კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რატომ იწვევს დეპრესიას პოლიტიკისადმი სერიოზული დამოკიდებულება და რატომ მოქმედებს ადამიანზე მხოლოდ ის, რასაც თავად მიიჩნევს მნიშვნელოვნად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

 ბოლო წლებში აშკარად შეიმჩნევა ანეკდოტების სიმცირე, განსაკუთრებით, პოლიტიკური შინაარსის, იმის მიუხედავად, რომ გასული საუკუნის თვით 90-იან წლებშიც კი, არ ვუჩიოდით პოლიტიკური ანეკდოტების დეფიციტს და მით უფრო, არც საბჭოთა დროს. თუმცა ცენზურა მკაცრი იყო. რატომ დავკარგეთ ჯანსაღი ხალისის უნარი და რაზე მეტყველებს ეს რეალობა, –  თემას ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– ანეკდოტი უცნაური ფენომენია, თითქოს გეხმარება რთული სიტუაციების გადასატანად. 90-იან წლებში ძალიან ბევრი ანეკდოტი იქმნებოდა: პოლიტიკურიც და ჩვენს მაშინდელ გაუსაძლის სოციალურ ყოფაზეც. ჩვენც ერთმანეთს ვუყვებოდით და ვიცინოდით. ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი იყო, რომ იმ გაჭირვებას არ გავენადგურეიბინეთ.
– იმდენად მძიმე იყო ჩვენი ცხოვრების ფიზიკური მხარე, რომ დაგვეკარგა მისადმი მგრძნობელობა, ამიტომ სიდუხჭირით დავიწყეთ გართობა.
– რატომ გაქრა პოლიტიკური ანეკდოტები? ძველებიღა შემოგვრჩა, რომლებიც არ არის აქტუალური.
რომელი ანეკდოტებია ახალი?! თავის დროზე იყო კუთხეების ანეკდოტები: მეგრული, კახური, გურული, მაგრამ ასეთებიც აშკარად შემცირებულია და პოლიტიკური ანეკდოტებიც. კითხვას ვსვამ: ის ხომ არ არის ამის მიზეზი, რომ ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ პოლიტიკას?! ანუ ადამიანი არ ხუმრობს იმაზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანია.
– ამიტომაცაა, რომ ქართლელზე, ფაქტობრივად, არ არსებობს ანეკდოტი. ვერსიაა, რომ, თუმცა ქართველია კახელიც, მეგრელიც, გურულიც და ასე შემდეგ, რაკი საქართველოს ძირი მაინც ქართ-ია, ქართლელზე არ ხუმრობს ქართველი, იმიტომ რომ, საკუთარ თავს არ დასცინის ანეკდოტშიც კი.
რაც მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნია, იმაზე არ ხუმრობს. თუ ჩემი ქართველობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე ამაზე არ გავიცინებ. მაგრამ მეგრელობასა და გურულობაზე შეიძლება, გავიცინო, იმიტომ რომ, ქართველის ფრთად მიმაჩნია და თავისთავად, მნიშვნელოვან მოვლენად არ აღვიქვამ. ვერ ვიტყვი, რომ დიდი პლუსია, როდესაც საკუთარ თავს არ დასცინი. სასურველია, გქონდეს საკუთარი თავის დაცინვის უნარი. ისევე, როგორც საკუთარი ისტორიის, ღირებულებების. ესე იგი, შენ შენი თავის სტერეოტიპისგან ხარ თავისუფალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ გაქვს სტერეოტიპი, საიდან ამოვარდნაც შენთვის ტრაგედიაა. ანუ სერიოზულად განიხილავ იმას, რომ ხანგრძლივი ისტორია გაქვს, რომ დიდი გმირები გყავდა. შეიძლება, ჩამქოლონ ამ მაგალითებისთვის, მაგრამ, მაგალითად, ფრანგები შაყირობენ თავიანთ მეფეებზე, თავიანთ სამ მუშკეტებზე ფილმებს ანეკდოტურ სტილშიც იღებენ. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი უნდა გაშარჟდეს, მაგრამ თუ ერს აქვს ყველაფრის გაშაყირების უნარი, ის ჯანსაღად ცხოვრობს.
– სად გადის ზღვარი შაყირსა და შეურაცხყოფას შორის? ჩემი აზრით, იუმორის გრძნობა ინტელექტის მანიშნებელიცაა; ჩემი დაკვირვებით, დაბალი ან შეზღუდული ინტელექტის მქონე ადამიანები ვერ ხუმრობენ და ვერც იგებენ ხუმრობას, როგორც წესი. იუმორის მთავარი მახასიათებელია ის, რომ იყოს ხარისხიანი და არა უბრალოდ ღლიცინი.
