კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რა საახალწლო ტრადიცია უსრულებს ყოველ წელს სამ სურვილს ლალი ტოტიკაშვილს და რატომ უნდა ჰქონდეს, მისი აზრით, კაცს ოჯახში ოდნავ მეტი უფლებები

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ლალი ტოტიკაშვილმა საახალწლო სამზადისი საკმაოდ ადრე დაიწყო. დღეს მის სახლში ულამაზესი ნაძვის ხე დგას, რომელიც ლალიმ თავის გოგონასთან ერთად მორთო.
ლალი ტოტიკაშვილი:
საახალწლო სამზადისს, ძირითადად, დეკემბრის დასაწყისში ვიწყებ. თუმცა, წელს უფრო ადრე დავიწყე  – 21 ნოემბერს უკვე მედგა ნაძვის ხე. ნიტამ – ჩემმა გოგომ, ერთ საღამოს მოინდომა და გამოვიღეთ ნაძვის ხე. ღამის 12 საათამდე ვაწყობდით. ძალიან მიყვარს ახალი წელი. ჩემთვის ის ბედნიერებასთან, კარგ ხასიათთან და ყველაფერ კარგთან ასოცირდება. რომ ამბობენ, ბავშვებისთვის ვაწყობთ ნაძვის ხესო. მართალია, ბავშვების გამოც მიხარია, მაგრამ, სანამ ბავშვები მეყოლებოდა, მანამდეც ძალიან ხალისიანად ვაწყობდი ნაძვის ხეს.
– ახალი წლის ღამეს სურვილებს თუ უთქვამ?
– მაქვს ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც მართლა მუშაობს. ზუსტად 12 საათი რომ გახდება, გავრბივარ და პატარა ძაფს ან ლენტს ვაბამ ნაძვის ხეს. თითო ნასკვზე თითო სურვილი მაქვს ჩაფიქრებული. სულ სამი კვანძი უნდა გაკეთდეს და სანამ ერთი წუთი გავა, სამივე სურვილი უნდა ჩაიფიქრო. გადასარევად მაქვს დაცდილი, თითქმის ყველაფერი მისრულდება. ამას ვაკეთებ ბავშვობიდან.
– ალბათ, მეკვლის ტრადიციის გჯერა.
მჯერა და რაც საბა დაიბადა, ფეხი აიდგა, იმის მერე, ჩვენი მეკვლეა. მას შემდეგ, რაც 12 საათი გახდება, ერთმანეთს მივულოცავთ, ან თუ სტუმრები არ არიან, დილით საბა შემოდის და გვილოცავს. ამბობენ, ოჯახის წევრი არ მიიჩნევა მეკვლედო, მაგრამ საბა შემოდის ყოველთვის პირველი.
– თოვლის ბაბუაც მოდის ალბათ, თავისი საჩუქრებით.
–  მისწერეს უკვე ბავშვებმა თოვლის ბაბუას წერილები. სახლში მოვედი და თოვლის ბაბუას ერთ ხელში ერთი კონვერტი ეჭირა და მეორეში – მეორე. საბამ ზუსტად იცის ადრესატი, ვისთვისაც წერს. ნიტაც უკვე ასეა, მაგრამ მე ვეუბნები: ყველაფერი არსებობს – თოვლის ბაბუა, ნატვრის ასრულება.
– შენი თოვლის ბაბუა ვინ არის?
– ჩემი მეუღლეა. წერილს აღარ ვწერ  – ხმამაღლა ვახმოვანებ, ან არაფერს ვამბობ და თავად ხვდება, რა მინდა. ზოგჯერ თავისი გემოვნებით მირჩევს საჩუქარს, გადასარევად ემთხვევა ჩვენი გემოვნება.
– გაქვს შენი ბიზნესი, პლუს ოჯახი და როგორ უთავსებ ამ ყველაფერს ერთმანეთს?
– ჩემს შემთხვევაში, არ არის რთული, რადგან დაძაბული დღის გრაფიკი  არ მაქვს, რომ დილიდან საღამომდე სახლში არ ვიყო. საბედნიეროდ, არ მაქვს ასეთი გრაფიკი. შემიძლია, საღამო ჩემს ოჯახთან ერთად გავატარო. დღისით თუ სადმე გავდივარ, საღამოს, ბავშვები სკოლიდან რომ მოდიან, მათთან ერთად ვარ. ჩემს საქმეს იქამდე ვასწრებ, სანამ ბავშვები მოვლენ. კვირაში ერთი დღე გვაქვს, როცა ყველა ერთად სადმე მივდივართ. საბა გაიზარდა და საერთო სეირნობებზე მაინცდამაინც არ გიჟდება.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და საბას? დღეს არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტები ხდება. როგორ ფიქრობ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?
– 12 წლის არის. ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. იმაზე, რაც დღეს ხდება, ყველაფერი ერთად მოქმედებს: ოჯახიც, სოციუმიც, სკოლაც და სამეგობროც – ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. მგონია, რომ ბავშვებს თბილი გარემო უნდა შეუქმნა, რომ ბედნიერები იყვნენ, დიდი სიყვარული იგრძნონ. როცა ბავშვს ეს ყველაფერი აქვს, უფრო კეთილი იზრდება. მაგრამ, შეიძლება, ეს ფორმულა ყოველთვის არ გამოდგეს, ინდივიდუალურია. ასევეა, შინაგანი სამყარო, რომელიც ყველა ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება – ისიც დიდ როლს ასრულებს. საბასთან ჯერჯერობით მარტივად, ურთიერთგაგების საფუძველზე ვაგვარებთ ყველაფერს. აუცილებელია, მშობელი ყოველთვის იყოს საქმის კურსში: სად არის მისი შვილი, რას აკეთებს, როგორი სამეგობრო ჰყავს.
