამე, შვეიცარიული ფირმა იმ ტვირთებს ვერ გააკონტროლებს. ერთი ისაა, რომ ცხინვალში ეს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ, იქ მხოლოდ საავტომობილო გზაა.
– ჩვენ სად ვამოწმებთ? ტვირთის მოძრაობის მარშრუტები და შვეიცარიული ფირმისა და ჩვენი მებაჟეების განლაგების ადგილები ავუხსნათ მკითხველს.
– ჩვენ გვაქვს შემოწმების უფლება, როდესაც ტვირთები გამოსცდება იმ ზონას. შვეიცარიული ფირმის წარმომოდგენელი დგას როკის გვირაბის იქითა მხარეს, სოფელ ნართან, ჩრდილო ოსეთში, შემდეგი პუნქტია გორი. ნარში ამოწმებენ შვეიცარიელები ტვითრის დოკუმენტაციას.
– გორში კი ჩვენ უშუალოდ ტვირთს?
– დიახ, სხვათა შორის, ამ დოკუმენტის ამუშავებას ოფიციალური ცხინვალის პოზიციაც უშლიდა ხელს, იმიტომ რომ, მათ ამ ტვითრის გატარებაში ბაჟის აღება მოითხოვეს. ანუ სატრანზიტო რეგიონად ქცევა უნდოდათ. ეს ნომერი არ გაუვიდათ. ეტყობა, მოსკოვმა ჩაუტარა პროფილაქტიკური სამუშაო. რაც შეეხება სატრანზიტო გზის გახსნას ცხინვალიდან: ამაზე ყურადღება გამახვილდა სწორედ იმიტომ, რომ ეხება სომხეთ-ირანის მოლაპარაკებებს და აი, ახლა გადავდივართ მთავარ საკითხზე. სომხეთს აქვს ოცნება, გახდეს სატრანზიტო ქვეყანა, რაც ვერაფრით მოახერხა. თავდაპირველად, უნდოდა, ენერგეტიკული დერეფნობა, რომ ირანული გაზი და ნავთობი გასულიყო მის ტერიტორიაზე და საქართველოს პორტებით –  ევროპისკენ. ეს ვერ მოხერხდა: ჯერ ერთი, ირანთან არ არის ჯეროვანი ინფრასტრუქტურა და მეორე, რუსეთია ამის კატეგორიული წანააღმდეგი. მოგეხსენებათ, რუსეთმა, როდესაც ირან-სომხეთის გაზსადენი შენდებოდა, ისეთი დიამეტრის მილები ჩააყრევინა სომხებს, რომ მხოლოდ სომხეთის მოსამარაგებლად საჭირო გაზის მოცულობა გაეტარებინა.
ესე იგი, დარჩა სატრანსპორტო დერეფანი. საინტერესო ეპიზოდია, პირველ დეკემბერს პრემიერ-მინისტრი უნდა ჩასულიყო სომხეთში, მაგრამ გადაიდო, იმიტომ რომ, მთავრობა არ იყო დამტკიცებული, მაგრამ 25 დეკემბერს ჩამოვიდა სომხეთის პრეზიდენტი.
– ძალიან უცნაური ვიზიტი იყო. სომხეთის პრეზიდენტის ჩამოსვლა წინასწარ იყო შეთანხმებული, თუმცა მაინც მოულოდნელის შთაბეჭდილება დატოვა.
–  არ იყო შეთანხმებული, თუმცა შემდეგ, ცხადია, შეთანხმდა. ეს იყო სიტუაციიდან გამომდინარე, მოულოდნელი ვიზიტი. იანვრის დასაწყისში უკვე ჩვენი პრემიერი მიდის სომხეთში, ანუ ძალიან ინტენსიური ურთიერთობაა.
– და რა შუაში სომხეთი WTO-ს ხელშეკრულებასთან? ეს წერია ხელშეკრულებაში?
– არ წერია, ჩვენზეა დამოკიდებული, გავატარებთ თუ არა სომხეთის ტვირთებს ცხინვალით.
– მესმის და მაინტერესებს, რის სანაცვლოდ უნდა გავატაროთ? რას გვაძლევს სამაგიეროდ სომხეთი?
– სომხეთში პროდუქციის 70 პროცენტი შედის საქართველოდან. ზუსტად ამიტომაცაა, რომ, მიუხედავად ზოგიერთი სომხური პოლიტიკური ჯგუფის ზედმეტი ანტიქართული აქტივობისა, სომხეთის ხელისუფლება ინარჩუნებს სიმშვიდეს და ნუ დაგვავიწყდება, რომ ოფიციალური ერევანი არასდროს უჭერდა მხარს ჯავახეთის სეპარატისტულ მოძრაობას, პრაგმატული მოსაზრებებით. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ქოჩარიანის განცხადებას, რომლითაც მან მიმართა ჯავახელებს: ყველამ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, ხოლო, თუ არ გინდათ სწავლა ან არ მოგწონთ იქ ცხოვრება, წამოდით აქეთო. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ხშირად ასხამს ოფიციალური ერევანი ცივ წყალს ჯავახეთის სეპარტიზმის მხარდამჭერებს ზუსტად იმიტომ, რომ ძალიანაა სომხეთი დამოკიდებული საქართველოზე.
მეორე მხრივ, ირანის საგზაო ინფრასტრუქტურა არ არის ისე განვითარებული, რომ სომხეთს სასათბურე პირობები შეუქმნას. ჩვენ შეგვიძლია, გავაკრიტიკოთ ხელისუფლება და ჩავთვალოთ, რომ ეს ახალი, ზედმეტი გამოწვევაა ქვეყნისთვის. მაგრამ, მეორე მხრივ, შევხედოთ საკითხს ასე: ჩვენ გვაქვს სტრანზიტო ქვეყნის ფუნქცია.