რაც ყოველთვის ახლავს მორალს: როცა სხვას კი არ დასცინი, არამედ იცინი. სიცილი და დაცინვა ყოველთვის ერთი და იგივე ხომ არ არის?! თან, თუ კარგი შაყირია, ადამიანმა შეიძლება, საკუთარ თავზეც გაიცინოს. ამ იუმორშიც ძალიან დიდი სიყვარულია, ისევე, როგორც კახელებისადმი, სვანებისადმი, მეგრელებისადმი იუმორში. სხვათა შორის, ქართული იუმორი ძალიან თბილია. კარგი იუმორი იშვიათად აყენებს შეურაცხყოფას.
– სწორედ დაცინვა ვიგულისხმე და უნიჭობა. ერთი-ორჯერ წავაწყდი უკბილო ხუმრობას შოთა რუსთაველზე და ცოტა გავბრაზდი. ჩემი შეფასებით, იუმორი იყო მდარე. ხოლო, როდესაც ასეთ დონეს ეჭიდები, თუნდაც, იუმორით, ხარისხი აუცილებელია.  
– თქვენც გაბრაზდით, მეც შეიძლება, გავბრაზდე, მიუხედავად ამ ტექსტებისა, იმიტომ რომ, ეს სტერეოტიპები ჩვენში ზის. აი, ჩვენ რომ შევეჩვევით, თუ მოვიდა ამის დრო, რომ რაღაცებზე ვიხუმროთ, ოღონდ ღირებულება არ დავუკარგოთ ხუმრობის ობიექტს, ეგ უკვე სხვა დონე იქნება. მაგალითისთვის გავიხსენებ ანეკდოტებს სტალინზე.
– დამასწარით: სწორედ ეს უნდა მეკითხა. სტალინზე ხუმრობები სასაცილოცაა და, პირიქით, მის იმიჯს ამყარებს თითქოს.
– იმიტომ რომ, იმ ხუმრობაში გამარჯვებული მხარე ყოველთვის სტალინია. ხუმრობაშიც კი ვიღაც გამარჯვებულია და ვიღაც დაჩაგრული. ამასაც აქვს მნიშვნელობა ხუმრობაში, ვინ ვინ იქნება. ვთქვი, რომ იუმორი თავისუფლების ნიშანია, მაგრამ ხანდახან პირიქითაც ხდება: მაგალითისთვის გავიხსენებდი ფრანგების ხუმრობას მუჰამედზე. მათ მაიჩნიათ, რომ ეს თავისუფლების გამოხატულებაა.
– მაგრამ არა ფრანგების თავისუფლების, ალბათ, იმიტომ რომ, სხვა აღმსარებლობის არიან.
– დიახ და ხომ არ არის ეს თავისუფლების ჩვენების სურვილი?! როცა შენ დამოკიდებული ხდები იმაზე, ხარ თუ არა თავისუფალი და საკუთარ თავს უმტკიცებ, თავისუფალი ვარო, ეს ხომ თავისუფლება არ არის?! ასე რომ, იუმორი ძალიან ფაქიზი, ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი მოვლენაა, რომლის საიდუმლოებების გახსნა, ალბათ, მოგვიწევს. არის ასეთი ფანტასტი აიზეკ აზიმოვი, მას უწერია ასეთი რამ: მკვლევრები იკვლევენ, საიდან ჩნდება ანეკდოტები და ერთ-ერთი წამოაყენებს ჰიპოთეზას, ანეკდოტები უცხოპლანეტური წარმოშობისაა და ისინი გვიგზავნიან მათ, როგორც ტესტებსო. ეს გახდა მსჯელობის საგანი მეცნიერებს შორის. მეორე დილას კი, რომ გაიღვიძეს, აღმოაჩინეს, რომ არცერთს აღარ ახსოვდა ანეკდოტები. ანუ უცხოპლანეტელებმა ამოიღეს ანეკდოტები მოხმარებიდან. აზიმოვი ბრწყინვალე მოაზროვნე იყო და მეცნიერებაშიც ერკვეოდა. მეცნიერებამ კი არ იცის, საიდან მოდის ანეკდოტები. მე არ მივეკუთვნები მათ, რომლებიც იტყვიან, რომ ანეკდოტებს უცხოპლანეტელები გვიგზავნიან, მაგრამ ის, რომ ანეკდოტების წარმოშობის გარკვევის საკითხი დგას, ფაქტია. მეორე მხრივ, კონკრეტული ფაქტებიც გვაქვს, რომ იუმორი და ანეკდოტი მეტყველებს ადამიანის, შეიძლება, საზოგადოების საკუთარ თავთან დამოკიდებულებასა და იმ თავისუფლების უნარზე, რომელიც ადამიანსა თუ საზოგადოებას აქვს. ოღონდ ეს უკვე ემპირიული ფაქტებია.
– ჩვენს შემთხვევაში როგორაა: რატომ აღარ ვქმნით ანეკდოტებს პოლიტიკაზე, დეპრესიაში ვართ თუ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გვგონია პოლიტიკა?