– ოჯახში რა არის მნიშვნელოვანი?
– მგონია, რომ სიყვარულის გარეშე, არაფერი ხდება. სრული ბედნიერებისთვის უნდა იყოს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება და ერთმანეთის მოფრთხილება. ეს თუ რომელიმე მხარეს არ ესმის, ამას მოჰყვება შემდეგ კონფლიქტები. ოჯახური კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის ორივემ ერთად უნდა იზრუნოს.
– როგორია ოჯახში ქალის როლი?
– ქალის როლი ძალიან დიდია. მიყვარს ეს გამოთქმა: როგორი ამინდია ოჯახში, ეს ქალის დამსახურებააო.
– შენ როგორ ამინდს ქმნი ოჯახში?
– ვცდილობ, კარგი ამინდი შევქმნა. თან, არ ვარ კონფლიქტური, არ მიყვარს რაღაცის გართულება, მით უმეტეს, თუ ამის საჭიროება არ არის.
– როგორ გესმის გენდერული თანასწორობა?
– გენდერული თანასწორობა ძალიან მომწონს, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ ოჯახში კაცის როლი ოდნავ მეტი უნდა იყოს, ვიდრე ქალის. ქალმა რომ თავი ქალად იგრძნოს; იგრძნოს რომ სასურველია, თუნდაც პრინცესა; ამისთვის კაცმა უნდა გადადგას ბევრი ნაბიჯი – აიღოს უფრო მეტი საკუთარ თავზე. რაც შეეხება ვალდებულებებს, ორივემ უნდა გადაინაწილოს.
– რას გულისხმობ ოჯახში კაცის ოდნავ მეტ როლში? ეთანხმები მოსაზრებას, რომ კაცი ოჯახში უფროსია?
– რაღაც დოზით, კაცი უნდა იყოს ოჯახში უფროსი. საერთოდ ვერ წარმომიდგენია ოჯახი, სადაც კაცის სიტყვას აზრი არ აქვს. ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, ფუნქციები გადანაწილებული. რაღაც საკითხში დედის ღვაწლია უფრო მნიშვნელოვანი, რაღაც საკითხში მამამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ მეორეს უფლებები შელახოს.
– გაგრძნობინებს მეუღლე თავს პრინცესად?
– კი. ქალმა თავი სასურველად უნდა იგრძნოს და ეს უნდა გააკეთოს მისმა მეუღლემ. ეს ყველაფერი ელემენტარული ქცევით არის შესაძლებელი. სადაც სიყვარულია, იქ სიტყვები აღარც არის საჭირო, თავისით ხდება.
– ზოგჯერ ქალები იმასაც ამბობენ: რა ჯობია იმას, ფეხი ფეხზე გადავიდო და ქმარმა მომიაროს: იმუშაოს და აკეთოს ყველაფერიო. შენ რას ფიქრობ?
– კარგია, კი. ფეხი ფეხზე გადავიდო – მაგრამ, უმჯობესია, ყველამ თავისი როლი შეასრულოს. რა ჯობია იმას, როცა გივლიან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი აკეთო ან სუსტები ვართ. პირიქით, ქალი ბევრ ასპექტში, კაცთან შედარებით, უფრო ძლიერია.
– სიყვარული განიცდის ეტაპებსო და თქვენ რა ეტაპზე ხართ?
– კი, განიცდის სიყვარული სხვადასხვა ეტაპს. სიყვარული არ ნელდება – სხვადასხვა ფაზაში, სიძლიერეში გადადის. ნელ-ნელა მყარდება და უფრო შეკრული ხდება. ამისთვის ორივე მხარემ უნდა იზრუნოს.
–  ღალატზე რას ფიქრობ? რომ ამბობენ, მთავარია, მე არ გავიგოო...
– გაგებაზე საერთოდ არ არის საუბარი. სადაც სიყვარულია, იქ ღალატი არ უნდა იყოს – ამას კატეგორიულად ვამბობ. მერე რა მოხდა და ვაპატიებ – ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, იქ ღალატის სურვილი არ ჩნდება. თუ ეს გაჩნდა, ესე იგი, იქ რაღაც კარგად არ არის. თუ ასეა და სიყვარულიც აღარ ყოფილა. ჩემთვის ღალატი უსიყვარულობასთან ასოცირდება და ამ დროს უმჯობესია, ყველაფერი დასრულდეს.
–  ეჭვიანი ხარ?
– არ ვარ ეჭვიანი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ  საბაბი არ მაქვს. საბაბი თუ მექნება, აუცილებლად ვიეჭვიანებ.
– შენს საქმეს მინდა, შევეხო. თქვენი შექმნილი ნაქსოვი ბრენდი საკმაოდ წარმატებულია.
– კი, საკმაოდ წარმატებულია. გადავედით უკვე ფეხსაცმელზე, ჩანთებზე და ვცდილობთ, განვვითარდეთ. მაღაზია გვაქვს და საქართველოს ფარგლებს გარეთაც იყიდება.
скачать dle 11.3