– ცხადია, ჩვენი საქმე ტვირთების გატარებაა აქეთ-იქით.
– და წარმოიდგინეთ, კიდევ რამდენად დამოკიდებული გახდება სომხეთი საქართველოზე ამ გზის გახსნის შემდეგ.
– ეს მაინც არ მგონია საკმარისი, ისედაც დამოკიდებულია და ეს ჩვენი ბუნებრივი კოზირია, რატომ უნდა შევიქმნათ საფრთხე, თუ დამატებით ხეირს არ მივიღებთ? წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არ უნდა გაიხსნას ცხინვალის დერეფანი. თუ არაფრის მოთხოვნის თავი და შესაძლებლობა არ გვაქვს?
– გვაქვს თავი და შეგვიძლია, მოვითხოვოთ.
– რა და თუ არის ამაზე ლაპარაკი სომხეთის ხელისუფლებასთან?
– მე ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ყველაფრის თქმა არ შემიძლია. საქმე ის არის, რომ ძალიან ბევრს  იღებს „სოკარი“ თავის თავზე. საქართველოს სჭირდება ენერგოდივერსიფიკაცია, საქართველოს სჭირდება იაფიანი გაზი და, მათ შორის, არ არის გამორიცხული, რუსულ გაზზეც იყოს ლაპარაკი, ისევე, როგორც თურქმენულზე. ამისთვის კი საჭიროა განსაკუთრებული ურთიერთობა ირანთან. იმიტომ რომ, თურქმენული გაზი საქართველოში ვერ შემოვა, რადგან არ არსებობს გაზსადენი. შემოვა მხოლოდ ურთიერთგაცვლის შემთხვევაში.
– თურქმენეთი მიაწვდის აზერბაიჯანს და აზერბაიჯანი –  ჩვენ?
– არა, თურქმენეთი მიაწვდის ირანს, ირანი –  ჩვენ.
– მაგრამ ჩვენ ვერც ირანიდან მივიღებთ პირდაპირ გაზს: ანუ ირანი მიაწვდის აზერბაიჯანს და ის ჩვენ, როგორც 2006 წელს?
– საქმეც ეგ არის. სწორი კითხვაა. მესამე გაცვლა ერთვება და ირანის ნაცვლად, გაზს მოგვაწვდის რუსეთი. ოფიციალურად ამას ერქმევა არა რუსული, არამედ თურქმენული გაზი, რომელსაც სამმაგი გაცვლით მივიღებთ რუსეთიდან.
– როდესაც გადავხედე იმ ქვეყნების ჩამონათვალს, ჩვენნაირად რომ მოიქცნენ გაეროს სხდომაზე, რომელზეც ანტიამერიკული რეზოლუცია მიიღეს, ანუ იერუსალიმი არ აღიარეს ისრაელის დედაქალაქად, თვალში მომხვდა თურქმენეთიც, რომელიც, ასევე, არ წავიდა აშშ-ის წინააღმდეგ. მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ჩვენს მილსადენებში თურქმენულ გაზს მალე ვნახავდით.
– ძალიან სწორად მიმხვდარხართ.
– იმის თქმა მინდოდა, რომ, რაკი გამოვიდა, რომ თურქმენეთი არ წავიდა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ესე იგი, მის ბანაკშია. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იცის იმ კომბინაციის შესახებ, რომელზეც თქვენ ილაპარაკეთ?
– ყველაფერი იცის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მათი გადაწყვეტილებების გარეშე, არც ერთი მიმართულებით არ იდგმება ნაბიჯები. ამიტომაც არის ჩვენი ხელისუფლება არხეინად. რასელმა რომ რაღაცები ილაპარაკა, დაიხოცა აქ ხალხი სიცილით.
– გულისხმობთ რეზოლუციის პროექტს: „საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების 2017 წლის აქტს“? არღვევენ აშშ-ის კომპანიებთან და ჩვენს მოქალაქეებთან კონტრაქტებს და სანქციები დავუწესოთო?
– დიახ. გეცოდინებათ, რომ კონგრესმენი რასელი აწარმოებს „კალაშნიკოვებს“.
– არა, არ ვიცი.
– ის ერთ-ერთი ცნობილი იარაღის მწარმოებელია და უშვებს ლიცენზირებულ „კალაშნიკოვებს“. ერაყს ჰქონდა რუსული „კალაშნიკოვების“ წარმოების ლიცენზია. აი, ეს ლიცენზია აქვს და აწარმოებს თავის შტატში, საიდანაც კენჭი იყარა კონგრესში. და უცებ, რატომღაც, იარაღით ვაჭრობაში დაგვდო ბრალი. ერთი სიტყვით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ფლობს ყველანაირ ინფორმაციას და მხოლოდ მასთან შეთანხმებით მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება.
– ხომ არ იმოქმედებს ირანში მომხდარი არეულობა იმ სქემაზე, რაზეც ვისაუბრეთ?
– არ იმოქმედებს, რადგან ეს სტრატეგიული პროექტია. ირანში რაც ხდება, არის შიდა დაპირისპირება, რასაც თვითონ გაარკვევენ და უკვე გაარკვიეს კიდეც, მგონი. ამდენად, ეს მალე დამთავრდება და ირანი გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც ატარებდა. მეორეც, რაც უნდა გადანაწილდეს ძალაუფლება ირანში, ქვეყანა თავის სტრატეგიულ კურსს არ შეიცვლის.

скачать dle 11.3