– ძალიან მნიშვნელოვანი რომ გვგონია პოლიტიკა, იმიტომაც ვართ დეპრესიაში. პირიქითაც მასეა: თუ სერიოზულად უყურებ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, დეპრესიაში იქნები! შეიძლება, ჯანსაღი საზოგადოება სერიოზულად უყურებდეს პოლიტიკას?! მაპატიონ ვიღაცებმა, მაგრამ რეალურად, პოლიტიკა ხომ გლადიატორების ბრძოლაა?! და ვინც გაიმარჯვებს, შემდეგ მას ენიჭება რაღაც უფლებები ჩემს სახელმწიფოში. მაგრამ გლადიატორების ნამდვილი ბრძოლის მაყურებელმაც კი, როდესაც გლადიატორები იხოცებოდნენ, იცოდა, რომ ეს იყო თამაში და სერიოზულად არ განიხილავდა და შეიძლება, პოლიტიკურ თამაშს უყურო სერიოზულად?! შეიძლება, არაპროფეიონალის გარდა, ვინმეს მნიშვნელოვნად მიაჩნდეს ის, რაც სცენაზე ხდება?!
–  სხვათა შორის, ავთანდილი ამბობს თავის თავზე, „ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“, ანუ ცხოვრებაც კი თამაშიაო. მაშინაც კი არ უნდა განიხილო პოლიტიკა, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ის შენზე ახდენს გავლენას?
– ჩვენზე მოქმედებს ის, რასაც გადავწყვეტთ, რომ უნდა იმოქმედოს. ფისქოლოგი ვარ და გარკვეული პოზიციის მქონე ფსიქოლოგი, ამიტომ ამ ჭრილიდან გიპასუხებთ: მე თუ გადავწყვეტ, რომ ჩემთვის ყველაფერი ქართული მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქართული რამის შეურაცხყოფა ჩემზე იმოქმედებს. მაგრამ, თუ მე გადავწყვეტ, რომ ვარ მსოფლიო მოქალაქე, რომელსაც არ აქვს ეროვნება, მაშინ ქართულის შეურაცხყოფა ჩემზე აღარ იმოქმედებს. ანუ ჩემს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უფრო უხეშ მაგალითს მოვიტან: თუკი ქალმა გადაწყვიტა, რომ წონაში დაიკლოს, მისთვის საჭმელი აღარ არის მიმზიდველი. ანუ საჭმელს ანებებს თავს, მხოლოდ იმიტომ, რომ წონაში უნდა დაკლება. წონაში კი იმიტომ უნდა დაკლება, რომ ჟურნალებში ნახა გამხდარი ქალების ფოტოები და უნდა, მათ დაემსგავსოს. ასე რომ, ჩვენ ვწყვეტთ, რამ უნდა იმოქმედოს ჩვენზე და რამ –  არა. რაკი გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკა მნიშვნელოვანია, ის მოქმედებს ჩვენზე და დეპრესიასაც იწვევს. და ბოლოს, ისევ იუმორს რომ დავუბრუნდე: ყველაზე გენიალური იუმორში არის ის, რომ იუმორი ყველაზე ძლიერი იარაღია. რამე მოვლენას თუკი საზოგადოება იუმორით შეხედავს, უბრალოდ დასცინებს, ის მოვლენა მოკვდება. თქვენ თუ პატარა ბავშვის ქცევაზე გაიცინებთ, უფრო მეტი შანსია, ის ქცევა არ გაიმეოროს. უფროსებიც ამ ჭკუაზე ვართ. თუ ჩვენმა ქცევამ ვინმე გააცინა, ის სიცილი დენის დარტყმაზე უფრო ძლიერია. იუმორის ეს მხარე, რომ მას ზემოქმედების უზარმაზარი რესურსი აქვს, არ არის საკმარისად შესწავლილი და სამწუხაროდ, ისიც არაა გაცნობიერებული, რა ძალა დევს იუმორსა და კონკრეტულად, ანეკდოტებში. ანეკდოტების არმია ჯარისკაცებზე უფრო ძლიერია და ნებისმიერ მტერს დაამარცხებს. ჩვენ, როგორც ჩანს, იუმორის, როგორც კულტურის ფენომენის, არც წარმომშობ მექანიზმებზე ვფიქრობთ და იუმორსაც ვერ ვაფასებთ, როგორც ჩვენი გათავისუფლების საშუალებას და ვერ ვაფასებთ იუმორს, როგორც სხვებზე გამარჯვების საშუალებასაც.  ამ დროს იუმორში ორივეა: მან შეიძლება, ჩვენ შინაგანი თავისუფლება მოგვანიჭოს და დაგვიცვას კიდეც გარე მტრებისგან. იუმორი, ამ მხრივ, გენიალური მოვლენაა და შეიძლება, ჩვენი კულტურული გაღარიბების შედეგია ის, რომ იუმორის ამ ფენომენსა და ძალას ვერ ვაფასებთ.

скачать dle 11.3